გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
050210018002344952
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210018002344952

N2/252-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.04.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ო------------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თეიმურაზი ლომთაძე

მოსარჩელე- ეკ--------------ძე,წარმომადგენელი-გი--------------–--ლი

მოპასუხე -ოზ----------------–----–--------------ა,წარმომადგენელი-მი----–-–--–---ძე, ლა–-------ძე

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–------ის გამგებლის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება

 

1.2. მოხდეს ეკ--------------ის აღდგენა ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თამნამდებობაზე ან შეთავაზებულ იქნას ტოლფასი თანამდებობა, მენეჯერული პოზიცია

 

1.3.მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 15 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის-1400 ლარის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელე ეკ--------------ძის წარმომადგენლის-გი--------------–--ლის განმარტებით მისი მარწმუნებელი 2014 წლის 19 აგვისტოს N135 ბრძანების შესაბამისად თვითმართელი ქალაქი-ოზ----------------–----–--------------ს მიერ დაინიშნა ააიპ ქალაქ ო------------ სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე. ოზ----------------–----–------ის გამგებლის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანებით გათავისულებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მიიჩნევს, რომ აღნიშნული გათავისუფლება არის უკანონო, ვინაიდან მისი მარწმუნებელი გაფრთხილებული არ ყოფილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ასევე გათავისუფლების საფუძვლებში მითითებულია-საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ. მხარისათვის გაუგებარია რა ეკონომიურმა გარემოებებმა, ტექნოლოგიურმა ან ორგანიზაციულმა ცვლილებამ გამოიწვია მისი მარწმუნებლის გათავისუფლება, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირს არ შეუცვლია არც სამართლებრივი სტატუსი და არც პროფილი. მისი განმარტებით შრომის კოდექსში, გათავისუფლების საფუძვლებში, რეორგანიზაცია საერთოდ არ არის ნახსენები, ასეთ განმარტებას, მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ცნობს. მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირება არ მომხდარა და არც დგინდება რომ დირექტორის შეცვლა გამოიწვია თანამდებობაზე დანიშნული პირის უფრო მაღალმა კვალიფიკაციამ. მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მის მარწმუნებელს მხარს არ უჭერდა ახლანდელი მერი და შესაბამისად არ იქნა კვლავ დანიშნული მითითებულ თანამდებობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის ლა–-------ძის განმარტებით მოპასუხისათვის ცნობილი იყო რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები. რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ წერილობით ეცნობა ცენტრს. გაერთიანების შემდეგ შექმნილი ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შემდგომ წარმოიშვა ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობა, რაზედაც მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვას. წარმომადგენლის განმარტებით ,,მეწარმეთა შესახებ " კანონი ითვალისწინებს სპეციალურ წესს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. აიპი-ში კანონმდებელი შესაბამის ორგანოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს და ასეთ შემთხვევაში შრომის კოდექის შესაბამისი მუხლის კვლევა იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს გათავისუფლების კანოიერების საკითხი, აღარ წარმოიშობა. მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ლა–-------ძეს ეთნხმება მი----–-–--–---ძე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია ქალაქ ოზ----------------–----–--------------ს 2014 წლის 19 აგვისტოს N135 ბრძანება ეკ--------------ძის ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N135 (იხ. ს.ფ. 16).

 

3.2.2.საქმეშია ოზ----------------–----–--------------ს 2018 წლის 12 თებერვლის N448 ბრძანება ეკ--------------ძის ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N448 (იხ. ს.ფ. 17-18).

 

3.2.3 საქმეშია ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის წესდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

წესდება (იხ. ს.ფ. 21-33)

 

3.2.4 საქმეშია ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და ა(ა)იპ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიმართ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ ოზ----------------–----–--------------ს 2018 წლის 12 იანვრის N43 ბრძანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება (იხ. ს.ფ. 34-35).

 

3.2.5.საქმეშია ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და ა(ა)იპ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიმართ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ ოზ----------------–----–--------------ს 2018 წლის 22 იანვრის N60 ბრძანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება (იხ. ს.ფ. 36-37).

 

3.2.6. საქმეშია ა(ა)იპ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წესდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

წესდება (იხ. ს.ფ. 38-43).

 

3.2.7. საქმეშია ოზ----------------–----–------ის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის N5 განკარგულება 2017 წელს გაუქმებული ქალაქ ოზ----------------–----–------ისა და ოზ----------------–----–------ის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით ოზურგთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განკარგულება N5 (იხ. ს.ფ. 88-89).

 

3.2.8. საქმეშია ოზ----------------–----–--------------ს 2018 წლის 22 თებერვლის N732 ბრძანება მაკა ჭყონიას ა(ა)იპ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება (იხ. ს.ფ.90)

 

3.2.9. საქმეშია მაკა ჭყონიას განცხადება ა(ა)იპ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადება (იხ. ს.ფ. 101).

 

3.2.10. საქმეშია ამონაწერი მეწრმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად ო------------ მუნციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი რეგისტრირებული 2018 წლის 23 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი (იხ. ს.ფ.103-104)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო რა სარჩელს, თანდართულ მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, 35-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-7 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე და 720-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრილების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

6.3. გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველესად უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების მართლზომიერება. სადავო გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მოძიება და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სასამართლოს პრეროგატივაა, იმგვარად, რომ არ არის ვალდებული, გაიზიაროს მხარეთა პოზოციები მათ მიერ მითითებული და დამტკიცებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით.

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, როგორც უკვე აღინიშნა, უნდა შეფასდეს ა(ა)იპ-ის, როგორც სოციალური წარმონაქმნის ბუნება და მისი მომწესრიგებელი ნორმები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებენ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს (იხ. სუსგ Nას-101-97-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

 

დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული (იხ. სუსგ Nას-101-97-2016).

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე განმარტებულია, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, ყველაზე უფრო ეს ურთიერთობა ახლოსაა სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებთან. კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატამ განმარტა, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ქალაქ ოზ----------------–----–--------------ს 2014 წლის 19 აგვისტოს N135 ბრძანებით ეკ--------------ძე დაინიშნა ა(ა)იპ ქალაქ ოზ----------------–----–------ის სკოლამდელი აღზრდის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე (იხ. პუნქტი 3.2.1) და გათავისუფლდა ოზ----------------–----–--------------ს 2018 წლის 12 თებერვლის N448 ბრძანების საფუძველზე (იხ. პუნქტი 3.2.2.).

 

ამონაწერით მეწრმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ო------------ მუნციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი რეგისტრირებული 2018 წლის 23 თებერვალს (იხ. პუნქტი 3.2.10).

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზ----------------–----–------ის გამგებლის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან ეკ--------------ძის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ეკ--------------ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ო------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ო------------ რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე