გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
820210017002077453
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210017002077453 (2-490/2017)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

 

მოსარჩელე - ზ-------------–---–ი

 

წარმომადგენელი - რ--------------------ე

თ-----------------ე

 

მოპასუხე - ნ--------------ე

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ--–---------------------–------------–--ა

 

წარმომადგენელი - მ---------------ე

 

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ზ-------------–---–ი მოითხოვს, რომ მიეცეს მცირეწლოვანი შვილის დ-------------ის ნახვის უფლება ყოველდღე, ხოლო თვეში 15 დღე თვის პირველი რიცხვიდან 15 რიცხვამდე იმყოფებოდეს დარჩენის უფლებით ზ-------------–---–თან მიყვანის უფლებით, ასევე ზამთარში 15 დღე 05 იანვრიდან - 20 იანვრამდე, ზაფხულში ერთი თვის (აგვისტოს თვეში) პერიოდში იმყოფებოდეს მამასთან ზ-------------–---–თან.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეამცირეს მათი მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ ზ-------------–---–ს მიეცეს მცირეწლოვანი შვილის დ-------------ის ნახვის უფლება ყოველდღე და მიეცეს უფლება მცირეწლოვანი შვილი დ-------------ე წაიყვანოს ღამისთევით სახლში ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ნ--------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ მისი და მოსარჩელის მცირეწლოვანი შვილი დ-------------ე მოსარჩელემ წაიყვანოს თავისთან ყოველი წლის, ყოველი თვის, ყოველი კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან და დააბრუნოს იმავე (წაყვანის) დღის 18:00 საათამდე, შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ--------------ე ასევე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ იგი არ უშლის მამას შვილთან ურთიერთობას, ბავშვი არის 4 წლის და 4 თვის, უჭირს მის გარეშე დაძინება და მის გარეშე არ დაუძინია ერთი დღეც კი, რის გამოც არაა თანახმა ბავშვი მამამ წაიყვანოს ღამისთევით, თანახმაა მამამ ბავშვი ნახოს ყოველდღე 17-20 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 11-20 საათამდე და წაიყვანოს სახლში, რაც შეეხება ღამისთევით წაყვანას წინააღმდეგია ამ ეტაპზე.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ--–---------------------–------------–--ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საცხოვრებელი პირობები და სოციალური გარემო ორივე მშობელთან დამაკმაყოფილებელია, რაიმე საფრთხის შემცველი გარემო არაა, დედა მზრუნველობს ბავშვზე კეთილსინდისიერად და ასეთივე პირობებია მამასთანაც და არაა არანაირი პრობლემა ბავშვი იმყოფებოდეს დედასთან და მამასთანაც.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ--–---------------------–------------–--ის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 27 ოქტომბერს ზ-------------–---–ის და ნ--------------ე დაქორწინდნენ, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2013 წლის აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი

- ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. ზ-------------–---–ს და ნ--------------ეს ქორწინების პერიოდში 2013 წლის 26 ნოემბერს შეეძინათ შვილი დ-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი

- ახსნა-განმარტებები

- დ-------------ის დაბადების მოწმობა №7----------;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ნ--------------ე ვერ შეძლებს ბავშვის მოვლას და სათანადოდ უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 26 თებერვლის სოციალური მუშაკის #0----------- დასკვნის მიხედვით ნ--------------ის საცხოვრებელი არის მოწესრიგებული, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კარგი. ოჯახში არის ყველა პირობა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

 

3.2.2. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მამამ ბავშვი ნახოს სახლში წაყვანით და ის თანახმაა მხოლოდ მცირეწლოვანი შვილი დ-------------ე მოსარჩელემ ნახოს ყოველდღე.

 

3.2.3. საქმის განხილვისას ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მიზანშეწონილობა იმის შესახებ, რომ დ-------------ე მამამ ზ-------------–---–მა წაიყვანოს თავის სახლში ღამისთევით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ზ-------------–---–ს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

 

6.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

6.3. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობელისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში.

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

6.4. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ დ-------------ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.

 

ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.

 

შიდა კანონმდებლობით ზ/ხსენებული სამართლებრივი ნორმები უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს.

 

6.6. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ზ-------------–---–ს მიეცეს მცირეწლოვანი შვილის დ-------------ის ნახვის უფლება ყოველდღე, მამას ნება უნდა დაერთოს ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა და მან საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან დ-------------ესთან; ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ შეეცდება მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით და წაყვანით მოსარჩელე ზ-------------–---–ი მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას.

6.7. ბავშვის ღამისთევით წაყვანის საკითხის განხილვისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ-------------ე მცირეწლოვანია. იგი დაბადებულია 2013 წლის 26 ნოემბერს, ანუ საქმის განხილვის მომენტისათვის არის 4 წლის და 5 თვის. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. მოპასუხის განმარტებით ბავშვს უჭირს მის გარეშე დაძინება და მის გარეშე არ დაუძინია ერთი დღეც კი. ამიტომ არ არის სასურველი ამ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ის მამასთან დარჩეს ღამისთევით ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამდენად ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს ნახვის უფლებით ყოველდღე.

 

6.8. შესაბამისად შექმნილ მდგომარეობაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ბავშვის ნახვა ყოველდღე, ამ ეტაპზე ღამისთევის გარეშე, კერძოდ, რომ მამას ზ-------------–---–ს მიეცეს მცირეწლოვანი შვილის დ-------------ის ნახვის უფლება ყოველდღე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე წინასწარ გადახდილია 50 ლარი. ზ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამასთან დავა არაქონებრივია და შეუძლებელია დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილის პროპორციის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილი შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 50%. აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ნ--------------ეს ზ-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 243-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ზ-------------–---–ს მიეცეს მცირეწლოვანი შვილის დ-------------ის ნახვის უფლება ყოველდღე.

 

3. ნ--------------ეს, ზ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით გელაშვილი