გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001645694
2-3907/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
28/03/2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე----------------+’’
წარმომადგენელი - ნ-----------–---–-
მოპასუხე - დ----- ჭ--–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ე---------------+" სასარჩელო განცხადებით მოითხოვს დ----- ჭ--–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1673 აშშ დოლარის და 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 17 მარტს შპს ,,ე--------------- +"-ს და დ----- ჭ--–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 2000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებელის სახით თვეში 5.0 %-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,დ------------ნი“. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა გირავნობის საგნის რეალიზაცია. გირავნობის საგანი გაყიდვამდე შეფასდა 1200 აშშ დოლარად. იგი ვალის დაფარვის მიზნით 2016 წლის 30 აგვისტოს რეალიზებული იქნა 1150 აშშ დოლარად. ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხით ნაწილობრივ დაიფარა მოპასუხის დავალიანება. განმარტავს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1394 აშშ დოლარი. მოპასუხეს ასევე გადასახდელი აქვს 2016 წლის 30 სექტემბრის შემდეგ დარიცხული სარგებელი 279 აშშ დოლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების ღირებულება 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. დ----- ჭ--–--ე სარჩელს არ სცნობს. ის ადასტურებს მოსარჩელესთან დადებულ სესხის ხელშეკრულებას, ასევე ადასტურებს სესხის იმ პირობებს, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. ასევე ადასტურებს, რომ სესხი ვერ დაფარა. მოპასუხე ამტკიცებს, რომ გირავნობის საგანი ღირდა 1150 აშშ დოლარზე გაცილებით მეტი. მისი რეალური ღირებულება საკმარისი იყო დავალიანების დაფარვისათვის. ამიტომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მასზე თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. 2016 წლის 17 მარტს შპს ,,ე--------------- +"-ს და დ----- ჭ--–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. ასევე ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 2000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებელის სახით თვეში 5.0 %-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 მარტის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ. 16-21.
- 2016 წლის 17 მარტის შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. ს.ფ. 24
3.1.2 ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,დ------------ნი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 მარტის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ. 16-21.
3.1.3. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 25-26
3.1.4. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხდა, რის გამოც გირავნობით დატვირთული ავტომანქანა გაიყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ფ.
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში.ს.ფ.
3.1.5. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხით, 1150 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ნაწილი. მოსარჩელემ ვალის დასაფარად თანხა გადაანაწილა შემდეგნაირად:
- 1245 ლარი - დარიცხული სარგებელი;
- 607 აშშ დოლარი - ძირი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ე--------------- +“-ის მიმართვა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:
- გირავნობის საგნის რეალური ღირებულება;
- გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობა.
3.2.2 მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 1150 აშშ დოლარს. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ავტომანქანის ღირებულება რეალიზაციის მომენტისათვის შეადგენდა 1250 აშშ დოლარზე გაცილებით მეტს.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 30 აგვისტოსათვის მისი კუთვნილი ავტომანქანა ,,დ------------ნი“ ღირდა 1150 აშშ დოლარზე ძვირი. ამ გარემოებაზე ამყარებს თავის შესაგებელს მოპასუხე და მასვე ევალება მისი დამტკიცება. მოსარჩელე ამტკიცებს რომ მისი ღირებულება შეადგენდა 1150 აშშ დოლარს, ლიკვიდობა კი 900 აშშ დოლარს. ფასთან დაკავშირებით მას სხვა პოზიცია არ აქვს, ამიტომაც მას არ მოეთხოვება სხვა ფასის დამტკიცება. თუმცა მისი ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ მანქანა გაიყიდა 1150 აშშ დოლარად.
3.2.4. მტკიცების ტვირთი არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას წარმოადგინინ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებულ მტკიცების ტვირთთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. მოსარჩელემ ავტომანქანის 1150 აშშ დოლარად გაყიდვის დადასტურების მიზნით წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. თავის მხრივ მოპასუხემაც ავტომანქანის 1150 აშშ დოლარზე მეტის ღირებულების დადასტურება გადაწყვიტა ზეპირი განმარტებით. მოპასუხემ მოსარჩელის ზეპირი განმარტება ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.6. ის რომ გირავნობის საგნის გაყიდვის დროს ავტომანქანის ღირებულება 1150 აშშ დოლარს შეადგენდა, ამ გარემოების დადასტურებისათის მოსარჩელემ გარდა ზეპირი განმარტებისა, წარმოადგინა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში. დასახელებული დოკუმენტი შედგენილია გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისათვის. იგი საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით შეადგინა დამოუკიდებელმა შემფასებელმა. აქტში აღწერილია ავტომანქანის მდგომარეობა, დასურათებულია და გამოყვანილია მისი ფასი. აქტის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 1200 აშშ დოლარს, ხოლო ლიკვიდურობა 900 აშშ დოლარს.
იხ.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში. ს.ფ.34-40.
3.2.7. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ გირავნობის საგანი 2016 წლის 30 აგვისტოს გაიყიდა 1150 აშშ დოლარად. ავტომანქანა შეიძინა ნ---- დ-----აიამ. ხელშეკრულებას ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი და შემძენი ნ---- დ-----აია .(იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება.)
3.2.8. მოსარჩელის ზეპირი განმარტება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში და ნასყიდობის ხელშეკრულება, საკმარისია იმისათვის, რომ დადგენილად და დადასტურებულად იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ გირავნობის საგანი ღირდა 1150 აშშ დოლარი. ამ გზით მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობა შეასრულა. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხის საპროცესო მოვალეობაა წარმოადგინოს მტკიცებულებები და გააქარწყლოს მოსარჩელის მტკიცება ავტომანქანის 1150 აშშ დოლარად ღირებულებისა და რეალიზაციის თაობაზე.
3.2.9. დ----- ჭ--–--ემ მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება მასზედ, რომ კუთვნილი ავტომანქანა ,,დ------------ნი“ 1200 აშშ დოლარზე ძვირი ღირდა. ავტომანქანის სხვა ფასში გაყიდვის, ან ღირებულების მტკიცებულება მოპასუხეს წარმოდგენილი არ აქვს.
3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომანქანის ღირებულება და გაყიდვის ფასი ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით თავის არგუმენტებს. სასამართლოს შესაფასებელი აქვს ერთის მხრივ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ეს არააპირდაპირი მტკიცებულებაა, მაგრამ ნასყიდობასთან დაკავშირებული მტკიცებულებაა) და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობის საგანი რეალიზებული იქნა 1150 აშშ დოლარად, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლოს შესაფასებელი აქვს მოპასუხის ზეპირი განმარტება მასზედ, რომ ავტომანქანა 1150 აშშ დოლარზე ძვირი ღირს. ბუნებრივია ორივე მტკიცებულება ფასის ნაწილში ერთდროულად გასაზიარებელი ვერ იქნება (ისინი გამორიცხავენ ერთმანეთს). ამიტომაც უნდა შეფასდეს რომელი უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებაა და რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა შექმნის ისტორია. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელესა და ნ---- დ-----აიას შორის. სწორედ ამ გარიგების საფუძველზე გახდა ნ---- დ-----აია ავტომაქანის მესაკუთრე. მასში დეტალურადაა აღწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დეტალები. მათ შორის ფასიც - 1150 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ნ---- დ-----აიას დადასტურებული აქვს ხელისმოწერით. მოპასუხეს შეეძლო სხდომაზე მოეწვია ნ---- დ-----აია, დაეთვალიერებინა სატრანსპორტო საშუალება, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და ასევე მოეპოვებინა სხვა მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებდა თუ რაღირდა გირავნობით დატვირთული ავტომანქანა და რა ფასად შეიძლებოდა გაყიდულიყო იგი. შესაძლებელია მოსარჩელემ შეგნებულად იაფად გაყიდა ავტომანქანა, მაგრამ ამ გარემოებას აუცილებლად სჭირდება მტკიცება. მტკიცებულების გარეშე სხვა ფასის დადგენა ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს. მას ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მათ გარეშე სასამართლო ვერ დაადგენს რამდენად რეალური ფასია მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ფასის პრობლემური ამ საკითხების გამოკვლევის გარეშე, მოპასუხის ზეპირ განმარტებასთან შედარებით ნასყიდობის ხელშეკრულებას და ავტომანქანის შეფასების აქტს უპირატესი ძალა აქვს. იგი შედგენილია ნასყიდობის დროს ნასყიდობის მხარეთა მონაწილეობით. შესაბამისად მას უფრო მეტი დამაჯერებლობა აქვს ვიდრე ზეპირ განმარტებას. შესაგებელში მითითებული არგუმენტების მტიცება მოპასუხის საპროცესო მოვალეობა იყო. მან ვერ შეძლო ამ მოვალეობის წარმატებით განხორციელება, ამიტომ ვერ გააბათილა ნასყიდობის ფასთან მიმართებაში მოსარჩელის არგუმენტები.
3.2.11. ამდენად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიჩნევს, რომ გირავნობის საგანი 2016 წლის 30 აგვისტოს გაიყიდა 1150 აშშ დოლარად. მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ავტომანქანა ღირდა იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე გაიყიდა და ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელემ ავტომანქანა შეგნებულად გაყიდა იაფად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მთლიანად და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-საქართველოს კონსტიტუცია.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს გადასახდელი სესხის ძირი თანხა 1394 აშშ დოლარი. მოპასუხეს ასევე გადასახდელი აქვს 2016 წლის 30 სექტემბრის შემდეგ დარიცხული სარგებელი 279 აშშ დოლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების ღირებულება 100 ლარი. მიუხედავად ამისა მოპასუხე თავს არიდებს მის გადახდას, რითაც არღვევს მის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს დასახელებული თანხა, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხების დაკისრება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეებს დადებული აქვთ სესხის ხელშეკრულება, ამიტომ მათი ურთიერთობა წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 2016 წლის 17 მარტს შპს ,,ე--------------- +"-ს და დ----- ჭ--–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. ასევე ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 2000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებელის სახით თვეში 5.0 %-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გრაფიკის მიხედვით სესხი არ დაფარა. მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება ანუ დ----- ჭ--–--ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, სესხის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ დ. ჭ--–--ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. დ. ჭ--–--ემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის ძირისა და სარგებელის გადახდა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. მან სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. ის ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კერძოდ სესხის ძირი თანხა 2000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის დაებრუნებინა გადახდის ვადის დადგომისთანავე. მიუხედავად ასეთი ვალდებულების არსებობისა მან არ გადაიხადა სესხი და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რამაც მოსარჩელეს მიანიჭა უფლება გაეყიდა გირავნობის საგანი და მიღებული თანხით დაეფარა ვალი. გირავნობის საგანი 2016 წლის 30 აგვისტოს გაიყიდა 1150 აშშ დოლარად. რეალიზაციიდან მიღებული თანხა, მოსარჩელემ ვალის დასაფარად გადაანაწილა შემდეგნაირად:
- 1245 ლარი - დარიცხული სარგებელი;
- 607 აშშ დოლარი - ძირი თანხა.
აღნიშნულის შემდეგ მოპასუხეს გადასახდელად დარჩა:
- ძირი თანხა 1394 აშშ დოლარი.
- 2016 წლის 30 სექტემბრიდან დარიცხული სარგებელი;
- ავტომანქანის შეფასების აქტი 100 ლარი.
6.4. მოსარჩელე თანხის გადახდას მოითხოვს მას შემდეგ, რაც რეალიზებული იქნა გირავნობის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით ,,გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში”.
სწორედ დასახელებულ ნორმას დაეყრდნო მოსარჩელე გირავნობის საგნის რეალიზაციისას. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც გირავნობის საგანი გაიყიდა ვალის დასაფარად.
შესაფასებელია გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს თუ არა ის თანხა, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩა გადასახდელი. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქ. სკ-ის 256-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
დასახელებული ნორმით გირავნობის საგნის რეალიზაცია წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა კანონმა მხარეებს მიანიჭა ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმების უფლებაც. თუ მხარეები არაფერზე არ შეთანხმდებიან, მაშინ გირავნობის საგნის რეალიზაციით მოპასუხის ვალდებულება წყდება. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება რეალიზაციით მიღებული თანხა არის თუ არა ვალის დაფარვისათვის საკმარისი. თუ მხარეები ამ წესისაგან განსხვავებულ წესზე არიან შეთანხმებულნი, მაშინ გამოიყენება ის წესი, რაზეც მხარეები შეთანხმდენ. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 6.4 პუნქტით ,,თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“.
ხელშეკრულების 6.4 პუნქტზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ დამსესხებელმა ვალდებულებები შეასრულოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგაც. ანუ შეთანხმდენ მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვერ დაიფარება დაგროვილი დავალიანება, მაშინ დ----- ჭ--–--ე გადაიხდის დარჩენილ ნაშთს. აღნიშნული გულისმხობს, მას რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1394 აშშ დოლარი. სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 17 მარტს დადებული ხელშეკრულება შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, თვეში 5.0 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა ისე, როგორც ამაზე ხელშეკრულებაში იყვენ შეთანხმებულნი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა. საერთო ჯამში 2016 წლის 30 სექტემბრამდე მდგომარეობით სარგებელი გადახდილია (გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით). მოპასუხეს გადახდილი არ აქვს ამ დღის შემდეგი პერიოდის სარგებელი.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 36 თვის ვადით. დადგენილ ვადაში სესხად მიღებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა, რის გამოც მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გავიდა და მოითხოვა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს სესხის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით. საქ. სკ-ის 403-ე მუხლი არის საგამონაკლისო ნორმა და მიუთითებს იმ გამონაკლისზე, რაც კანონითაა დადგენილი სესხზე სარგებელის გადახდისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ვალდებულება, შესრულების ვადა გადაცილდა და მხარეებიც შეთანხებული არიან, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხდეს სარგებელის გადახდა, მაშინ დამსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ურთიერთ შეთანხმებული სარგებელი სესხის სრულ დაბრუნებამდე. მხარეები ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შეთანხმდენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს სესხის სრულად დაბრუნებამდე გადაუხდის საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად.
სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის გადახდაზე შეთანხმება არაა კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება გამომდინარეობს საქ. სკ-ის 403-ე მუხლიდან. თუ მხარეები მსგავს პირობაზე შეთანხმდებიან, მაშინ მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის დაფარვამდე გადაიხადოს სარგებელი. როგორც აღინიშნა მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის ყოველთვიურად გადახდის შესახებ. ამასთან მოპასუხემ გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას, ამიტომ ის მოვალეა მოსარჩელეს სარგებელი გადაუხადოს მანამ, სანამ მთლიანად არ შეასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას. თუმცა მოსარჩელე მოპასუხეს სარჩელი აღძვრის შემდეგ სარგებელს აღარ სთხოვს. ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 137 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ სახ. ბაჟი მთლიანად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-e, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე---------------+’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დ----- ჭ--–--ეს, შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1673 აშშ დოლარის (1394 აშშ დოლარი-ძირი თანხა, 279 აშშ დოლარი - სარგებელი) და 100 ლარის გადახდა.
3. დ----- ჭ--–--ეს, შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 137 ლარის ანაზღაურება.
4. დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს დ----- ჭ--–--ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე