გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
140210016001603572
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210016001603572

საქმე № 2/1557-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 სექტემბერი, 2017 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - მ------------–-–---–ი

წარმომადგენელი - კ-------–-----–--ე

მოპასუხეები - ნ--------------–---–ი, ვ-–------------–-----–---–ი, ავთანდილ ბუდედაშვილი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს: ნ--------------–---–ს, ვ-–------------–-----–---–ს და ა---------–----------–---–ს, მ------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 3486 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, მ------------–-–---–მა 2016 წლის მარტში მოპასუხეებს მცირე საწარმოს ასამუშავებლად ასესხა 2500 ლარი, ხოლო მოგვიანებით 500 ლარი გადასცა. შემდეგ პროდუქტების შესაძენად კიდევ გადასცა 486 ლარი. მოპასუხეები ჰპირდებოდნენ რომ საწარმოს ამუშავებისთანავე დაიწყებდნენ მისი თანხის გადახდას და შემდეგ თუ საქმე წამგებიანი იქნებოდა სრულად დაუბრუნებდნენ თანხას, ანუ ყველა შემთხვევაში მ------------–-–---–ისათვის უნდა დაებრუნებინათ მისი თანხა. შემდეგ მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მოპასუხეებმა უარყვეს მ------------–-–---–ის მიმართ არსებული დავალიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მნიშვნელობა არ აქვს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, ვინაიდან რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობაც არ უნდა ყოფილიყო მხარეებს შორის, მ------------–-–---–ის მიერ მოპასუხეთათვის გადაცემული თანხა დაბრუნებას ექვემდებარებოდა. რაც შეეხება მოპასუხე ვლადიმერ ბუდედაშვილს, მასთან დაკაშირებით, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ვლადიმერ ბუდედაშვილი მოპასუხედ იმიტომ მიუთითეს, რომ საცხობი უნდა გახსნილიყო მის კუთვნილ ფართში და მარინე ბუდედაშვილის თანხის ნაწილი სწორედ მისი ამ ფართის შეკეთებაში დაიხარჯა (იხილეთ სარჩელი და 11.07.2017 წ. (13:54:39) სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ნ--------------–---–მა და ვ-–------------–-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2016 წლის მარტის თვეში მათთან ბინაში მივიდა მ------------–-–---–ის და სთხოვა ერთობლივად გაეკეთებინათ საცხობი. აღნიშნული შეთავაზება მათ მიიღეს და მამამისის, ვლადიმერ ბუდედაშვილის კუთვნილ ფართში ერთობლივად გახსნეს საცხობი. საცხოში მიღებული მოგება უნდა გაეყოთ სანახევროდ. აღნიშნული საცხობის გახსნისათვის და საჭირო ინვენტარის შეძენისათვის დასჭირდათ 6000 ლარი, საიდანაც 3000 ლარი იყო მოსარჩელის, 3000 ლარი კი მათი, ვინაიდან იმ ფართში, სადაც საცხობი გაკეთდა სალონი ჰქონდა მის მეუღლეს და ძირეული გადაკეთება დასჭირდა და მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯი არის კიბეების, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის, ღუმელის შესაძენად გაღებული ხარჯი, დანარჩენი, მათ შორის მცხობელისათვის გადასახდელი ხელფასი, გაზის და წყლის გადასახადიც გადასახდელია.

 

მოპასუხეების განმარტებით, საცხობმა ვერ იმუშავა და მ------------–-–---–მა ითხოვა თანხის დაბრუნება, რა დროსაც მათ შესთავაზეს წაეღო იმ ღირებულების ინვენტარი, რა თანხაც მან დახარჯა ან აემუშავებინა საცხობი და ამოეღო ის თანხა, რაც ჩადო საქმეში, მაგრამ ორივე შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ორივე მარის მხრიდან თანხა, რომელიც საცხობის გახსნისთვის დასჭირდათ, იყო სანახევროდ ჩადებული ორივე მხარის მიერ და მოსარჩელისაგან მათ რაიმე თანხა არ მიუღიათ (იხილეთ შესაგებელი და 11.07.2017წ. (13:58:59) სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე ა---------–----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე ნ--------------–---–ი არის მისი შვილი, ხოლო ვ-–------------–-----–---–ი სიძე. მათ გადაწყვიტეს საცხობის გაკეთება მის კუთვნილ ფართში და ისიც დასთანხმდა, სხვა რაიმე სახით მონაწილეობა მას საცხობის გახსნაში არ მიუღია. შესაბამისად, მას კავშირი არ აქვს საქმესთან (იხილეთ შესაგებელი და 11.07.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ 2016 წლის მარტის თვეში მხარეები, ერთის მხრივ მ------------–-–---–ი და მეორეს მხრივ ვ-–------------–-----–---–ი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ აემუშავებინათ საცხობი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხეების ახსნა-განმარტება;

- შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 319-ე, 316-317-ე, 46-ე, 464-ე, 623-624-ე, 930-932-ე, 939-ე, 937-ე, 939-940-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით მიუთებს, რომ მან სესხის სახით მოპასუხეებს გადასცა თანხა, რომელსაც აღარ უბრუნებენ, რითაც დაირღვა მისი, როგორც კრედიტორის კონსტიტუციური უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

გამნსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მხარეთა ზეპირი განმარტებები მათ შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მან მოპასუხეებს ასესხა ფულადი თანხა, თუმცა იგი სარჩელშივე აღნიშნა, რომ ამ თანხით უნდა აემუშავებინათ საცხობი. თავის მხრივ მოპასუხეები: ნ--------------–---–ი და ვ-–------------–-----–---–ი მიუთითებდნენ, რომ მათ თანხა არ უსესხიათ, უბრალოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით უნდა აემუშავებინათ საცხობი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვისას მიუთითა, რომ მ------------–-–---–მა მოპასუხეებს ვალდებულების გარეშე გადასცა ფულადი თანხა, რომლის ნაწილი დაიხარჯა მოპასუხე ა---------–----------–---–ის კუთვნილი იმ ფართის შეკეთებაში, სადაც საცხობი უნდა ამოქმედებულიყო და ეს თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ საფუძვვლით, რომ მხარეებს შორის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული წერილობით. ამდენად, მხარეებს შორის სადავოა თუ რა სახის ვალდდებულებითსამერთლებრივი ურთიერთობა არსებობდა მათ შორის.

 

6.2. სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მ------------–-–---–მა მოპასუხეებს ნ--------------–---–ს და ვ-–------------–-----–---–ს გადასცა 3486 ლარი, აქედან 3000 ლარი დაიხარჯა ფართის შეკეთებაში, ხოლო 486 ლარით პროდუქტი იქნა შეძენილი, სადავოა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზანი.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მან მოპასუხეებს ფულადი თანხა გადასცა სესხის სახით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.4. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავს ერთმანეთის არგუმენტებს. შესაბამისად, სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად, საბოლოოდ კი რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია მხოლოდ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება სესხის არსით. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას. თავის მხრივ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს მათ შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმების არსებობა.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ------------–-–---–მა საცხობის ასამუშავებლად, ნ--------------–---–ს და ვ-–------------–-----–---–ს მისცა 3486 ლარი, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება ამ თანხის სესხის სახით გადაცემის მიზანი, პირიქით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ შსს გორის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა მ------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთა თანახმადაც, კერძოდ მ. ბიბილაშვილის განცხადების შინაარსით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება სწრაფი კვების ობიექტის დაფუძნების თაობაზე. ამ განცხადებაში მ------------–-–---–ი მიუთითებს, რომ ნ--------------–---–თან და ვ-–------------–-----–---–თან ერთად უნდა გაეკეთებინა სწრაფი კვების ობიექტი, თვითონაც უნდა შესულიყო წილში, რისთვისაც იყიდეს სპეციალური დანადგარები, მასალები და პროდუქტებისათვის გაიღო 486 ლარი, თუმცა შემდეგ მოატყუეს.

 

6.7. აღნიშნული მასალებთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ზუსტად არ ახსოვს მისი განცხადებისა და მასთან გამოკითხვის ოქმის შინაარსი და მიუთითა, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებისას მითითებული გარემოებები ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას რაიმე უპირატესობა, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, სასამართლოსათვის არ გააჩნია. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო, სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წინააღმდეგობაში არ მოდის შსს გორის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილ მასალებში მის მიერვე მითითებულ გარემოებებთან, მითუმეტეს, რომ აღნიშნული მასალები საქმეზე გამოთხოვილი იქნა სწორედ მოსარჩელის შუამდგომლობით, ამასთან, თავად მოსარჩელე მხარეს სადავო არ გაუხდია აღნიშნული მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს ამ მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, მოსარჩელეს მოთხოვნაა სამივე მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის სოლიდარულად დაკისრება, მაშინ, როცა თავადვე სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ა---------–----------–---–ი მოპასუხედ იმიტომ მიუთითა, რომ მის სახლში უნდა გაეკეთებინათ საცხობი, რითაც წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სასარჩელო მოთხოვნასთან, ისე მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებთან სოლიდარული ვალდებულების შესახებ.

 

ამდენად, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ ვერ დაადგინა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

 

6.8. რაც შეეხება მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

მითითებული მუხლების ანალიზით ცხადია, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს მიზნად უნდა ჰქონდეთ ერთობლივი საქმიანობის განხორციელება გარკვეული მიზნის მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება რაც დაადასტურებდა მათ ურთიერთობას საერთო საქმიანობის შესახებ, რის გამოც მოპასუხე მხარემ უნდა დააბრუნოს მიღებული თანხა.

 

6.11. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე ას-751-1077-07), „ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ მონაწილეთა ნების გამოვლენის განსაკუთრებულ ფორმას კანონი არ ითვალისწინებს, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. ზოგადი წესების გამოყენებით, ხელშეკრულების წერილობით ფორმას სავალდებული სახე აქვს იმ შემთხვევაში, თუ შენატანი (თუნდაც ერთ-ერთი მონაწილის) წარმოდგენილია უძრავი ქონების სახით. წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულო მოთხოვნა ეფუძნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებათა რეგულირების ზოგად ნორმებს. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს უძრავი ნივთის შეძენის აუცილებელ ფორმას, კერძოდ, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მესამე ნაწილით, ერთობლივი საქმიანობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ამავე კოდექსის 939-ე მუხლის თანახმად, 1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია: ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება; 2. გ) ხელშეკრულების მოშლა, ხოლო 940-ე მუხლის თანახმად, 1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. 2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმების არსებობისას, მხარეებს აკისრიათ ორმხრივი ვალდებულებები, შესაბამისად, ამ შეთანხმების ერთერთი მონაწილის მოთხოვნა დანარჩენი მონაწილეებისაგან მის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

 

6.14. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ვლადიმერ ბუდედაშვილის მიმართ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულ ვალდებულების არსებობაზე, თუმცა მან არათუ სესხის ხელშეკრულების სამივე მოპასუხესთან არსებობა დაასაბუთა, არამედ, თავად მიუთიტა სასამართლო სხდომაზე, რომ ა---------–----------–---–ის მიმართ მოთხოვნა იმიტომ დააყენა, რომ მის კუთვნილ ფართში უნდა გაეხსნათ საცხობი (11.07.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი), რითაც მან თავადვე უარყო მასთან რაიმე ფორმით ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი.

 

ამდენად, გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა მოპასუხე ა---------–----------–---–ის მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადასტურებულია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 111 ლარი, რომელიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე მ------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების: ნ--------------–---–ის, ვ-–------------–-----–---–ის და ა---------–----------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი