გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1277-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018წ. ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - ნ-----–- ბ----ე
წარმომადგენელი - გ------ი გ---–--ე
მოპასუხე - 1. სს ,,ენ------------------------’’ (გენერალური დირექტორი მ-----– ბ--–---ე)
2. სს ,,ე------------------------’’-ს დასავლეთ ცენტრალური ფილიალი
წარმომადგენელი - ნ----- ს-----ე, ტ------– შ---------ე
დავის საგანი: სარჩოს დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ე------------------------’’-ს დაეკისროს ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა 300(სამასი) ლარის ოდენობით, ნ-----–- ბ----ის გარდაცვალებამდე, აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურება 6000(ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ნ-----–- ბ----ე არის პენსიონერი უვადოდ, 50 წლის ასაკიდან, ინვალიდობის გამო. მას ა---- ბ----ესთან რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა ერთი შვილი ვ------- ბ----ე, რომელიც 2015 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა, კურორტ ,,საირმე’’-ში, მაღლი, 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზიდან დენის დარტყმის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხის და სხვა პირთა ბრალეული ქმედებით.
მოსარჩელე განქორწინებულია მეუღლესთან ა---- ბ----ესთან და 15 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, მას ჰყავს სხვა ცოლ-შვილი. ამიტომ ნ-----–- ბ----ე მუდმივად იმყოფებოდა შვილის ვ------- ბ----ის კმაყოფაზე, რომელიც მას ყოველთვიურად, სისტემატურად აძლევდა ხელზე 300 ლარს, რადგან ინვალიდობის პენსია ფასების ზრდის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, წამლების შეძენა, გადასახადების გადახდა და სხვ.).
ვ------- ბ----ე, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ასევე პროფესიონალი მძღოლი, რომელსაც მფლობელობაში ჰყავდა სატვირთო ფურგონი ,,ფორდ-ტრანზიტი’’, სახ #R------, რომლითაც ქ.ქუთაისში ჩამოჰქონდა სარეალიზაციოდ კვების პროდუქტები და ჰქონდა სოლიდური შემოსავალი. იგი წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთ მარჩენალს, რომელიც ვალდებული იყო სარჩო ეხადა ინვალიდი დედისთვის მის გარდაცვალებამდე.
სარჩელში მითითებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.12.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს ,,ე------------------------’’-ს ა---- ბ----ის (გარდაცვლილის მამა) სასარგებლოდ, თ----- კ---–-–---–თან და ბ--–- თ----ესთან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა 10000 ლარის გადახდა. თ----- კ---–-–---–მა და ბ--–- თ----ემ ნ-----–- ბ----ეს ერთჯერადი საზღაურის სახით გადაუხადეს 28000 ლარი და მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ შვილის გარდაცვალებით მიიღო უმძიმესი სულიერი ტრამვა, განიცადა და განიცდის ტანჯვას ერთადერთი შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში როგორც მატერიალური, ისე მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მან არაერთგზის მიმართა მოპასუხეს სადავო საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ ის უარს აცხადებს სარჩოსა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. რის გამოც იძულებულია, სასამართლო წესით მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,ე------------------------მ’’ წარმოადგინა შესაგებელი, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ის დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ------- ბ----ე იყო მოპასუხის ერთადერთი შვილი და მარჩენალი და მისგან ყოველთვიურად იღებდა 300 ლარს. მათთვის უცნობი იყო დავაში მონაწილე მხარეების მორიგების თაობაზე, რომელიც მათი გვერდის ავლით იქნა განხორციელებული.
იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო მიიჩნევს ნ-----–- ბ----ეს დაზარალებულ პირად, რომელსაც მიადგა გარკვეული სახის ზიანი, უნდა გაითვალისწინოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად ვ------- ბ----ის ბრალეული ქმედება და ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებელს იმავე საფუძვლებზე მითითებით. მათვე განმარტეს, რომ არ დავობენ მასზე, რომ ვ------ ბ----ე იყო სამხედრო მოსამსახურე და ჰქონდა შემოსავალი, თუმცა მისი გავრცელება იმ პერიოდზეც, როდესაც ის უკვე აღარ მუშაობდა, არაა სამართლებრივი. არაა დადასტურებული, რომ ის იყო დედის ერთადერთი მარჩენალი, როდესაც ნ-----–- ბ----ეს ჰყავს მეუღლე, რომელიც განქორწინების შემთხვევაშიც ვალდებულია არჩინოს შრომისუუნარო მეუღლე. ამასთან მოსარჩელეს ორი მოპასუხისაგან უკვე აქვს მიღებული სარჩო კომპენსაციის სახით. ასევე არ დასტურდება გარემოება ვ------- ბ----ის სოლიდურ შემოსავლებთან დაკავშირებით.
დაუსაბუთებელად მიაჩნიათ ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან მისი დაკისრების კანონით განსაზღვრული საფუძვლები არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-----–- ბ----ე არის 65 წლის, 2002 წლიდან, ე.ი. 50 წლის ასაკიდან არის პენსიონერი უვადოდ, ინვალიდობის გამო. დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი შეადგენს თვეში 180 ლარს.
3.1.2. 1986 წლის 03 დეკემბერს დაბადებული ვ------- ბ----ე იყო ნ-----–- ბ----ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 02 ივლისს. გარდაცვალების მიზეზი გახდა ელექტროდენით მიღებული ტრავმა.
3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად ცნო სს ,,ე------------------------ს’’ ბრალეულობა და პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე. რასაც დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში. თუმცა ამავდროულად დაადგინა, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ მოპასუხის უმოქმედობას არ გამოუწვევია. ზიანის წარმოშობას თავად დაზარალებულის მოქმედებამაც შეუწყო ხელი და მხარეთა პასუხისმგებლობა დაახლოებით 2/3:1/3-ზე შეფარდებით განსაზღვრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საპენსიო მოწმობა (1 ტომი -ს/ფ18),- სოციალურის მიერ გაცემული ცნობა ( 1 ტომი, ს/ფ-19),- ვ.ბ----ის დაბადების მოწმობა (1 ტომი, ს/ფ- 20),- სასამართლოს გადაწყვეტილებები (1 ტომი, ს/ფ- 22-58),- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 თებერვლის სასამ.სხდომის ოქმი)
3.1.4. ვ------- ბ----ე იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამხედრო მოწმობა (1 ტომი, ს/ფ- 60)
3.1.5. ნ-----–- ბ----ე და ა---- ბ----ე განქორწინდნენ 2017 წლის 22 მარტს.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა (1 ტომი, ს/ფ-64 )
3.1.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ეს და მოპასუხეებს ბ--–- თ----ეს და თ----- კ---–-–---–ს შორის დამტკიცებულ იქნა მორიგება და ნ-----–- ბ----ემ ყოველთვიური სარჩოს და მორალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების სანაცვლოდ ერთჯერადი საზღაურის (კომპენსაციის) სახით მოპასუხეებისაგან მიიღო 28 000 ლარი, ხოლო სს ,,ე------------------------ს’’ მიმართ მოთხოვნა დარჩა განუხილველად.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განჩინება (1 ტომი, ს/ფ 66-68)
3.1.7. დადგენილია, რომ ვ------- ბ----ეს პირადი ანგარიში ჰქონდა გახსნილი სს ,,საქართველოს ბანკში’’.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ბარათები (ტომი 1, ს/ფ 136).
3.1.8. დადგენილია, რომ ვ------- ბ----ე ნამდვილად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს ამბროლაურის რაიონის სოფელ ზ/ღვარდიაში. იგი სისტემატურად ამუშავებდა მიწას და მოჰყავდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომელსაც იყენებდა საჭიროებისამებრ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა (1 ტომი, ს/ფ- 155 )
- მოწმეთა ჩვენებები (სასამ.სხდომის ოქმი),- სამედიცინო დოკუმენტაცია ( ტომი 2, ს/ფ 2-5).
3.1.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს ნ-----–- ბ----ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სს ,,ე------------------------ს’’, ბ--–- თ----ისა და თ----- კ---–-–---–ის მიმართ და მოითხოვა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 300 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. 2017 წლის 06 აპრილს მოსარჩელემ განცხადების საფუძველზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 900 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 9000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- სარჩელი, (1ტომი, ს/ფ -2-15 )
3.1.10. დადგენილია, რომ ვ------- ბ----ე იყო ინდმეწარმე 2013 წლიდან, თუმცა წარდგენილი შესაბამისი დეკლარაციები საგადასახადო ორგანოში არ უფიქსირდება. მას ასევე ჰყავდა ა/მანქანა, ტრაქტორი და ჰქონდა შესაბამისი მართვის მოწმობა.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემოსავლების სამსახურის წერილი (1 ტომი, ს/ფ-100),- მართვის მოწმობა (I ტომი, ს/ფ - 601),- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება.
3.1.11. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #100/ა-ს მიხედვით, ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოზია: F 32 დეპრესიული ეპიზოდი. ანამნეზის მიხედვით, თავს ავად გრძნობს შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა, დაეწყო უძილობები, უსიამოვნო შინაარსის სუიციდალური ხასიათის აზრები, ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის, ცრემლიანობა და მიეცა შესაბამისი მედიკამენტური დანიშნულება. მასვე 16.09.2017წელს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და მოთავსებული იყო სტაციონარში 07 დღე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის ცნობა (1 ტომი, ს/ფ-129-132),- რეცეპტები (1 ტომი, ს/ფ-211-213),- სამედიცინო დოკუმენტაცია (1 ტომი, ს/ფ-210).
3.1.12. ვ------- ბ----ეს სს ,,საქართველოს ბანკში’’ გაფორმებული ჰქონდა განვადების ხელშეკრულებები და 02.07.2015 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ჰქონდა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან ( ტომი 2, ს/ფ -15-37),-სპეციალისტის განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)
3.1.13. სპეციალისტის სახით მოწვეულმა ნინო ნემსაძემ განმარტა, რომ ვ------- ბ----ეს ანგარიშები ჰქონდა როგორც ლარში, ისე დოლარში. გატანილი სესხი დაფარული აქვს. ბოლო შემოსავალი ანგარიშზე 835 ლარის ოდენობით უფიქსირდება 2014 წლის 28 ოქტომბერს (იხ. 2018 წლის 07 თებერვლის სასამ.სხდომის ოქმი).
3.2.14. მოწმე მ------ გ---–--ის განმარტების მიხედვით, ვ------- ბ----ე მუშაობდა ჯარში. ამასთან ეწეოდა სოფლის მეურნეობას და მოწეული პროდუქტი საკუთარი მიკროავტობუსით ჩამოჰქონდა რაჭიდან და ყიდდა (აბარებდა მაღაზიებში). ასევე ტრაქტორით ეხმარებოდა სოფელს. მიღებულ შემოსავალს კი ახმარდა ოჯახს. იცის, რომ ნ-----–- ბ----ეს, შვილი ვ------- ყოველთვიურად აძლევდა 300 ლარს და უწყობდა ხელს. რადგან ის დიდი ხანია ავადაა, რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი.
რაც შეეხება მეუღლეს, იგი ნ-----–-ს არ ეხმარებოდა, ჰყავს მეორე მეუღლე, წასულია სახლიდან 10 წელზე მეტია და ერთად არ ცხოვრობენ.
3.2.15. მოწმე ნ-----–- მ------ის განმარტების მიხედვით, ვ------- იყო კარგი ახალგაზრდა, მსახურობდა ჯარში. სოფელში ამუშავებდა მიწას, ყიდდა პროდუქტებს და ეხმარებოდა დედას, ნ-----–- ბ----ეს. მას ჰყავდა მანქანაც და ტრაქტორიც, რომლითაც მეზობლებს ეხმარებოდა მიწის დამუშავებაში. ნ-----–-დან იცის, რომ მისი შვილი დედას ყოველ თვეში აძლევდა 300 ლარს წამლებისა და სხვა საჭიროებისათვის. 2-ჯერ თავადაც შეესწრო თანხის მიცემას. მანვე განმარტა, რომ ნ-----–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია შვილის გარდაცვალების შემდეგ, მკურნალობს სისტემატურად. პენსიის გარდა მას სხვა შემოსავალი არ აქვს.
3.2.16. მოწმე გოჩა მოწონელიძის განმარტების მიხედვით, მუშაობს მერიის სამხედრო სამსახურში. მათ ოჯახს ვ-------ს ჯარში გაწვევის შემდეგ იცნობს. ვ------- მსახურობდა საკონტრაქტო სამსახურშიც. ამასთან ჰყავდა სამარშრუტო, რომლითაც ადიოდა ხოლმე სოფელში, ჩამოჰქონდა პროდუქტები და ყიდდა. 2-3 ტონა სიმინდი და ლობიო მოჰყავდა, ასევე ეხმარებოდა სოფელს ტრაქტორით, ჰყავდათ 2 ძროხა. პროდუქტს აბარებდა მაღაზიებში. იცის, რომ ის მატერიალურად ეხმარებოდა დედასაც. გაუგონია, რომ ვ------- ნ-----–- ბ----ეს აძლევდა 300-400 ლარს თვეში. ამასთან იცის, რომ ნ-----–- ბ----ე დადის ექიმებთან სამკურნალოდ, ამჟამად თუ ვინ ეხმარება ფინანსურად, არ იცის.
-(იხ. სასამ.სხდომის ოქმი, 2018 წლის 05 მარტი, 2 ტომი, ს/ფ -58-94)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე სს ,,ე------------------------ს’’ წარმომადგენლების მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას, სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს, მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
მოპასუხე არ უარყოფს უბედური შემთხვევის ფაქტს, რაც გახდა ვ------- ბ----ის გარდაცვალების მიზეზი. ამასთან დადგენილია ამ შედეგის დადგომაში სს ,,ე------------------------ს’’ ბრალეულობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რაც მას აკისრებს ვალდებულებას ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ის მოთხოვნა სარჩოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე, 408-ე, 413-ე, 415-ე, 465-ე, 469-ე, 992-ე, 1006-ე, 1183-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის მიმყენებლის ბრალი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დასახელებული მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულის გარდაცვალებით, დაკარგეს მარჩენალი.
6.3. სსკ-ის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
6.4. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რომ სს ,,ე------------------------ს’’ ბრალი დამდგარ შედეგში ბევრად უფრო მაღალია, რადგან ის არის საწარმო, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექსპლუატაციას უწევს მომეტებული საფრთხის წყაროს, რაც მას განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების ვალდებულებას აკისრებდა.
ამასთან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ------- ბ----ე ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მოჰყავდა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, რომელსაც აბარებდა მაღაზიებში, ასევე ტრაქტორით ეხმარებოდა მეზობლებს, ჰყავდა სამარშრუტო ავტომანქანაც და მიღებული შემოსავლით მატერიალურად ეხმარებოდა ინვალიდ დედას. შესაბამისად ის წარმოადგენდა დედის მარჩენალ პირს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–- ბ----ე, როგორც გარდაცვლილ ვ------- ბ----ის კმაყოფაზე მყოფი პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს სარჩო სიცოცხლის ბოლომდე. რადგან სარჩენმა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, მოპასუხე ვალდებულია, სარჩოს დაწესებით, აუნაზღაუროს მარჩენალის დედას ის ზიანი, რაც მათი ბრალეული ქმედების შედეგად დადგა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მარჩენალის შრომისუუნარო დედა წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის რჩენის ვალდებულებაც გააჩნდა გარდაცვლილ მარჩენალს, შრომისუნარიან შვილს ვ------- ბ----ეს.
6.5. მართალია სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულებასაც განქორწინების შემთხვევაშიც. მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლის დეფინიცია იმ ვითარებას ეხება, როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ეკისრება მეუღლის რჩენა განქორწინების შემდეგაც. თუმცა ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ აქვს. შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია აღნიშნულთან მიმართებაში.
6.6. 1006-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია კი ეხება პირის გარდაცვალების შემთხვევაში მის კმაყოფაზე მყოფ პირთათვის სარჩოს დაწესებას.
სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმა სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს და სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, ანუ პირს, რომლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. ნორმა ასევე განსაზღვრავს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. ხოლო 469-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ეს და მოპასუხეებს ბ--–- თ----ეს და თ----- კ---–-–---–ს შორის დამტკიცებულ იქნა მორიგება და ნ-----–- ბ----ემ ყოველთვიური სარჩოს და მორალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების სანაცვლოდ ერთჯერადი საზღაურის (კომპენსაციის) სახით ამ მოპასუხეებისაგან მიიღო 28000 ლარი, ხოლო სს ,,ე------------------------ს’’ მიმართ მოთხოვნა გაიხმო და დარჩა განუხილველად.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების მოცულობაში გათვალისწინებულ იქნა თავად დაზარალებული მხარის (ვ------- ბ----ის) ბრალიც. ვინაიდან დადგენილ იქნა სს ,,ე------------------------ს’’ უფრო მეტი ბრალეულობა ზიანის გამოწვევაში, ამიტომაც მას თ----- კ---–-–---–თან და ბ--–- თ----ესთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 10000 ლარის გადახდა ვ------- ბ----ის მამის ა---- ბ----ის სასარგებლოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებიდან გამომდინარე, ბ--–- თ----ე, თ----- კ---–-–---–ი და სს ,,ე------------------------’’ წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს და შესაბამისად მათ თანაბარი წილი ჰქონდათ ვალდებულებაში. ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, თუ ჩავთვლით, რომ ორი მოპასუხიდან (ბ--–- თ----ე, თ----- კ---–-–---–ი) სარჩოს მაგივრად მოსარჩელე ნ-----–- ბ----ემ მიიღო ერთჯერადი კომპენსაცია, ხოლო მესამე მოვალეს, ამჟამინდელ მოპასუხესაც სთხოვს სარჩოს, რა ნაწილშიც შეწყდა ვალდებულება, იმ ნაწილში მოთხოვნის უფლება მხარეს აღარ აქვს. ამიტომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ე მარჩენალისაგან ყოველთვიურად იღებდა 300 ლარს მატერიალური დახმარების სახით, რის გამოც მას სს ,,ე------------------------’’-საგან ყოველთვიურად სარჩოს სახით არ ეკუთვნის 100 ლარზე მეტი.
შესაბამისად, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ შემოსავლის ის გონივრული ოდენობა წარმოადგენს, რასაც მოსარჩელე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩოს ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, უნდა მოხდეს გარდაცვლილის დედის, მოსარჩელე ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ, მისი სიცოცხლის ბოლომდე (გარდაცვალებამდე). შესაბამისად ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
7.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირს გააჩნია, ვისაც უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა ზიანი. „დაზარალებული“ ამ შემთხვევაში არის უშუალო მსხვერპლი და არა მისი ოჯახის წევრი. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, სხვა პირის მიერ ანაზღაურების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. ეს კონცეფცია ეფუძნება სსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილ წესს. აღნიშნული ნორმა აწესებს გარდაცვალების შემდეგ პირადი უფლებების დაცვის შესაძლებლობას, მაგრამ ამავე მუხლით აკრძალულია გარდაცვალების შემდეგ მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა (№ას-113-108-2014; 01.05.2015).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის (№ას-593-568-2016 14 ივლისი, 2017 წელი) განჩინებაში, იმ საკითხის გასარკვევად, მოიცავს თუ არა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანი, მორალურ ზიანსაც, გააკეთა განმარტება სსკ-ის 1006-ე და 413-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. კერძოდ, განმარტა, რომ სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება პირმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკივილისათვის. ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, არაა საკმარისი წინაპირობა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის (შდრ. #ას-1156-1176-2011, 20.01.2012).
7.2. იმ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელე არის პენსიონერი, ინვალიდი, შრომისუუნარო 2002 წლიდან გადატანილი ოპერაციების გამო, ამასთან, ის მონაწილეობდა საქმის განხილვაშიც, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის საკმარისი მტკიცებულება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად, რის გამოც ნ-----–- ბ----ეს უარი უნდა ეთქვას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე მხარე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. მოსარჩელე კი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-----–- ბ----ის (წარმომადგენელი გ------ი გ---–--ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე სს ,,ე------------------------ს’’ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ყოველთვიური სარჩო 100 ლარის ოდენობით, ნ-----–- ბ----ის გარდაცვალებამდე;
3. ნ-----–- ბ----ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე სს ,,ე------------------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 108 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე