გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
080210017002046699
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210017002046699

№2/2350-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე ლ--–- ლი-–---–---–ი;

წარმომადგენლები ფრიდონ ბასილაია, იამზე სხვედიანი;

მოპასუხეები მ--- ღვ-----ე, აკაკი ღვ-----ე, ნაზი შვ--------ე, ირ---–- შვ--------ე;

წარმომადგენელი ლია ოჩ-----ე, ირ---–- მა------ე;

დავის საგანი თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1.მ--- ღვ-----ეს, აკაკი ღვ-----ეს და ნაზი შვ--------ეს - ლ--–- ლი-–---–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 55 440 ევროს და 4 640 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 42 000 ევრო და 4000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 13440 ევრო და 640 აშშ დოლარი მასზე 16 თვის განმავლობაში, 2018 წლის ბოლომდე დარიცხული სარგებელი, თვეში 2% გაანგარიშებით.

 

1.2.ბათილად იქნას ცნობილი ნაზი შვ--------ეს და ირ---–- შვ--------ეს შორის დადებული 2018 წლის 15 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება და ქ. ქუთაისში გაპონოვის ქ. N29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/4 წილი, საკადასტრო კოდით 0-----------, აღირიცხოს ნაზი შვ--------ის სახელზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წელს მ--- ღვ-----ეს, აკაკი ღვ-----ეს და ნაზი შვ--------ეს ასესხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი, რაც აისახა სესხის ხელწერილში. მიუხედავად იმისა, რომ ხელწერილს ხელი მარტო მ--- ღვ-----ემ მოაწერა, თანხა მასთან ერთად ისესხეს აკაკი ღვ-----ემ და ნაზი შვ--------ემ ოჯახის საჭიროებისათვის. ნასესხები თანხიდან 2000 ევრო პირადად ჩაუთვალა ხელში მ--- ღვ-----ის მეუღლეს აკაკი ღვ-----ეს „საქართველოს ბანკის“ შენობაში. ნაზი შვ--------ე არის მ--- ღვ-----ის დედამთილი და სამივე ერთად ცხოვრობს ერთ სახლში, მისამართზე ქ. ქუთაისი გაპონოვის ქ. 29, როგორც ერთი ოჯახის წევრები. ხელწერილის მიხედვით, თანხის დაბრუნების ვადა იყო 2017 წლის ივნისის ბოლო, თუმცა ეს პირობა მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ. ამასთან, მას შემდეგ რაც სასამართლოში დაიწყო დავა, ნაზი შვ--------ემ 2018 წლის 15 იანვარს თავისი კუთვნილი უძრავი ქონება აჩუქა შვილს ირ---–- შვ--------ეს, რათა ამ ქონებაზე არ მიქცეულიყო იძულებითი აღსრულება, შესაბამისად, ეს გარიგება არის მოჩვენებითი, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე მ--- ღვ-----ემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, თანხმობა განაცხადა, რომ გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ის არის ინდივიდულური მეწარმე, თანხაც ისესხა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ, ბანკის ვალის დასაფარად, რის შემდეგაც ამუშავებდა ლომბარდს, სესხის დაბრუნების ვადა იყო 2018 წლის დეკემბერი, მანამდე მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა პროცენტი. სულ სარგებლის სახით 2017 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით გადახდილი აქვს 22000 აშშ დოლარი, შემდეგ ლ--–- ლი-–---–---–მა არ აცალა საქმიანობა, რის გამოც დარჩენილი თანხის გადახდა ვერ შეძლო. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, აკაკი ღვ-----ეს და ნაზი შვ--------ეს, მათ არანაირი შეხება მის ბიზნესსაქმიანობასთან არ ჰქონიათ, არც ვალი აუღიათ ლ--–- ლი-–---–---–ისაგან და არც მისი დაბრუნების ვალდებულება უკისრიათ.

 

2.2. მოპასუხე აკაკი ღვ-----ემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მას ლ--–- ლი-–---–---–ისაგან არანაირი თანხა არ უსესხებია და მისი მეუღლის ვალის შესახებაც მაშინ შეიტყო, როცა ლ--–- ლი-–---–---–მა დაიწყო სიარული მათთან და ითხოვდა თანხის დაბრუნებას. მათ ოჯახს ვალის აღება არაფერში სჭირდებოდა, მ--- ღვ-----ე ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, რომელთანაც მას კავშირი არ ჰქონია.

 

2.3. მოპასუხე ირ---–- შვ--------ემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, ნაზი შვ--------ე არის მისი დედა, რომელიც ცხოვრობს მეუღლის დანატოვარ სახლში. დედა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასაკის გამო საჭიროებს მოვლას, შესაბამისად, მიაქვს მისთვის წამლები და უწევს ყოველგვარ დახმარებას, 2011 წელს ნაზი შვ--------ემ დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვითაც სამკვიდრო ქონებას უტოვებდა მას, გარდაცვალების შემდგომ, თუმცა 2018 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ეს ქონება.

 

2.4. მოპასუხე ნაზი შვ--------ემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით ცხოვრობს მეუღლის დანატოვარ სახლში, რომელიც აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში და მას შემდეგ არაფერი შემატებია. ოჯახს არ სჭირდებოდა ვალის აღება, სახლი დღესაც გაურემონტებელია და მასში დგას ძველი ავეჯი. რაც შეეხება მ--- და აკაკი ღვ-----ეებს, ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე, მან არაფერი იცის რძლის ვალების შესახებ, მითუმეტეს არ აუღია ვალი ლ--–- ლი-–---–---–ისაგან. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, უძრავი ქონება გააფორმა შვილის ირ---–- შვ--------ის სახელზე, რომელიც უვლის მას და არჩენს, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ 2011 წელს დაწერა მის სახელზე ანდერძი, რომლითაც მთელ თავის ქონებას უტოვებდა გარდაცვალების შემდგომ.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ აკაკი ღვ-----ე არის მ--- ღვ-----ის მეუღლე, ნაზი შვ--------ე არის აკაკი ღვ-----ის და ირ---–- შვ--------ის დედა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს ლ--–- ლი-–---–---–მა მ--- ღვ-----ეს ასესხა 30000 ევრო ერთი წლის ვადით. სესხი იყო უპროცენტო.

2016 წლის 30 სექტემბერს ლ--–- ლი-–---–---–მა დაწერა ხელწერილი, რომლის თანახმადაც მან 42000 ევრო და 4150 აშშ დოლარი ასესხა მ--- ღვ-----ეს თვეში 2% ანაზღაურების პირობით. ხელწერილი დადასტურებულია მ--- ღვ-----ის ხელმოწერით.

2017 წლის 09 მაისს ლ--–- ლი-–---–---–მა და მ--- ღვ-----ემ გააფორმეს ახალი ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ ლ--–- ლი-–---–---–მა მ--- ღვ-----ეს ასესხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი, თვეში 2% დარიცხვით, თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2018 წლის ბოლომდე, ამასთან, 2017 წლის ივნისის თვეში მ--- ღვ-----ეს მოსარჩელისათვის უნდა მიეცა 20000 ევრო.

 

მტკიცებულებები:

-2016 წლის 30 სექტემბრის ხელწერილი (იხ.ს.ფ. 13);

-2017 წლის 09 მაისის ხელწერილი (იხ.ს.ფ. 49);

-2015 წლის 23 სექტემბრის ხელწერილი (იხ.ს.ფ. 62)

 

3.2.2. დადგენილია, რომ მ--- ღვ-----ე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს ლ--–- ლი-–---–---–ს უხდიდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით. სესხის ძირითადი თანხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია.

 

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- საბანკო ამონაწერი (იხ.ს.ფ. 240-253)

 

3.2.3. დადგენილია, რომ მ--- ღვ-----ე ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2004 წლის 24 მაისიდან. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–- ლი-–---–---–ისაგან მან თანხა ისესხა სწორედ სამეწარმეო მიზნებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: 2017 წლის 09 მაისს გაფორმებულ ხელწერილში მ--- ღვ-----ე კისრულობს მოსარჩელისათვის სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებას, „რადგან იგი მუშაობს ლომბარდში“. ასევე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან გამოთხოვილ მასალებში, თავად ლ--–- ლი-–---–---–ი გამოკითხვისას მიუთითებს, რომ ვინაიდან მ--- ღვ-----ე მუშაობდა ლომბარდში, გადაწყვიტა მასთან ფულის დაბანდება და სთხოვა დახმარება, მ---მ უპასუხა, რომ 10000 ევროზე თვეში მისცემდა 200 ევროს, თან როცა მოესურვებოდა შეეძლო მისი მეწილეც გამხდარიყო ლომბარდში. იგივე გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელის დაც, გამოკითხვისას. ამდენად, მოსარჩელის მიერ არაა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხეების მიერ თანხის სესხება მოსარჩელისაგან ოჯახის საჭიროებისათვის, რაზეც მიუთითებს თავის სარჩელსა და სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ--–- ლი-–---–---–ი. ასევე მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისაგან მიღებული თანხის ოჯახის ინტერესებისათვის გამოყენება, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, რომელსაც უარყოფს მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად.

მტკიცებულებები:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 60);

-2017 წლის 09 მაისის ხელწერილი (იხ.ს.ფ. 49);

-პოლიციიდან გამოთხოვილი მასალები (იხ.ს.ფ. 255-293;)

3.2.3. დადგენილია, რომ ნაზი შვ--------ემ მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გაპონოვის ქ. N29-ში საკადასტრო კოდით 0----------- 2018 წლის 15 იანვარს აჩუქა შვილს ირ---–- შვ--------ეს. დადგენილია, რომ 2011 წლის 05 ოქტომბერს ნაზი შვ--------ემ აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით შვილის ირ---–- შვ--------ის სახელზე დაწერა ანდერძი, რომელიც დადასტურებულია სანოტარო წესით.

მტკიცებულებები:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 124);

-ჩუქების ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 135-136);

-ანდერძი (იხ.ს.ფ.162-164);

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მ--- ღვ-----ესთან ერთად მისგან თანხა ისესხეს მისმა მეუღლემ აკაკი ღვ-----ემ და დედამთილმა ნაზი შვ--------ემ, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან პირადად გადასცა სესხის თანხა აკაკი ღვ-----ეს, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. ის ფაქტი, რომ მ--- ღვ-----ე მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა ერთ სახლში, ასევე არ ნიშნავს ერთობლივად ვალის აღებას, აღნიშნულს არ ადასტურებს პროცენტის თანხის გაგზავნაც აკაკი ღვ-----ის მიერ, მისი მეუღლის ნაცვლად, ბანკის მეშვეობით, რადგან ეს ფინანსური ოპერაცია ნებისმიერ პირს შეუძლია შეასრულოს სხვის მაგივრად რაც, რა თქმა უნდა, გამგზავნს სასესხო ურთიერთობის მონაწილე სუბიექტად ვერ აქცევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 625-ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 09 მაისს ლ--–- ლი-–---–---–მა და მ--- ღვ-----ემ გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლ--–- ლი-–---–---–მა მ--- ღვ-----ეს ასესხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი, თვეში 2% დარიცხვის პირობით, თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2018 წლის ბოლომდე. მ--- ღვ-----ე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს ლ--–- ლი-–---–---–ს უხდიდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, სესხის ძირითადი თანხა 42000 ევრო და 4000 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მ--- ღვ-----ეზე სესხის ძირითადი თანხის 42000 ევროს და 4000 აშშ დოლარის, ასევე პროცენტის სახით 13440 ევროს და 1280 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება მოთხოვნას, აკაკი ღვ-----ესა და ნაზი შვ--------ეზე მ--- ღვ-----ის მიერ აღებული სესხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებაში მითებული პირები საერთოდ არ არიან მითითებული, მათ მოსარჩელისაგან არანაირი თანხა არ მიუღიათ და არც მისი გადახდის ვალდებულება უკისრიათ, ისინი არ ყოფილან მ--- ღვ-----ის პარტნიორები სამეწარმეო საქმიანობაში, შესაბამისად, არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მეუღლეთა ვალის დაფარვის წესს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ამ კუთხითაც არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები აკაკი ღვ-----ის მიმართ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლით, 1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. 2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მოცემულ დავაში მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, როცა მიუთითა, მ--- ღვ-----ის მიერ აღებული სესხის ოჯახის საჭიროებისათვის გამოყენების თაობაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მეოთხე მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით, უცილოდ ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). განსახილველ შემთხვევაში, მ--- ღვ-----ის დედამთილმა ნაზი შვ--------ემ მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გაპონოვის ქ. N29-ში, საკადასტრო კოდით 0-----------, 2018 წლის 15 იანვარს აჩუქა შვილს ირ---–- შვ--------ეს. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მას შემდეგ, რაც ლ--–- ლი-–---–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 31 ივლისს სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დააყადაღა ლ--–- თვარაძის უძრავი ქონება, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ლ--–- თვარაძე არ იყო მ--- ღვ-----ის დედამთილი. იმის გათვალისწინებით, რომ ირ---–- შვ--------ე არის ნაზი შვ--------ის შვილი და მის სახელზე ჯერ კიდევ 2011 წელს ჰქონდა დედას დაწერილი ანდერძი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაზი შვ--------ეს ნამდვილად სურდა მითითებული ქონების გადაცემა შვილისათვის, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების საბაბი გახდა მითითებული ქონების დაყადაღების შიში, მას შემდეგ როცა გაირკევეოდა, რომ მ--- ღვ-----ის დედამთილი ნაზი შვ--------ე იყო და არა ლ--–- თვარაძე. შესაბამისად, სახეზე არ არის მოჩვენებითი გარიგება, რადგან იურიდიული შედეგი რომელიც დადგა, სრულად შეესაბამებოდა გამჩუქებლის ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი დადასტურდებოდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, სარჩელი ამ ნაწილში მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, რადგან ნაზი შვ--------ეს არანაირი ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, შესაბამისად, ვის სახელზე იქნება რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში გაპონოვის ქ. N29-ში, საკადასტრო კოდით 0------------ში, მნიშვნელობა არ აქვს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 100 ლარი.

 

დავის საგნის ღირებულება არის 172 332 ლარი (2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით ევროს კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში შეადგენდა 2.91 ლარს, ხოლო აშშ დოლარის კურსი -2.40 ლარს). მოპასუხე მ--- ღვ-----ემ სარჩელი ცნო 42000 ევროს და 4000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 131 820 ლარს და წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 76.40%. ვინაიდან მოსარჩელის მიერ გადახდილია ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის 76.40%, ანუ 2292 ლარი, ლ--–- ლი-–---–---–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დარჩენილი 708 ლარი კი მ--- ღვ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მასვე უნდა დეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟიდან 50 ლარი, ხოლო 50 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა ირ---–- შვ--------ის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ირ---–- შვ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ირ---–- შვ--------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისი გაპონოვის ქ. N29, (ყოფილი N23,N27). უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას - ყადაღას, მ--- ღვ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი თაბუკაშვილის 88/75, საკადასტრო კოდით 0-----------------5, უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.ლ--–- ლი-–---–---–ი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მ--- ღვ-----ეს ლ--–- ლი-–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 55 440 ევროს და 4 640 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2.ლ--–- ლი-–---–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ლ--–- ლი-–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2292 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

 

3. მ--- ღვ-----ეს ლ--–- ლი-–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 758 ლარის გადახდა.

 

4. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ირ---–- შვ--------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისი გაპონოვის ქ. N29, (ყოფილი N23,N27).

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, მ--- ღვ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი თაბუკაშვილის 88/75, საკადასტრო კოდით 0-----------------5, დარჩეს ძალაში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე