გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
010210017001852851
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001852851

საქმე №2-818/17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი გ-----------------ე

 

მოპასუხე გ--------–---–---

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე გ--------–---–---ზე სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში (2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი) გადაუხდელი სწავლის საფასურის 575 ლარის ოდენობით დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, ასევე ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 05 სექტემბრის №01-09/298 ბრძანებით გ--------–---–--- ჩაირიცხა სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ში ტურიზმის ფაკულტეტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/298, 05.09.2011წ;

 

3.2.2. 2011 წლის 15 სექტემბერს სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------სა და გ--------–---–---ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტმა აიღო ვალდებულება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდა სწავლასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს, ბსუ-ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება.

 

3.2.3. სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის №01-09/309, 03.08.2012წ ბრძანებით შეუწყდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი, რადგან ერთი და იგივე სასწავლო კურსი მოისმინა ორჯერ და ვერ შეძლო კრედიტების მიღება. 01-09/322 ბრძანებით აღდგენის წესით ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლილს საფასურის გადაუხდელობის გამო კი 2013 წლის 10 ივნისის 01-09/266 ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. შემდგომ 2013 წლის 29 აგვისტოს 01-09/354 ბრძანებით კი შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. მოსარჩელის მტკიცებით ამ დროისათვის გ--------–---–---ს ერიცხებოდა დავალიანება 575 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/309, 03.08.2012წ

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/322

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/266

- სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება №01-09/354

 

3.2.4. დადგენილია, რომ სარჩელი გ--------–---–---ს მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 22 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება ურთიერთვალდებულების განმსაზღვრელია ერთმანეთის მიმართ, მათ შორის ამჟამად დავის საგანზეც, - სწავლის საფასურის გადახდის წესზე.

 

იმ დროს კი, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მოქმედებდა უნივერისტეტის შიდასამართლებრივი აქტი სწავლის საფასურის გადახდის წესის და ვადების შესახებ, სადაც განსაზღვრულია სწავლის გადახდის წესი და ვადა და ამავე წესით სწავლის საფასურის გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებელია;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

ფაქტიურად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური;

 

მოპასუხეს კი იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.

 

ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე იგულისხმება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ურთიერთ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

 

მხარის - კონკრეტულ შემთხვევაში - უნივერსიტეტის ვალდებულებას შეადგენდა მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა;

 

იგივე გამომდინარეობს საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთერთი წყაროა სწავლის საფასური.

 

შესაბამისად კანონით დადგენილია საზღაურის გადახდა და გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის; აქედან გამომდინარე სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანების გადახდა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო შეუჩერდა 2013 წლის 10 ივნისის ბრძანებით, ხოლო შეუწყდა 2013 წლის 29 აგვიტოს ბრძანებით. რაც შეეხება სარჩელს, იგი სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 22 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

სსიპ შ-----------------–--------–-–---------------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2011 წლის 20 აპრილს მიღებული №02 გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი; კერძოდ, მოცემული წესის თანახმად სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს სხვა ვალდებულებებთან ერთად სწავლის საფასურის გადახდის პირობები და ვადები;

 

მოცემული წესის მეოთხე მუხლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებით გადაიხადოს სწავლის საფასური; ამავე წესის მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, - დაუშვებელია სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება;

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიმართ უნდა გავრცელდეს სწავლის საფასურის გადახდის წესის ის მოთხოვნები, რომლებიც არსებობდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში;

 

ამდენად საქმის განხილვით დადგენილია, რომ გ--------–---–---ს 2012-2013 სასწავლო წლის გადასახადი უნდა გადაეხადა თითოეული სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად თანხის გადახდის მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს ამ დროიდან წარმოეშვა.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო შეუჩერდა 2013 წლის 10 ივნისს, ხოლო შეუწყდა 2013 წლის 29 აგვიტოს, შესაბამისად ამ დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე. ამდენად მოსარჩელე თუ თვლიდა, რომ მოპასუხეს დარჩენილი ქონდა გადასახდელი სწავლის საფასური, მას ამის თაობაზე მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სულ მცირე 2013 წლის 29 აგვისტოდან სამი წლის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის დროისათვის, ანუ 2013 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისაგან დავალიანების გადახდას და მისთვის ამ დროისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 22 მარტს, ანუ სამი წლის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.4. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის 575 ლარი, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბათუმის შ-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი გ--------–---–---ს მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე