გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2018
საქმის ნომერი
160210017001814068
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017001814068

N2/146-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ირ-------–-ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - მზ---------–---–ი (არ გამოცხადდა)

შეგებებული სარჩელის ავტორი (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) - ლა–------–------ი

წარმომადგენელი - ნა-----------–---–ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გარიგების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.1. მოპასუხე ლა–------–------ისათვის მოსარჩელე ირ-------–-ას სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

1.2.1. 2015 წლის 19 მარტის ვალის აღიარების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა;

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე ირ-------–-ამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2012 წლის 20 მარტს, ლა–------–------მა ალ------------–-----------–-ასაგან ისესხა 400 აშშ დოლარი, ძირითად თანხაზე 30%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით. გამსესხებელი ისე გარდაიცვალა, რომ ლა–------–------ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. 2015 წლის 19 მარტს, ლა–------–------მა მოსარჩელეს, რომელიც არის ალ---------------–-ას შვილი, დაუწერა ხელწერილი და იკისრა ვალდებულება, რომ გადაუხდიდა ძირ თანხას და პროცენტს 2017 წლის 19 თებერვლამდე.

 

2014 წლის 23 აგვისტოს, ლა–------–------მა მოსარჩელისაგან ისესხა 800 აშშ დოლარი ყოველთვიურად 20% სარგებლის დარიცხვის პირობით, რომელიც უნდა გადაეხადა 2016 წლის 23 იანვარს.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის, 2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 7600 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 400 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 7200 აშშ დოლარი.

 

2014 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 5920 აშშ დოლარს, საიდანაც 800 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 5120 აშშ დოლარი - სარგებელი.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანების სახით 6000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა; 2017 წლის 02 აგვისტოს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა საპროცენტო სარგებლის ოდენობა და განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე ითხოვს საპროცენტო დავალიანებას 4640 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სარგებელი - 2014 წლის აგვისტოდან - 2017 წლის აგვისტომდე პერიოდისათვის შეადგენს 3840 აშშ დოლარს და ძირი თანხა - 800 აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან მოითხოვა 1360 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო დავალიანება 2012 წლის 20 მარტიდან - 2017 წლის აგვისტომდე პერიოდისათვის - 960 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 400 აშშ დოლარი, სულ 6000 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. 02.08.2017წ. სხდომის ოქმი 11:44:16-11:44:22);

 

საბოლოოდ, 2018 წლის 26 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ნაწილობრივ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება ძირითადი თანხის სახით 1200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საპროცენტო სარგებელი - 2400-2400 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანობაში 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან შეადგენს 2800 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან - 3200 აშშ დოლარს, სულ 6000 აშშ დოლარს.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე ლა–------–------მა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2014 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 800 აშშ დოლარი, თვეში 20% სარგებლის დარიცხვით, რაზეც მოსარჩელემ მოპასუხეს დაუწერა და გადასცა ხელწერილი. იმავე დღეს მოპასუხემ მოსარჩელის დედას ნა-------–---–--ნსაც ასესხა 800 აშშ დოლარი პროცენტით, რაზეც შედგენილი იქნა ხელწერილი, თუმცა ყოველთვიური სარგებლის ოდენობა არ იყო შეთანხმებული. მიუხედავად ამისა, მოპასუხე, ნა-------–---–--ნისაგან ითხოვდა ყოველთვიურად 20%-ს. არცერთ ხელწერილში არ იყო დათქმული ძირითადი ვალის დაბრუნების თარიღი, შესაბამისად, ვალის გაცემა მოხდა განუსაზღვრელი ვადით.

 

მოსარჩელემ ვერ შეძლო 23.08.2014წ. ხელწერილით შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გადახდა, რის გამოც ხელწერილების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს დაეწერა მისთვის ხელწერილი და მოეხდინა ალ---------------–-ასაგან სესხის სახით 400 აშშ დოლარის ყოველთვიური 30%-იანი სარგებლით აღიარება, რომლის სანაცვლოდაც მოპასუხე, მოსარჩელის დედის ნა-------–---–--ნის მიერ ნასესხებ თანხას 800 აშშ დოლარს გაუქვითავდა და აღარ მოითხოვდა. მოსარჩელე შევიდა შეცდომაში და მოპასუხის შეთავაზებას დათანხმდა. მოპასუხემ შეგნებულად დააშვებინა მოსარჩელეს არსებითი ხასიათის შეცდომა და დაარწმუნა, რომ სადავო ხელწერილი იყო მოსარჩელისა და დედამისისთვის სესხის სახით გაცემული 800-800 აშშ დოლარის დაბრუნების გარანტია. მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისი უფლება, მოსარჩელეს არ მისცა საშუალება გაეცნობიერებინა სადავო ხელწერილის შინაარსი, ვინაიდან, 2015 წლის 19 მარტს, ხელწერილის შედგენის დროისათვის მოსარჩელეს, მოპასუხის გარდაცვლილი დედის ვალი არ ჰქონია. ამდენად, სადავო ხელწერილის გაცემისას, მოსარჩელის ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

 

2.1 ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, დაეთანხმა 2014 წლის აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე ძირითადი თანხის სახით 800 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნას და სარგებლის სახით მხოლოდ 144 აშშ დოლარს.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით ირ-------–-ამ სარჩელი არ ცნო. მოპასუხე არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 17 სექტემბერს, ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ გაცემული იქნა N1-------- სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ ალ---------------–-ას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს ირ-------–-ას.

მტკიცებულება:

- 17.09.2013წ. სამემკვიდრეო მოწმობა (ს.ფ. 19-21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 23 აგვისტოს, ლა–------–------მა დაწერა შემდეგი შინაარსის ხელწერილი: ,,ირ-------–-ასაგან ავიღე 800 აშშ დოლარი 20%-ში და ვალდებული ვარ გადავიხადო პროცენტი და ძირიც, სანამ არ დავფარავ სრულად თანხას 23.08.2016წ“.

მტკიცებულება:

- 23.08.2014წ. ხელწერილი (ს.ფ. 14)

 

2015 წლის 19 მარტს, ლა–------–------მა დაწერა შემდეგი შინაარსის ხელწერილი: ,,2012 წლის 20 მარტს, ალ---------------–-ასაგან ვისესხე ფულადი თანხა 400 აშშ დოლარი და ვალდებული ვარ ვუხადო მის მემკვიდრეს ირ-------–-ას ყოველთვიური 30 პროცენტი, სანამ არ დავფარავ ძირ თანხას 19.02.17“.

- 23.08.2014წ. ხელწერილი (ს.ფ. 15)

 

მოსარჩელე ირ-------–-ა მიუთითებს, რომ ორივე გარიგება დაიდო განსაზღვრული ვადით და მოპასუხეს ძირითადი თანხა უნდა დაებრუნებინა 23.08.2014წ. ხელწერილიდან გამომდინარე - 2016 წლის 23 აგვისტოს, ხოლო 19.02.2015წ. ხელწერილიდან გამომდინარე - 2017 წლის 19 თებერვალს.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებას და მიუთითა, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს დადებული ხელწერილით მხარეები გადახდის ვადაზე არ შეთანხმებულან და 20% არ ყოფილა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, არამედ ისინი შეთანხმდნენ წლიურ 20%-ზე, რომელიც ასევე შეუსაბამოდ მაღალია, ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 19 მარტის ხელწერილს, მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარიგება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, რის გამოც ამ ხელწერილში მითითებული პირობები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერთიდაიგივე პირის მიმართ ლა–------–------მა სხვადასხვა დროს აღიარა ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე. 2015 წლის 19 მარტს დადებულ ხელწერილში მან იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად 30 პროცენტის გადახდის შესახებ, ხოლო 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილში პროცენტის გადახდის პერიოდულობა დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, მითითებულია, რომ პროცენტის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია ძირი თანხის დაფარვამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებული იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც ჩვეულებრივ მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომლის თანახმად 2014 წლის ხელწერილით ლა–------–------მა იკისრა წლიური 20%-ის გადახდის ვალდებულება და ორივე გარიგების შინაარსის გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ლა–------–------მა სადავო ხელწერილით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება იკისრა ყოველთვიურად.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილით ლა–------–------მა აღიარა ირ-------–-ას მიმართ ვალის არსებობა 800 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2016 წლის 23 აგვისტომდე ძირი თანხის დაფარვის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში მან ასევე იკისრა ვალდებულება სარგებლის გადახდის შესახებ ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით. რაც შეეხება 2015 წლის 19 მარტის ხელწერილს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ხელწერილით, როგორც წინა შემთხვევაში, ლა–------–------მა აღიარა ირ-------–-ას მიმართ ვალი 400 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2017 წლის 19 თებერვლამდე მისი დაფარვის შესახებ, დამატებით ყოველთვიურად 30%-იანი სარგებლის გადახდის პირობით. თუმცა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ლა–------–------მა მითითებული ხელწერილით იკისრა პროცენტის გადახდის ვალდებულება 2010 წლიდან. ამგვარ მითითებას ხელწერილი არ შეიცავს, შესაბამისად, ლა–------–------ს მითითებული ხელწერილიდან გადახდის ვადა უნდა აეთვალოს ხელწერილის დადების მომენტიდან 2015 წლის 19 მარტიდან.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი ვალდებულების სრულად დაფარვამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ვალდებულების არსებობის დადასტურება კრედიტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, ვინაიდან, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ წარმოადგინა ხელწერილები, რომელშიც განსაზღვრულია ძირითადი თანხის დაბრუნების ვადები; აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწნებელია თავად მოსარჩელის განმარტება ხელწერილებით გათვალისწინებულ თანხის დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით, ხოლო მითითება იმაზე, რომ მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სარგებელი განსაზღვრული ვადის შემდეგაც, არ არის. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არ დასტურდება.

მტკიცებულება:

- ხელწერილები (ს. ფ. 14-15).

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2399,84 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 1599,84 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 834,64 აშშ დოლარს, საიდანაც 400 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 434,64 აშშ დოლარი - სარგებელი.

 

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4640 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სარგებელი დაანგარიშებული იქნა 2014 წლის აგვისტოდან - 2017 წლის აგვისტომდე პერიოდისათვის და შეადგინა 3840 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა არ შეუმცირებია (იხ. 2017 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი, 11:41:16). მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ითხოვდა საპროცენტო სარგებელს 3840 აშშ დოლარს, რაც მთავარ სხდომაზე შეამცირა 2400 აშშ დოლარამდე და მიუთითა, რომ ძირ თანხასთან ერთად მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 36 თვის საპროცენტო სარგებელი 2400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ყოველთვიურად შეადგენს 66,66 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემცირებული პროცენტის გათვალისწინებით საპროცენტო დავალიანება 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე მოთხოვნის ფარგლებში შეადგენს არა 2400 აშშ დოლარს, არამედ 1599,84 აშშ დოლარს, ვინაიდან, ხელწერილით თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის აგვისტო და საპროცენტო სარგებელიც დაანგარიშებული უნდა იქნას სწორედ ამ ვადის გათვალისწინებით (66,66X24=1599,84).

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანების ნაწილშიც და მოითხოვა 1360 აშშ დოლარი, საიდანაც მისი მითითებით საპროცენტო დავალიანება 2012 წლის 20 მარტიდან - 2017 წლის აგვისტომდე პერიოდისათვის შეადგენდა 960 აშშ დოლარს და ძირითადი თანხა - 400 აშშ დოლარს (იხ. 2017 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი, 11:41:16). ამდენად, დაზუსტებული მოთხოვნის მიხედვით, 1 თვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს 18,11 აშშ დოლარს, ვინაიდან, 53 თვეზე დაანგარიშებით მოითხოვა მოსარჩელემ სარგებლის დაკისრება. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელწერილის მიხედვით, მოპასუხეს სარგებლის გადახდა ეკისრებოდა 24 თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება შეადგენს 434,64 აშშ დოლარი (18,11X24=434.64).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის გარზდილ სასარჩელო მოთხოვნას საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2018 წლის 26 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ნაწილობრივ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის, 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2800 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა 400 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი 2400 აშშ დოლარს. ვინაიდან, დაზუსტებული მოთხოვნის მიხედვით, ირ-------–-ა ითხოვდა 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან პროცენტის სახით 960 აშშ დოლარს, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა ამ ნაწილში1440 აშშ დოლარით, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე (იხ. 26.03.2018წ. სხდომის ოქმი 17:44:55; 17:42:05; 17:42:56; 17:45:57).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე სარგებლის სახით მოპასუხისათვის 1440 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაუშვებელია და სასამართლო ვერ იმსჯელებს მის საფუძვლიანობაზე.

მტკიცებულება:

- ხელწერილები

- მოსარჩელე მხარის განმარტება (იხ. 02.08.2017წ. სხდომის ოქმი 11:41:16); (იხ. 26.03.2018წ. სხდომის ოქმი 17:44:55; 17:42:05; 17:42:56; 17:45:57)

 

3.1.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლა–------–------მა, ირ-------–-ასაგან 2014 წლის 23 აგვისტოს მიიღო 800 აშშ დოლარი, რომელიც მას მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღიარა ირ-------–-ასაგან თანხის მიღების ფაქტი და დაადასტურა ის გარემოებაც, რომ 800 აშშ დოლარი ირ-------–-ასთვის დღემდე არ დაუბრუნებია.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.03.2018წ. სხდომის ოქმი)

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლა–------–------ს ხელწერილებით გათვალისწინებული როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი ირ-------–-ასთვის არ გადაუხდია.

 

თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას მიღებული 800 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის გადახდილი არ აქვს, ხოლო რაც შეეხება 19.03.2015წ. ხელწერილით გათვალისწინებულ 400 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხა მას ირ-------–-ასაგან არ მიუღია.

 

ვალდებულების შესრულება მსესხებლის - მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაზეც პირდაპირ მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი ნორმებით – სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. იგივე წესი ვრცელდება ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით მოხდა ვალდებულების შეწყვეტა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამდენად, თითოეულმა მხარემ თავად უნდა განსაზღვროს, ერთის მხრივ თუ რა საფუძვლით მოითხოვს ის სარჩელის დაკმაყოფილებას (მოსარჩელის შემთხვევაში) და მეორეს მხრივ - რომელ ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით დაიცავს ის თავს სასარჩელო მოთხოვნისაგან (მოპასუხის შემთხვევაში).

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს შეგებებულ სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ლა–------–------ის მიერ, 2015 წლის 19 მარტის ხელწერილის შედგენას წინ უძღვოდა მასსა და ირ-------–-ას შორის ზეპირი შეთანხმება მესამე პირის ვალის გაქვითვის შესახებ; კერძოდ, შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებს, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ირ-------–-ამ ლა–------–------ს ასესხა 800 აშშ დოლარი; იმავე დღეს მოსარჩელის დედამ ნა-------–---–--ნმაც მოპასუხისაგან ისესხა 800 აშშ დოლარი, თუმცა ყოველთვიური პროცენტის ოდენობა ბოლო ხელწერილით შეთანხმებული არ ყოფილა. მოსარჩელემ ვერ შეძლო ყოველთვიური პროცენტების გადახდა, რის გამოც 2015 წელს ირ-------–-ამ მას შესთავაზა, რომ დაეწერა მისთვის ხელწერილი 400 აშშ დოლარზე, რის სანაცვლოდაც მოპასუხე მოსარჩელის დედის ნა-------–---–--ნის მიერ სესხად აღებულ 800 აშშ დოლარს გაქვითავდა და აღარ მოითხოვდა.

 

მოპასუხე ირ-------–-ა ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის ამ განმარტებას და მიუთითა, რომ სასესხო ვალდებულებები ნამდვილად არსებობს მასსა და ნა-------–---–--ნს შორის, თუმცა მის გაქვითვასთან დაკავშირებით მხარეები არ შეთანხმებულან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ.

 

ერთი მხარის ახსნა-განმარტება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, როდესაც მას მეორე მხარეც ეთანხმება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება უარყო მოპასუხემ, სხვა მტკიცებულებები კი, რომლებიც დაადასტურებდნენ მხარეთა შორის ვალის ურთიერთგაქვითვის პირობით ვალის აღიარების ხელწერილის შედგენას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ირ-------–-ასთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ასევე ლა–------–------ის ოჯახის წევრი, ვერ იქნება საკმარისი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმების დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ-------–-ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე, 81-ე, 103-104-ე, 316-ე, 341-ე, 361-ე, 403-ე, 427-ე, 429-ე, 431-ე, 623-ე და 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებას 2015 წლის 19 მარტის გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72–ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

საცილო გარიგებები მიეკუთვნებიან შეცდომით დადებულ გარიგებებს, თუმცა ყველა ტიპის შეცდომას სამოქალაქო კოდექსი არ მიიჩნევს ისეთ არსებით შეცდომად, რომელიც შეცილების უფლების შესაძლებლობას იძლევა. შეცილების უფლების განხორციელებამდე კი, გარიგება მიიჩნევა ნამდვილად. გარიგების შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, ნების გამომვლენი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში. ამ თვალსაზრისით, ნების გამომვლენის მიერ გარეგნულად გამოხატული ნება შეესაბამება მის შინაგან ნებას. ნების გამომვლენმა იცის რასაც ამბობს, მან არ იცის ამ ქმედებას რა იურიდიული შედეგი მოჰყვება. ამდენად, გარიგების შინაარსში არსებითი შეცდომა სახეზეა მაშინ, როცა გარიგების მხარე თავის მიერვე გამოვლენილ ნებას აღიქვამს განსხვავებული სტრუქტუირებით, ვიდრე გარიგების ფორმალური შინაარსი ასახავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არსებითი შეცდომის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2014 წლის 23 აგვისტოს ირ-------–-ამ ლა–------–------ს ასესხა 800 აშშ დოლარი; იმავე დღეს მოსარჩელის დედამ ნა-------–---–--ნმაც მოპასუხისაგან ისესხა 800 აშშ დოლარი, თუმცა ყოველთვიური პროცენტის ოდენობა ბოლო ხელწერილით შეთანხმებული არ ყოფილა. მოსარჩელემ ვერ შეძლო ყოველთვიური პროცენტების გადახდა, რის გამოც 2015 წელს ირ-------–-ამ მას შესთავაზა, რომ დაეწერა მისთვის ხელწერილი 400 აშშ დოლარზე, რის სანაცვლოდაც მოპასუხე მოსარჩელის დედის ნა-------–---–--ნის მიერ სესხად აღებულ 800 აშშ დოლარს გაქვითავდა და აღარ მოითხოვდა. მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისი უფლება, მოსარჩელეს არ მისცა საშუალება გაეცნობიერებინა სადავო ხელწერილის შინაარსი თავისი სამართლებრივი შედეგებით, ვინაიდან, სადავო ხელწერილის საფუძველი მოპასუხის დედისადმი ვალი 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 19 მარტს არ არსებობდა და ხელწერილის დაწერის დროისათვის მოსარჩელეს მოპასუხის გარდაცვლილი დედის ვალი არ ჰქონდა.

 

იმის გათვალისწინებით, მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევს გამოვლენილ ნებას 400 აშშ დოლარის აღიარების თაობაზე, არ დასტურდება დაშვებული ნების ნაკლი და ნების გამომვლენის შეცდომა, რამდენადაც თუკი ვალის აღიარების საფუძვლის (მოსარჩელე უთითებს, რომ ლა–------–------ს ხელწერილის დადების დროისათვის ირ-------–-ას დედის ვალი არ ჰქონია) არარსებობის შესახებ მისთვის ვალის აღიარების ხელწერილის დადების მომენტშივე იყო ცნობილი და მიუხედავად ამისა, მან იკისრა ამ თანხის პროცენტით დაბრუნების ვალდებულება, ბუნებრივია, მისთვის ცნობილი იყო როგორც გარიგების შინაარსი, ასევე სამართლებრივი შედეგიც. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ კიდევ ერთ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ხელწერილი შედგენილი იქნა ირ-------–-ასა და მესამე პირს შორის არსებული ვალის გაქვითვის მიზნით, საქმის მასალებით არ დადასტურდა. შესაბამისად, არ არსებობს არც სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გარიგების ბათილობად ცნობის საფუძველი.

 

6.2. ირ-------–-ა ითხოვს ლა–------–------ისთვის სესხის ძირითადი თანხის 1200 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლა–------–------მა ირ-------–-ას სესხის სახით გამოართვა 800 აშშ დოლარი და ასევე აღიარა 400 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ წერილობით აღიარა მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების არსებობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი ხელწერილი, მათგან ორივე ირ-------–-ას მიმართ ვალის აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან მხარეთა შეთანხმებით. როდესაც საქმე ხელშეკრულებასთან გვაქვს, რომელიც მისი მხარეების თანხვედრი ნების გამოვლენის შედეგია, ამ შეთანხმების შედეგად მიღწეული სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად ვერ მოხდება, ვინაიდან, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფუძემდებლური პრინციპი - მხარეთა ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება უზრუნველყოფს, რომ მხარეებმა თავად განსაზღვრონ, სურთ თუ არა ხელშეკრულების დადება, რა პირობებით, სურთ თუ არა არსებული ურთიერთობის შეცვლა და როგორ, სურთ თუ არა არსებული ურთიერთობის დასრულება.

 

ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივად იმის განცხადება, თუ რა ვალდებულებები აქვს მეორე მხარის მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სამართლებრივი შედეგის წარმომშობი, თუ ამას დაეთანხმება მოთხოვნის კრედიტორი. სხვაგვარად მოვალის განცხადება მხოლოდ მის განმარტებად დარჩება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ირ-------–-ას ხელმოწერა არცერთ ხელწერილზე არ არის. თავის მოთხოვნის საფუძვლად ის მიუთითებს 2015 წლის 19 მარტისა და 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილებზე, რაც ნიშნავს, რომ ის ადასტურებს ამ ხელწერილებში მითითებული ოდენობით დავალიანების არსებობას.

 

2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილის თანახმად, ლა–------–------ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 23 აგვისტომდე. მოპასუხემ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 800 აშშ დოლარის ნაწილში, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია მოპასუხის მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

2015 წლის 19 მარტის ხელწერილის თანახმად, ლა–------–------ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 23 აგვისტომდე. მოპასუხემ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ ცნო. თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2015 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 834,64 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 400 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო 434,64 აშშ დოლარი - სარგებელი.

 

6.3. ირ-------–-ა ასევე ითხოვს საპროცენტო სარგებლის დაკისრებას ლა–------–------ისათვის, რაც შეადგენს 4800 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილით ლა–------–------მა დაადასტურა ირ-------–-ასაგან სესხის სახით 800 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და იკისრა ვალდებულება 2016 წლის 23 აგვისტომდე თანხის გადახდის შესახებ; ამავე ვადაში მან ასევე იკისრა ვალდებულება სარგებლის გადახდის შესახებ ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით. რაც შეეხება 2015 წლის 19 მარტის ხელწერილს, ლა–------–------მა აღიარა ირ-------–-ას მიმართ ვალი 400 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2017 წლის 19 თებერვლამდე მისი დაფარვის შესახებ, დამატებით ყოველთვიურად 30%-იანი სარგებლის გადახდის პირობით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულება (სრულად ან ნაწილობრივ) მსესხებლის - მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაზეც პირდაპირ მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429-ე და 431-ე მუხლები.

 

მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შეწყვეტა. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას (სუსგ №ას-828-786-2013, №ას-175-164-2014).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილის ნაწილში მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის სახით არა 20%-ის, არამედ 8,25%-ის დაკისრება, ხოლო 2015 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე ნაცვლად 30%-სა მოითხოვა 4,5%, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4640 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სარგებელი დაანგარიშებული იქნა 2014 წლის აგვისტოდან - 2017 წლის აგვისტომდე პერიოდისათვის და შეადგინა 3840 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა არ შეუმცირებია. მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ითხოვდა საპროცენტო სარგებელს 3840 აშშ დოლარს, რაც მთავარ სხდომაზე კიდევ შეამცირა 2400 აშშ დოლარამდე და მიუთითა, რომ ძირ თანხასთან ერთად მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 36 თვის საპროცენტო სარგებელი 2400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ყოველთვიურად შეადგენს 66,66 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემცირებული პროცენტის გათვალისწინებით საპროცენტო დავალიანება 2014 წლის 23 აგვისტოს ხელწერილიდან გამომდინარე მოთხოვნის ფარგლებში შეადგენს არა 2400 აშშ დოლარს, არამედ 1599,84 აშშ დოლარს, ვინაიდან, ხელწერილით თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის აგვისტო და საპროცენტო სარგებელიც დაანგარიშებული უნდა იქნას სწორედ ამ ვადის გათვალისწინებით (66,66X24=1599,84).

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება შეადგენს 434,64 აშშ დოლარს (18,11X24=434.64).

 

შესაბამისად, სარგებლის სახით გადასახდელი თანხის ოდენობად უნდა განისაზღვროს ნაცვლად 4800 აშშ დოლარისა, 2034,48 აშშ დოლარი.

 

6.4. რაც შეეხება მოთხოვნას ძირი თანხის გადახდამდე საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი. აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე ას-1701-1685-2011) განმარტავს:

 

მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. აღნიშნული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის (რომელიც ითვალისწინებს საპროცენტო სარგებელს სესხისათვის) ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. შესაბამისად, სესხის მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება ვერ გამოდგება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები საპროცენტო სარგებელზე შეთანხმდნენ მხოლოდ კონკრეტული პერიოდისათვის და კონკრეტული ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 944 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც მთლიანი მოთხოვნის (944/6000) 15%-ს შეადგენს, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი (71,25/2) 35,62 ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ლა–------–------ს ირ-------–-ას სასარგებლოდ დაეკისრა (834,64+2399,84) 3234,48 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისად, დაკმაყოფილდა მთლიანი მოთხოვნის 53%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 232,87 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ლა–------–------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლა–------–------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ირ-------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.1. მოპასუხე ლა–------–------ს ირ-------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 19 მარტის ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 834,64 აშშ დოლარის ოდენობით.

2.2. მოპასუხე ლა–------–------ს ირ-------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2399,84 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. ლა–------–------ს ირ-------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 232,87 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე ირ-------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 20 თებერვალს 475 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 35,62 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGAGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 20 თებერვლის №45 საგადახდო დავალება).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე