გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
160210118002328734
კატეგორია
დავის ტიპი
გირავნობა
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002328734

საქმე N2/229-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - სო------–--–-–---–ი

წარმომადგენლები - ირ---–----------ა, კა---–------–--ე

მოპასუხე - ს------------------

წარმომადგენელი - თა------------ე

დავის საგანი - გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ვალდებულების არარსებობის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა:

შეწყდეს სო------–--–-–---–ს და ს-------------------ს შორის 2016 წლის 29 მარტს დადებული გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1---------- აღიარებული იქნეს, რომ სო------–--–-–---–ს არ გააჩნია 7120 ლარის დავალიანება ს-------------------ს მიმართ, მასსა და ს-------------------ს შორის 2016 წლის 23 თებერვალს დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე სო------–--–-–---–ი 2016 წლის 23 თებერვლიდან მუშაობდა ს---------------------ში (რეორგანიზაციის შედეგად - სს,,--------------- პრე-სეილერად, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა შეკვეთების მიღება. შრომითი ურთიერთობის დაწყების შემდეგ, დამსაქმებელმა მას მოსთხოვა გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება და მხარეებს შორის 2016 წლის 29 მარტს დადებულია გირავნობის ხელშეკრულება(სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1---------- გირავნობის ხელშეკრულებით, 2016 წლის 23 თებერვალს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ს--------------------- სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა სო------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა HONDA CIVIC, გამოშვების წელი - 2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N EU31403447, სარეგისტრაციო N BW777LA. გირავნობის ხელშეკრულებით მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 7000 ლარით. სო------–--–-–---–ი მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე. მის მიერ შესრულებულია აღნიშნული შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ფულადი ვალდებულება არ ეკისრება. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სო------–--–-–---–ის პირადი განცხადების საფუძველზე. 2016 წლის 23 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მისთვის არავის განუცხადებია, რომ რაიმე ფულადი ვალდებულება ეკისრებოდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. მოპასუხის მიერ გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 24 იანვარს გაცემული N 1-------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ს------------------, ხოლო მოვალე სო------–--–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 7120 ლარი. მოსარჩელისთვის უცნობია, თუ რის გამო წარმოეშვა მას 7120 ლარის დავალიანება ან/და რატომ არის ვალდებული იგი ამ თანხის გადახდაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სო------–--–-–---–ი 2016 წლის 23 თებერვლის შრომითი ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, ნამდვილად მუშაობდა ს---------------------ში(სკ 4--------) სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის ვალდებულებაში შედიოდა, როგორც შეკვეთების მიღება, ასევე სავაჭრო ქსელში არსებული საკრედიტო პოლიტიკის კონტროლი, რაც გულისხმობს შეტანილი პროდუქციის საფასურის დაფარვის უზრუნველყოფას, კლიენტთა ბაზის გაზრდას, პრეზენტაციის მომზადება და განხორციელება, რეგულარული ვიზიტი იმ კლიენტებთან, ვისთანაც შეჰქონდა პროდუქცია, აქტიური მონაწილეობა ახალი ასორტიმენტის ბაზარზე განვითარებაში, უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური ანგარიშის ჩაბარება შესრულებული სამუშაოს შესახებ. მოსარჩელე მუშაობდა კახეთის რეგიონში, სადაც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ახდენდა ხორცისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციას, აქედან გამომდინარე პასუხისმგებელი იყო, რომ მისი მუშაობის პერიოდში შეტანილი პროდუქციის სრული საფასური გადახდილი ყოფილიყო. კომპანიის მხრიდან ყველა ნაკისრი ვალდებულება იყო შესრულებული. მოსარჩელის მიერ ქსელში დატოვებული დავალიანება შეადგენს 17174 ლარს და 93 თეთრს. მან იცოდა ქსელში არსებული დავალიანების შესახებ. 2017 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა მოსარჩელეს. მოსარჩელემ განაცხადა, რომ დავალიანება არის კლიენტების და არა მისი. მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების მე-3.4.16 მუხლი, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქცია და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელემ სრულად არ შეასრულა შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება. სო------–--–-–---–ის სს,,აბდ ენდ კო“-ს წინაშე შესასრულებელი ვალდებულების სრული ოდენობა შეადგენს 17174 ლარს და 93 თეთრს. გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სო------–--–-–---–ი 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა ს---------------------ში (სკ 4--------) სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2016 წლის 29 მარტს სო------–--–-–---–ს და ს---------------------ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1--------) 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ს--------------------- სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა სო------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა HONDA CIVIC, გამოშვების წელი-2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NEU31403447, სარეგისტრაციო NBW777LA. გირავნობის ხელშეკრულებით მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 7000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1--------);

 

3.1.3 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 24.01.2018 წელს გაცემული N 1-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი) (სააღსრულებო წარმოება A 18012646), რომლის თანახმად კრედიტორს წარმოადგენს სს ,,აბდ ენდ კო” (4--------) , მოვალეა სო------–--–-–---–ი (პნ1-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის წერილი.

 

3.1.4. 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულების 3.4.1 მუხლის თანახმად, ,,დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი (სამსახურებრივი) ვალდებულებები და მოვალეობები კვალიფიციურად, პროფესიული და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, კეთილსინდისიერად და განსაკუთრებული გულისხმიერებით“. ამავე ხელშეკრულების 3.4.12 მიხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების შეწყვეტამდე ან საჭიროების შემთხვევაში შეწყვეტიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში(ანაზღაურების გარეშე) სამუშაო პროცეს(ებ)ის შეუფერხებლად გაგრძელების (გადაბარების) მიზნით, სრულფასოვნად მოახდინოს ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს) გადაბარება დამსაქმებლის მიერ დასახელებულ პირზე“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულება N 588;

 

3.1.5. 2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულების 3.5 მუხლის თანახმად, მოგირავნის მოთხოვნა წარმოშობილია 2016 წლის 23 თებერვალს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლის ძირითადი პირობებია: ა) დამგირავებლის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ პროდუქციის რეალიზაცია; ბ)მოგირავნის სასარგებლოდ მაღაზიებთან არსებული ვალების ამოღება; გ) თუ დაიკეტა ისეთი მაღაზია, რომელთანაც დისტრიბუტორს არ განუხორციელებია შეკვეთა/ბრუნვა/ვალის ამოღება მაღაზიის დაკეტვამდე უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში.

გირავნობის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების გაუქმება ხდება :ა) მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით; ბ) მოგირავნის მიერ გირავნობაზე უარის თქმით; გ) გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1--------);

 

3.1.6. რეორგანიზაციის შედეგად ს-------------------- გარდაიქმნა, შეიცვალა სახელწოდება ს------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს შორის სადავო, დასადგენ გარემოებას წარმოადგენს, აქვს თუ არა მოსარჩელე სო------–--–-–---–ს მოპასუხე ს-------------------ს მიმართ 7120 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება შესასრულებელი, 2016 წლის 23 თებერვლის შრომის და 2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო.

 

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება შეასრულა, მას მოპასუხის მიმართ არ აქვს ვალდებულება შესასრულებელი. ხოლო მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ჯეროვნად არ შეუსრულებია ვალდებულება შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მას მოპასუხის მიმართ აქვს შესასრულებელი ვალდებულება 7120 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს, რომ სო------–--–-–---–ს მხარეებს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება 7120 ლარის გადახდის ვალდებულება, აღნიშნული გარემოების დამტკიცების შემდეგ, მოსარჩელე სო------–--–-–---–მა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ მას არ ეკისრება აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება, ან მას უკვე შესრულებული აქვს ვალდებულება მოპასუხის მიმართ. მტკიცების ტვირთის ასეთი სახით განაწილება სრულად შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებულ, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპს.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, მხარეებს შორის 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მხარეებს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ მოგირავნის მოთხოვნა წარმოშობილია მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლის ძირითადი პირობებია: ა) დამგირავებლის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ პროდუქციის რეალიზაცია; ბ) მოგირავნის სასარგებლოდ მაღაზიებთან არსებული ვალების ამოღება; გ) თუ დაიკეტა ისეთი მაღაზია, რომელთანაც დისტრიბუტორს არ განუხორციელებია შეკვეთა/ბრუნვა/ვალის ამოღება მაღაზიის დაკეტვამდე უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ხელშეკრულება, სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობრივი ინსტრუქცია, 2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულება, ასევე მტკიცებულების სახით წარმოადგინა, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესთან ელექტრონული ფოსტით წარმოებული მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეს აქვს მოპასუხის მიმართ დავალიანება, რაც წარმოშობილია მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებით, კერძოდ მოსარჩელეს ევალებოდა პროდუქციის რეალიზაცია, რეალიზებული პროდუქციის ღირებულების თანხების ამოღება, აღნიშნულის შესახებ ანგარიშების წარდგენა მოპასუხე ორგანიზაციაში, რაც მას არ შეუსრულებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, სო------–--–-–---–ის მიერ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევა, მითუმეტეს მოპასუხის მიმართ კონკრეტული ფულადი დავალიანების არსებობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფაქტი, ასევე შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის არსებობის ფაქტი, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მიმოწერის თაობაზე დოკუმენტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციას, მითუმეტეს იმ პორობებში, როდესაც როგორც ტავად მოპასუხემ განაცხადა, სო------–--–-–---–მა უარყო მისი მხრიდან მოპასუხის მიმართ ვალდებულების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სო------–--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 254-ე, 361-ე, 270-ე, 278-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავა წარმოშობილია მათ შორის 2016 წლის 23 თებერვალს დადებული შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზე სო------–--–-–---–ი დასაქმდა მოპასუხე ორგანიზაციაში სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე. მოცემული ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება.

 

განსახილველი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარება და გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა. მოსარჩელის მოსაზრებით, გირავნობა გასაუქმებელია, ვინაიდან არ არსებობს სო------–--–-–---–ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შეუსრულებელი ვალდებულების მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლომ მხარეთა განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოარკვია ორივე მხარის უფლებები და ვალდებულებები, შესაბამისად, ამ ფარგლებში განისაზღვრა თითოეული მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ხარისხი და მოსარჩელე მხარის მხრიდან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობების უტყუარად არარსებობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე სო------–--–-–---–ი იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან და სო------–--–-–---–ის მხრიდან სს ,----------------ს მიმართ 7120 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც მოპასუხეს წარმოუდგენია. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა - განმარტებით შემოიფარგლა. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელე სო------–--–-–---–ს შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰქონდა ვალდებულებები, კერძოდ მოეხდინა პროდუქციის რეალიზაცია, ამოეღო პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ არსებული დავალიანებები, წარედგინა სს ,----------------ში ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ქმედების შედეგად არსებული დავალიანება შეადგენს 7120 ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, სო------–--–-–---–ის მიერ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევა, მითუმეტეს მოპასუხის მიმართ კონკრეტული ფულადი დავალიანების არსებობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფაქტი, ასევე შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის არსებობის ფაქტი, რასაც მხარეებიც სადავოდ არ ხდიან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, არსებობს მოგირავნესა და გირავნობის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ხოლო როდესაც სახეზე აღარ არის ვალდებულება, რომლიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მოთხოვნა და რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს გირავნობა, გირავნობა წყდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. კერძოდ, მან შეიძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ს--------------------- სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა სო------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა HONDA CIVIC, გამოშვების წელი-2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NEU31403447, სარეგისტრაციო NBW777LA. გირავნობის ხელშეკრულებით მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 7000 ლარით. დადგენილია, რომ სს ,,აბდ ჯორჯია"-ს უფლებამონაცვლე არის მოპასუხე ,,სს ,---------------. ასევე დადგენილია, რომ სო------–--–-–---–ს არ აქვს სს ,----------------ს მიმართ ვალდებულება შესასრულებელი. ამდენად არსებობს მხარეებს შორის 2016 წლის 29 მარტს დადებული გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სო------–--–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, აღიარებული უნდა იქნეს 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სო------–--–-–---–ის მხრიდან ს-------------------ს მიმართ 7120 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა. ამასთანავე უნდა შეწყდეს 2016 წლის 29 მარტის გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იქნა 2016 წლის 23 თებერვლის შრომის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სო------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს სო------–--–-–---–ს და ს--------------------- შორის 2016 წლის 29 მარტს დადებული გირავნობის ხელშეკრულება.

 

3. აღიარებულ იქნეს - სო------–--–-–---–ის მხრიდან ს-------------------ს მიმართ 7120 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა;

 

4. მოპასუხე ს-------------------ს მოსარჩელე სო------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263.60 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე