გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1272-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩ---ინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ე---ე
მოსარჩელე - გიორგი ყ-----–ვილი
წარმომადგენელი - ჟანა ჩ--ოვანი
მოპასუხეები - დავით ბ----აძე; ზვიად ჩ--ლაძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე დავით ბ----აძეზე მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ - 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძეზე მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ - 3.700 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა - დავით ბ----აძემ და ზვიად ჩ--ლაძემ 2013 წელს ისესხეს თანხა, 3700 ლარის ოდენობით მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილისგან (პ/ნ 53001030362). აღნიშნულის შემდეგ, მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად მოპასუხეების მხრიდან თანხა არ დაბრუნებია მოსარჩელეს. ვინაიდან არ არსებობს სესხის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, მოსარჩელემ მიმართა საგამოძიებო სამსახურს. უბნის რწმუნებულის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმში მოპასუხეების მიერ აღიარებულია თანხის სესხების ფაქტი.
2. მოპასუხე დავით ბ----აძის პოზიცია:
2.1. მოპასუხე დავით ბ----აძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თანხის სესხების ფაქტს 500 ლარის ოდენობით და ასევე არც მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძეს უსესხებია თანხა გიორგი ყ-----–ვილისგან 3.200 ლარის ოდენობით. მოპასუხე დავით ბ----აძემ განმარტა, რომ უბნის ინსპექტორის წინაშე არ უღიარებია ვალდებულების არსებობის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მითითებით, სესხის ხელშეკრულების დადება მოხდა 2013 წელს, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რომელ თვეში მოხდა აღნიშნული თანხების მოპასუხეებზე გასესხება, აქედან გამომდინარე, მოპასუხე დავით ბ----აძის განმარტებით, მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი გამორიცხულია.
2.2. მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძის პოზიცია:
2.2.1. მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თანხის სესხების ფაქტს 3.200 ლარის ოდენობით და არც დავით ბ----აძეს უსესხებია თანხა გიორგი ყ-----–ვილისგან 3.200 ლარის ოდენობით. მოპასუხე ზვიადი ჩ--ლაძემ განმარტა, რომ უბნის ინსპექტორის წინაშე არ უღიარებია ვალდებულების არსებობის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მითითებით, სესხის ხელშეკრულების დადება მოხდა 2013 წელს, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რომელ თვეში მოხდა აღნიშნული თანხების მოპასუხეებზე გასესხება, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი გამორიცხულია.
მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული თანხა დაიხარჯა საერთო მიზნებისათვის 2012 წლის არჩევნების დროს, რადგან ისინი წარმოადგენდნენ ერთ-ერთი პარტიის აქტივისტებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 23 დეკემბრის გასაუბრების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოლიციის მაიორის მაკარ ლიპარტელიანის მიერ გამოკითხულ იქნა მოქალაქე ზვიად ჩ--ლაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წელს ის იყო ოცნების პარტიის აქტიური მხარდამჭერი და ასევე პარტიულ საქმიანობას ახორციელებდა მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილთან ერად. ზვიად ჩ--ლაძემ აღიარა მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილის მიმართ ვალდებულების არსებობა და განაცხადა, რომ მოსარჩელის წინაშე მისი ვალი შეადგენდა 4400 ლარს საიდანაც 700 ლარი უკვე გადაცა გიორგი ყ-----–ვილს. აღნიშნული თანხიდან მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძეს გადასახდელად დარჩა არა 3.700 ლარი, არამედ 2.600 ლარი, რომელსაც ეტაპობრივად გადაიხდის, რადგან არ სურს აღნიშნულ პიროვნებასთან კონფლიქტი.
მტკიცებულება:
-გასაუბრების ოქმი.
3.2.2.დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის გასაუბრების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის მაიორის მაკარ ლიპარტელიანის მიერ გამოკითხულ იქნა მოქალაქე დავით ბ----აძე, რომელმაც განმარტა, რომ იცნობს გიორგი ყ-----–ვილს და მასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში, იგი აღიარებს ვალდებულების არსებობას, რომელიც თავდაპირველად შეადგენდა 4400 ლარს და გიორგი ყ-----–ვილს უკვე გადაეცა 700 ლარი. დავით ბ----აძის განმარტებით, დარჩენილი ვალი შეძლებისდაგვარად ეტაპობრივად გადაცემა.
მტკიცებულება:
-გასაუბრების ოქმი.
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე დავით ბ----აძის სახელზე არსებულ სანადირო გლუვლულიან თოფს „იჟ 27“ №8913699 და ასევე ზვიად ჩ--ლაძის სახელზე რეგისტრირებულ სანადირო გლუვლულიან თოფს „მც 21-12“ №871105, ასევე მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას „მერსედეს-ბენც“ „ჩ 180“ სანომრე ნიშნით AIA222, გ/წ -1997 სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ადევს ყადაღა.
მტკიცებულება:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
-საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
-განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
-განჩინება (ტ.1.იხ.ს.ფ.15-19)
3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შე---ლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხეებისადმი გადაცემის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხეებისადმი გადაცემის ფაქტის დადგენა.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე დავით ბ----აძემ მისგან მიიღო 500 ლარი, ხოლო ზვიად ჩ--ლაძეს გადასცა 3200 ლარი.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრების ოქმი) აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები კი შესაგებელში უარყოფენ თანხის მიღების ფაქტს და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრების ოქმი) მოპასუხეებმა დაუპირისპირეს და შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხეების მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროთ გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრების ოქმები) დავის საგანთან შემხებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე დავით ბ----აძემ გიორგი ყ-----–ვილისგან მიიღო 500 ლარი, ხოლო ზვიად ჩ--ლაძემ გიორგი ყ-----–ვილისგან მიიღო 2.600 ლარი და მითითებული თანხა უნდა დაუბრუნონ გიორგი ყ-----–ვილს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-624-ე, 327-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
6.1. სასამართლო თავდაპირველად მსჯელობს მოპასუხის მითითებაზე ხანდაზმულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს სარჩელში მითითებული თანხა გადასცა 2013 წელს, კონკრეტული თვის და რიცხვის მითითების გარშე.
მოპასუხეებმა პოლიციის გამოკითხვის ოქმში აღიარეს თანხის მიღების ფაქტი. მათ ასევე არ დაუსახელებიათ თვე და რიცხვი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობა უნდა შეფასდეს სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა -ექვს წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 30 ივნისს, სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
-ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად - 1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე.
6.5. ვინაიდან ხელშეკრულება გარიგებაა, სასამართლო მოკლედ განმარტავს ნების გამოვლენის მნიშვნელობას გარიგების დადებისას. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით - მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სს კოდექსის 319-ე მუხლის მითითება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შესახებ წარმოადგენს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას თუმცა ნების გამოვლენა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და სხვა პირთა კანონიერ ინტერესებს.
-საქართველოს საკასაციო სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-2016), განმარტა - „ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შე---ლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში.
6...სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით - თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
102.2 მუხლით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება... წერილობითი მტკიცებულებებით...
წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო, პოლიციის უფლებამოსილ პირთან მოპასუხეთა გასაუბრების შესახებ ოქმებს განიხილავს, როგორც პროცესუალურ დოკუმენტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ, რადგან ისინი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოპასუხეებმა აღიარეს თავისუფალი ნების საფუძველზე ხელშეკრულების დადების ფაქტი.
მოხმობილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი ყ-----–ვილმა მოპასუხე დავით ბ----აძეს გადასცა 500 ლარი, ხოლო ზვიად ჩ--ლაძეს 3700 ლარი, ზვიად ჩ--ლაძემ 2015 წლის 23 დეკემბრის გასაუბრების ოქმში აღიარა, რომ მისი დარჩენილი ვალი გიორგი ყ-----–ვილის მიმართ არის 2.600 ლარი, რომელსაც გადაუხდის გიორგი ყ-----–ვილს.
2015 წლის 25 დეკემბრის გასაუბრების ოქმში დავით ბ----აძემ ასევე აღირა გიორგი ყ-----–ვილის მიმართ ვალდებულების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმის შესახებ, რომ გიორგი ყ-----–ვილთან ერთად ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას და მოთხოვნილი თანხაც ერთობლივი შეთანხმებით დახარჯეს, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლით, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო, ხელმძღვანელობს, რა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მტკიცებულებათა შეფასება-გამოკვლევისას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (პოლიციის გამოკითხვის ოქმები), საპირწონე გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, ამდენად მათი შესაგებელი და ახსნა - განმარტება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან, როგორც აღინიშნა მათ უფლებამოსილი პირის წინაშე ოფიციალურად აღიარეს ვალდებულების არსებობა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“. (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა მოპასუხეებზე თანხის გადაცემის ფაქტი, ხოლო მოპასუხეებმა არ უარყვეს თანხის მიღება, აღიარეს ვალდებულების არსებობა, თუმცა განმარტეს, რომ თანხა დაიხარჯა ერთობლივი პარტიული საქმიანობისათვის, რაც, როგორც აღინიშნა, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხეების მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის არარსებობის გამო.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შე---ლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება, პოლიციის მაიორის მაკარ ლიპარტელიანის მიერ 2015 წლის 23 და 25 დეკემბერს შედგენილი გასაუბრების ოქმები) შეძლო მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 111 ლარი.
სარჩელი დავით ბ----აძის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად და მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 15.00 ლარი, მოპასუხე დავით ბ----აძეს უნდა გადახდეს გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ.
ზვიად ჩ--ლაძეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2600.00 ლარი. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 78.00 ლარი ზვიად ჩ--ლაძეს უნდა გადახდეს გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ.
სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
გიორგი ყ-----–ვილის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 18.00 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, 2016 წლის 16 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დავით ბ----აძის და ზვიადი ჩ--ლაძის მიმართ - უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს გიორგი ყ-----–ვილის სარჩელი დავით ბ----აძის მიმართ.
2. მოპასუხე დავით ბ----აძეს მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს 500.00 ლარის გადახდა.
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გიორგი ყ-----–ვილის სარჩელი ზვიადი ჩ--ლაძის მიმართ.
4. მოპასუხე ზვიად ჩ--ლაძეს მოსარჩელე გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 15.00 ლარი, მოპასუხე დავით ბ----აძეს გადახდეს გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 78.00 ლარი, მოპასუხე ზვიადი ჩ--ლაძეს გადახდეს გიორგი ყ-----–ვილის სასარგებლოდ.
7. სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხეებს სოლიდა-რულად გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. გიორგი ყ-----–ვილის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 18.00 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /მალხაზ ჩ---ინიძე/