გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 080310017001957062
საქმე №3/745-2017წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ლ---- კ-------–--ე
მოპასუხე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - თ----- ღ---–--ე, ნ---------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 მაისის №33 განკარგულება ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დ--–- მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი და მის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დაადგინა აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობაზე საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება რის გამოც, დოკუმენტაცია გადაეგზავნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. აღნიშნულმა კომისიამ 2017 წლის 17 მაისის N33 განკარგულებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომისიამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და სადავო აქტი გამოსცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის 2 დეკემბრის დიმის მომხმარებელთა საზოგადოების აქტით ირკვევა, რომ 1992 წლის 2 დეკემბერს დიმის ყოვ.მოთხ.მაღაზია პავილიონი ,,ვოლგა’’ აგებულია 1955 წელს, ხანდაზმულობის გამო ვერ გაუძლო დიდთოვლობას და ჩაინგრა. პავილიონის საბალანსო ღირებულება შეადგენს 20049 კუპ. მაღაზიის დანადგარები აფასებულია 646 000 კუპ, დახლ. მაცივარი აფასებულია 35626 კუპ. მცირეფასიანი ინვენტარი 694,05 კუპონი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1992 წლის 2 დეკემბრის დიმის მომხმარებელთა საზოგადოების აქტი (იხ. ს.ფ. 19)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის ივლისის თვის N3 სხდომის ოქმით დადგინდა: გაიყიდოს პავილიონი ,,ვოლგა’’ ლ---- კ-------–--ეზე, თანხა 290 340 კუპონი შეტანილი იქნეს დიმის მომხმარებელთა საზოგადოების - სალაროში. აღნიშნული ობიექტის პრივატიზების შესახებ დასტური ეთხოვოს ბაღდათის რაიკავშირის გამგეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1993 წლის ივლისის თვის N3 სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 16-18)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია 1993 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული სალაროს ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: 655 კ-------–--ე ლ----ი - 290340.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სალაროს ფურცელი (იხ. ს.ფ. 20)
3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს წარედგინა ლ---- კ-------–--ის განცხადება (88204673334) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბაღდათი, სოფელ დ--–- უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაზე დართული იყო შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიები და დიმის მომხმარებელთა საზოგადოების 1993 წლის სხდომის ოქმი N3 და 1992 წლის 2 დეკემბრის აქტი, შენობის გეგმა;
დადგენილია, რომ N88204673334 განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016733334-03 (27.10.2016), N882016733334-09 (16.11.2016წ) გადაწყვეტილებები და დაინტერესებულ პირს მოსთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. ამასთან, დამატებით აცნობა, რომ განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე ფიქსირდებოდა 2012 წელს პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 30.07.42.---) ზედდება.
2016 წლის 14 დეკემბერს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016733334-13 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს მოსთხოვა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ბაღდათის რაიკავშირის დიმის მომხმარებელთა საზოგადოების პავლიონ ,,ვოლგის’’ შენობისა და მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული პასუხების (N14/58174, N13/63960, N41/3467 წერილები) მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და შენობაზე საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება არ დგინდებოდა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 6 იანვარს ლ---- კ-------–--ემ საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2017 წლის 12 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ამასთან განაცხადა თანხმობა წარდგენილი განცხადება განსახილველად გადასცემოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
იქედან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ დადგინდა ლ---- კ-------–--ის მიერ მიწის ნაკვეთზე და შენობა ნაგებობაზე საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება, 2017 წლის 24 იანვარს ლ---- კ-------–--ის განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის N55784 გადაწყვეტილებით ლ---- კ-------–--ეს უარი ეთქვა (N5444/17 (06.01.2017)) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.10.2016 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 75)
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 16.11.2016 წლის N882016733334-09 გადაწყვეტილება; (იხ. ს.ფ. 14; ს.ფ.26-32);
- 34382 წერილი (იხ. ს.ფ. 24);
- N41/3467 (იხ. ს.ფ. 104)
- N13/63960 (იხ. ს.ფ. 90-91);
- N14/58174 (იხ. ს.ფ. 104);
- 24.01.2017 წ. წერილი (იხ. ს.ფ. 74)
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 17.02.2017 წლის N55784 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 26-32);
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით გ------ი გ--------ე და რ----- გ--------ე ადასტურებენ, რომ ლ---- კ-------–--ე 1993 წლიდან გაფორმების გარეშე ფლობს და უვლის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 122 კვ. მეტრი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას მდებარე: ბაღდათი, სოფელი დიმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო აქტი (იხ. ს.ფ. 45)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომაროებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 30.07.42.--- რეგისტრაცია ბათილია.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ 89).
3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 აპრილს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ლ---- კ-------–--ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 122მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე 76,5 მ2 (რომელიც მდებარეობს სოფელ დ--–-) საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიამ დაადგინა, რომ ლ---- კ-------–--ეს უდასტურდება მართლზომიერი მფლობელობა, რაზეც უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N33 განკარგულებით ლ---- კ-------–--ეს უარი ეთქვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ განმცხადებელი (ლ---- კ-------–--ე) მიწის ნაკვეთს და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობს მართლზომიერად (რაც დასტურდება 1993 წლის ივლისის თვის სხდომის ოქმი N3-ით და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის N5 ოქმი (იხ. ს.ფ. 105-126);
- N33 განკარგულება (იხ. ს.ფ. 34-35);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 17 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- კ-------–--ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 მაისის N33 განკარგულება ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
მითითებული ნორმატიული აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს წარედგინა ლ---- კ-------–--ის განცხადება (88204673334) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბაღდათი, სოფელ დ--–- უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაზე დართული იყო შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიები და დიმის მომხმარებელთა საზოგადოების 1993 წლის სხდომის ოქმი N3 და 1992 წლის 2 დეკემბრის აქტი, შენობის გეგმა;
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის წერილით დადგენილია, რომ ლ---- კ-------–--ის განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, აღიარების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვის მიზნით. ამასთან, კომისიას დამატებით ეცნობა, რომ უძრავი ნივთის ზედდება დგინდებოდა წარმოებაში მყოფ მონაცემებთან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882016803907).
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ იქნა მოპოვებული ლ---- კ-------–--ის მიერ მიწის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დიმის მომხმარებელთა საზოგადოების 1993 წლის ივლისის თვის სხდომის N3 ოქმი და 1992 წლის 2 დეკემბრის აქტი ვერ განიხილებოდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი ,,ე“ ქვეპუნქტის (ასეთივე პირობას ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი) თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა ლ----ი კ-------–--ის N88204673334 განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინა, რომ ლ---- კ-------–--ის მიერ მიწის ნაკვეთზე და შენობა ნაგებობაზე (ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი)) საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება არ დასტურდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 24 იანვარს ლ---- კ-------–--ის განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, ლ----ი კ-------–--ის თანხმობით, გადაუგზავნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 თავით რეგლამენტირებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ლ---- კ-------–--ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ლ---- კ-------–--ე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი), ასევე უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. რამეთუ ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
6.5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მიუთითა, რომ ლ---- კ-------–--ეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი), უდასტურდება მართლზომიერი მფლობელობა. ანუ, 2017 წლის 17 მაისის N33 განკარგულების თანახმად, ლ---- კ-------–--ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარდგენილი დოკუმენტებზე დაყრდნობით აღიარების კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელი მიწის ნაკვეთს და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობის მართლზომიერად. ამავე განკარგულებაში მითითებულია, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მიჩნეული იქნა - დიმის მომხმარებელთა საზოგადოების 1993 წლის ივლისის თვის სხდომის N3 ოქმი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სხვა მოტივაციას, თუ რატომ არ იქნა დაკმაყოფილებული ლ---- კ-------–--ის მოთხოვნა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით (მე-41 მუხლი) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი) ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მითითებული ნორმატიული აქტებით ცალსახად არის გამიჯნული ადმინისტრაციული ორგანოების - აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია მართლზომიერი და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ერთ ადმინისტრაციულ ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ, მისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვა მტკიცებულებები, ვერ დაადგინა მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები - დიმის მომხმარებელთა საზოგადოების 1993 წლის ივლისის თვის სხდომის N3 ოქმი და 1992 წლის 2 დეკემბრის აქტი ვერ მიიჩნია იმ სახის დოკუმენტად, რომელიც განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა, მეორე ადმინისტრაციულმა ორგანომ - აღიარების კომისიამ იმავე დოკუმენტებზე დაყრდნობით და მისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მიიჩნია (დაადასტურა) ლ---- კ-------–--ის მიმართ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის მართლოზომიერად ფლობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, აღიარების კომისიამ ისე მიიღოს გადაწყვეტილება ლ---- კ-------–--ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ შეფასება არ მისცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და რაც მთავარია, უარის თქმის საფუძველს. ამასთან, თავის მხრივ, დამატებით არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები და სხვაგვარი შეფასება არ მიუცია წარდგენილი დოკუმენტებისათვის. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ლ---- კ-------–--ის განცხადება უფლების აღიარების თაობაზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად აღიარების კომისიაში გადაგზავნილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების გათვალისწინებით, აღიარების კომისიას არ გამოუყენებია შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღებამდე მოესმინა შუამდგომლობის ავტორისათვის.
შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ მითითებული მოტივაციით უარის თქმა ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს - აღიარების კომისიის მიერ მის უფლებამოსილებასა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების დასტურად, რამეთუ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში არ არის მითითებული და ვერც საქმის განხილვის ეტაპზე იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საკანონმდებლო აქტებით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის დანაწესები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე უნდა იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი აღნიშნული გარემოების არსებობა უნდა დადგინდეს ზემოთ დასახელებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის.
ლ---- კ-------–--ე განმარტავს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობას (ფართით 76,5 კვ. მეტრი) ფლობს 1993 წლიდან, მოსარჩელე მხარის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების მიზნით წარდგენილი იქნა მოქალაქეების - გ------ გ--------ის და რ----- გ--------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ლ---- კ-------–--ის მიერ 1993 წლიდან ფლობს, სარგებლობს და უვლის მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–-.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს ეროვნული არქივის №13/63960 წერილს, რომლის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული, ბაღდათის რაიონის დიმის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, დ----- ს-----ის ძე კ-------–--ე და ლ---- დ-----ის ძე კ-------–--ე გადახაზულია და კომლის უფროსად მითითებულია ნ-------- გ------ის ასული კ-------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: დ----- ს-----ის ძე კ-------–--ე-უფროსი გადახაზულია, გარდაიცვალა; ე-–--- ი------ს ასული კ-------–--ე- ცოლი გადახაზულია გარდაიცვალა; ლ---- დ-----ის ძე კ-------–--ე - შვილი გადახაზულია; ნ-------- გ------ის ასული ზ-------ე-რძალი გადახაზულია და მითითებულია უფროსი; დ-----ი ლ----ის ძე კ-------–--ე - შვილიშვილი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 1986-1990 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებული 1986 წელს. საერთო სასარგებლო ფართით 70 კვ.მ. და მიწის ნაკვეთის ფართობი 1986-1991 წლის ჩანაწერით 0,41 ჰა.1992-1995 წლების ქონებრივი მონაცემები მიწის ფართობის შესახებ მითითებული არ არის.
დადგენილია, რომ დიმის საკრებულოს 1996-200 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ნ-------- გ------ის ასული ზ-------ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-------- გ------ის ასული ზ-------ე -უფროსი; დ-----ი ლ----ის ძე კ-------–--ე -შვილი; გიორგი ლ----ის ძე კ-------–--ე - შვილი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 1996-1997 წლების ჩანაწერებით საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 70კვ.მ და მიწის ნაკვეთის ფართობი 1997 წლის ჩანაწერით 0,75 ჰა. 1996,1998-2000 წლების ქონებრივი მონაცემები მიწის ფართობის შესახებ მითითებული არ არის. დადგენილია, რომ დიმის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში , კომლის უფროსად ჩაწერილია ნ-------- ზ-------ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-------- ზ-------ე -უფროსი; დ----- კ-------–--ე - შვილი;
გიორგი კ-------–--ე - შვილი;
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება, 2001-2004 წლების ჩანაწერებით, საცხოვრებელი სახლი აგებული 1966 წელს. საერთო სასარგებლო ფართი 70 კვ.მ და მიწის ნაკვეთის ფართობი 2002 წლის ჩანაწერით 0,75 ჰა. 2001,2003-2006 წლების ქონებრივი მონაცემები მიწის ფართობის შესახებ მითითებული არ არის.
საქართველოს ეროვნული არქივის №13/63960 მიმართვაში აღნიშნულია შემდეგი შენიშვნა, რომ დიმის საკრებულოს საკომლო წიგნებში, ბაღდათის რაიკავშირის, დიმის მომხმარებელთა საზოგადოების მიერ, ლ---- კ-------–--ის სახელზე გაცემული უძრავი ქონების შესახებ, ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის (იხ. ს.ფ. 90-91).
აღსანიშნავია ასევე N41/3467 წერილი, რომლის თანახმად, ლ---- კ-------–--ის მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია დაცული არ არის (იხ. ს.ფ. 93) და N14/58174 წერილი, რომლის თანახმად, ლ---- კ-------–--ის მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში არ მოიპოვება (იხ. ს.ფ. 104).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტში არ ყოფილა მსჯელობა ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია, რასაც მას ავალდებულებს, როგორც სპეციალური კანონი და საქართველოს მთავრობის N376 დადგენილება, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საერთოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ---- კ-------–--ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 17 მაისის N33 განკარგულება ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ბაღდათის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ---- კ-------–--ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე, დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აისახა დასკვნა, რომ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, თუმცა არ აისახა თუ რატომ არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია არგუმენტი, რომელიც სრულად გააბათილებდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების თაობაზე განმცხადებლის არგუმენტაციას და წარდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო განხილვისას მოპასუხე ადმინისტარციული ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან ასევე, არ ყოფილა მითითებული რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რომელსაც დაეყრდნო კომისია გადაწყვეტილების გამოტანისას. მხოლოდ იმ საკითხზე მითითება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მიჩნეული იქნა რომ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობა, ავტომატურად არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებული იყო ემსჯელა განმცხადებელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შესაძლებლობაზე, ან თვითნებურად დაკავების შესაძლებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე, შესაბამისი მტკიცებულებებზე მითითებით. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითებული მოტივაცია განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და სხვა მტკიცებულებების შესწავლის აუცილებლობისგან და ვალდებულებისგან.
მტკიცებულებათა არასაკმარისობისა (საკმარისობის) თუ სხვა საფუძვლით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართა კანონით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებას დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებისათვის და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება - 2017 წლის 17 მაისის N33 განკარგულება ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- მდებარე 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) ლ---- კ-------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე ლ---- კ-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- კ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 მაისის №33 განკარგულება ლ---- კ-------–--ისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–- 122 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ფართით 76,5 კვ. მეტრი) ლ---- კ-------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
4. მოპასუხეს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ლ---- კ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი