გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210117002227099
#2/5121-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.06.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომისმდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სს ”ს----------–--------ი”
წარმომადგენელი - დ---------------ე
მოპასუხე - მ----ბ მ----–--ე
წარმომადგენელი - ქ------------–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.მოპასუხე მ----ბ მ----–--ისათვის 11755.12 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 22 მარტსა და 2016 წლის 8 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 11 755.12 ლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 22 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 9415.38 ლარს (სესხის ძირი - 7409.86 ლარი, სარგებელი - 674.42 ლარი, საკომისიო - 55.56 ლარი, ჯარიმა - 1275.54 ლარი), ხოლო 2016 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2339.74 ლარს (სესხის ძირი - 1619.82 ლარი, სარგებელი - 464.10 ლარი, ჯარიმა 255.82 ლარი).
მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე მ----მ მ----–--ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 22 მარტს სს „ს----------–--------ის“ მიერ მ----ბ მ----–--ეზე გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 13.9 %-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით პირგასატეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, - ს. ფ. 17-37;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 38-39;
- ამონაწერი სესხის დაფარვების შესახებ - ს. ფ. 43-50;
3.2.2. 2016 წლის 8 ივნისს სს „ს----------–--------ის“ მიერ მ----ბ მ----–--ეზე გაიცა სესხი 1619.82 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 48 %-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით პირგასატეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- განაცხადი ექსპრეს სესხზე - ს. ფ. 40;
- ექსპრეს პაკეტის განაცხადი - ს. ფ. 41;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 42;
3.2.3. მ----ბ მ----–--ეს ათვისებული კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 17-37; 43-50;
- შეტყობინება დავალიანების შესახებ - ს. ფ. 52-53;
3.2.9. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს 19.12.2017 წლის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 11 755.12 ლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 22 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 9415.38 ლარს (სესხის ძირი - 7409.86 ლარი, სარგებელი - 674.42 ლარი, საკომისიო - 55.56 ლარი, ჯარიმა - 1275.54 ლარი), ხოლო 2016 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2339.74 ლარს (სესხის ძირი - 1619.82 ლარი, სარგებელი - 464.10 ლარი, ჯარიმა 255.82 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 17-37; 43-50;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 51;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 19.12.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 11 755.12 ლარს. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 19.12.2017 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.
დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოპასუხემ საერთოდ შეწყვიტა სესხი სდაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს 2016 წლის 22 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირი თანხის - 7409.86 ლარის, სარგებელის - 674.42 ლარისა და საკომისიოს - 55.56 ლარის დარიცხვის მართლზომიერება. მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ასევე, 2016 წლის 8 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირი თანხის - 1619.82 ლარისა და სარგებელის - 464.10 ლარის დარიცხვის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან და მასზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22.03.16 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კაპიტალისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამში - 8139.84 ლარის (სესხის ძირი - 7409.86 ლარი, სარგებელი - 674.42 ლარი, საკომისიო - 55.56 ლარი) ანაზღაურება და 08.06.16 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კაპიტალისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამში - 2083.92 ლარის (სესხის ძირი - 1619.82 ლარი, სარგებელი - 464.10 ლარი) ანაზღაურება.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურების დაკისრებას, რაც 22.03.16 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს - 1275.54 ლარს, ხოლო 08.06.16 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში - 255.82 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არმოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსურ ზარალზე არ აპელირებს. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 22.03.16 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 127.55 ლარით, ხოლო 08.06.16 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში - 25.58 ლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ჯამში 153.13 ლარის ნაწილში.
7.საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მ--- და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.
კერძოდ, მოპასუხე მ----ბ მ----–--ეს მოსარჩელე სს„ს----------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 4.59 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სს “ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 306.72 ლარი, 2017 წლის 20 დეკემბერს #1 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.66 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150, ხოლო 41.35 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულუზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლის მიხედვით, მოპასუხე მ----ბ მ----–--ეს აეკრძალა ქ. ბათუმში, თ-----------ს გამზირზე, მ--- შესახვევი, #---ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 0-----------) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის” მოთხოვნა, მოპასუხე მ----ბ მ----–--ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე მ----ბ მ----–--ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ, დაეკისროს 10 376.89 ლარის ანაზღაურება (მათ შორის 22.03.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - სესხის ძირი თანხა - 7409.86 ლარი, სარგებელი - 674.42 ლარი, საკომისიო - 55.56 ლარი, ჯარიმა - 127.55 ლარი; 08.06.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - სესხის ძირი - 1619.82 ლარი, სარგებელი - 464.10 ლარი, ჯარიმა - 25.58 ლარი).
2. მოპასუხე მ----ბ მ----–--ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 4.59 ლარის ოდენობით. მოპასუხე მ----ბ მ----–--ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე სს “ს----------–--------ს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 306.72 ლარი, 2017 წლის 20 დეკემბერს #1 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.66 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი