გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210017002185656
№ 2/3522-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2018 წ ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე;
მოსარჩელე - გ------ი მა---–----–-ძე;
წარმომადგენელი - მელიტონ გოგისვანიძე;
მოპასუხე - თ----- პე------ე;
წარმომადგენელი - ელისო დათუსანი;
დაინტერესებული პირი - იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;
წარმომადგენელი - ნათია ბაღდავაძე;
დავის საგანი – შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. გ------ი მა---–----–-ძეს არასრულწლოვან შვილთან ნ-----–ი მა---–----–-ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო, ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას, დილის 10 საათიდან 19 საათამდე.
მოსარჩელე გ------ი მა---–----–-ძის განმარტებით, მოპასუხე უზღუდავს შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, რითაც ირღვევა მისი კანონიერი უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე თ----- პე------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მისი განმარტებით, მამას მის მიერ მითითებულ დღეებში მხოლოდ ორი საათი უნდა განესაზღვროს შვილთან ურთიერთობისათვის, ისიც მისი თანდასწრებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ნ-----–ი მა---–----–-ძე, დაბადებული 2017 წლის 27 აპრილს არის გ------ი მა---–----–-ძის და თ----- პე------ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ. 16);
3.1.2. დადგენილია და მხარებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მცირეწლოვანი ნ-----–ი მა---–----–-ძე ცხოვრობს დედასთან ერთად ქ. ქუთაისში, ხოლო მამა გ------ი მა---–----–-ძე ქ. ზესტაფონში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ შეისწავლა გ------ი მა---–----–-ძის ოჯახური გარემო. მისი 2017 წლის 22 დეკემბრის დასკვნით, გ------ი მა---–----–-ძე წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ შუაგორადანაა, მუშაობს ზესტაფონში, შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, ორთოპედ–ტრავმატოლოგად. მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 1000–1200 ლარია, ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი, მშობლების სახით. ოჯახს აქვს ბინა ქუთაისში. გ------ი მა---–----–-ძეს ჰყავს საკუთარი ავტომანქანა, იგი ზესტაფონში ცხოვრობს ნაქირავებ ოროთახიან ბინაში, სადაც ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია (უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით, ცივი და ცხელი წყლით, შესაბამისი ავეჯით). მეუღლესთან დაშორების შემდეგ, დაახლოებით 5 თვეა, მამას შვილი არ უნახავს. მეუღლის მშობლებთან დაძაბული ურთიერთობის გამო მათთან სახლში არ მიდის, სხვა ადგილებში შეხვედრაზე კი არ ეთანხმება მოპასუხე. ვიზიტისას გაირკვა, რომ გ------ის არ ახასიათებს მავნე ჩვევები, მისი ცხოვრების სტილი საფრთხეს არ შეუქმნის ბავშვს. სასურველია მცირეწლოვან ნ-----–ი მა---–----–-ძეს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ. 39);
3.2.2. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა შეისწავლა თ----- პე------ის ოჯახური გარემო, მისი 2018 წლის 12 იანვრის დასკვნით, მოპასუხე მუშაობს ზესტაფონში სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, საღამოს 20 საათამდე. დღის მანძილზე ბავშვზე ზრუნავს თ-----ს ბებია მაყვალა ხუსკივაძე. ბავშვი მოწესრიგებულია, საცხოვრებლი სახლი აღჭურვილია სათანადო ავეჯით და ინვენტარით, ბავშვის პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია დედის და ბებია–ბაბუას მხრიდან. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია. დედის განმარტებით, იგი წინააღმდეგია მამამ შვილი ნახოს მის გარეშე, რადგან ფიქრობს, რომ მოსარჩელე სათანადოდ ვერ იზრუნებს შვილზე.
სასამართლოს დავალებით, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის 23 მარტს მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ 2018 წლის 07 მარტს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრში 10 თვის ნ-----–ი მა---–----–-ძე მიიყვანა დედამ, რომელიც ხელს უწყობდა მამის და შვილის შეგუების პროცესს, შეხვედრა გაგრძელდა ერთი საათი, ამ ხნის მანძილზე მამამ შეძლო გაერთო ბავშვი, მაგრამ ნ-----–ი მუდმივად ეძებდა დედას და ითხოვდა მასთან დაბრუნებას. როგორც სოციალური მუშაკისათვის სატელეფონო საუბრით გახდა ცნობილი, იგივე ურთიერთობა გაგრძელდა შემდგომ შეხვედრებზეც. დასკვნის თანახმად, ჩვილის ასაკის გათვალისწინებით, კვლავ უნდა გაგრძელდეს შეხვედრები, რათა მამას და შვილს შორის ჩამოყალიბდეს პოზიტიური მიჯაჭვულობა. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლები არ ცხოვრობენ ერთ ქალაქში, ხანგრძლივი დროით ნ-----–ის მამასთან დარჩენა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ჩამოუყალიბდება გამოკვეთილი შერჩევის და მიჯაჭვულობის გრძნობა მამის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ. 42);
3.2.3. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დედის გარეშე მამა-შვილის შეხვედრა რაიმე ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანთა ინტერესებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
გ------ი მა---–----–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12 1198-ე, 1202-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლებით .
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
ამავე კოდექსის 1201-ე მუხლით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, ნ-----–ი მა---–----–-ძე, დაბადებული 2017 წლის 27 აპრილს არის თ----- პე------ის და გ------ი მა---–----–-ძის შვილი. ვინაიდან მშობლები, მათ შორის არსებული ოჯახური უთანხმოების გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მცირეწლოვანი ნ-----–ი მა---–----–-ძე იმყოფება დედასთან, მამა გ------ი მა---–----–-ძე კი ითხოვს მასთან ურთიერთობის დროის განსაზღვრას, საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით, რასაც არ ეთანხმება დედა თ----- პე------ე.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
სასამართლო იზიარებს მცირეწლოვანი ნ-----–ი მა---–----–-ძის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან თანაბარი ურთიერთობა, ბავშვების სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მათი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. ამასთან მიაჩნია, რომ პირველ ეტაპზე, რაც უნდა განისაზღვროს ერთი წლის ვადით, არაა მიზანშეწონილი ბავშვის სამ საათზე მეტი დროით წაყვანა მამის მიერ, ისიც ქალაქის (ქუთაისი) ტერიტორიიდან გაყვანის გარეშე, რადგან მცირეწლოვანი არ არის შეჩვეული მამასთან ურთიერთობას და გაუცხოების პროცესი, ნელ-ნელა უნდა იქნას დაძლეული. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი მამას უნდა მიეცეს უფლება კვირაში ორი დღე, ყოველი კვირის პარასკევს და კვირას, 12 საათიდან 18 საათამდე წაიყვანოს შვილი ნ-----–ი მა---–----–-ძე თავის საცხოვრებელ სახლში.
მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. მოცემულ შემთხვევაში, შვილებსა და მამას შორის არსებული ურთიერთობისათვის, ბავშვების ასაკის და მათი ინტერესების, ბავშვების წარმომადგენლის რეკომენდაციის და იმის გათვალისწინებით, რომ გ------ი მა---–----–-ძისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა არა სრულად. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე ას-260-248-2016), რომლის მიხედვითაც “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ჩარევის სატანდარტად გამოყენებული უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სატანდარტს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დასაცავად. (იხ. სუსგ N ას -458-440-2016, 15.07.2016წ)“.
სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნით არ დასტურდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობის დაცვას. სასმართლოსათვის ამომავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72), ასევე სუგს N ას -967-916-2915, 25.02.2016წ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილის შორის ურთიერთობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრებ ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინაღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით. რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8-ე მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის მხრიდან მამის მიმართ გაჩენილი დამოკიდებულების დასაძლევად მიზანშეწონილია მამისა და შვილების თავდაპირველი ურთიერთობა განისაზღვროს ეტაპობრივად. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათს და კვირას, დილის 12 საათიდან 15 საათამდე, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მისი ქალაქიდან (ქუთაისი) წაყვანის უფლების გარეშე.ერთი წლის გასვლის შემდეგ კი მამას უნდა მიეცეს უფლება კვირაში ორი დღე, ყოველი კვირის პარასკევს და კვირას, 12 საათიდან 18 საათამდე წაიყვანოს შვილი ნ-----–ი მა---–----–-ძე თავის საცხოვრებელ სახლში.
7. საპროცესო ხარჯები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244, 248-249-ე, 250- ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------ი მა---–----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ------ი მა---–----–-ძეს არასრულწლოვან შვილთან ნ-----–ი მა---–----–-ძესთან (დაბ. 27.04.2017წ) ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს, დილის 12 საათიდან 15 საათამდე, მისი ქალაქიდან (ქუთაისი) წაყვანის უფლების გარეშე, ერთი წლის გასვლის შემდეგ გ------ი მა---–----–-ძეს მიეცეს უფლება კვირაში ორი დღე, ყოველი კვირის პარასკევ და კვირა დღეს, 12 საათიდან 18 საათამდე წაიყვანოს შვილი ნ-----–ი მა---–----–-ძე, თავის საცხოვრებელ სახლში.
3. თ----- პე------ეს გ------ი მა---–----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე