განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100118002324494
№1/36-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 მაისი 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ გალობლიშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი ე---–----------ია
დაცვის მხარე
ადვოკატები მ----–-----------ი, ა-–------------------ია
ბრალდებული ი-------------ია
მამის სახელი მ--------
დაბადებული 0---------
პირადი ნომერი 0----------
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე.
განათლება ს------–--
ოჯახური მდგომარეობა განქორწინებული
ნასამართლობა არ მქონე
მცხოვრები ქ.ფოთი, კე-----------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.ი-------------იას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი-------------ია ქ. ფოთში, მ--–--------------- სანაპიროზე ბ---–----------------–--–------------–------–------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კუთვნილი 20 ლარად ღირებული ბეტონის ორი ცალი ფილის ფარულ დაუფლებას.
2.სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ი-------------იას ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი) განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
ი-------------იას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი-------------ია ქ. ფოთში, მ--–--------------- სანაპიროზე ბ---–----------------–--–------------–------–------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კუთვნილი 20 ლარად ღირებული ბეტონის ორი ცალი ფილის ფარულ დაუფლებას.
წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია: მოწმეები: გ---------–-----ია, რ-----------------ა (არასრულწლოვანი), დაზარალებულის წარმომადგენელი ა-–-----------–---ია, ექსპერტი ლ--–-----ია, გამომძიებლები: ე----------–----ია, გ------------–---ია.
ბრალდებულმა ი-------------იამ განმარტა, რომ ძველით ახალი წლის საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, თავის შვილს თხოვა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი მშენებლობიდან ნარჩენი ქვის ფილების აღებაში დახმარებოდა. ფილები, ბ---–------ ირგვლივ, ღიად, წლების განმავლობაში მიმოფანტულია და ჩაფლულია მიწაში. მას განზრახული ჰქონდა, აღნიშნული ფილების ეზოს შესასვლელში დაწყობა, რადგან, იქ წვიმის დროს ტალახი დგება. მისი თქმით, ადგილი, სადაც ფილების დადება ჰქონდა განზრახული, სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს, ის ისევ იმ ტერიტორიის ნაწილია, სადაც ეს ფილები თავდაპირველად იდო. ფილების გადაადგილებით აღნიშნული ქონება არ აღმოჩნდებოდა ბრალდებულის ან ვინმე სხვა პირის გამგებლობაში ან მფლობელობაში. მან მეზობლისგან ურიკა ითხოვა და თავის შვილთან ერთად ქვების ასაღებად წავიდაა. მისმა შვილმა, ამოთხარა ფილები, აღნიშნული ხდებოდა დღისით, არა მალულად ან ფარულად და ხალხიც ხედავდა. ამ დროს მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი ქმედება იყო ქურდობა. ის შეეცადა, აეხსნა პოლიციელისთვის, რომ ქურდობა მიზნად დასახული არ ჰქონდა, რომ მისი მიზანი არ იყო აღნიშნული ქვების ფარულად (მალულად) დაუფლება და მისაკუთრება. მისი განზრახვა იყო, მხოლოდ, ქვების გადაადგილება, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით, უბრალოდ, იმ ადგილას, სადაც ტალახი დგებოდა და გადაადგილებისას ხალხი წუხდებოდა, ანუ ქვები ისევ ქუჩაში რჩებოდა. მან უთხრა, რომ ქვების ჯამური ღირებულება 8 ლარს აღემატებოდა, რომ ამისთვის ადამიანის დაჭერა არ ღირდა და თუ მისი ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, მაშინ ის ქვებს არ აიღებდა და დატოვებდა, გ---------–-----იამ, მას უთხრა, რომ თუ ის მას მიაწოდებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ გაქურდა მეზობლის სახლი, მაშინ მას გაათავისუფლებდა. მან უთხრა, რომ არაფერი იცოდა ხსენებული ქურდობის შესახებ, მას მიაჩნია, რომ გ---------–-----ია დაინტერესებლი იყო აღეძრა საქმე. მან გამომძიებელსაც უთხრა, რომ ფილების ქურდობის განზრახვა არ ჰქონდა, სურდა მისი გადაადგილება და იმ ადგილზე დაწყობა, სადაც ტალახიანი წყალი დგებოდა. ნივთმტკიცება ხელის ურიკა და ორი ცალი ქვის ფილა, დალუქეს მისი თანდასწრებით და დატოვეს ფ------------–-----------------–--- ეზოში. მართალია, მან ხელი მოაწერა ლუქს. თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილ ლუქზე გაკეთებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
იხ.21.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
არასრულწლოვანმა მოწმემ რ------------------ამ განმარტა, რომ 2018 წელს ზუსტი თარიღი არ ახსოვს, საღამოს ექვსის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ის დედასთან ერთად ბ---–------ მიმდებარე ტერიტორიაზე წავიდა, ორი ცალი ქვის ფილის ასაღებად. მათი მიზანი იყო აღნიშნული ფილების გადაწყობა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, რადგან, იქ წვიმის დროს ტალახი დგებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფილები არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რადგან, წლების განმავლობაში, ფილები ეყარა, უკვე მიწაშიც იყო ჩაფლული. ამდენად, მათ არ უფიქრიათ, რომ ფილები ვინმეს საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, მათ არ ჰქონდათ განზრახული ფილების მისაკუთრება. მხოლოდ, თავდაპირველი ადგილიდან, ისევ იმავე ტერიტორიაზე, რამდენიმე მეტრის მოშორებით სურდათ დაწყობა. აღნიშნულს მეზობლებიც ხედავდნენ და მათ არ უცდიათ დაემალათ მათი ქმედება, რადგან, ბოროტი განზრახვა არ ამოძრავებდათ.
იხ.16.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
მოწმე გ---------–-----იამ განმარტა, რომ მან 2018 წლის 14 იანვარს, მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. ფოთში, მ--–------- სანაპიროზე, გზაჯვარედინზე ქვის ფილების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე გამოცხადებისას, მან ნახა ი-------------ია თავისი შვილით, რომლებსაც ხელის ურიკით ქვის ფილები საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მიჰქონდათ. როცა, მან გაიგო, რომ ფილების აღების თაობაზე, ი-------------იას ნებართვა არ ჰქონდა აღებული მოსთხოვა, ფილები ადგილზე დაებრუნებინა. თუმცა, ბრალდებულმა მას უკმეხად უპასუხა, რომ ფილები საღორესთვის სჭირდებოდა, ის ხვალაც წაიღებდა ფილებს და რომ ის ხელს ვერ შეუშლიდა. შემდეგ, ის დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს, ადგილზე გამოცხადდა გამომძიებელი ე----------–----ია. გამომძიებელმა ი-------------იას გააცნო თავისი უფლებები და ნებაყოფლობით ამოიღო ქვის ფილები და ხელის ურიკა.
იხ.21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
მოწმე ე----------–----იამ განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანავრს, დაფიქსირებული შეტყობნების საფუძველზე, ის შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ქ. ფოთში, მ--–------- სანაპიროზე გავიდა, შემთხვევის ადგილზე, მას დახვდა ი-------------ია და თავისი შვილი რ------------------ა. იქვე იდგა ხელის ურიკა და ორი ცალი ქვის ფილა. მან აღნიშნული ნივთები ნებაყოფლობით ამოიღო. იმ დღესვე გამოიკითხა ი-------------ია. პირადი საუბრისას, რომელიც ოქმში არ წერია, ი-------------ია აცხადებდა, რომ ფილები საღორესთვის სჭირდებოდა.
იხ.21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
მოწმე ა-–-----------–---იამ განმარტა, რომ მ--–------- ბ---–------ ტერიტორიაზე ბ---–------ სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, პირველი ეტაპი 2017 წელს დასრულდა და სამუშაოები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა. პროექტის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული ერთი ქვის ფილის ღირებულება დაახლოებით, ათი ლარია. ფილებზე რამე ლუქი არ შეუნიშნავს და გამომძიებელს დოკუმენტი არ შეუდგენია.
იხ.21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
მოწმე ლ--–-----იამ განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს გამოძიება დაიწყო ქვის ფილების ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით, ქ. ფოთში, მ--–------- სანაპიროზე გავიდა. დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
იხ.21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
მოწმე გ------------–---იამ განმარტა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანი რ------------------ა გამოკითხა. აღნიშნულ გამოკითხვას ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი ი--------------ძე. მოწმეს განემარტა თავისი უფლებები და რ------------------ამ თანხმობა განაცხადა, გამოკითხვაზე.
იხ.21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;
საქმეში არსებული ამოღების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 14 იანვარს ქ. ფოთი, კ------------------–-------------------------–------–------ შესასვლელთან ი-------------იასაგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხელის ურიკა და მასზე მოთავსებული ორი ცალი ბეტონის ფილა.
(ს.ფ. 4-8).
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩაატარა დეტექტივ-გამომძიებელმა ე----------–----იამ. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 14 იანვარს 21 საათსა და 45 წუთზე დამთავრდა 2018 წლის 14 იანვარს 22 საათსა და 10 წუთზე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტი ლ--–-----ია და განყოფილების უფროსის მოადგილე გ---------–-----ია, დათვალიერება მიმდინარეობა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს - ქ. ფოთში, მ--–------- უბანში კ------------------–---- ჩასახვევსა და ახალი ბ---–------ დასაწყისის გზაჯვარედინზე. ახალი ბ---–------ საავტომობილო სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტი. აღნიშნულ საავტომობილო სავალ ნაწილს მარჯვენა მხარეს მთელს სიგრძეზე გაყვება ქვეითად მოსიარულეთა ბილიკი, რომელიც მოასფალტებულია. აღნიშნული ბილიკი მთელს სიგრძეზე ორივე მხარეს მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით, ბილიკს მთელს სიგრძეზე გაყვება რკინის ბოძები, რომელზეც დამაგრებულია ლამპიონები. სავტომობილო სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს, კ------------------–---- შესასვლელთან, ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკთან მიწაზე მიმოფანტულია მართკუთხედის ფორმის ბეტონის ფილები, მიწას ორ ადილას აღენიშნება იქვე მიმოფანტული ბეტონის ფილების ზომის მართკუთხედის ფორმის დატკეპნილი ჩაღრმავება.
(ს.ფ.12-19).
საქმეში არსებულის 2018 წლის 25 თებერვლის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ქ. ფ------------–-----------------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა ე----------–----იამ, ექსპერტ ლ--–-----იას მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 12 საათი და 20 წუთი დამთავრდა 12საათსა და 50 წუთზე. საგამოძიებო მოქმედების დროს ციფრული ფოტოკამერა „ნიკონით“ მოხდა ფოტოგადაღება, რაც დაერთო საქმეს. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში. დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ქ. ფოთი, კ------------------–---- ტერიტორიაზე. ქ. ფოთში, მ--–--------------- სანაპირო ზოლის ახალ შესასვლელთან მისასველ საავტომობილო გზიდან მარჯვენა მხარეს მოასფალტებული საავტომობილო გზის ტერიტორიაზე, მარჯვენა მახრეს ერთმანეთის გვერდით დგას ორი ხუთსართულიანი კორპუსი, ხოლო მარცხენა მხარეს ქუჩის თავიდან დაახლოებით 120 მეტრის მოშორებით დგას ორსართულიანი ბარაკის ტიპის საცხოვრებელი კორპუსი. საავტომობილო მოასფალტებული გზიდან გაყვანილია ბარაკის ტიპის ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი დაახლოებით ორი მეტრი სიგანისა და რვა მეტრის სიგრძის ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც უერთდება საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარეს, მთელს ხედს გასწვრივ დაახლოებით 1,5 მეტრის სიგანის ბეტონის საფარის მოედანს. საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარეს, აღნიშნული ბეტონის მოედანზე დასხმულია ბეტონის დიდი ზომის საფეხური, რომელიც არის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი რკინის კონსტრუქციის კიბის პირველი საფეხური. გარდა ზემოაღნიშნული კიბისა საცხოვრებელი კორპუსის არცერთ მხარეს სხვა კიბე არ გააჩნია. საცხოვრებელი კორპუსის მარჯვენა, მარცხენა და უკანა მხარეს ესაზღვრება ღია ტერიტორია, სადაც მავთულბადით შემოკავებულ ეზოებში განთავებულია შინაურ ცხოველთა და ფრინველთა სადგომები. საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს გააჩნია პირველი და მეორე სართულის ღია აივნები. პირველი სართულის აივანი არის მოასფალტებული. მეორე სართულის აივანს კიბე არ გააჩნია.
(ს.ფ. 60-78).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix.Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-------------იას მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კუთვნილი 20 ლარად ღირებული ბეტონის ორი ცალი ფილის ფარულ დაუფლების მცდელობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ი-------------იას დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ ი-------------იას ბრალდება იმის თაობაზე, რომ:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი-------------ია ქ. ფოთში, მ--–--------------- სანაპიროზე ბ---–----------------–--–------------–------–------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კუთვნილი 20 ლარად ღირებული ბეტონის ორი ცალი ფილის ფარულ დაუფლებას.
ზემოაღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს ი-------------იას ბრალეულობის საკითხს, რაც საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის N62აპ.-17 განაჩენი).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოწმე ე----------–----იას განმარტება, რომ თითქოს ი. კ---------ა სიტყვიერად ამბობდა, რომ ფილები სჭირდებოდა საღორესთვის, ხოლო გამოკითხვის ოქმში დაწერა, რომ უნდოდა მისი გადაადგილება, გამომძიებლის მხრიდან, რომელმაც გამოკითხა ი. კ---------ა, ნაკლის მქონე ინფორმაციაა, რომელსაც არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.
ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ იძლევა ი. კ---------ას მიერ მარტივი ქურდობის მცდელობის ელემენტარულ მონაცემებს.
ცხადაია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის არანაირი მტკიცებულება, მათ შორის არანაირი პირდაპირი, მითუმეტეს ერთმანეთთან შეჯერებული მტკიცებულება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამრიგად, ბრალდებული ი-------------ია უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ი-------------იას მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება ი-------------იას მიერ დანაშაულის ჩადენა:
კერძოდ, ვერ დგინდება, რომ ი-------------იამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი, შესულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (XXV-ე) თავში. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კი ითვლება მითითებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების დარღვევისაკენ, მესაკუთრის ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი მიყენების საფრთხის შექმნისაკენ. ქურდობა, მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას.
დადგენილია, რომ ი. კ---------ას არანაირი ნებართვა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ფილების ამოღების და გადაადგილების შესახებ არ გააჩნია.
ქურდობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მიჩნეულია, რომ ნივთი ამოღებულია ადგილიდან, რომელიც არის სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრება, რისთვისაც არ არის გაცემული შესაბამისი ნებართვა, მაშინ დგება საკითხი ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შესახებ.
ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხის, ინდივიდუალურად გამოკვეთილი ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მარტივია ქმედების შემადგენლობა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში გადმოცემულია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გადმოცემის შესახებ. მაგალითად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია ქურდობის შემადგენლობის ცნება). ქმედების მარტივი შემადგენლობა ტიპიური დელიქტია, რომლის ძირითადი ნიშნებიდან შეიძლება დავადგინოთ მათგან გადახრის ცალკეული შემთხვევები.
ღირებულებითი ურთიერთობა, როდესაც სამართლის ნორმა მართლწესრიგში მართლზომიერ ქმედებას გადააქვს. პირიქით, ქმედება, რომელიც არ ასრულებს მართლზომიერი ქმედების მოვალეობას და ხელყოფს მართლწესრიგს, მართლსაწინააღმდეგოა.
თუ განხორციელებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების რომელიმე შემადგენლობა და ამავე დროს არ არსებობს ამ ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მაშინ გამოძიების სტადიაზე ივარაუდება, რომ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა. შეიძლება ითქვას, რომ ქმედების შემადგენლობა, ერთი მხრივ, კავშირშია ქმედების მართლზომიერებასთან, რადგან ქმედების შემადგენლობის განხორციელებას პირი მართლზომიერი ქმედების ფარგლებს გარეთ გადაჰყავს. მეორე მხრივ კი, ქმედების შემადგენლობის განხორციელება ამ ქმედების მართლწინააღმდეგობას ავტომატურად არ ამტკიცებს. მაშასადმე, ქმედების შემადგენლობა არის ქმედების მართლზომიერებისა და მართლწინააღმდეგობის კავშირის ფორმა. თუ ქმედების შემადგენლობა არც მართლზომიერია და არც მართლსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ქმედების შემადგენლობა არც დადებითად ფასდება და არც უარყოფითად ანუ ის შეფასებითი კატეგორია არაა.
ქმედების შემადგენლობა დანაშაულის სამსაფეხურიანი აგებულების მიხედვით ქმედების ობიექტური და ქმედების სუბიექტური მხარისაგან შედგება.
ქმედების შემადგენლობის წმინდა ობიექტივისტური გაგება, ესე იგი ადამიანის ქცევის სუბიექტური ელემენტისაგან მოწყვეტით, ობიექტივიზმია, რადგან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ქმედების შემადგენლობის იმ ნიშნებთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმებშია აღწერილი. წმინდა ობიექტივისტურად შეუძლებელია გაგებულ იქნას დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. კერძოდ, არ არსებობს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და სხვა შემადგენლობანი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, ხოლო მიზანი ადამიანის ქცევის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი ელემენტია.
იურიდიული მეცნიერება ფსიქიკური დამოკიდებულების ცნებასა და ფორმებს ფსიქოლოგიური მეცნიერებისაგან სესხულობს.
ქმედების შემადგენლობისა და ბრალს შორის კავშირი გაშუალებულია ქმედების მართლწინააღმდეგობით, რომელიც ქმედების შემადგენლობისა და ბრალის კავშირის ფორმას წარმოადგენს.
ქმედების შემადგენლობის სუბიექტური მხარის სტრუქტურაში შედის სუბიექტის ქცევის მოტივი და მიზანი და არა ბრალი, რომელიც ქმედების მართლწინააღმდეგობის კვალობაზე ქმედების შემადგენლობის ფარგლებს გარეთ იაზრება.
ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის განხორციელების ფარული ხერხი.
მოტივისა და მიზნის ცნებებს სისხლის სამართალში ფრიად სერიოზული მნიშვნელობა აქვთ.
მოტივის ფსიქოლოგიური გაგება არის მოტივის ზოგადი ცნება, ხოლო მოტივის სისხლისსამართლებრივი გაგება მოტივის კერძო ცნებას გამოხატავს.
მიზნის მიხედვით ქმედების დანაშაულად შეფასებას ანუ კვალიფიკაციას, მოტივი და მიზანი ქცევის ფსიქოლოგიური შინაარსის განუყოფელი ელემენტებია, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებული ცნებებია. მოტივი, როგორც უკვე იყო ნათქვამი, მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხერხების არჩევას უკავშირდება და ამდენად უფრო ენერგეტიკულია, ნებისყოფის სფეროში მოქმედებს, მაშინ როდესაც მიზანი, მართალია, მოთხოვნილების, როგორც მოქმედების აღმძვრელის, ახალ თვისებრიობას წარმოადგენს. მიზანი მაინც უფრო ინელექტის სფეროა. მიზანი - ეს იდეალურად მოცემული მოქმედების შედეგია, რომელიც ადამიანის რაიმე მოქმედებას აკმაყოფილებს. ადამიანის საქმიანობის საზომად გამოიყენება მიზნის, საშუალებისა და შედეგის დიალექტიკური ერთიანობა.
სუბიექტის ქცევის მიზანი განსაზღვრვას ხელყოფის ობიექტის ხასიათსაც.
კონკრეტულ შემთხვევაში, ი. კ---------ას მოქმედების მიზანი და ამასთან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი თავიდანვე დაუდგენელი იყო.
თუ სუბიექტის ქცევის მიზანი არ ვიცით, ხელყოფის ობიექტის დადგენა შეუძლებელია.
მიზანი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა ერთ-ერთი დამაფუძნებელი ნიშანია. მაგალითად, აუცილებელი მოგერიებისას სუბიექტი მოქმედებს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.
სასურველია ვიმსჯელოთ ი. კ---------ას მოქმედების დაუმთავრებელ ნიშნებზე.
კერძოდ, დანაშაულის მცდელობა სსკ-ის მე-19 მუხლით განზრახი ქმედებაა, რომელიც მიმართლია დანაშაულის ჩასადენად, ამასთან დანაშაული ბოლომდე არაა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობა მოიცავს როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ მხარეს. მცდელობის სუბიექტური მხარეა განზრახვა. მიზნით დაფუძნებულ დელიქტებში დანაშაულის მცდელობის სუბიექტრუი მხარისათვის აუცილებელია ასევე ამ მიზნის არსებობაც.
მცდელობის ობიექტური მხარე სახეზეა მაშინ, როდესაც პირმა განახორციელა ქმედება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დადგება.
დანაშაულის მცდელობის სუბიექტური გააზრებისას გადამწყვეტია პირის შეხედულება იმის შესახებ, რომ მან დანაშაულის განხორციელება დაიწყო. დანაშაულის მცდელობა იწყება მაშინაც, როდესაც პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.
დანაშაულის მცდელობად ითვლება ქმედება, რომელიც დროსა და სივრცეში მჭიდროდ უკავშირდება ქმედების შემადგენლობის განხორციელებას და ამგვარად სამართლებრივ სიკეთეს კონკრეტულ საფრთხეს უქმნის.
უვარგისი მცდელობის დასჯადობა ტრადიციული ფორმალურ-ობიექტური თეორიით ვერ დასაბუთდება, რადგან ამ დროს სამართლებრივი სიკეთისათვის კონკრეტული საფრთხე არაა შექმნილი.
უვარგისი მცდელობა ფაქტობრივი შეცდომაა დანაშაულის ობიექტსა და საგანში. პირი ისეთი გარემოებების არსებობაში ცდება, რომლებიც, რომ არსებობდნენ, ქმედების შემადგენლობას დააფუძნებდნენ.
მიზანი მცდელობის დამფუძნებელი ელემენტია, ევენტუალური განზრახვით ჩადენილი ქმედება კი არაა გამიზვნითი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამატყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული ი-------------ია უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ხელის ურიკა და ბეტონის ორი ცალი ფილა, რომელიც ინახება შსს ფ------------–-----------------–--–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა:
1. ბრალდებული ი-------------ია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ი-------------იას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იყო.
3. გამართლებულ ი-------------იას განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ნივთმტკიცება: ხელის ურიკა და ბეტონის ორი ცალი ფილა, რომელიც ინახება შსს ფ------------–-----------------–--–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე