გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210017002144280
საქმე N2/92-2017 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მარტი 2018 წელი ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ფატი მინდიაშვილი
მოსარჩელე: შპს „ო--–-------------“;
წარმომადგენელი: ვა---– აშ------;
მოპასუხე: ნა-- ბა------–---–--
წარმომადგენელი: ლა---- ქა----–---;
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნა-- ბა------–---–- მოსარჩელე შპს „ო--–-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 950 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, საკომისიო - 0 ლარი და ჯარიმა - 450 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ნა-- ბა------–---–-ს ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ო--–-------------ს“ მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 31 დღე, სარგებელი - 0 %, ჯარიმა - ყოველდღიური პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, 30 დღემდე - 100 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამომდინარე აქედან, მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნა-- ბა------–---–-- და მისმა წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ მართლაც იყო გაკეთებული ონლაინ განაცხადი, არ გამორიცხავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა სესხი 500 ლარი, თუმცა მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ არცერთ მტკიცებულებაში ინფორმაცია დაფიქსირებული არაა, შესაბამისად, არც არანაირი თანხა ჩარიცხვია, აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაც ვერ იქნება მიჩნეული შემდგარად. გაადამოწმა თავისი საბანკო ანგარიშები და არცერთ მათგანზე შპს „ო--–-------------ს“ მიერ თანხის ჩარიცხვა არ ფიქსირდება. ვინაიდან მოსარჩელეს მისთვის არ გადაუცია ფული, სარჩელიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 2- აგვისტოს მოპასუხე ნა-- ბ-------–---–---- გაფორმებული №8--------- ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ო--–-------------ს“ მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 31 დღე, სარგებელი - 0 %, ჯარიმა - ყოველდღიური პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, 30 დღემდე - 100 ლარი.
ხელშეკრულების პირობები დეტალურად იყო გაწერილი ძირითად ხელშეკრულებაში, რომელიც განთავსებული იყო ვებგვერდ „Moneyman.ge“-ზე და რომლის გაცნობაც და რომელზე თანხმობაც მსესხებელმა დაადასტურა ელექტონულად ხელის მოწერით. მსესხებლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ახორციელებდა შპს „იუნიფეი“, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლებოდა გაცემულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-22);
- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 25-26);
3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 950 ლარს (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, საკომისიო - 0 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 450 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების თაობაზე (იხ. ს.ფ.27).
- მოთხოვნის შემცირება (იხ. ს.ფ.44)
3.1.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას _ თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი - სს „იმანი ჯორჯიას“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნა-- ბა------–---–-- 2016 წლის 2- აგვისტოს გაანაღდა შპს „ონლაინ ფაინენისაგან“ მიღებული სესხის თანხა 500 ლარის ოდენობით სს „ლიბერთი ბანკის„ ბანკომატიდან, ტრანზაქციის კოდი 9---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „იმანი ჯორჯიას“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ო--–-------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე,417-ე-420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სესხზე საუბარი, თუ ფული ან გვაროვნული ნივთი მსესხებელს არ მიუღია. სესხის ხელშეკრულება არარა გარიგებად უნდა ჩაითვალოს, თუ დადასტურდება მისი უფულობა, ანუ, თუ მსესხებელი კისრულობს არარსებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, იმის დაბრუნებას, რაც გამსესხებლისგან არ მიუღია. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ფორმა შეარჩიეს, მაშინ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა ჩანდეს როგორც მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე, ასევე, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, სსკ-ის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა (იხ. სუსგ საქმეზე #ას-1705-1689-2011, 04.06.2012). ცხადია, თუ წერილობით დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სესხის საგანზე ან მსესხებლისათვის მის გადაცემაზე, იგი დადებულად ვერ ჩაითვლება.
2016 წლის 2- აგვისტოს მოპასუხე ნა-- ბ-------–---–---- გაფორმებული №8--------- ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ო--–-------------ს“ მიერ დაუმტკიცდა და მასზე გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 31 დღე, სარგებელი - 0 %, ჯარიმა - ყოველდღიური პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, 30 დღემდე - 100 ლარი.
ხელშეკრულების პირობები დეტალურად იყო გაწერილი ძირითად ხელშეკრულებაში, რომელიც განთავსებული იყო ვებგვერდ „Moneyman.ge“-ზე და რომლის გაცნობაც და რომელზე თანხმობაც მსესხებელმა დაადასტურა ელექტონულად ხელის მოწერით. მსესხებლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ახორციელებდა შპს „იუნიფეი“, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლება გაცემულად.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება სესხის აღების ფაქტი. კერძოდ, სს „იმანი ჯორჯიას“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნა-- ბა------–---–-- 2016 წლის 2- აგვისტოს გაანაღდა შპს „ონლაინ ფაინენისაგან“ მიღებული სესხის თანხა 500 ლარის ოდენობით, სს „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან, ტრანზაქციის კოდი 9---------
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადების და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა ნა-- ბა------–---–-საგან სანაცვლო ვალდებულების მოთხოვნის შესრულების უფლება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ნა-- ბა------–---–- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ თანხა დაებრუნებინა დათქმულ დროში. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს - 50 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 22 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ო--–-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნა-- ბა------–---–- მოსარჩელე შპს „ო--–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 550 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, ჯარიმა 50 ლარი;
3. მოპასუხე ნა-- ბა------–---–- მოსარჩელე შპს „ო--–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 22 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე