განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002355762
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/75-18 24 აპრილი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019190218003)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ირაკლი გულდედავა
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარაია
ბრალდებული: ზ-----ი ფ---–---–-ანი
მამის სახელი: ნოდარი
დაბადებული: 1----–-–--------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სტეფანიას ქუჩა N85
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე ზ----- ფ---–---–-ანი ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე სს ,,აბდ ენდ კო“-ს მეღორეობის ფერმის სასაკლაო ოთახიდან ფარულად დაეუფლა 06(ექვსი) ცალ ხორცის დასაკიდ კაუჭს, რითაც სს ,,აბდ ენდ კო"-ს მიაყენა 108 (ას რვა) ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მოწმეების ალექსანდრ მიცკევიჩის, ლევანი მეკოკიშვილის, თამარ ბახტაძის, ზურაბ დავითაშვილის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთებით, 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ცალსახად დასტურდება, რომ ზ----- ფ---–---–-ანი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს,,აბდ ენდ კო“-ის კუთვნილ 6 ცალ ხორცის დასაკიდ კაუჭს.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ზ----- ფ---–---–-ანის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ზ----- ფ---–---–-ანის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ალექსანდრ მიცკევიჩის, ლევანი მეკოკიშვილის, თამარ ბახტაძის, ზურაბ დავითაშვილის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმს, ამოღებული ნივთებს, 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ზ----- ფ---–---–-ანის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზ----- ფ---–---–-ანს ჰქონდა განზრახვა, ფარულად, მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ----- ფ---–---–-ანმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ზ----- ფ---–---–-ანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ზ----- ფირცხელანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას(მისი ოჯახი არ არის რეგისტრირებულია სოციალუარდ დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ჰყავს ორი შვილი, ერთი სტუდენთი, მეორე კი სკოლის მოსწავლე, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი). აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ზ----- ფ---–---–-ანს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის: ხორცის ჩამოსაკიდი ექვსი ცალი კაუჭი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ----- ფ---–---–-ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით
ჯარიმის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ხორცის ჩამოსაკიდი ექვსი ცალი კაუჭი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე