განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002416540
N1/140-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
5.06.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ბრალდებული - დ-------ი ა-------ს ძე ჯ---–---–ი, დაბადებული 1--- წლის 28 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------, სოფელი ა-----.
კვალიფიკაცია
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ-------- ჯ---–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, გ---------------ს სოფელ ა----ში მდებარე ა------ ჯ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, დ-------- ჯ---–---–მა მის ხელთ არსებული დანა ე---------- ჯ---–---–ს ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელის არეში და ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც ე---------- ჯ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დ-------- ჯ---–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, გ---------------ს სოფელ ა----ში მდებარე ა------ ჯ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, დ-------- ჯ---–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მამის - ა------ ჯ---–---–ის მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- ჯ---–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ხელი სახის არეში ერთხელ დაარტყა მამას - ა------ ჯ---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის დ-------- ჯ---–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ-------- ჯ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილი და ამოღებული ნივთმტკიცებები, მოწმეების - ა------ ჯ---–---–ის, ა------ ჯ---–---–ის, ლელა გ-----–--ის და ე---------- ჯ---–---–ის გამოკითხვის ოქმები, დ-------- ჯ---–---–ის დაკავების ოქმი, ტანსაცმლის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.
დ-------- ჯ---–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ-------- ჯ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დ-------- ჯ---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება ცემას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ-------- ჯ---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას დ-------- ჯ---–---–ს ამოძრავებდა ანგარების ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი, რაც განპირობებული იყო სადავო უძრავი ქონებით. დაზარალებული ა------ ჯ---–---–ი არ თანხმდებოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბრალდებულის საკუთრებაში გადაცემას, რაზე განაწყენებულმა დ-------- ჯ---–---–მა მამას, შელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ მუშტი დაარტყა სახის არშეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.
რაც შეეხება ე---------- ჯ---–---–ის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, დ-------- ჯ---–---–მა, სრულიად უსაფუძვლოდ, იმის გამო, რომ კონფლიქტისას დაზარალებულმა მხარი დაუჭირა ა------ ჯ---–---–ს, ე---------- ჯ---–---–ს მოუქნია დანა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიციდა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.
მოწმეთა უდავო ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ დ-------- ჯ---–---–ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია დ-------- ჯ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------- ჯ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დ-------- ჯ---–---–ის მიერ ძალადობრივი დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის პერიოდში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------- ჯ---–---–ის მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით დ-------- ჯ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ-------- ჯ---–---–ს შეუმცირდა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 6 (ექვსი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დ-------- ჯ---–---–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 5 (ხუთი) თვის ვადით. 2015 წლის 17 მარტს იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, კალენდარულად საპატიმრო სასჯელის მოხდის გამო. რაც შეეხება დამატებით სასჯელს, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
მოცემულ შემთხვევაში, დ-------- ჯ---–---–მა ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა 2018 წლის 17 მარტს, მაშინ, როდესაც იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჯერ კიდევ ითვლებოდა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დ-------- ჯ---–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ-------- ჯ---–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. დ-------- ჯ---–---–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: დ-------- ჯ---–---–ი 32 წლისაა, დაოჯახებულია, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, არის ნასამართლევი, დაკავებამდე იყო უმუშევარი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ დ-------- ჯ---–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დ-------- ჯ---–---–ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს აზრით, სასჯელის ამგვარი სახე და ზომა შექმნის დ-------- ჯ---–---–ის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 50-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ-------- ჯ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ-------- ჯ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ დ-------- ჯ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტის 23:55 საათიდან.
3. მსჯავრდებულ დ-------- ჯ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ე---------- ჯ---–---–ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ე---------- ჯ---–---–ს;
· განხორციელდეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
· ე---------- ჯ---–---–ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა და საწოლის გადასაფარებელი, რომლებიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე