გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 101210018002312345
№2/37-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ჭიათურა
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე: დ-------------–---–ი
მოპასუხე: დ-------------–---–ი( არ გამოცხადდა)
მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი: კ----–----------–---–ი
მოპასუხე: შპს „თ---–----------------------- კომპანია“
წარმომადგენელი: მ-----------–---–ი
დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოსარჩელე დ-------------–---–მა საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემოიტანა სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვა ყადაღისაგან გათავისუფლდეს, იმ-----------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 24 იანვრის, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი შემდეგი მოძრავი ნივთები: „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი და “LJ”- ის ფირმის სარეცხი მანქანა, იმ საფუძვლით რომ ნივთები მისი შეძენილია; შეძენის მომენტში მოპასუხე 12-13 წლის იყო და არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა ნივთების შესაძენად;
1.2 მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ქონება, რომელიც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, მოპასუხე დ-------------–---–ის საკუთრება არაა. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, შეძენილია მისი სახსრებით; ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც შვილიშვილი 12-13 წლის იყო და ბუნებრივია რაიმე მონაწილეობას დაყადაღებული ნივთების შეძენაში ვერ მიიღებდა; ნივთები შეიძინა მეუღლესთან ერთად ქალაქ თბილისში, რასაც დაადასტურებენ მოწმეები; მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული. შვილიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან ცხოვრობდა, თან სკოლაში სწავლობდა; თუმცა ნივთების შეძენაში მონაწილეობას უსახსრობის გამო ვერ მიიღებდა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ-------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია; მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა კ----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი სცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები მისი შვილის დ-------------–---–ის საკუთრება არაა, აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე დ-------------–---–ის საკუთრებას, შეძენილია მისი სახსრებით, მეუღლესთან ერთად ქალაქ თბილისში; ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მისი შვილი პატარა იყო, რის გამოც იგი დაყადაღებული ნივთების შეძენაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა; შვილი დღეისათვის იტალიაშია დედასთან ერთად; პერიოდულად ცხოვრობდა ბაბუასთან, პერიოდულად მასთან;
2.2. მოპასუხე შპს „თ---–----------------------- კომპანიის“ წარმომადგენელმა ირმა არევაძემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი; ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მ-----------–---–მა არ ცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების - „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორის და “LJ”- ის ფირმის სარეცხი მანქანის გათავისუფლების შესახებ. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია მოპასუხე დ-------------–---–ის მიმართ არსებული, 2016-2017 წლებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით უბილეთო მგზავრობისათვის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, თითოეულ შემთხვევაზე 5 ლარის ოდენობით, რასაც დაერიცხა საურავი 50 ლარის ოდენობით ინდივიდუალურად, შპს „თ---–----------------------- კომპანიის“ მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა აღნიშნული პირის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების განხორციელება; აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 იანვრის, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი კანონიერადაა შედგენილი და წინააღმდეგია, რომ დაყადაღებული ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან; საგულისხმოა, რომ მოპასუხე ცხოვრობდა მისამართზე, სადაც ნივთების დაყადაღება მოხდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 იანვარს, იმ-----------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა ჭიათურაში, ბ-------–---–-- ქუჩა N34-ში მოსარჩელე დ-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, დაათვალიერა ნივთები, მიიჩნია, რომ ამ მისამართზე განლაგებული: „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი და “LJ”- ის ფირმის სარეცხი მანქანა ეკუთვნოდა მოვალე (მოპასუხე) დ-------------–---–ს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნივთები აღწერა და დააყადაღა. შესაბამისად, შეადგინა აქტი მოვალის ქონების, აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
-2018 წლის 24 იანვრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი
3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ჭიათურაში, ბ-------–---–-- ქუჩა N34-ში მოსარჩელე დ-------------–---–ის სახლში, აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 24 იანვრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- სარჩელი
-შესაგებელი
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- საგარანტიო ტალონები;
-მოწმის ჩვენება
ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ დაყადაღებული ქონება, ეკუთვნის მოსარჩელე დ-------------–---–ს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმ-----------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 24 იანვარს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი და “LJ”- ის ფირმის სარეცხი მანქანა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე,“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე, 131 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უტყუარად მიაჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, რაც ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და შეფასებულ მტკიცებულებებს; მარტო ის გარემოება, რომ მოპასუხე დ-------------–---–ი ცხოვრობდა სახლში, სადაც მოხდა ნივთების აღწერა და დაყადაღება, ვერ იქნება საფუძველი სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმისა;
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; (მოპასუხე დ-------------–---–ის კანონიერმა წარმომადგენელმა კ----–----------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სასარცელო მოთხოვნა);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ;
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხე შპს „თ---–----------------------- კომპანიას“
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 131-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ-------------–---–ის (პ/№5----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმ-----------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 24 იანვარს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული დ-------------–---–ის (პ/№5----------) საკუთრებაში მყოფი შემდეგი ნივთები: „SAMSUNGI“-ს ფირმის ტელევიზორი და “LJ”- ის ფირმის სარეცხი მანქანა;
3. მოპასუხე დ-------------–---–ი (პ/ნ 5----------) გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. მოპასუხე შპს „თ---–----------------------- კომპანიას“ (ს/კ 2-------8) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეშვეობით ( ჭიათურა გ.თხელიძის ქუჩა N 41).
მოსამართლე დავით კეკენაძე