გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
071210017002052403
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

071210017002052403

საქმე №2/107-2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 იანვარი 2018 წელი ქ. საგარეჯო

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

 

მოსარჩელე: გი------------ძე;

მოპასუხეები: ზა------------–---–ი;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ზა------------–---–ს მოსარჩელე გი------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხე მას წაიყვანდა სამუშაოების შესასრულებლად და გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნახევარ თანხას. სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 07 მარტს ზა------------–---–მა წაიყვანა იგი საგარეჯოს ტერიტორიაზე მდებარე ავტო მაღაზიისათვის სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, კერძოდ მოახდინეს დახლების გაკეთება. სამუშაო აღებული იქნა ზა------------–---–ის მიერ და საქმის შემკვეთთან ვინმე მე--------ან მას ურთიერთობა არ ქონია. მოსარჩელემ განმარტა, რომ კონკრეტულად რა თანხაზე იყო შეთანხმებული ზა------------–---–ი ზუსტად არ იცის, მაგრამ შემკვეთისგან, ვინმე მე------გან იცის, რომ როდესაც მათ სამუშაოს შესრულება დაიწყეს მას (დამკვეთს) უკვე მიცემული ქონდა ზა------------–---–ისთვის 800 ლარი.

 

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ როდესაც მოსარჩელემ ამ სამუშაოზე მიიყვანა საქმის გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული იყო და თუ დაეთანხმება მოპასუხე 400 ლარის გადახდას იგი შეამცირებს თავის მოთხოვნას 400 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 300 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ მან ნამდვილად უთხრა მოსარჩელეს, რომ სულ 1200 ლარის სამუშაო იყო გასაკეთებელი და გაკეთებული სამუშაოს ნახევარს მისცემდა, მაგრამ სანამ მან გი------------ძე დახლების გასაკეთებლად მიიყვანდა მან უკვე შეასრულა სამუშაოს ნახევარი თავის შვილთან ერთად და შესასრულებელი დარჩენილი იყო სულ 600 ლარის სამუშაო, რომელიც მან შეასრულა გი------------ძესთან ერთად. მოპასუხემ განმარტა, რომ გი------------ძემ დავალებული სამუშაო უხარისხოდ შეასრულა, უხარისხო მასალა იყო გამოყენებული და ამის გამო დამკვეთმა დარჩენილი თანხა 600 ლარი აღარ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელესაც ვეღარ მისცა 300 ლარი, რომელიც მას უნდა მიეღო შეთანხმების თანახმად.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხე მას წაიყვანდა სამუშაოების შესასრულებლად საგარეჯოს ტერიტორიაზე და გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნახევარ თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რაც მხარეებმა ერთობლივად შეასრულეს, შეადგენდა ექვსას ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სულ 300 (სამარი) ლარის გადახდა და დარჩენილ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით მხარეთა შორის წარმოიშვა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის ზეპირი ფორმით დაიდო შრომითი გარიგება, რომლის მიხედვით მოსარჩელე გი------------ძე მოპასუხე ზა------------–---–ის დავალებით შეასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს და ამის სანაცვლოდ მიიღებდა ანაზღაურებას, კერძოდ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ნახევარს.

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ შესრულებულ სამუშაოში უნდა მიეღო 600 ლარი და შესაბამისად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის 300 ლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო, რადგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო დამკვეთმა მას ფული არ გადაუხადა. მოსარჩელემ იმის დასადასტურებლად, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უფრო მეტ თანხას შეადგენდა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტები ვერ გააქარწყლა და შესაბამისად სასამართლოს დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 600 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მე-2 პუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, კერძოდ შრომითი შეთანხმებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხემ დაადასტურა ფაქტობრივ გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, რომ შესრულებულ სამუშაოში უნდა მიეღო 600 ლარი და შესაბამისად მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის 300 ლარი შესრულებული სამუშაოსათვის. ამ ფაქტის დადასტურება საკმარის მტკიცებულებად ითვლება და მოთხოვნა 300 ლარის გადახდის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში სარჩელის ცნობის საფუძვლით სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლიდან გამომდინარე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი 300 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ამ ფარგლებში, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ზა------------–---–ს მოსარჩელე გი------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა.

 

3. დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

 

4. მოსარჩელე გი------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი. (საგადასახადო დავალება №0, 16/08/2017 წელი, გადამხდელი გი------------ძე) .

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. საგარეჯო ჯაფარიძის ქუჩა N 4 ) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე