გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/879-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ.სამტრედია
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - შპს ,,მ-----”
წარმომადგენელი - შ----- ბ--------–---–-
მოპასუხე - ც------ შ-----–--
წარმომდგენელი - ბ------ შ-----–--
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ც------ შ-----–--სთვის შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დავალიანების 5187.07 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირველი გადახდა გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა 2016 წლის 30 ივლისს, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით შეწყვიტა ხელშეკრულება და სატრანსპორტო საშუალება გადასცა შპს „მ-----“-ს. ავტომანქანის ფასი თავდაპირველად განისაზღვრა 14 500 ლარით. შპს „მ-----ს“ მიერ ავტომანქანის გასხვისების ფასი 9300 ლარი მიაჩნია არარეალურად. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე დაუბრუნა 14 500 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომლის დაბრუნებამდე გადახდილი აქვს 2955 ლარი, ხოლო ლიზინგის თანხა შეადგენდა სულ 12 812 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 ივნისს შპს „მ-----სა“ და ც------ შ-----–--ს შორის გაფორმდა საფინანსო ლიზინგის N L30062016/0035 ხელშეკრულება. საფინანსო ლიზინგით დაფინანსებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკა ინფინიტი, მოდელი FX45, ვინ კოდი J----------------, სახელმწიფო ნომერი N--------, ნასყიდობა, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 14 500 ლარის ოდენობით, ლიზინგის ვადა 30.06.2019წ,ხელშეკრულებით განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. თანხის გაცემის საკომისიო განისაზღვრა 492.8 ლარი, საპროცენტო განაკვეთი და სარგებელი განისაზღვრა თვეში 5%, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა 20 ლარი ერთჯერადი პირგასამტეხლო, გადახდის განუხორციელებლობის შემთხვევაში გრაფიკით გათვალისწინებული ერთი თვის გადასახდელის 1% - საჯარიმო პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ც------ შ-----–--მ შპს „მ-----“-ს ანგარიშზე შეიტანა 2180 ლარი, ლიზინგის თანხამ შეადგინა 12812.8 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 30 ივნისის საფინანსო ლიზინგის N L30062016/0035 ხელშეკრულება. (ს.ფ 18-28)
3.1.2 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკა ინფინიტი, მოდელი FX45, ვინ კოდი J----------------, სახელმწიფო ნომერი N-------- სარგებლობაში გადაეცა ც------ შ-----–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი)
3.1.3. ხელშეკრულების 14.7 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან შპს „მ-----“ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან შპს „მ-----ს“ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 30 ივნისის საფინანსო ლიზინგის N L30062016/0035 ხელშეკრულება. (ს.ფ 18-28)
3.1.4 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების 14.3.1 პუნქტის თანახმად, შპს “მ-----ს“ გააჩნია უფლება ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან თუ ლიზინგის მიმღებმა დროულად ან სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდა და ასეთი დაყოვნება გრძელდება 15 დღეზე მეტი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 30 ივნისის საფინანსო ლიზინგის N L30062016/0035 ხელშეკრულება. (ს.ფ 18-28)
3.1.5. ც------ შ-----–--ს მიერ ხელშეკრულების გაფორმების დროს შპს „მ-----ს“ ანგარიშზე შეტანილი იქნა 2180 ლარი,ხოლო გრაფიკის მიხედვით განახორციელა ერთი გადახდა 775 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 34, ს.ფ. 36)
3.1.6. შპს „მ-----ს“ მიერ სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა 9300 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება (ს.ფ 39)
3.1.7. სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით შპს „მ-----ს“ მიერ გაწეული იქნა ხარჯი 305.95 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სარჩელი (ს.ფ.3)
- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 43-61)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ც------ შ-----–--ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს მოპასუხის მიერ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობას, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გასხვისებული იქნა შეუსაბამოდ დაბალ ფასად და რომ სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნა შპს „მ-----ს“ 2016 წლის აგვისტოს თვეში. დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად შემოიფარგლა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ც------ შ-----–--ს მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი გადახდა 2016 წლის ივლისის თვეში 775 ლარის ოდენობით, აგვისტოს თვიდან მის მიერ გადახდა არ განხორციელებულა.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 14.7 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან შპს „მ-----“ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან - შპს „მ-----“-ს გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზიგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად შპს „მ-----“ უფლებამოსილი იყო ნებისმიერ ფასად გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება. კომპანიამ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება, შეწყვიტა ხელშეკრულება და ლიზინგის თანხის 12 812.8 ლარის დაფარვის მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება, რომლის ფასმა შეადგინა 9 300 ლარი, რასაც დაემატა მოპასუხის მიერ გადახდილი 775 ლარი. ჯამში მოპასუხის მიერ შპს „მ-----სთვის“ გადახდილმა თანხამ შეადგინა 10075 ლარი, რასაც გამოაკლდა პროცენტი 1922 ლარი, ჯარიმის თანხა 221.15 ლარი, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი 305.95 ლარი, დარჩენილი თანხა 7625.17 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს სესხის თანხას 12 812.8 ლარს(12 812ლარი -7625.17 ლარი= 5187.63 ლარი). შესაბამისად ც------ შ-----–--ს მიერ მოსარჩელე შპს „მ-----“-სთვის გადასახდელმა თანხა შეადგენს 5187.63 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------ შ-----–--ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით, ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
6.4 სასამართლოს მიაჩნია, ც------ შ-----–--სა და შპს „მ-----ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა თავის არსით არის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, რადგან ხელშეკრულების საგანია შპს მ-----ს მიერ ხელშკერულების მეორე მხარისათვის ავტომობილის შეძენისათვის თანხის გადაცემა, რომლის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხის მიერ სრულად არ შესრულებულა - მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით მხოლოდ ერთჯერ განხორციელდა თანხის ჩარიცხვა შპს ,,მ-----ს’’ საბანკო ანგარიშზე. ც------ შ-----–--ს შპს „მ-----ს“ მიმართ დავალიანება შეადგენს 5187.63 ლარს.
6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში შპს „მ-----“ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ც------ შ-----–--ს დავალიანების 5187.07 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახამად განსახილველ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 155.61 ლარი. საიდანაც მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 23.25 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 132.36 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ-----ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხე ც------ შ-----–--ს შპს „მ-----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5187.07 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ც------ შ-----–--ს შპს ,,მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 132.36 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს ,,მ-----ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 23.25 ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლის 21 ნოემბერს, საგადახდო დავალება N1511253938, რეფერენსი N1817348677, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300213150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა