განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/907-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
24.04.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ხ----ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ---- ა-----ე
მამის სახელი: ზ----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ტყიბულის რაიონი სოფელი მ--------
კანონიერი წარმომადგენელი - ნ----–--- ბ--------ე
ადვოკატი - თ---------- ბ--–-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ბრალდებული - ი-----–- ა-----ე
მამის სახელი: მ-----ი
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ტყიბულის რაიონი სოფელი მ--------
კანონიერი წარმომადგენელი - ი----- ა-----ე
ადვოკატი - ფ------ ც---–---ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ხ---- ა-----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მინის ბოთლით და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ხ---- ა-----ე ი-----–- ა-----ესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ტყიბულში, კ----------------------------ს ქუჩა N16/27-ში მდებარე მაღაზიაში გ---–----- რ-–----ეს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით.
ასევე, ი-----–- ა-----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მინის ბოთლით და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ი-----–- ა-----ე ხ---- ა-----ესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ტყიბულში, კ----------------------------ს ქუჩა N16/27-ში მდებარე მაღაზიაში გ---–----- რ-–----ეს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 07 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ხ---- ა-----ემ და ი-----–- ა-----ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ლ-----------–--ის და დაზარალებულ გ---–---- რ-–----ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულების: ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის გამოკითხვის ოქმები; ხ---- ა-----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ი-----–- ა-----ის დაკავებისა პირადი ჩხრეკის ოქმი; ამოღების ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ამოცნობის ოქმები; ნიმუშის აღების ოქმები; მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნა; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა; 2017 წლის 28 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ხ---- ა-----ის მიმართ; 2016 წლის 25 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ხ---- ა-----ის მიმართ; ცნობა პრობაციის ბიუროდან; შეტყობინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ხ---- ა-----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ანუ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ბრალდებულმა ი-----–- ა-----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ანუ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 24 აპრილს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულების ასაკს (არასრულწლოვანები არიან), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ---- ა-----ეს და ი-----–- ა-----ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირველ რიგში ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს. კერძოდ, ი-----–- ა-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად „ის ცხოვრობს მშობლებთან და ორ დედმამიშვილთან ერთად. უფროსი და ნ----- ა-----ე არის სტუდენტი და სწავლობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო უმცროსი ძმა დ----- ა-----ე არის მ--------ს საჯარო სკოლის მოსწავლე. მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი შვილების აღზრდის პროცესში. მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს შვილებისათვის განათლების მიღების საკითხი. ოჯახის წევრები ერთობლივად, ერთმანეთის გვერდით დგომით უმკლავდებიან არსებულ სირთულეებს და გამოწვევებს. ყურადღებით უწევენ მონიტორინგს შვილების დღის რეჟიმს. მშობლები შვილისათვის წარმოადგენენ პროსოციალური ქცევისა და ნორმების მოდელს. ისინი არ იმყოფებიან კანონთან კონფლიქტში, არ აღენიშნებათ მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების სირთულეები. ი-----–- ა-----ე სწავლობს სოფელ მ--------ს საჯარო სკოლის მე-12 კლასში. სკოლაში მისი აკადემიური მდგომარეობა არის კარგი, არ აღენიშნება დისციპლინური სანქციები. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას გეგმავს უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე. არის ახალგაზრდული მოძრაობის „ძლიერი მუხურას“ წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში, თანატოლებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა შემოქმედებით, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. არასრულწლოვანს აქვს სამუშაო გამოცდილება, დასაქმებულია პერიოდულად, საზაფხულო არდადეგების დროს. ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სოფელ მ--------ს ახალი საჯარო სკოლის მშენებლობაზე, ამჟამად ჩართულია სკოლის ეზოს კეთილმოწყობის საქმეში. შეფასებისას ი-----–- ა-----ის მხრიდან ფიზიკური ჯანმრთელობის სირთულეები არ გამოვლენილა. არასრულწლოვანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, არ ეწევა თამბაქოს და არ მოიხმარს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს. უახლოეს პერიოდში გადატანილი სტრესის შედეგად, ი-----–-ს აღენიშნებოდა შფოთვა და ნერვიულობა, დასჭირდა ნევროპათოლოგის დახმარება და მედიკამენტოზური მკურნალობა. სტრესის დაძლევის პოზიტიურ ფაქტორს არასრულწლოვანისათვის წარმოადგენს მშობლებისა და ახლობელი ადამიანების გვერდით დგომა და მხარდაჭერა. არასრულწლოვანის ქცევით მიდრეკილებებისა და თვით-კონტროლის შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ ის არის მშვიდი და გაწონასწორებული მოზარდი. ი-----–-სათვის მიუღებელია ყველანაირი სახის ძალადობა. ცდილობს მის წინაშე არსებული სირთულე და გაუგებრობა გადაჭრას კონფლიქტებისა დ დაპირისპირებისა გარეშე. არასრულწლოვანის მეგობრებიდან, მხოლოდ ერთი პიროვნება იმყოფება კანონთან კონფლიქტში, რომელთან ერთადაც მან დანაშაული ჩაიდინა. ქალბატონის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელების შემდეგ არასრულწლოვანმა დარეკა 112 ში და ოპერატორს მიაწოდა დაზარალებული ქალბატონის შესახებ ინფორმაცია და დაელოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლების მისვლას. მათი მისვლისთანავე, არასრულწლოვანმა აღიარა ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება პოლიციის მუშაკების წინაშე. ი-----–- ა-----ის გადმოცემით, ის ალკოჰოლურ სასმელს თითქმის არ მოიხმარს. აღნიშნულ დღეს მას მიღებული ჰქონდა ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლი, რის შედეგადაც ვერ შესძლო საკუთარი თავის და ქცევის კონტროლი, თუმცა აღნიშნულით არ ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობის მინიმალიზებას და მიიჩნევს, რომ მიუხედავად ალოკოჰოლური თრობისა, მართებდა დაფიქრება და მოსალოდნელი შედეგების გონივრულად გააზრება. არასრულწლოვანი იაზრებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და ქალბატონი გ---–----- ნ-–-----ის წინაშე. არასრულწლოვანი მომავალში მსგავსი ქმედების განხორციელების რისკს გამორიცხავს, ვინაიდან მისთვის მიუღებელია ისეთი სახის ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. მომხდარის შემდეგ მამას - მ----- ა-----ეს განუვითარდა ფსიქიკური აშლილობა. ერთი თვის განმავლობაში სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა ხონის რაიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ოჯახმა დაზარალებულს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და სრულად დაფარა მკურნალობის ხარჯი, ისინი მომავალშიც აპირებენ დაზარალებულის წინაშე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომელიც ი-----–-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად არის გამოწვეული. შეფასებისას ვლინდება, რომ არასრულწლოვანის მხრიდან დაზარალებული ქალბატონისათვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა არ იყო გამოწვეული მაღაზიაში არსებული თანხის მისაკუთრების მიზნით. ქალბატონის ყვირილმა გამოიწვა ი-----–-ს დაბნეულობა, რა დროსაც მან ვერ შესძლო ქცევის მართვა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ არასრულწლოვანს გარკვეულ სტრესულ სიტუაციებში უჭირს საკუთარი თავისა და ქცევის კონტროლი. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკვეთილი რისკების, საჭიროებების და დამცავი ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გაიწეროს ინტერვენციის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს, მომავალში ი-----–- ა-----ემ კვლავ აღარ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია მას მისცემს შესაძლებლობას გაუმკლავდეს სტრესულ მდგომარეობას, რომელიც ამჟამად მას აქვს გადატანილი ძალადობრივი ქმედების განხორციელების შედეგად, ასევე კრიტიკულ სიტუაციებში შესძლოს საკუთარი თავისა და ქცევის მართვის უნარების გამომუშავება და მოსალოდნელი შედეგების წინასწარი განსაზღვრა“.
ხ---- ა-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად „შეფასებისას გამოვლინდა ხ----სა და მშობლებს შორის კონტაქტის დეფიციტი. ისინი არ საუბრობენ არსებულ სირთულეებზე, გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ხ----ს გადმოცემით, მშობლების დამოკიდებულება მის მიმართ არის განსჯითი. წარსულში მშობლები შვილის დასჯის მიზნით მიმართავდნენ ფიზიკურ ძალადობას. მშობლებისათვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს შვილის განათლებისა და პროფესიული განვითარების საკითხი. დედის ნ----–--- ბ--------ის გადაწყვეტილებით ხ----მ სწვალა მე-8 კლასში შეწყვიტა, მშობლები ვერ უმკლავდებოდნენ შვილის წინაშე არსებულ გამოწვევებს რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით არსებობდა (გაცდენები, დაბალი აკადემიური მდგომარეობა და ა.შ) მშობლებს არ შესწევთ უნარი გაუწიონ მონიტორინგი შვილის დღის რეჟიმს, ისინი ხშირ შემთხვევაში არ ფლობდნენ ინფორმაციას ხ----ს ადგილსამყოფელის შესახებ. შეფასებისას მნიშვნელოვანი კავშირები გამოვლინდა ოჯახს გარეთ, უფროს პიროვნებებთან, რომლებიც არიან ხ----ს მეზობლები და დაკავებულნი არიან კერძო ბიზნესით. აღნიშნული პიროვნებები ხ----ს უწევენ როგორც ფინანსურ, ასევე ემოციურ მხარდაჭერას და უზრუნველყოფენ კერძო უფლებადამცველის მომსახურებით. ხ---- ა-----ე დაკავებამდე მოქმედებდა სპონტანურად, წინასწარი შედეგების გააზრების გარეშე, ვერ აცნობიერებდა ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს. ხ---- ა-----ე წარსულში ჩართული იყო განრიდების პროგრამაში. 2015 წელს განხორციელებული ქურდობისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რა დროსაც მან კვლავ განახორციელა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ხ----ს გადმოცემით, აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც უჭირს მომხდარის გააზრება და დეტალების გახსენება, ასევე ის ვერ ასახელებს ქმედების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნაწილობრივ იაზრებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და ასევე ქმედების შედეგებს, მისთვის მტკივნეულია დაწესებულებაში ყოფნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდებული არ არის ემპათიურად განწყობილი დაზარალებულის მიმართ. მომხდარში ძირითად დაზარალებულად პირად საკუთარ თავს მიიჩნევს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რომ ბრალდებულს უჭირს სრულად გაიაზროს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, აიღოს პასუხისმგებლობა დაზარალებულის წინაშე. ხ----ს ამ ეტაპისათვის აქვს უიმედობის განცდა და შიში, რომ სასჯელის სახედ შესაძლოა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული განაჩენის გამოტანის შეთხვევაში, არ იცის თუ რა ღონისძიებებს გაატარებს საკუთარი თავის გაძლიერების მიმართულებით. გამოვლინდა სასარგებლო ინტერესები ხ----ს ეხერხება ხატვა და ხეზე კვეთა, ასევე დაინტერესებულია ავტომობილების შეკეთებით, თუმცა მას ეზარება სხვადასხვა სასარგებლო საქმიანობის განხორციელება, აქვს დაბალი მოტივაცია და უჭირს დაწყებული საქმის დასრულება. ხ---- ა-----ე აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ პირველად დაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე. ამჟამად უშვებს ალტერნატივას, რომ შესაძლოა მომავალში შეიცვალოს, თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. მისი დამოკიდებულება მომავალში დანაშაულებრივი ქცევის ჩადენასთან დაკავშირებით არის ამბივალენტური. ფიქრობს, არ ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. თუმცა არ იცის და არ აქვს გაანალიზებული რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისთვის რომ თავი აარიდოს დელიქვენტური ქმედების განხორციელებას სამომავლოდ.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- ა-----ეს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის სანქციის მინიმალური ზღვარი შეადგენს 11 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც ერთი მეოთხედით შემცირების შემთხვევაში 8 წელსა და 3 თვემდე მცირდება, რომლის სრულად აღსრულების საჭიროება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არსებობს, ამასთან, დაზარალებული არ მოითხოვს ბრალდებულთა მკაცრად დასჯას, პირიქით - შუამდგომლობს მათ მიმართ ყველა შეღავათის გამოყენებას. მოცემულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა გარემოება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მინიმალური სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლისათვის: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ასახელებდა თანამონაწილეს და ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას და ან მისი ჩადენისთანავე (ბრალდებულები დააკავეს დანაშაულის ჩადენიდან 2 საათის შემდეგ).
ასევე, ი-----–- ა-----ეს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–- ა-----ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაული, არის არასრულწლოვანი, ნასამართლობის არ მქონე პირია და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ი-----–- ა-----ის მიმართ შესაძლებელი იქნება დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ა-----ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე. ასეთი მოვალეობების დაკისრება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ვინაიდან ი-----–- ა-----ე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს ¼-ით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
- ხ---- ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 08 (რვა) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) წლით, 02 (ორი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ---- ა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლით და 03 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) წლით, 02 (ორი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
ხ---- ა-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 03 ნოემბრიდან.
02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ხ---- ა-----ის მიმართ დაიწყოს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხ---- ა-----ეს დაეკისროს მოვალეობა არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
- ი-----–- ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი.
05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ი-----–- ა-----ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ი-----–- ა-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- ა-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ი-----–- ა-----ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით ი-----–- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად მ-----ი ა-----ის (პ/ნ 01011055364) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ტყიბული, თ------–---–ის ქ. N14/68 (საკადასტრო კოდით №3------------------) – 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ბოთლი, სიგარეტის სანთებელა - განადგურდეს.
- ხ---- ა-----ისაგან ამოღებული ფულადი თანხა; ი-----–- ა-----ისგან ამოღებული ფულადი თანხა; გ---–---- რ-–----ის ტანსაცმელი, ი-----–- და ხ---- ა-----ეების ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად; ვიდეოჩანაწერი; რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე