გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/100-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’;
წარმომადგენელი - ვ-–-------- ს-----ე;
მოპასუხე - შ------- ა-----–-----–ი;
წარმომადგენელი - დ----- გ--------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 12065,59 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 9441.40 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 2624.19 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1338,51 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავლის სახით.
მოსარჩელე მიუთითებს: მოსარჩელესა და შ------- ა-----–-----–ს შორის 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა № A----a შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 9521.33 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 28.04.2016 წლიდან 28.04.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 72%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, თვეში 651.21 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის 2016 წლის 28 აპრილს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა შ------- ა-----–-----–ის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს-ბენც 311 CDI. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის მაისის თვიდან. მას წერილობით გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, მან კრედიტორს ნებაყოფლობით გადასცა უზრუნველყოფის საგანი - მისი კუთვნილი ავტომობილი. ავტომანქანა შეაფასა შპს ,,შ---------–--------------------–---------იის’’ ექსპერტებმა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 11962.65 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 16 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-მა ავტომანქანა საკუთარ აქტივებში აღრიცხა ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ფასის ფარგლებში. ამ პერიოდისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 12065,59 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 9441.40 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 2624.19 აშშ დოლარი. ასევე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მიერ მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 1338,51 აშშ დოლარი, ვინაიდან მოსარჩელის საქმიანობაა სესხის გაცემა, რომ მომხდარიყო სესხის დროული დაფარვა კომპანია ამ სახსრებს მიმართავდა ახალი სესხის გასაცემად. შესაბამისად, იმავე პროცენტით თანხის გაცემის პირობებში მიიღებდა ზემოხსენებულ მოგებას.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი თანხა 12065,59 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელია მოთხოვნილი თანხის ოდენობის ადეკვატურობა. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არასწორად იქნა ჩათვლილი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში. აღნიშნული თანხა დაახლოებით 120%-ით აღემატება ძირი თანხის ოდენობას, რაც აბსოლუტურად უსამართლოა, მითუმეტეს თუ მოხდება იმის გათვალისწინება, რომ ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში. პირგასამტეხლოს არსი და ფუნქცია მოიცავს თავის თავში შესაძლო ზიანის ანაზღაურებას, ხოლო მოსარჩელე მხარეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით არის წარმოდგენილი. ასევე დაუსაბუთებელია თუ რატომ არის მიჩნეული ავტომობილის დასაკუთრების დღედ 16.11.2016 წელი, მაშინ როდესაც ავტომობილის გადაცემა მოხდა 2016 წლის 26 ოქტომბერს. ამდენად, ითხოვს სასამართლომ შეამციროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო დაანგარიშებაში არსებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და პროცენტის თანხა განსაზღვროს სამართლიანობის ფარგლებში, რის შედეგაც დადგინდება, რომ მოპასუხეს დავალიანება არ გააჩნია.
ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალზე, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელესა და შ------- ა-----–-----–ს შორის 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა №A----a შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 9521.33 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 28.04.2016 წლიდან 28.04.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 72%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, თვეში 651.21 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2016 წლის 28 აპრილს №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება; 2016 წლის 28 აპრილს №A----a საკრედიტო ხელშეკრულება. გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 27-34).
3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის 2016 წლის 28 აპრილს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა შ------- ა-----–-----–ის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს-ბენც 311 CDI.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2016 წლის 28 აპრილს NA---- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-38).
3.1.3. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეს გაფრთხილების წერილით ეცნობა მის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე და მოსარჩელემ მოსთხოვა გირავნობის საგნის გადაცემა 14 დღის განმავლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 4 ივლისის გაფრთხილების წერილი (ს.ფ 44).
3.1.4. 2016 წლის 26 ოქტომბერს შ------- ა-----–-----–მა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ს ნებაყოფლობით გადასცა გირავნობის საგანი, თავისი კუთვნილი ავტომობილი მერსედეს-ბენც 311 CDI, სახ. ნომრით C------. აღნიშნულის შემდეგ შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომანქანის გადაცემისა და ვიზუალური დათვალიერების აქტი, გიორგი ა-----–-----–ის ხელწერილი (ს.ფ. 54-55).
3.1.5. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მიმართვის საფუძველზე შპს ,,შ---------–--------------------–---------იის’’ მიერ გირავნობის საგნის - ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 11990 აშშ დოლარით. შპს ,,შ---------–--------------------–---------იის’’ შემფასებლებმა ავტომანქანა შეაფასეს ,,თ------ს’’ ცენტრის მიერ მიწოდებული დეფექტური აქტის მონაცემების გათვალისწინებით და ამ მანქანის შეკეთებისათვის შეადგენს 300 ლარს, ნაწილების ფასი 570 ლარს და ორივე ერთად 870 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,შ---------–--------------------–---------იის’’ დასკვნა (ს.ფ 75-94).
3.1.6. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშების მიხედვით მოპასუხე შ------- ა-----–-----–ის სასესხო დავალიანება ავტომობილის დასაკუთრების თარიღამდე 16.11.2016 წლამდე შეადგენდა 24 028.25 აშშ დოლარს (საიდანაც ჯარიმა არის - 11 329,67 აშშ დოლარი, პროცენტი - 3191.06 აშშ დოლარი, ძირი - 9441,40 აშშ დოლარი, გირავნობის მოწმობის საფასური - 20.04 აშშ დოლარი, ავტოტექმომსახურება - 8.01 აშშ დოლარი, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება - 14.02 აშშ დოლარი, ექსპერტის მომსახურების თანხა 24.04 აშშ დოლარი).
ავტომობილის ორგანიზაციის აქტივებში აყვანა მოხდა 16.11.2016 წელს და ავტომობილის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 11 962,65 აშშ დოლარი.
სულ მიღებული მატერიალური სიკეთე არის 11 962,65 აშშ დოლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა 12 065.59 აშშ დოლარი (საიდანაც ძირი თანხაა - 9441.40 აშშ დოლარი, ხოლო 2624.19 აშშ დოლარი - პროცენტი).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშება (ს.ფ 95).
3.1.7. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშების მიხედვით მოპასუხე შ------- ა-----–-----–ის მიერ დარღვეული №A----a სასესხო ხელშეკრულების გამო, მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო მას 7 თვის განმავლობაში და აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 1338,51 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშება (ს.ფ 112).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დარიცხვას და მის მოცულობას. პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ უარყოფს. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას. სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლო გაანგარიშებულია არაგონივრულად და იგი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და შ------- ა-----–-----–ს შორის 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა № A----a შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 9521.33 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 28.04.2016 წლიდან 28.04.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 72%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, თვეში 651.21 აშშ დოლარის ოდენობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შ------- ა-----–-----–მა საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტის თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შ------- ა-----–-----–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 9441.40 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად სესხის თანხა უნდა დაიფაროს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. ხელშეკრულების მიხედვით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 72%-ით.
მოცემულ შემთხვევაში, შ------- ა-----–-----–ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხის დავალიანება 2017 წლის 18 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 2624,19 აშშ დოლარს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სადავო არ არის ასევე, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 11 962,65 აშშ დოლარი.
საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასამტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,07%-ით (ანუ ძირი თანხა არის 9441.40 X 0,07%=6,6 აშშ დოლარს. 6,6 აშშ დოლარი უნდა გამრავლდეს 120 დღეზე და ის შეადგენს 793 აშშ დოლარს). შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის, ანუ ჯარიმის ოდენობა იქნება 793 აშშ დოლარი.
ამდენად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ------- ა-----–-----–ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 12 858,59 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9441,40 აშშ დოლარი, პროცენტის თანხა- 2624.19 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 793 აშშ დოლარი.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში შ------- ა-----–-----–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული იყო მისი კუთვნილი ავტომანქანა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგნის სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მიერ ბალანსზე აყვანა განხორციელდა 11962.65 აშშ დოლარად.
6.10. ამდენად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების თანხას - 12 858,59 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს გირავნობის საგნის ღირებულება - 11 962,65 აშშ დოლარი და სხვაობა - 895.94 აშშ დოლარი წარმოადგენს შ------- ა-----–-----–ის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ.
საბოლოო ჯამში მოპასუხე შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 895.94 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხეზე (12065.59 - 895.94 = 11 169.65) 11 169,65 აშშ დოლარის დაკისრებაზე უნდა ეთქვას უარი.
6.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, სასამართლო ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოიხმობს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: „სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების,მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.). სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში იკვეთება.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინებასაქმეზე Nას-307-291-2011წ.).
მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი
შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი – 1338.51 აშშ დოლარი 7 თვეზე, 2016 წლის 28 ივნისიდან 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
ამდენად, კრედიტორს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დარღვევისათვის, თუმცა, ზიანის ოდენობის დაანგარიშების მიზნისათვის მთავარია ვალდებულების დარღვევის პერიოდი.
ნიშანდობლივია, რომ მიდგომა განსხვავებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით.
განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
მიუღებელი შემოსავალი ზიანის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დასაკისრებელი თანხის - 895.94 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 28 ივნისიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე, რაც წელიწადში შეადგენს 89.60 აშშ დოლარს, ხოლო თვეში (89.60: 12 =7,5) 7,5 აშშ დოლარს, 7 თვეში (7X7,5=52,5) კი შეადგენს 52,5 აშშ დოლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სს ,,ჯეოკაპიტალი“-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 432,23 ლარი, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელით მოხდა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება. ასევე მას დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარიდან 100 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუქნტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს; (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“ საკონსტიტუციო სასამრთლოს 29.12.2016 N 2/6/623 გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟი 77.43 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1016.80 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შ------- ა-----–-----–ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ ქონებას, რომლის რეკვიზიტებია: ს/კ 0-----------, მის: ქუთაისი, ა-----–---–ის ქ. #3ა(ყოფ. გ------ ქუჩა, ჩიხი მე-2, #6). ასევე, ყადაღა დაედო შ------- ა-----–-----–ის კუთვნილი უძრავი ქონების წილს, რომლის რეკვიზიტებია: ს/კ 3-----------, მის: სამტრედია, სოფელი ო------, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 895,94 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 52,5 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სარჩელი 12455,66 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.4. შ------- ა-----–-----–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 77,43 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.5. მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ს დაუბრუნდეს 2017 წლის 17 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1526,45 ლარიდან - ნაწილი 432,23 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
1.6. მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ს დაუბრუნდეს 2017 წლის 17 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარიდან - ნაწილი 100 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
1.7. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მიერ გადახდილი ბაჟიდან 1016,80 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
1.8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა