გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2018
საქმის ნომერი
820310017002064508
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002064508

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი. 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: ლუ---–----–--ე, ბა------–---ძე, თე-------–-----ძე.

წარმომადგენელი: რუსუდან ბასკურიძე, თეონა ჭუმბურიძე

მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის ზედამხედველობის სამსახური.

წარმომადგენელი: გი------------ძე, ნა-----------–-ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N8 დადგენილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისი ბრძანება N 927.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N7 დადგენილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისი ბრძანება N 926.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელეები ცხოვრობენ სოფელ ა---––--–- და საცხოვრებელ სახლთან ერთად საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ემიჯნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ახ--––--ის კულტურის სახლი. ტერიტორია გამიჯნული იყო ძველი, ბარდ-ეკალის, ტრიფოლიატისა და რიყის ღობით, იყო უსახურ ფორმაში და საჭიროებდა ახალი ღობის გაკეთებას. მოსარჩელეებმა საკუთარი ხარჯებით ძველი ღობის მაგივრად გააკეთეს ახალი ქვის ღობე და ტერიტორია მოიყვანეს წესრიგში, თუმცა 2017 წლის 11 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა მითითებები, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებს მიეცათ ვადა, მოეხდინათ ობიექტის - ქვის ღობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მოსარჩელეებმა მიმართეს ზედამხედველობის სამსახურს და აცნობეს, რომ ეს ღობე აშენებულია წლების წინ, ამასთან მოახდინეს არა ახალი ღობის აშენება, არამედ ძველი ღობის რეკონსტრუქცია, ეს ღობე წარმოადგენდა გამყოფ ზოლს მათ საკუთრებასა და კულტურის სახლს შორის, შესაბამისად შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობაში ღობის მოყვანა.

მიუხედავად აღნიშნულისა 2017 წლის 15 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო დადგენილება #8, რომლითაც მოსარჩელეები გაფრთხილდნენ მოეხდინათ ქვის ღობის დემონტაჟი და ტერიტორია მოეყვანათ პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული დადაგენილება მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელმაც 2017 წლის 26 ივლისს მიიღო ბრძანებები N 926 და N 927 რომლითაც შეწყდა მოსარჩელეების ბა------–---ძისა და თე-------–-----ძის საჩივრების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მათ არ განუხორციელებიათ უკანონო მშენებლობა, რადგანაც ღობე არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას, რომელზეც საჭიროა მშენებლობის ნებართვა; აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელების მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოსარჩელეების მიერ ქვის ღობის აშენება მოხდა კანონდარღვევით. ღობე გავლებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის სახელზე და წარმოადგენს ახ--––--ის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიას. მოსარჩელეების მიერ მოხდა სახელმწიფო ტერიტორიის უკანონოდ დაკავება აღნიშნულის გათვალისწინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2017 წლის 11 მაისს მიეცათ მითითება, რის შემდეგაც 2017 წლის 15 ივნისს N7 და N8 დადგენილებების მიღება სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევის გამო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. ასევე კანონიერად იქნა მიღებული 2017 წლის 26 ივლისის N 926 და N927 ბრძანებები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.საქმეზე მესამე პირი არ ყოფილა ჩართული

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ხელვაჩაური, სოფელი ცენტრი ახ--––--ი, თე-------–-----ძეს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება 1802 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 438 კვ. მეტრი ფართის შენობა ნაგებობა საკადასტრო კოდი: N22.23.---0--). მიწის ნაკვეთი ემიჯნება სოფელ ახ--––--ის კულტურის სახლის მიმდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,-საკადასტრო გეგმა

-სიტუაციური გეგმა

 

4.1.2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ხელვაჩაური, სოფელი ცენტრი ახ--––--ი, ლუ---–----–--ეს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება 2500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 415 კვ. მეტრი ფართის შენობა ნაგებობა საკადასტრო კოდი: N22.23.---1--). მიწის ნაკვეთი ემიჯნება სოფელ ახ--––--ის კულტურის სახლის მიმდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,-საკადასტრო გეგმა

-სიტუაციური გეგმა

 

4.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება № 07 ,,სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევის ჩადენის გამო თე-------–-----ძის მიმართ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, რომლითაც თე-------–-----ძე დავალდებულდა მოახდინოს სოფელ ა---––--–- ქვის ღობის დაშლა დემონტაჟი და ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება № 07

 

4.1.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება № 08 ,,სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლუ---–----–--ის მიმართ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, რომლითაც ლუ---–----–--ე დავალდებულდა მოახდინოს სოფელ ა---––--–- ქვის ღობის დაშლა დემონტაჟი და ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება № 08

 

4.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისის N 07 და № 08 დადგენილებები ადმინისტრაციული საჩივარით გასაჩივრებული იქნა ლუ---–----–--ის შვილის ბადრი შამილაძისა და თე-------–-----ძის მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 26 ივლისს მიღებული იქნა N 927 და 928 ბრძანებები, ბა------–---ძისა და თე-------–-----ძის განცხადებების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შედეგების თაობაზე, რომლთაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივრები და შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისის N 927 და 928 ბრძანებები.

 

4.1.6. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელეების თე-------–-----ძისა და ლუ---–----–--ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელი ცენტრი ა---––--–- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ახ--––--ის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიისაგან გასამიჯნავად აშენებული აქვთ ქვის ღობე, რომელიც მთლიანად განთავსებულია ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა- განმარტებები

-საკადასტრო გეგმები

-სიტუაციური გეგმა.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 .მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეების მიერ აშენებული ქვის ღობის ნაწილი გადის მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, თუმცა ხელშეშლის აღკვეთა მესაკუთრეს არ აქვს მოთხოვნილი. ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ღობის აშენების დრო და არის თუ არა მოპასუხეთა მიერ აშენებული ღობე შენობა, რომლის უკანონო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობას ადგენს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი".

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ სადაო ღობე აშენებულია და არსებობს წლების განმავლობაში, შესაბამისად იმ პერიოდში როდესაც მოხდა დანგრეული ტრიფოლიატის ღობის შეცვლა ქვის ღობით, არ იყო საჭირო მშენებლობის ნებართვა და სამშენებლო პროექტი. ასევე დღეს მოქმედი ,,2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ N 57-ე დადგენილება არ ითვალისწინებს ღობეზე მშენებლობის ნებართვას, რადგანაც ამ დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად, გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე მიეკუთვნება I კლასის შენობა-ნაგებობას, რომელსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ღობის დემონტაჟი და მისი პივანდელ მდგომარეობაში მოყვანა .

 

მოპასუხე საპირისპიროს განმარტავს და ამტკიცებს, რომ მოსარჩელეების მიერ ღობის მშენებლობა მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე წარმოადგენს დარღვევას და შესაბამისად, 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N7 და N8 დადგენილებები მიღებული იქნა საქართველოს კანონის ,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის " 25- მუხლის მე-4- პუნქტის საფუძველზე, კანონიერია დადგენილება ღობის დემონტაჟის შესახებ.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საგანს და საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’;

- მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N 57 დადგენილება.

- საქართველო სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N8 და N9 დადგენილებები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 26 ივლისის N 927 და 928 ბრძანებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.3.განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N8 და N9 დადგენილებები, რომლითაც მოსარჩელეებს განესაზღვრათ მათ საკუთრებას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გამმიჯნავი, მოსარჩელეების მიერ აშენებული ქვის ღობის დემონტაჟი და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერიის) ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი მე-4 პუნქტის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. აღნიშნულ ნორმაზე მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გასაჩივრებული დადგენილებების მიღების საფუძვლად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და უდავოა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივნისს მიღებული იქნა № 07 და N08 დადგენილებები ,,სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევის ჩადენის გამო თე-------–-----ძის მიმართ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, რომლითაც თე-------–-----ძე და ლუ---–----–--ე დავალდებულდა მოახდინოს სოფელ ა---––--–- ქვის ღობის დაშლა დემონტაჟი და ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

 

7.5. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის N 57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მესამე მუხლის 74-ე ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის – მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;

 

აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის სახეობებს: ,,ა ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება”.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

დადგენილების” 36-ე მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა ,,ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას”.

აღნიშნული დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: პუნქტი გ): გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

 

ზემო დასახელებული ნორმების შეფასებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ქვის ღობე, რომლის დემონტაჟზეც იქნა მიღებული დადგენილება, არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებას. ამასთანავე შეუძლებელია ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა, ტრიფოლიატის მცენარეებითა და რიყის ქვებით ღობის გაკეთება.

 

სხვა საკითხია, რომ მოსარჩელეებმა ღობის ნაწილი ააშენეს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნული კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე, მხოლოდ, ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქვის ღობე განთავსებულია დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. მოპასუხეს აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა და ღობის დემონტაჟი, თუმცა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე და ამ აქტით დემონტაჟის დავალდებულება კანონშეუსაბამოა.

 

7.7. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა:

1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2.დასაბუთება წინ უძღვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის ეს მოთხოვნა არ არის დაცული, არ არის დადგენილი როდის იქნა ღობე აშენებული, არ არის დასაბუთებული, რომ ღობე წარმოადგენს შენობა ნაგებობას, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასება არ მოახდინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონის შესაბამისად, რაც აუცილებელი და სავალდებულო იყო სწორი სამართლებრივი დასკვნისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დემონტაჟს დაქვემდებარებული მოსარჩელების მიერ აშენებული ქვის ღობე არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებას.

 

7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N8 და N9 დადგენილებები, ,,უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) დავალდებულების თაობაზე“, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

7.10. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 15 ივნისის N8 და N9 დადგენილებები სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისის N 926 და 927 ბრძანებები.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

მოსარჩელეებს გადაევადათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლუ---–----–--ის, ბა------–---ძისა და თე-------–-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.4. 2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N8 დადგენილება.

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისი ბრძანება N 927.

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 15 ივნისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N7 დადგენილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისი ბრძანება N 926.

 

4. მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე