გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
050210118002311387
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210118002311387 (N2/170-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

 

წარმომადგენელი - თათია ფხაკაძე, ლელა ბანძელაძე

 

მოპასუხე - სა------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1008.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 597.41 ლარი, სარგებელი - 68.63 ლარი, ჯარიმა - 340.9 ლარი, დაზღვევა - 1.6 ლარი.

 

1.2. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 597.41 ლარზე 2017 წლის 08 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9.95 ლარს.

 

1.3. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 597.41 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოვედღიურად შეადგენს - 2.98 ლარს), მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

1.4. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2855.91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1805.31 ლარი, სარგებელი - 397.55 ლარი, ჯარიმა - 653.05 ლარი.

 

1.5. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 54.15 ლარს.

 

1.6. მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოვედღიურად შეადგენს - 9.02 ლარს), მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 20---–-–------------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 12 თებერვალმდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 12 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსეხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 12 ივნისის შემდგომ აღარ მომხდარა გადახდა. 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით) მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1008.54 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 597.41 ლარი, სარგებელი - 68.63 ლარი, ჯარიმა - 340.9 ლარი, დაზღვევა - 1.6 ლარი.

 

სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 2----–-–----------------- დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათით TBC prime Card 1800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების დღიდან თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 9 რიცხვი.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის მაისის შემდგომ აღარ მომხდარა გადახდა. 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით) სა------------ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება -2855.91 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1805.31 ლარი, სარგებელი - 397.55 ლარი, ჯარიმა - 653.05 ლარი.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეამცირა და მოითხოვა: მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს, 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოვედღიურად შეადგენს - 9.02 ლარს), მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნა დატოვა უცვლელად;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 20---–-–------------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 12 თებერვალმდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 12 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსეხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 21, 26-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 12 ივნისი შემდგომ აღარ მომხდარა გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან,( ს.ფ. 43-48).

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.49).

 

3.1.3. სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 2----–-–----------------- დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC prime Card – 1800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების დღიდან თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 9 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 12 დეკემბერის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. სა------------ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 12 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა დავალიანების გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 43--48);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო 3.1.5. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხე - სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს, 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოვედღიურად შეადგენს - 9.02 ლარს), მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნა დატოვა უცვლელად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის” სარჩელი საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 597.41 ლარის, სარგებლის -68.63 ლარისა და დაზღვევის - 1.6 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 1805.31 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სს „თ----------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 2015 წლის 12 დეკემბრეს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათით TBC prime Card – 1800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს „თ----------ი'', ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე -სა------------ე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტები, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (397,55 ლარის) თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და სა------------ეს შორის 2015 წლის 03 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 12 თებერვალმდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 12 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

6.4. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 597.41 ლარზე 2017 წლის 08 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9.95 ლარს და 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 54.15 ლარს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხები. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 9%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 597.41 ლარზე და 1805.31 ლარზე წლიური 9% სარგებლის გადახდა.

 

შესაბამისად, მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 597.41 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 9% სარგებლის გადახდა. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე -1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 9% სარგებლის გადახდა.

 

ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

 

სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) – 182.5%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-დან უნდა შემცირდეს 0.05%-მდე (ათჯერ) და მის შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობებიც. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც პირველ დ მეორე ხელშეკრულებაზე 100 ლარამდე. ასევე, უნდა შემცირდეს მიმდინარე პირგამატეხლოების ოდენობებიც და მოპასუხეს უნა დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 597.41 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან (ცნობა დავალიანების შესახებ) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 230.16 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავა მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 500 ლარით, ხოლო მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ შემცირებული თანხისა და იმ ნაწილის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 58.07 ლარი.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სა------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 230.16 ლარიდან - 92.06 ლარის ანაზღურება, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯი, კერძოდ, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 306.88 ლარის გადახდა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც მოსარჩელე სს ,,თ----------ის'' განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე სა------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდა, საკადასტრო კოდით 27.16.50.188, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 766.04 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 597.41 ლარი, პროცენტი - 68.63 ლარი, ჯარიმა - 100 და დაზღვევა - 1.6 ლარი;

 

1.2. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 597.41 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან აღსრულებამდე წლიური 9% სარგებლის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 597.41 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირაგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

1.4. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2302.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1805.31 ლარი, პროცენტი - 397.55 ლარი და ჯარიმა -100 ლარი.

 

1.5. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან აღსრულებამდე წლიური 9% სარგებლის გადახდა.

 

1.6. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1805.31 ლარზე, 2017 წლის 08 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირაგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

2. მოპასუხე სა------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 230.16 ლარიდან 92.06 ლარის ანაზღურება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 306.88 ლარის გადახდა.

 

3. სს,,თ----------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 26/12/2017 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 230.16 ლარიდან - 58.07 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელწმიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300893150, საგადახდო დავალება N44.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე