გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.04.2018
საქმის ნომერი
190210017001884196
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/578-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.04.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს “გ--------------------------------–ო”

წარმომადგენელი ბექა ბადრიაშვილი

მოპასუხე შპს “ჯ-----------ი”

წარმომადგენელი მარიამ სიგუა, გიორგი ოთარაშვილი

დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს” ჯ-----------ისათვის” 45 000 ლარის დაკისრება;

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 7-16. ტომი 2)

 

სარჩელის გარემოებები

 

2015 წლის 7 აგვისტოს შპს ,,გარდაბნის საგზაო სამმართველოსა’’ და შპს ,,RSP-40”-ს შორის ერთი წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 8-----------. მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობისთვის მოიჯარემ განათავსა ასფალტბეტონს წარმოების საამქრო დანადგარი. 2015 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული საამქრო დანადგარი საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯ-----------ს“. შპს გარდაბნის საგზაო სამმართველოს სარჩელის საფუძველზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა შპს ,,RSP-40”-ის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების შესახებ, რაც დასრულდა მხარეთა მორიგებით და შპს ,,RSP-40”-მა იკისრა ქირის დავალიანების გადახდის ვალდებულება ორი თვის ვადაში. ამ დავის მიმდინარეობის დროს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა დანადგარის გასხვისების შესახებ. შპს ,,RSP-40”-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად საამქრო განთავსებულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა შპს „ჯ-----------ი“. შპს ,,RSP-40”-თან დადებული ხელშეკრულებით წელიწადში საიჯარო ქირა იყო 30 000 ლარი. შპს „ჯ-----------ი“ მოძრავ ნივთს იყენებს 2016 წლის 7 აგვისტოდან, რის გამოც 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში ზიანი შეადგენს 45 000 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „ჯ-----------მა“ სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო: ასფალტბეტონის საამქრო მან შეიძინა შპს შპს ,,RSP-40”-საგან, რომელსაც გ--------------------------------–ოსთან დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო საფასურის დაკისრების თაობაზე მხარეებს შორის სასამართლოში არსებული დავა დასრულდა მათი მორიგებით, რომლითაც შპს ,,RSP-40”-მა იკისრა საიჯარო თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე განისაზღვრა, რომ შპს ,,RSP-40”-ს ქონდა ასფალტბეტონის ქარხნის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება 2018 წლის თებერვალამდე, ვიდრე მოახდენდა ქარხნის დემონტაჟს. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი მოიცავს მორიგების აქტში მითითებულ პერიოდს, როცა იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულება იკისრა შპს ,,RSP-40”-მა. ვინაიდან მორიგებით განსაზღვრულია ქონების წინა მესაკუთრის მიერ ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა, ასეთივე უფლებით უნდა ისარგებლოს ასევე შპს ჯ-----------მა.

(დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 98-106. ტომი 2)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ჯ-----------მა შპს შპს ,,RSP-40” -გან 149 400 ლარად შეიძინა ასფალტბეტონის საამქრო დანადგარი „ტელტომატი“, რომელიც ხელშეკრულების დადების დროისათვის განთავსებული იყო შპს „გ--------------------------------–ოს“ კუთვნილ 7431 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში კოდი 8-----------. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ჯ-----------ს ფაქტობრივ მფობელობაში გადაეცა დანადგარი, რის შესახებ მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი(ს.ფ. 1-7, ტომი 1; ს.ფ. 7-16. ტომი 2)

- შესაგებელი და დაზუსტებული შესაგებელი(ს.ფ. 48-51. ტომი 1. 98-104, ტომი 2)

- ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-21. 45. ტომი 1)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 22-23)

- მოპასუხის წარმომადგენლების განმარტება 27.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „ჯ-----------ი“ სარგებლობს ასფალბეტონის საამქრო დანადგარით, იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისათვის, ასფალტ-ბეტონის წარმოებისათვის. ქარხნის დემონტაჟი დასრულდა 2018 წლის თებერვალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 7-16. ტომი 2)

- მოპასუხის წარმომადგენლების განმარტება 27.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შპს გ--------------------------------–ოსა და შპს ,,RSP-40” შორის, რომლითაც შპს შპს ,,RSP-40”-მა იკისრა ვალდებულება შპს გ--------------------------------–ოსათვის საიჯარო ქირის 14 061 ლარის გადახდის ვალდებულება 2 თვის ვადაში, ასევე არაუგვიანეს 2018 წლის 27 თებერვლისა მოეხდინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ასფალტ-ბეტონის ქარხნის დემონტაჟი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელისათვის.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე #2-2126-16 შპს ,,გ--------------------------------–ოს” სარჩელისა გამო მოპასუხე შპს ,,RSP-40” -ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, დამტკიცდა მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

 

1.1. შპს ,,RSP-40” ვალდებულებას იღებს შპს ,,გ--------------------------------–ოს” წინაშე, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ორი თვის ვადაში გადაუხდის საიჯარო დავალიანების თანხას 14061 ლარს. გადახდა უნდა განხორციელდეს მოსარჩელე შპს ,,გ--------------------------------–ოს” კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით.

1.2 მოპასუხე შპს ,,RSP-40” ვალდებულებას იღებს მოსარჩელე შპს ,,გ--------------------------------–ოს” წინაშე, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 27 თებერვლისა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გარდაბანი სოფელი აღთაკლია მიწის ნაკვეთი ფართით 7431 კვმ, საკადასტრო კოდი #8----------- განთავსებულ ასფალტ -ბეტონის ქარხანას გაუკეთებს დემონტაჟს და აღნიშნული მიწის ნაკვეთს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემს მოსარჩელეს.

მხარეების თანხმდებიან რომ მორიგების აქტის ეს პირობები გამოხატავს მათ ნებას და სურთ მისი ამ ფორმით დამტკიცება.

1.3 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტით გათავლისწინებული ვალდებულების შესრულებამდე საქმეზე 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა არ გაუქმდება.

მორიგებით გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხდელი ქირის 14 061 ლარის გადახდა, რაც არის 5 თვისა 23 დღის საიჯარო ქირის დავალიანება, რადგან იჯარის საფასური შეადგენდა წელიწადში 30 000 ლარს.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის ის განმარტება, რომ მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით მოითხოვს იმ თანხასაც, რომლის გადახდის ვალდებულება მორიგების აქტით უკვე დაკისრებული აქვს შპს ,,RSP-40”-ს.

 

განსახილველ დავაში მოსარჩელის მოთხოვნაა 45 000 ლარის დაკისრება, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს 2016 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემოსავლისათვის. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ქონების სარგებლობისათვის თანხის გადახდა ასფალტ-ბეტონის საამქროს წინა მესაკუთრესთან შპს ,,RSP-40-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისათვის. კერძოდ, შპს „გ--------------------------------–ოსა“ და შპს ,,RSP-40”-ს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 7 აგვისტოს 1 წლის ვადით და ამოიწურა 2016 წლის 7 აგვისტოს. წლიური იჯარის საფასური შეადგენს 30 000 ლარს. იჯარის საგანია ასფალტ ბეტონის საამქროს განთავსება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მდებარე გარდაბანი სოფელი აღთაკლია მიწის ნაკვეთი ფართით 7431 კვმ, საკადასტრო კოდი #8-----------. მორიგების აქტით გათვალისწინებულია 14061 ლარის გადახდა, რაც არის 5 თვის 23 დღის საიჯარო ქირა. განსახილველი სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება 2016 წლის 7 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ქონების სარგებლობისათვის, ხოლო მორიგების აქტით გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადაუხდელი საიჯარო ქირის გადახდა. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილი არ არის ქონების სარგებლობის თანხა იმ პერიოდისათვის, რაც გათვალიწინებულია შპს ,,RSP-40»-თან დადებული მორიგების აქტით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-19. ტომი 1)

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 1-7, ტომი 2)

- განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ (ს.ფ. 59-60. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე საკუთარი სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთით, მასზე განთავსებული ჰქონდა ასფალტბეტონის ქარხანა სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რის გამოც უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 186-ე, 316-ე,981-ე, 982-ე, 412-ე, 414-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან, რადგან მხარეებს შორის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ არ დადებულა, მოპასუხეს კი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განთავსებული ჰქონდა ასფალტბეტონის ქარხანა, რომელსაც იყენებდა სამეწარმეო მიზნისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან მისი კუთვნილი ქონების სარგებლობისათვის თანხის გადახდა, ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ქონების სასყიდლიანი სარგებლობის შედეგად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილ ვალდებულებას კონდიქციური ვალდებულება ეწოდება და მისი წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორისგან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

კონდუქციური ვალდებულების საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაშიც იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორეს პირის ხარჯზე გამდიდრება, სამართლებრივი სიკეთის შეძენა, საკუთარი ქონების დაზოგვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე აუცილებელი რომ გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე, რის შედეგად ერთი პირის ქონება იზრდება სხვა პირის ქონების შემცირების ხარჯზე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს შპს გ--------------------------------–ოსა და შპს ,,RSP-40-ს შორის მორიგების შინაარსზე, მოპასუხის განმარტებით, შპს ,,RSP-40-ს მიენიჭა უფლება უსასყიდლოდ განეთავსებინა ასფალტბეტონის ქარხანა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე 2018 წლის თებერვლამდე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მორიგების აქტში შპს ,,RSP-40-ის მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების იურიდიული ძალა ვერ გავრცელდება შპს „ჯ-----------ზე“.

 

მორიგების აქტის შედგენის დროს შპს ,,RSP-40 ასფალტ-ბეტონის ქარხნის მესაკუთრე არ იყო, მას ქონება გასხვისებული ჰქონდა, მისი მესაკუთრე იყო შპს „ჯ-----------ი“, რის გამოც შპს ,,RSP-40 არ იყო უფლებამოსილი ეკისრა ასფალტბეტონის საამქროს დანადგარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

შპს ,,RSP-40»-სა და შპს ჯ-----------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნივთზე საკუთრების უფლება შემძენს გადასცა შპს ,,RSP-40-მა, დანადგარებით სარგებლობდა შპს ჯ-----------ი, რის გამოც წინა მესაკუთრე აღარ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ნივთის ბედი – როდის და რა პირობებით მოხდებოდა ამ ქონებით სარგებლობა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების ერთერთი საფუძველია გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო ვალდებულების არარსებობა. შპს ჯ-----------სა და შპს „გ--------------------------------–ოს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა, მათ შორის უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა შპს ჯ-----------ი ნივთის შეძენის შემდეგ იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის მის კუთვნილ საამქროს, რომელიც განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ვალდებულება გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან, რადგან მან დაზოგა საკუთარი ქონება მოსარჩელის მართლზომიერი ქონებრივი ინტერესების ხარჯზე. კერძოდ, სადაო პერიოდში მოპასუხე იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ისე, რომ მისი მესაკუთრე ამით სარგებელს არ იღებდა, მოპასუხე ქონების სარგებლობის საფასურს არ იხდიდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების უსასყიდლოს სარგებლობის უფლება არ გამომდინარებს შპს ,,RSP-40-თან გაფორმებული მორიგების აქტიდან. აქტის თანახმად, შპს ,,RSP-40”-მა იკისრა ვალდებულება შპს ,,გ--------------------------------–ოს” წინაშე, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 27 თებერვლისა განახორციელებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ასფალტ -ბეტონის წარმოების დანადგარის დემონტაჟს და აღნიშნული მიწის ნაკვეთს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემდა მოსარჩელეს. მორიგების აქტს გაფორმების დროს გ--------------------------------–ოსა და შპს ,,RSP-40-ს შორის იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო. მორიგების აქტის დებულებები იმას გულისხმობს, რომ მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ნება არ გამოუვლენიათ, რადგან შეთანხმებდნენ ასფალტ-ბეტონის საამქროს დემონტაჟის პირობებზე, დემონტაჟის ვადაზე. იმ დროისათვის შპს ,,RSP-40“ მოძრავი ნივთის მესაკუთრე აღარ იყო, ქონებით შპს ,,RSP-40 აღარ სარგებლობდა. მორიგების აქტით შეთანხმებულია გადაუხდელი საიჯარო ქირის გადახდის პირობები და თავისი არსით გულისხმობს შპს გ--------------------------------–ოსა და შპს ,,RSP-40-ს შორის იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას. ვიანიდა, მორიგების აქტის შედგენის დროს შპს ,,RSP-40“ დანადგარის მესაკუთრე აღარ იყო და ნივთით არ სარგებლობდა, მორიგების საგანი ვერ იქნებოდა აქტის გაფორმების შემდგომ პერიოდში შპს ,,RSP-40“-ის მიერ ქონების სარგებლობის საფასურის პირობები.

 

მორიგების აქტი არ ითვალისწინებს მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მიწის ნაკვეთის უსასყიდლო სარგებლობას, ვინაიდან იმ მომენტისათვის საამქროს მესაკუთრე შპს ,,RSP-40» აღარ იყო, იგი ქონებით არც სარგებლობდა. ქონებას სამეწარმეო მიზნებისათვის იყენებდა შპს ჯეოსერვისი, რომელსაც რაიმე შეთანხმება მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან არ ჰქონია ქონების სარგებლობის პირობებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებომოსილია უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე მოპასუხეს მოსთხოვოს ქონების სარგებლობისათვის საფასურის დაკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სამართლის ნორმებს აქვს დაცვითი ფუნქცია, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. უსაფუძვლო გამდიდრებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არა აქვს და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-? ?????? ??????? ?? ??-2 ?????????, 980-? ?????? , ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, 1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამ ნორმებით გათვალისწინებულია უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში მოპასუხე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის, მასთან შეთანხმების გარეშე სარგებლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რითიც უსაფუძვლო დაზოგა საკუთარი ქონება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, ხოლო ზიანი გამოვლინდა მიუღებელი შემოსავლის სახით. კერძოდ, მოპასუხე სამეწარმეო მიზნებისათვის ისე სარგებლობდა მოსარჩელის ქონებით, რომ არ იხდიდა საფასურს, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ფულადი დანაკარგი, მან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ქონების იჯარით გაცემით მიიღებდა.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ სამართლის თეორიაში აღიარებულია შესრულების და შეუსრულებლობის კონდიქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება შეიძლება წარმოიშვას როგორც პირის აქტიური ქმედებით, ისე ვალდებულების შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველია ქონების უსასყიდლოს სარგებლობა სამეწარმეო მიზნებისათვის, რისი სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეს არ გააჩნდა. უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველია სხვისი ქონებით სარგებლობა მესაკუთრესთან შეუთანხმებლად კომერციული მიზნებისათვის ისე, რომ მესაკუთრე ვერ იყენებს ქონებას საკუთარი მიზნებისათვის, ვერ იღებს ქონებისგან სარგებელს, რასაც მიიღებდა სხვაგვარად მისი გამოყენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი პირობაა ზიანის გამომწვევ ქმედებასა და ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, ანაზღაურდება ის ზიანი, რაც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

მოპასუხემ ასფალტ-ბეტონის საამქრო შეიძინა შპს ,,RSP-40”-ისაგან, რომელსაც საამქრო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის მიერ შეძენილი საამქრო არ იყო განთავსებული მის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, შპს ჯ-----------ისათვის სავარაუდო იყო, რომ მას საამქროს სარგებლობისათვის მოუწევდა საბაზრო ფასების შესაბამისი საფასურის გადახდა. მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობდა უსასყიდლოდ ისეთ პირობებში, როცა წინა მესაკუთრე საამქროს განთავსებისათვის იხდიდა იჯარის საფასურს. შპს ,,RSP-40”-თან დადებული ხელშეკრულებით იჯარის საფასური შეადგენდა წლიურად 30 000 ლარს. შპს ,,RSP-40” -თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადა ამიწურა 2016 წლის 7 აგვისტოს, რის შემდეგ 2018 წლის თებერვლის თვემდე მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მოპასუხე, რის შედეგად მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ვერ შეძლო მიწის ნაკვეთის სხვაგვარად გამოყენება, მისი იჯარით გაცემით სარგებლის, ფულადი შემოსავლის მიღება. სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქონების სარგებლობის საფასურის დაკისრების შესახებ იმ თანხით, რაც გათვალისწინებული იყო შპს ,,RSP-40”-თან დადებული ხელშეკრულებით, რადგან მოპასუხისათვის სავარაუდო იყო, რომ მისი წინამორბედის მსგავსად მას უნდა გადაეხადა იჯარის საფასური, რასაც იხდიდა საამქროს წინა მესაკუთრე.

 

მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს ზიანი აუნაზღაუროს 2016 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში ქონების სარგებლობისათვის, რადგან 2016 წლის 7 აგვისტოს ამოიწურა შპს ,,RSP-40”-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადა, ხოლო საამქრო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 2018 წლის თებერვლამდე, 2018 წლის თებერვალში განხორციელდა მისი დემონტაჟი.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განჩინებით გაუქმებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „გ--------------------------------–ოს“ სარჩელი;

1.1. შპს „ჯ-----------ს“ დაეკისროს შპს „გ--------------------------------–ოსათვის“ 45 000 ლარის გადახდა;

 

2. შპს „ჯ-----------ს“ დაეკისროს შპს „გ--------------------------------–ოსათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1350 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი