გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
340210117001878984
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210117001878984

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.05.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი: ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილი

მოსარჩელის წარმომადგენელი მ----------–---–-

მოპასუხე არ---– ზა----–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი ნ-------------–---–--

მოპასუხე თ----- ზა----–--ლი

მოპასუხის წარმომადგენელი ქ------------–-–---–-

მესამე პირი აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის ოფისი

მესამე პირის წარმომადგენელი თ--------------–---–-

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მი----– ფე-----–--ლის მიერ 23.02.2017 წელს შედგენილ აღწერის და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი, (ლუქის ნომერი 68215), 2) დივანი (ლუქის ნომერი 68216), 3) ტელევიზორის მაგიდა (ლუქის ნომერი 68217) 4) მაცივარი (ლუქის ნომერი 68128), 5) სარეცხის მანქანა (ლუქის ნომერი 68219);

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი და- მოპასუხე თ----- ზა----–--ლი (მოვალე) და მოპასუხე არ---– ზა----–--ლი (კრედიტორი) 2000 წლიდან 2014 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, არ---– ზა----–--ლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ჰყავთ ორი შვილი, რომლებიც მშობლების დაშორების შემდეგ საცხოვრებლად მამასთან დარჩნენ, ხოლო თ----- ზა----–--ლს სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა. იმის გამო, რომ თ----- ზა----–--ლს არ ჰქონდა სამუშაო და ვერ გადაიხადა ალიმენტი, მის მიმართ თანხის გადახდევინების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

მოსარჩელის მითითებით, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 23.02.2017 წლის აქტის საფუძველზე, გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ-----ი ზა----–--ლის ალიმენტის ვალდებულების სანაცვლოდ დააყადაღა მისი კუთვნილი ნივთები, კერძოდ, დაყადაღებული ნივთებიდან მაცივარი თვითონ შეიძინა, სარეცხი მანქანა ბებიამ უყიდა, ხოლო დანარჩენი ნივთები ოჯახის წევრების მიერ შეძენილია იმ დროს, როცა თ----- ზა----–--ლი მეუღლესთან ერთად სოფელ ვეჯინში ცხოვრობდა, და ეს ნივთები, მათ შორის 23.02.2017 წლის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა და დივანი, სახლთან ერთად მას გადაეცა, ამიტომ ითხოვს ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----- ზა----–--ლის წარმომადგენელმა ქე------ ხუ–-–---–მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ თ----- ზა----–--ლს 2000 წლიდან სოფელ მახარაძეში, მოსარჩელის კუთვნილ სახლში არ უცხოვრია და არც რაიმე ნივთი შეუძენია ოჯახისთვის. აქტში მითითებული ნივთები, გარდა მაცივრის და სარეცხის მანქანისა, შეძენილია იმ დროს, როცა თ----- ზა----–--ლი მეუღლესთან ერთად სოფელ ვეჯინში ცხოვრობდა, და საცხოვრებელ სახლთან ერთად ჩუქებით გადაეცა მოსარჩელეს. რაც შეეხება სარეცხის მანქანას, იგი მოსარჩელემ იყიდა ოჯახისთვის, ხოლო მაცივარი იყიდა მოსარჩელის ბებიამ- თ----- ბ------აშვილმა და საჩუქრად გადასცა მოსარჩელეს.

 

2.2. მოპასუხე არ---– ზა----–--ლის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ----- ზა----–--ლი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა. ეს მისამართი იყო მითითებული ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმეში და სააღსრულებო ფურცელში, როგორც მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რაც მას სადავოდ არ გაუხდია, სწორედ ამიტომ მოხდა აღმასრულებლის მიერ ამ მისამართზე ქონების აღწერა, ხოლო ამჟამად ამ გარემოებას უარყოფს არასრულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის გადახდისგან თავის არიდების მიზნით.

 

2.3. მესამი პირის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოძრავი ნივთები დაყადაღებულია კანონის შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილი არის მოპასუხე თ----- ზა----–--ლის ძმა, ხოლო მოპასუხეები- არ---– და თ----- ზა----–--ლები ყოფილი მეუღლეები არიან.

 

3.1.2. მოპასუხე თ----- ზა----–--ლი და არ---– ზა----–--ლი 2000 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ერთად ცხოვრობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში-მოპასუხე არ---– ზა----–--ლის სახლში. ჰყავთ ორი შვილი. მეუღლეები 2015 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. შვილები საცხოვრებლად მამასთან დარჩნენ , ხოლო დედას- თ----- ზა----–--ლს სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა დაეკისრა . მოპასუხეს გააჩნია ალიმენტის დავალიანება , რის გამოც 15.08.2016 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორია არ---– ზა----–--ლი, ხოლო მოვალე-თ----- ზა----–--ლი .

 

3.1.3 ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მი----– ფე-----–--ლმა 2017 წლის 23 თებერვლის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №122104 აქტის საფუძველზე გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი, 2) დივანი, 3) ტელევიზორის მაგიდა ; 4) მაცივარი, 5) სარეცხის მანქანა .

 

3.1.4 გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი- 51.26.61.1-- , სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს მოხდა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბ------ ბ------აშვილის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია 16/06/2014 წლის ჩუქების ხელშეკრულება. ბ------ ბ------აშვილი თავის ოჯახთან -მშობლებთან და პაპა-ბებიასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და ფლობს იქ განთავსებულ მოძრავ ნივთებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-23/02/2017 წლის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-სააღსრულებო ფურცელი და აღმასრულებლის ცნობა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილმა 2016 წლის 23 მარტს სს ,,თ----- ბანკი“-დან მიღებული საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხი 1059 ლარი, რითაც შეიძის LG ფირმის სარეცხის მანქანა, რომლის ღირებულებაც თვითონ გადაიხადა, ამიტომ დაყადაღებული სარეცხის მანქანა მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, რაც მისი ყადაღის აქტიდან ამორიცხვის საფუძველია .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მოსარჩელის და მოპასუხე თ----- ზა----–--ლის წარმომადგენლის ახსნა-განმატება

- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება

 

3.2.2. მოსარჩელის ბებიამ-თ----- ბ------აშვილმა 2015 წლის 08 მაისს მასსა და შპს ,,მისო კ--------" შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 779 ლარი, რითაც განვადებით შეიძინა მაცივარი ,,ჰაისენსი" და სარგებლობისთვის გადასცა შვილიშვილის-ბ------ ბ------აშვილის ოჯახს, რომლის წევრიც თვითონაც არის, ამიტომ დაყადაღებული მაცივარი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, რაც მისი ყადაღის აქტიდან ამორიცხვის საფუძველია .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მოსარჩელის და მოპასუხე თ----- ზა----–--ლის წარმომადგენლის ახსნა-განმატება

- სესხის და განვადების ხელშეკრულება

 

3.2.3 მოსარჩელის განმარტებით , ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა და დივანი არის ძველი ნივთები, შეძენილია წლების წინ, იმ დროს, როცა მოვალე თ----- ზა----–--ლი მეუღლესთან ერთად სოფელ ვეჯინში ცხოვრობდა, და განთავსებულია სახლში, რომელიც 2014 წელს ჩუქებით გადაეცა, ამიტომ მას სახლთან ერთად სადავო ნივთებიც გადაეცა და წარმოადგენს მის საკუთრებას, რის გამოც ითხოვს ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამ ნორმის საფუძველზე არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არა აქვს და მისი შინაარსი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურების ან უარყოფისათვის მტკიცებითი მნიშვნელობისაა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მტკიცებულებებით დასტურდება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და რას ემყარება სასამართლოს მოსაზრება.

 

მოცემულ შემთხვევაში 3.2.3. პუნქტით სადავოა მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება. დაყადაღებული მოძრავი ნივთები კი არის საოჯახო მოხმარებისათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები- ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა და დივანი . დადგენილია, რომ ეს ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, რომლის მესაკუთრეა მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილი, რომელიც მას 2014 წელს პაპა-ბებიამ აჩუქეს .

 

დადგენილია, რომ მოვალე თ----- ზა----–--ლი 2000 წლიდან 2015 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა და ფაქტობრივადაც ცხოვრობდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში-მეუღლის არ---– ზა----–--ლის სახლში. მეუღლესთან დაშორების შემდეგ დღემდე იგი კვლავ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში- მეუღლის მისამართზეა რეგისტრირებული. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, თ----- ზა----–--ლი მეუღლესთან დაშორების შემდეგ რამდენიმე თვე თბილისში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მისი წარმომადგენლის ქე------ ხუ–-–---–ის და მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა, ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი 2015 წელს დამოწმებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობითაც.

 

ამდენად, გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში, ბ------ ბ------აშვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სადაც 23.02.2017 წელს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა სადავო მოძრავი ნივთები, 2000 წლიდან დღემდე მოვალე არც რეგისტრირებული ყოფილა, არც ფაქტობრივად უცხოვრია და არც რაიმე ნივთი შეუძენია ამ ოჯახისთვის. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ბ------ ბ------აშვილი, რომელიც მას 2014 წელს ჩუქებით გადაეცა. ამიტომ სასამართლო დადგენილად თვლის, რომ 3.2.3 პუნქტში მითითებული სადავო მოძრავი ნივთები, რომელიც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებისათვის არის განკუთვნილი, სახლთან ერთად საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს და იგი არის ამ ნივთების მესაკუთრე. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება ევალება იმ პირს, რომლის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს ამ ნივთებზე დაადასტუროს არა უძრავი ნივთის მესაკუთრის, არამედ სხვა პირის საკუთრების უფლება.

განსახილველ საქმეში მოპასუხე არ---– ზა----–--ლის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების მტკიცება, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის მიუხედავად, მოსარჩელეს ამ სახლში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთებზე საკუთრების უფლება არ გადასცემია და მათი მესაკუთრეა მოვალე. მოპასუხეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის, მოპასუხე თ----- ზა----–--ლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების ერთობლივი განხილვის და შეფასების შედეგად დასტურდება ის გარემოება, რომ სარეცხი მანქანა შეიძინა ბ------ ბ------აშვილმა, მაცივარი შეიძინა მოსარჩელის ბებიამ -თ----- ბ------აშვილმა ბ------ ბ------აშვილის ოჯახის საჭიროებისთვის, ხოლო ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდა და დივანი შეძენილია უძრავი ნივთის გაჩუქებამდე და შესაბამისად, ეს ნივთები საცხოვრებელ სახლთან ერთად გადაეცა მოსარჩელეს და წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-სამოქალაქო რეესტრის ცნობა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 151-ე, 186-ე, 170-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსასრულებლად.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სადაო ნივთები დაყადაღებულია მოვალის თ----- ზა----–--ლის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია კრედიტორის-არ---– ზა----–--ლის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების მიზნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა მოპასუხე თ----- ზა----–--ლი და შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.

აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის საოჯახო (საყოფაცხოვრებო) მოხმარების ნივთები , რომელიც განთავსებულია მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

საქმეში წარმოდგენილია დაყადაღებული მოძრავი ნივთების- სარეცხი მანქანის და მაცივრის შეძენის შესახებ დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ სარეცხი მანქანა მოსარჩელემ შეიძინა, ხოლო მაცივარი მისმა ბებიამ და განთავსებულია იმ სახლში, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაა და განკუთვნილია ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ როგორც სარეცხი მანქანა და მაცივარი, ასევე დანარჩენი მოძრავი ნივთებიც, ეკუთვის იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც ეს ნივთებია განთავსებული და გამოიყენება ამ უძრავ ქონებაში მცხოვრები პირების მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ამ ნორმის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება, ამ სახლში მცხოვრებ პირთა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საჭიროებების მომსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს კანონისმიერი პრეზუმფცია იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია ეს ნივთები და გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (მოცემულ შემთხვევაში _ მოპასუხე კრედიტორი) არ გააქარწყლებს ამ ვარაუდს. ამდენად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის განხილვის დროს, ისეთ შემთხვევაში, როცა დაყადაღებული ნივთები განთავსებულია მესამე პირის და არა მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის გასაქარწყლებელი ფაქტის დადასტურება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მოვალეს. კრედიტორმა არ---– ზა----–--ლმა ვერ გააბათილა ეს პრეზუმფცია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელე ბ------ ბ------აშვილის საკუთრება, რადგან განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და განკუთვნილია მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებულია მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევში სარჩელის ფასია 2500 ლარი და სახ. ბაჟის სახით გადასახდელია 50 ლარი. მოსარჩელე სსს კოდექსის 46 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ" პუნქტის შესაბამისად, სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეებს ეკისრებათ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ------ ბ------აშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2017 წლის 23 თებერვლის ნივთის აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ბ------ ბ------აშვილის კუთვნილი შემდეგი ნივთები : 1) მაცივარი, ლუქის ნომერი 68128, ორ კარიანი, ფირმა hisonse, ნაცრისფერი დიდი ზომის; 2) სარეცხის მანქანა, ლუქის ნომერი 68219, რუხი ფერის, 3) ტელევიზორი, ლუქის ნომერი 68215 , შავი ფერის, პატარა ზომის, ფერადი ჩვენებით; 4) დივანი, ლუქის ნომერი 68216, შავი ფერის ტყავის ზედაპირით, მეორადი; 5) ტელევიზორის მაგიდა , ლუქის ნომერი 68217, უცნობი ფირმა შავი ფერის, ოქროსფერი კანტებით;

 

3. მოპასუხეებს არ---– ზა----–--ლს და თ----- ზა----–--ლს სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .

 

4. ამ საქმეზე 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში .

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი