გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
010310114561463
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/283-2014)010310114561463

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლაშა თავართქილაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

 

მოსარჩელე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ა“

წარმომადგენელი - მა-–----------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

წარმომადგენლები - მირზა ცეცხლაძე, ლაშა ჟღენტი

 

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - მანუჩარ ხინიკაძე

 

მესამე პირი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მუხრან ჯორბენაძე

 

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“

წარმომადგენელი - ას--------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის N03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით სამუშაოების პროექტის შეთანხმების შესახებ.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის N01-07/191 ბრძანება ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ“;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 ოქმი N3 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილებების პროექტის შეთანხმების შესახებ;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N01-07/23 ბრძანება ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილებების შესახებ“;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ წარმომადგენლის მა-–----------–--ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ თავმჯდომარის რა-----------------–--ის 2014 წლის 30 აპრილის N1430 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.1.2. მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2.2. მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“-ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სურს საკითხის სწორად გადაწყვეტა, რითაც ზიანი არ მიადგება, როგორც მოსარჩელე მხარეს, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“-ს (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე - ბმა ,,მე---------ას“ თანასაკუთრებაში ირიცხება 784.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, წერეთლის ქ. N3, საკადასტრო კოდი: 05.21.50.008.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 21.02.2013 წ.

 

3.1.2. მესამე პირის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“-ს თანასაკუთრებაში ირიცხება 1305.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, წე------–--------, საკადასტრო კოდი: 05.21.50.004.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 21.12.2010 წ.

 

3.1.3. ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“-ს თანასაკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

 

2013 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მერიამ N8441 განცხადებით მიმართა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა მოითხოვა. საკითხი განხილული იქნა სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხდომაზე და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების პროექტის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეთანხმების შესახებ (დაცვის საბჭოს 2013 წლის 16 ოქტომბრის №03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილება).

 

სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01-07/191 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შესაბამისად, 2013 წლის 16 ოქტომბერს გაიცა კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82, რომლითაც დგინდება, რომ ნებართვის მფლობელია - ქალაქ ბათუმის მერია, სანებართვო ობიექტს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი, მისამართი: ქ. ბათუმი, წე------–--------, შესასრულებელი სამუშაო (სამუშაოები) - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის რეკონსტრუქცია, ძეგლის ადაპტაცია, სამუშაოთა საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადა განისაზღვრა, 2014 წლის 10 თებერვალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შენობა-ნაგებობის პროექტი;

- 2013 წლის 16 ოქტომბრის №03-04/25 სხდომის ოქმის N3 გადაწყვეტილება;

- სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01-07/191 ბრძანება;

- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82.

 

3.1.4. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 სხდომის ოქმის N3 გადაწყვეტილებით შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების სანებართვო პირობებში ცვლილებების პროექტი.

 

სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №01-07/23 ბრძანებით, შეიცვალა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01-07/191 ბრძანებით გამსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სანებართვო პირობები წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ცვლილება განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შენობა-ნაგებობის პროექტი;

- 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 სხდომის ოქმის N3 გადაწყვეტილება;

- სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №01-07/23 ბრძანება.

 

3.1.5. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის N03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილება, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის N01-07/191 ბრძანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 ოქმი N3 გადაწყვეტილება და სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N01-07/23 ბრძანება, 2014 წლის 30 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ას“ თავმჯდომარის და წარმომადგენლის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სადაც 2014 წლის 25 ივნისს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რომელზეც მონაწილეობა მიიღო მომჩივანმა მხარემ და დაინტერესებულმა პირებმაც.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანებით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ წარმომადგენლის მა-–----------–--ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ თავმჯდომარის რა-----------------–--ის 2014 წლის 30 აპრილის N1430 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2014 წლის 25 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანება.

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ას“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის N03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით სამუშაოების პროექტის შეთანხმების შესახებ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის N01-07/191 ბრძანება ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ“, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 ოქმი N3 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილებების პროექტის შეთანხმების შესახებ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N01-07/23 ბრძანება ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილებების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ წარმომადგენლის მა-–----------–--ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ის“ თავმჯდომარის რა-----------------–--ის 2014 წლის 30 აპრილის N1430 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოება ორი მიმართულებით აყენებს ზიანს ამხანაგობის წევრებს, ერთის მხრივ შეთანხმებული პროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების მომიჯნავე საზღვარზე არსებულ კედელზე გათვალისწინებულია ფანჯრების და სხვადასხვა ღიობების გამოჭრა, რაც მომავალში შესაძლებლობას უსპობს ბმა ,,მე---------ის“ წევრებს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიბჯებით აწარმოოს მშენებლობა (მოუწევს 3.0 მეტრიანი დისტანციის დაცვა), მეორეს მხრივ პროექტის თანახმად, ასაშენებელი შენობა შეჭრილია ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რაც მათ ართმევს შესაძლებლობას, თავად განახორციელონ მშენებლობა საკუთარ მიწის ნაკვეთში, ან როგორც მესაკუთრეებმა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ იგი.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში: 1. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქმიანობის ან ქმედების სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მოქმედებაც, კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

 

კანონის მე-3 მუხლის ი)პუნქტით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (ძეგლი) განმარტებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, დადგენილია ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა.

 

6.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დაფუძნებული იქნა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და დამტკიცებული იქნა სააგენტოს დებულება. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვები და კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის N386 დადგენილებით, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიენიჭა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლი განსაზღვრავს ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს და ნებართვების გაცემის წესს: მითითებული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მე-3 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. ასევე, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამასთან, ამავე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის მაძიებელმა ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს მითითებული კანონითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და უდავოა, რომ ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,წე-------–---“-ს თანასაკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

 

ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მერიამ N8441 განცხადებით მიმართა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა მოითხოვა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს, მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის გასაცემად.

დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის განცხადება განხილულ იქნა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში და ამ საბჭოს 2013 წლის 16 ოქტომბრის №03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილებით, შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოების ნებართვის გაცემა. შესაბამისად, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01-07/191 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, რის საფუძველზეც 2013 წლის 16 ოქტომბერს გაიცა კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N03-05/82, რომლითაც დგინდება, რომ ნებართვის მფლობელია - ქალაქ ბათუმის, მერია, სანებართვო ობიექტს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი, მისამართი: ქ. ბათუმი, წე------–--------, შესასრულებელი სამუშაო (სამუშაოები) - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის რეკონსტრუქცია, ძეგლის ადაპტაცია, სამუშაოთა საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადა განისაზღვრა, 2014 წლის 10 თებერვალი.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 სხდომის ოქმის N3 გადაწყვეტილებით შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში, წე------–---------ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების სანებართვო პირობებში ცვლილებების პროექტი. შესაბამისად, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №01-07/23 ბრძანებით, შეიცვალა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01-07/191 ბრძანებით გამსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სანებართვო პირობები წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ცვლილება განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციაში.

 

საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ხოლო გადასაწყვეტად ექსპერტს დაესვა შემდეგი შეკითხვები:

ა) შპს ,,გეომეფი“-ს მიერ CD დისკზე წარმოდგენილი პროექტის ელექტრონული ვერსია აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რასაც ექსპერტი საქმეში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის ჩატარებისთვის ითხოვდა?

ბ) გთხოვთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკადასტრო კოდით 05.21.50.008 და საკადასტრო კოდით 05.21.50.004 რეგისტრირებული უძრავი ქონებების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, ფაქტობრივად ადგილზე მისვლით განსაზღვროთ თუ სად გადის ზუსტი მიჯნა (საზღვარი) აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის და დაიტანოთ აღნიშნული ფაქტობრივი საზღვარი ადგილზე, ასევე მონიშნოთ იგი შესაბამის დოკუმენტზე, რომელზეც ნათლად უჩვენებთ თუ რა მანძილით არის შემოჭრილი წერეთლის №1-ში არსებული სახლი წერეთლის №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?

გ) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №01.07/191 ბრძანებისა და ამავე ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 16 ოქტომბერს გაცემული №03-05/82 ნებართვის და შეთანხმებული პროექტის შესაბამისად (შპს ,,გეომეფი“-ს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული პროექტის შესაბამისად) შემოჭრილია თუ არა ბმა ,,მე---------ა“-ს თანასაკუთრებაში საკადასტრო კოდით 05.21.50.008 რიცხულ მიწის ნაკვეთში რეაბილიტაციის სამუშაოების შედეგად ასაშენებლი შენობა-ნაგებობა (შეთანხმებული პროექტით), რომელიც ეკუთვნის ბმა ,,წერეთელის 1"-ის წევრებს და თუ შემოჭრილია რა მანძილით საზღვრიდან?

დ) თუ დასკვნის გაცემისთვის აუცილებელია დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა, გთხოვთ წერილობით ეცნობოს მხარეს ამის შესახებ;

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 3 მაისის N002512116 დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული შპს ,,გეომეფი“-ს მიერ CD დისკზე წარმოდგენილი პროექტის ელექტრონული ვერსია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ექსპერტები საქმეში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზისათვის ითხოვდნენ, რადგან CD დისკზე არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, კერძოდ: არ არის ნაჩვენები წითელი ხაზები, ანუ იმ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, სადაც შენობა-ნაგებობა უნდა აშენდეს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 3 მაისის N002512116 დასკვნის თანახმად, სადავო შენობა-ნაგებობის ნაწილები განთავსებულია 05.21.50.008 საკადასტრო კოდით ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთში (დანართი N3, N4 და N5).

 

შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 3 მაისის N002512116 დასკვნით მიჩნეული იქნა, რომ არ არის ნაჩვენები მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები (წითელი ხაზები), სადაც შენობა-ნაგებობა უნდა აშენდეს, ამასთან დასკვნაში მითითებულია, რომ ბმა ,,მე---------ას“ კუთვნილი შენობა-ნაგებობის სადავო ნაწილები განთავსებულია 05.21.50.008 საკადასტრო კოდით ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთში (დანართი N3, N4 და N5).

 

საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით კვლავ დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარება ასევე დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ხოლო გადასაწყვეტად ექსპერტს დაესვა შემდეგი შეკითხვები:

ა) საქმეში არსებული ექსპერტიზის ორი დასკვნის და პროექტის ქაღალდური და ციფრული რედაქციების საფუძველზე და გათვალისწინებით, რომელიც ასევე შესწავლილ და გამოყენებულ იქნა წინა ექსპერტიზის დასკვნების გასაცემად, გთხოვთ, ჩაატაროთ ყველა საჭირო სამუშაო იმ მიზნით, რათა დადგინდეს საქმეში არსებული სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროექტით ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზღვრები მოიცავს მხოლოდ ქ. ბათუმში საკადასტრო კოდით 05.21.50.004 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, თუ იგი დაპროექტებულ იქნა ისეთნაირად, რომ მისი ნაწილი უნდა აშენებულიყო საკადასტრო კოდით 05.21.50.008 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და ამ ორ მიწის ნაკვეთს შორის არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზეც?

ბ) საკადასტრო კოდით 05.21.50.004 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობის საამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია თუ არა საქმეში არსებული პროექტის დაცვით და თუ ადგილი აქვს პროექტიდან გადახვევას, რაში გამოიხატება ასეთი გადახვევა.

გ) ითვალისწინებს თუ არა განსახილველი პროექტი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე სამუშაოების ჩატარებას?

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის N006776016 დასკვნის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის პროექტში არსებული საკადასტრო რუკისა და სიტუაციური გეგმისა (გვ. N122 და N123) თანახმად, სარეაბილიტაციო შენობა თითქოსდა თავსდება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რეალურად კი აღნიშნული შეუძლებელია შემდეგი გარემოებების გამო: წერეთლის ქუჩის მხრიდან რეაბილიტირებული შენობის დაცილება ძველ შენობაზე მიბმის წერტილიდან, თავისივე მიწის ნაკვეთის წითელ ხაზამდე შეადგენს 1101 სმ-ს, უკანა ეზოს მხარეს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთამდე შეადგენს 338 სმ-ს, ხოლო დაურეგისტრირებელი მიწის ზომა ამ ნაწილში ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ მიწის ნაკვეთამდე შეადგენს 282 სმ-ს (დანართი N1). პროექტის კორექტირებული ვერსიის შესაბამისად სარეაბილიტაციო შენობის გაბარიტული ზომა წერეთლის მხრიდან შეადგენს 1144 სმ-ს, ხოლო უკანა ეზოს მხრიდან კი 1072 სმ-ს. შესაბამისად პროექტში მითითებული გაბარიტული ზომების შენობის მიშენების შეთხვევაში თავისთავად განხორციელდებოდა, როგორც დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთში, ასევე N05.21.50.008 საკადასტრო კოდით ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთის საზღვრებში გადასვლა, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად შენობის ნაწილები დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთსა და N05.21.50.008 საკადასტრო კოდით ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთის საზღვრებში გადასული იქნა იმ მიზნით, რომ პროექტი შედგენილი და შეთანხმებული იქნა აღნიშნული სახით, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც დანართი N2-შია მოცემული. ამ შემთხვევაში შენობისა და სახურავის ნაწილის გადასვლა გამოწვეული იქნა, მშენებლობის პროექტის დარღვევით განხორციელების გამო (დანართი N2).

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის N006776016 დასკვნის თანახმად, მშენებლობა ნაწარმოებია სამშენებლო დოკუმენტის (პროექტის კორექტირებული ვერსიის) დარღვევით კერძოდ: შეცვლილია რეაბილიტირებული შენობის გაბარიტები (დანართი N3).

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის N006776016 დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ქ. ბათუმში, წე------–---------ში, რეალურად კი აღნიშნული შეუძლებელი იყო და შესაბამისად ვერ განხორციელდა დასკვნის პირველ ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.

 

შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის N006776016 დასკვნით მიჩნეული იქნა, რომ მშენებლობის პროექტის დარღვევით განხორციელების გამო, სადავო შენობის ნაწილები გადავიდა, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე და N05.21.50.008 საკადასტრო კოდით ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ას“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთის საზღვრებში (დანართი N2). ასევე ამავე დასკვით მიჩნეული იქნა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია სამშენებლო დოკუმენტის (პროექტის კორექტირებული ვერსიის) დარღვევით, კერძოდ: შეცვლილია რეაბილიტირებული შენობის გაბარიტები (დანართი N3). ასევე დასკვნაში აღნიშნული იქნა, რომ პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელებულიყო ქ. ბათუმში, წე------–---------ში, თუმცა აღნიშნული რეალურად შეუძლებელია დასკვნაში მითითებული გარემოებების გამო.

 

აღნიშნული საექსპერტო დასკვნებისა და საქმეზე შეკრებილ სხვა დანარჩენ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია იმ სამშენებლო პროექტის შესაბამისად, რომლითაც არ არის განსაზღვრული ბმა ,,მე---------ას“ საკადასტრო მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები და სადავო შენობის გაბარიტების გათვალისწინებით, ის ვერ იქნებოდა ჩატეული საპროექტო აქტის საკადასტრო მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ამ სახით არსებული პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები მშენებლობის შედეგად იგი გადასულია მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბმა ,,მე---------ას“ საკადასტრო საზღვრებში მშენებლობის გადასვლა გამოწვეულია იმ მიზეზითაც, რომ პროექტი შედგენილი და შეთანხმებული იქნა აღნიშნული სახით, მასში არსებულ გეგმებზე, ფასადებსა და ჭრილებში არ არის მოცემული საპროექტო აქტის საკადასტრო მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები, ამასთან მშენებლობა ნაწარმოები იქნა, პროექტთან შეუსაბამოდ.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არეგულირებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. კანონის მე-3 მუხლის ძ) პუნქტით განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების ხაზების, იგივე წითელი ხაზების ცნება, როგორც მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი; წ) პუნქტით განიმარტება განაშენიანების სავალდებულო ხაზი, იგივე ლურჯ ხაზებს, როგორც – მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი;

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლით დადგენილია დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები და წესები, რომელთა შესრულების სავალდებულო ხასიათი გარდა განაშენიანების შესახებ რეგულაციის კონკრეტული მოთხოვნების განსაზღვრისა, ამ პროცესში მესამე პირთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფასაც უკავშირდება. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი), რაც გარდა განაშენიანების შესაბამისი გაანგარიშების მიზნისა, მნიშვნელოვანია სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე (მეზობელი) ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების გასათვალისწინებლადაც, რათა მშენებლობის შედეგად არ იქნას შელახული და დარღვეული. კონკრეტული მიწის ნაკვეთი უნდა იძლეოდეს შენობათა განთავსების შესაძლებლობას, ამ მოთხოვნათა დაცვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაცემულია იმ სამშენებლო პროექტის შესაბამისად, რომელში არსებულ გეგმებზე, ფასადებსა და ჭრილებში არ არის მოცემული საპროექტო აქტის საკადასტრო მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები, ამასთან, მშენებლობის პროექტიდან გადახვევის გამო იგი გადასულია მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მოცემულობის მხედველობაში მიღებით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის შესაბამისი რეგულაციები.

 

6.7. დავის სამართლებრივი რეგულაციისას სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცესში სამშენებლო კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციებისა და მოთხოვნების დაუცველობა, რაც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გასაჩივრებული სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის N03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილება, 2013 წლის 16 ოქტომბრის N01-07/191 ბრძანება, სანებართვო მოწმობა N03-05/82, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/03 ოქმი N3 გადაწყვეტილება და 2014 წლის 5 თებერვლის N01-07/23 ბრძანება მესამე პირების მიმართ წარმოადგენს აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერების პრინციპი, რაც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. ასეთ შემთხვევაში, მმართველობის ,,კანონიერების პრინციპს“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ადმინისტრაციული წარმოების და სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხდება ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, გასაჩივრებული აღმჭურველი აქტებით ბმა ,,წე-------–---“-ის მიმართ სამართლებრივი შედეგი უკვე დამდგარია, დაინტერესებული პირის მიერ, ვინც ამ აქტებით მიიღო მშენებლობის ნებართვა, ეს მშენებლობა უკვე განხორციელებულია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირის კანონიერი ნდობის ხარისხი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა აღმჭურველი აქტის მიმართ ყოველთვის არ არის დაცვის ღირსი, იგი გამოირიცხება თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს დაინტერესებული მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, აქტის გამომცემი ორგანოსათვის არ ყოფილა წარდგენილი არასწორი მონაცემები ბმა ,,წე-------–---“-ს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობდა საჯარო რეესტრში წარდგენილი და დაცული მონაცემებით. შესაბამისად, არ დასტურდება დაინტერესებული მხარის მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის მიღება უკანონო მოქმედების საფუძველზე.

 

გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებული დარღვევა არ წარმოშობს მოსარჩელის მიმართ იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ შედეგს, რის გამოც მოსარჩელე მხარემ ჩათვალა, რომ არსებითად ირღვევა მისი კანონიერი უფლებები ან ინტერესები, რამდენადაც მშენებლობის ნეგატიური გავლენა მოსარჩელის საკუთრებაზე გამოიხატება იმ შედეგითაც, რაც არ უკავშირდება სადავო აქტს. კერძოდ, მშენებლობის ნაწილის წარმოება საკადასტრო საზღვრების გადაცილებით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს გადაცილებით, მშენებლობის განმხორციელებელი პირის ქმედებიდან გამომდინარეობს და ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას არ უკავშირდება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკადასტრო საზღვრებში მშენებლობის გადასვლა გამოწვეულია, მისი არსებული პროექტის შეუსაბამოდ წარმოების მიზეზითაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებით წარმოშობილი შედეგი ადმინისტრაციული დავის საგანი არ შეიძლება გახდეს, რადგანაც ის ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობებიდან არ გამომდინარეობს, მიეკუთვნება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს და სამოქალაქო კანონმდებლობით გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება შეფასებული იქნას როგორც სადავო აქტების შედეგად გამოწვეული, მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების არსებითი დარღვევა, რამდენადაც იგი აქტით მოწესრიგებული საკითხების ფარგლებს გარეთ არსებული ქმედებების შედეგადაც არის წარმოშობილი.

 

6.8. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბმა ,,მე---------ას“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის N03-04/25 სხდომის ოქმი N3 გადაწყვეტილების, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის N01-07/191 ბრძანების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N03-05/82, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის N03-04/3 ოქმი N3 გადაწყვეტილების, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N01-07/23 ბრძანების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 30 ივნისის N151 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მე---------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე