გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2018
საქმის ნომერი
130210018002340347
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-302-18

(130210018002340347)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ნა----------ძე

მოპასუხე - ზა------------ი

მოპასუხე - სს "ზიპ კრედიტი"

წარმომადგენელი - ლე------------ძე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს, ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩა N64-ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) "ვესტელის" ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის - ღირებული 500 ლარად; 2) "ელჯის" ფირმის მაცივარი - ღირებული 1099 ლარად; 3) სარეცხი მანქანა 8 კილოგრამიანი - ღირებული 1225 ლარად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 26 თებერვალს მის (ნა----------ძის) საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩა N64-ში გამოცხადდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, რომელმაც აღწერა და დააყადაღა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ: "ვესტელის" ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის "ელჯის" ფირმის მაცივარი, სარეცხი მანქანა 8 კილოგრამიანი. მოსარჩელის მტკიცებით, ყველა მითითებული ნივთი წარმოადგენს მის (ნა----------ძის) საკუთრებას. ასევე მიუთითა, რომ მითითებული ნივთები შეიძინა განვადებით, პირადი საჭიროებისათვის და თანხას იხდიდა თავისი კუთვნილი ხელფასიდან, ბუღალტრად მუშაობის დროს და პენსიიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ზა------------მა (მოვალე) სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ამასთან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაყდაღებული ქონება შეძენილია მისი დედის ნა----------ძის მიერ, თვითონ ზა------------ს არასდროს უმუშავია, რაიმე შემოსავალი არ ჰქონია და არც რაიმე შეუძენია.(იხ. ოქმი)

 

მოპასუხე სს "ზიპ კრედიტი"-ს მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომმაცივრის და სარეცხი მანქანის ნა----------ძის მიერ შეძენა დადასტურებულია წამოდგენილი დოკუმენტური მტკიცებებით, ხოლო ტელევიზორის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რის გამოც ყადაღის სიიდან მისი ამორიცხვის საფუძველი არ არსებობს. (იხ.ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 04 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ზა------------ს სს "ზიპ კრედიტის" სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2365.53 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. აღმასრულებელმა გი-------------–---–-ა აღსრულების მიზნით მოახდინა ქალაქ ხაშურში, პუ----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. ქალაქ ხაშურში, პუ–-----------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში აღიწერა და დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთები: 1) "ვესტელის" ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის - ღირებული 500 ლარად; 2) "ელჯის" ფირმის მაცივარი - ღირებული 1099 ლარად; 3) სარეცხი მანქანა 8 კილოგრამიანი - ღირებული 1225 ლარად. მითითებული ნივთები ეკუთვნის ნა----------ძეს და მათ შეძენაში ზა------------ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 26 თებერვლის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე ზა------------ს არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელე ნა----------ძეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 1161-ე, 1170-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ”საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.

 

წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩა N64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ნა----------ძის საკუთრებას.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სამართლო სხდომაზე ზა------------ის მიერ რაიმე ქონების, მათ შორის პლაზმური ტელევიზორის შეძენის და შესაბამისად რაიმე ქონების მისი კუთვნილების ფაქტი ვერ დადგინდა.

სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას, რომ ყველა დაყადაღებული ქონება მას ეკუთვნის, რადგან საწინააღმდეგო რაიმე გარემოება ვერ დადასტურდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მიპასუხე სს "ზიპ კრედიტმა" სარჩელი არ ცნო, პლაზმური ტელევიზორის (ღირებული 500ლარად) ყადაღიდან განთავისუფლების ნაწილში მოსარჩელის ნა----------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის -500 ლარის 3%-ის 15 ლარის გადახდა. ასევე, მოსარჩელე ნა----------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილისახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი - 85 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს

2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისგან განთავისუფლდეს ნა----------ძის კუთვნილი შემდეგი ქონება:

 

ა) "ვესტელის" ფირმის პლაზმური ტელევიზორი, შავი ფერის - ღირებული 500 ლარად;

ბ) "ელჯის" ფირმის მაცივარი - ღირებული 1099 ლარად;

გ) სარეცხი მანქანა 8 კილოგრამიანი - ღირებული 1225 ლარად.

 

3. მოპასუხე სს "ზიპ კრედიტს" ნა----------ძის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის თანხა - 15 ლარი;

 

4) ნა----------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 85 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი