გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017001814779
# 2-503/2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25/12/2017 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგომაჩაძე
მოსარჩელე: ქ. ბ--------------–----–---------------
წარმომადგენელი: მუ-----------------ე
მოპასუხე: მუ---------------ე
წარმომადგენელი: გ---–----------------ე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
- ქ. ბ--------------–----–--------------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნეს მუ---------------ის მიერ ქ. ბ--------------–----–--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით მუ---------------ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ---------ში, დასახლება მეჯინისწყალზე მდებარე უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს ქ. ბ--------------–----–---------------ს.
- პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- ქ---------ის მ----–----–-------ს საკუთრებაშია 403.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით 193,50 კვ.მ., მდებარე ქ---------ი, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #05.32.09.0---
- ქ---------ის მ----–----–-------ს საკუთრებაში არსებულ 403,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მუ---------------ე.
- ქ. ბ--------------–----–---------------მ არაერთხელ ზეპირი და წერილობითი სახით მიმართა თხოვნით მოპასუხეს, რომ ნებაყოფლობით შეეწყვიტა სადავო ქონების უკანონოდ ფლობა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ: იგი ქონების, მდებარე ქ---------ში, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #05.32.09.0---, - მართლზომიერი მფლობელია.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ბ------ის მ----–----–-------ს საკუთრებაშია 403.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით 193,50 კვ.მ მდებარე ქ---------ი, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.32.09.0---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.1.2. ქ---------ის მ----–----–-------ს საკუთრებაში არსებულ 403,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობს და სარგებლობს მუ---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მუ---------------ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი ბ------ის აღმასრულებელი ორგანო-საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 მარტის N02/128 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც ქ---------ში, დასახლება მეჯინისწყალზე მდებარე 193.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული 403.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად (ს/კ #05.32.09.0--) საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველ ქალაქ ბ------ს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3.1.4. საქმის განხილვის მომენტისათვის, ქ. ბ--------------–----–--------------ის კუთვნილ ქონებას ფლობს და სარგებლობს მუ---------------ე. მოსარჩელე, წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს და სარგებლობდეს მისი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა მუ---------------ის მიერ ქონების მფლობელობის მართლზომიერება.
3.2.2. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ის ქონების მართლზომიერი მფლობელია, რასაც მოპასუხე კატეგორიულად არ ეთანხმება. (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.3. სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს ქონებას, ხოლო მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ ის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.
3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.6. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება თვითმმართველი ქალაქი ბ------ის საკუთრებაში, უფლების რეგისტრაციის თარიღად კი მითითებულია 2012 წლის 02 აპრილი.
3.2.7. ამდენად, მუ---------------ე არაა ქ---------ში, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.32.09.0--, - მდებარე ქონების მართლზომიერი მოსარგებლე. მას ქონების მფლობელობის და სარგებლობის უფლებამოსილება მინიჭებული არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აღკვეთილი უნდა იქნას მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ქონება მოსარჩელეს უნდა გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით:
,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ - ქ---------ი, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.32.09.0--, - მდებარე უძრავი ქონება მისი საკუთრებაა. ქონებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე და არ აძლევს მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ ქ---------ში, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #05.32.09.0--- მდებარე უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის ქ---------ის მ----ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო განმარტავს: ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო სადავო ქონების მესაკუთრე, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს. წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის - ქ---------ი, დასახლება მეჯინისწყალი, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.32.09.0--- - მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. მოსარჩელე წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს ამ ქონებას და ხელს უშლიდეს ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც ის გამოსახლებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან. მისი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება ქ---------ის მ----ის საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდა უძრავი ქონების გამოთხოვებას და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მისი გადახდა უნდა დაეკისოს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;
უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს. ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია მხოლოდ 268-ე მუხლის 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9.2. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვლებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ არის მოტივირებული და არგუმენტირებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ. ბ--------------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მუ---------------ის უკანონო მფლობელობიდან, მისი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნეს ქ. ბ--------------–----–--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------ი, დასახლება მეჯინისწყალი, ს/კ #05.32.09.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელე ქ. ბ--------------–----–---------------ს.
3. მოსარჩელეს - ქ. ბ--------------–----–---------------ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
4. მოპასუხეს მუ---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე