გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
160210018002271257
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002271257

საქმე №2/66-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი - თეა ნადიბაიძე, ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - ვა-------–---------ი

წარმომადგენელი - ოთ---------–--ლი

მოპასუხე - ნი-------------------ი

წარმომადგენელი - სუ-–------------–---ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ნი-------------------ს მოსარჩელე ვა-------–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა

 

სარჩელის საფუძვლები

 

2015 წლის მაისის თვეში ვა-------–---------თან მივიდა ნი-------------------ი და თხოვა, რომ ვა-------–---------ს მისთვის ესესხებინა 5000 (ხუთიათასი) აშშ დოლარი, რომელსაც დაუბრუნებდა 2016 წლის ბოლომდე. ვა-------–---------ს ნი-------------------თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ამიტომ დათანხმდა თხოვნას და 2015 წლის მაისის თვეში ნი-------------------ს ასესხა 5000 (ხუთიათასი) აშშ დოლარი, რომელიც ნი-------------------ს სრულად უნდა დაებრუნებინა 2016 წლის ბოლომდე. სესხად გადაცემული თანხიდან ნი-------------------მა 2016 წლის ზაფხულში ვა-------–---------ს დაუბრუნა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და დასაბრუნებელი დარჩა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, რომელსაც არ უბრუნებს. მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის მიერ ნი-------------------ის გამოკითხვისას, ნი-------------------მა განაცხადა, რომ აქვს ვა-------–---------ის ვალი 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარი, ასევე განმარტა, რომ დაუბრუნებს ვა-------–---------ს აღნიშნულ თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისგან აღებული ჰქონდა სესხი 1000 ლარის ოდენობით, პროცენტით. აღნიშნული თანხა მან მთლიანად დაუბრუნა ვა-------–---------ს. სხვა თანხა მოპასუხეს მოსარჩელისაგან აღებული არ ჰქონია და შესაბამისად არანაირი ვალი არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ნი-------------------ს მოსარჩელე ვა-------–---------ის მიმართ გააჩნია დავალიანება 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს მათ შორის არსებული ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან. მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2016 წლის ბოლომდე, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა სესხის ნაწილი -1000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ, დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მან სესხის სახით ფულადი თანხა გადასცა მოპასუხეს, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი აქვს მოპასუხეს - მოვალეს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაამტკიცა.

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შსს მარნეულის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა ნი-------------------ის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ნი-------------------ი აღნიშნავს, რომ მან ვა-------–---------ისაგან სესხის სახით მიიღო 5000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხიდან ვა-------–---------ს დაუბრუნა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი. ამდენად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მოპასუხისათვის სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ვალდებულების არ არსებობის ფაქტს, როგორც ზემოთ აღინიშნა არის მოპასუხის-მოვალის სამტკიცებელი, რაც მან ვერ დაამტკიცა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-შსს მარნეულის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი, ნი-------------------ის გამოკითხვის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მათ შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად,სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, საქმეზე Nას-361-343-2015, 14.12.2015).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია, მოპასუხეს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა 4000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. როგორც აღნიშნული ნორმიდან ჩანს, მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მხარეთა ახსნა-განმარტებები. განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა წარმოადგინეს ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებები. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გაიზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებით დაადასტურებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს ევალებოდა სესხის ხელშეკრულების დადების არსებობის მტკიცების ტვირთი, კერძოდ ის, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი. მოპასუხეს კი ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მან მოსარჩელისაგან ისესხა მხოლოდ 1000 ლარი, რომელიც დაუბრუნა, ხოლო სხვა თანხა მისგან არ უსესხებია. აღნიშნულის დასადასტურებლად კი მოპასუხე მხარეს მტკიცებულებები, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ კი განმარტა, რომ 2015 წელს მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი, რომლიდანაც მოპასუხემ, 2016 წლის ზაფხულში დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი, სესხის თანხის დანარჩენი ნაწილი კი არ დაუბრუნებია. შსს მარნეულის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მტკიცებულებით - მოპასუხე ნი-------------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნი-------------------ი ადასტურებს ვა-------–---------ისაგან სესხის სახით 5000 აშშ დოლარის მიღების ფაქტობრივ გარემოებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მას აღნიშნული თანხიდან მოსარჩელისათვის 4000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი)მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საქმეზე Nას-279-264-17, 21.04.17)

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია ნი-------------------ს მოსთხოვოს სესხის თანხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის თანხის 4000 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 355 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს ,,იონფაშ ჯორჯიას“ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ მიზნით, მოპასუხე ნი-------------------ს (ს/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, მარნეული, ს------–--------–----–--, ს/კ 83.01.14.3--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ვა-------–---------ის სარჩელი მოპასუხე ნი-------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ნი-------------------ს მოსარჩელე ვა-------–---------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე ნი-------------------ს მოსარჩელე ვა-------–---------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 305 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე