გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001636015
№2-3822/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „მ---------“
წარმომადგენელი - თ-------–--–---
მოპასუხე - შპს „ნ-----------ი“
წარმომადგენელი - გ--–--------
დავის საგანი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ნ-----------ს“ დაეკისროს შპს „მ---------ს“ სასარგებლოდ მიუწოდებელი საქონლის ღირებულება 51 864,5 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 17 მარტს შპს „მ---------ს“ და შპს „ნ-----------ს“ შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ნ-----------ს“ შპს „მ---------ზე“ უნდა მიეწოდებინა სასტუმროს მოწყობისათვის საქონელი, მათ შორის თეთრეული, საბანი, ბალიში, პირსახოცი, მზა ფარდები, ჩიხოლები, ზეწრები და სხვა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 55 000 ლარს. ხელშეკრულების თანახმად მყიდველმა შპს „ნ-----------ს“ ავანსის სახით გადაუხადა ჯერ 40 000 ლარი, ხოლო შემდგომ დამატებით გადარიცხა 15 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება.
- ინვოისები.
- სასაქონლო ზედნადებები.
- საგადახდო დავალებები.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „მ---------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის გარდა დამატებით ესაჭიროებოდა კიდევ იმავე სახის საქონელი, რის გამოც ეტაპობრივად ხდებოდა მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება საქონლის გაზრდაზე და იზრდებოდა, როგორც მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა, ასევე გადასარიცხი თანხები. საბოლოო ჯამში მისაწოდებელი საქონლის ღირებულებამ შეადგინა 92637 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შედარების აქტი.
- ინვოისები.
- სასაქონლო ზედნადებები.
- საგადახდო დავალებები.
3.2.3. 2016 წლის 01 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მიწოდებული საქონლის რაოდენობა და მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და ვადები. აღნიშნული შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს „მ---------ს“ შპს „ნ-----------ზე“ 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით გადარიცხული ქონდა სულ 92 637 ლარი, ხოლო შპს „ნ-----------ს“ შესრულებული ქონდა 39232,5 ლარის ვალდებულება. დარჩენილი ვალდებულება მოპასუხეს უნდა შეესრულებინა პერიოდულად 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შედარების აქტი.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ნ-----------მა“ 2016 წლის 5 სექტემბერს მიაწოდა 1540 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შემდეგ საქონელი აღარ მიუწოდებია. მოპასუხის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 40772,50 ლარს.
დადგენილია, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია ჩარიცხული თანხებიდან 51 864,5 ლარის ღირებულების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შედარების აქტი.
- ინვოისები.
- სასაქონლო ზედნადებები.
- საგადახდო დავალებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე შპს „ნ-----------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუწოდებელი საქონლის ღირებულება 51 864,5 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 400, 405-ე, 477-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხე შპს „ნ-----------ს“ გადაურიცხა საქონლის შესაძენად 92 637 ლარი, მოპასუხემ შეასრულა 40 772,5 ლარის ღირებულების ვალდებულება, ხოლო ჩარიცხული თანხებიდან 51 864,5 ლარის ღირებულების ვალდებულება არ შეუსრულებია, რომელიც უნდა შეესრულებინა 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ”ნ-----------მა“ დაარღვია 2016 წლის 01 სექტემბრის შედარების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, რაც მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მოშლის საფუძველი გახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ ვადაში. მოსარჩელისათვის კი მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროულად შესრულება, ვინაიდან როგორც მხარე განმარტავს, მათ ზ/აღნიშნული ნივთები სჭირდებოდათ სასტუმროს მოსაწყობად. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვალდებულების შესრულება იმდენად გაჭიანურდა, რომ მისთვის ვალდებულების შესრულებამ აზრი დაკარგა.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ეს ნორმა, ხელშეკრულების კეთილსინდისიერ მხარეს უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და ნატურით დაიბრუნოს მის მიერ გაწეული შესრულება. ამ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა ნასყიდობის თანხა, ხოლო მოპასუხე შპს ”ნ-----------ს” არ შეუსრულებია ვალდებულება 51 864,5 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ თანახმად სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებისა მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება დაუბრუნოს მყიდველს მიუწოდებელი საქონლის ღირებულება.
6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1556,89 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გადახდილი იქნა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 150 ლარის ოდენობით და გაწეული იქნა ხარჯი კერძო აღმასრულებლის მომსახურებისათვის 100 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1556 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით და კერძო აღმასრულებლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მ---------ს“ სასარჩელო მოთხოვნა შპს ”ნ-----------ის“ მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე;
1.2. შპს ,,ნ-----------ს“ დაეკისროს შპს „მ---------ს“ სასარგებლოდ მიუწოდებელი საქონლის ღირებულება 51 864,5 ლარის ოდენობით.
1.3. შპს ,,ნ-----------ს“ დაეკისროს შპს „მ---------ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1556 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით და კერძო აღმასრულებლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე