გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310018002323971
N 3/19-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თა------------ე
სხდომის მდივანი ფი------------ე
მოსარჩელე - ზა-----–---------–---–ი (პ.ნ 2----------)
წარმომადგენელი - თა---------------–ი
მოპასუხე - თელავის მუნიციპალიტეტის მერია (ს.ნ 2--------)
წარმომადგენელი - ელ----------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს:
1.1.ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზა-----–---------–---–ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ;
1.2.თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზა-----–---------–---–ი აღდგენილი იქნას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის -პირველად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ზა-----–---------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე ზა-----–---------–---–ი 2013 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის 04 ივნისამდე მუშაობდაობდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2014 წლის თვითმმართველი აგვისტოდან 2015 წლის 04 ივნისამდე მოსარჩელე მუშაობდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2015 წლის 04 ივნისიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილებაში გამგებლის თანაშემწედ.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანებით ზა-----–---------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წლის 29 ივნისის N641 ბრძანებით 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სამსახურის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 03 ოქტომბრის N01 ბრძანებით, 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N41 დადგენილების მესამე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების საფუძველზე შექმნილმა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ ზა-----–---------–---–ი შეაფასა "საუკეთესოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 28 ივლისის N7/1-421 ბრძანება (ს.ფ. 33);
-თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 სექტემბრის N252 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.34- 38).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის N396 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება(ს.ფ. 39 - 43).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 დეკემბრის N503 ბრძანება (ს.ფ.44).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N673 ბრძანება (ს.ფ.45).
-თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 თებერვლის N59 ბრძანება (ს.ფ.46).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 ივნისის N593 ბრძანება (ს.ფ.47).
-თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანება (ს.ფ.52).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის N641 ბრძანება(ს.ფ.57).
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 03 ოქტომბრის ბრძანება და შეფასების უწყისი (ს.ფ.60-61).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)
3.2. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N16 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა. აღნიშნული დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 1000 ლარი.
თელავის მუნიცილაიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N05 დადგენილებაში და ამ დადგენილების დანართით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1490 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N16 დადგენილება თანდართული დანართებით. (ს.ფ. 53-56; 133-136 ).
- თელავის მუნიცილაიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება დანართით (ს.ფ.58-59; 131-132).
3.3. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ" თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა პროფესიულ მოხელეს ეცნობა - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის N1167 ბრძანება (ს.ფ.62).
3.4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N28 განკარგულებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N13 განკარგულებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად.
აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა ორი განყოფილებით განყოფილებით, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა განისაზღვრა - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი რანგი, ერთი საშტატო ერთეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N13 განკარგულება დანართით (ს.ფ. 64-73; ს.ფ.137-146; )
-თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N28 განკარგულება დანართით (ს.ფ.74-82; 147-155).
3.5. 2018 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებულ მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო ზა-----–---------–---–ის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა პოზიციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი (ს.ფ. 286).
3.6. 2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა სია და ასევე, იმ საჯარო მოხელეების სია, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ტოლფასი თანამდებობის ან უფრო დაბალი თანამდებობების არარსებობის გამო. აღნიშნული წერილის დანართში რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებულ მოხელეთა სიაში, რომელთა მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული, ასევე მითითებულია ზა-----–---------–---–იც რანგისა და თანამდებობის მითითებით.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 04 იანვრის წერილით თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესახებ.
- თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 იანვრის მომართვების პასუხად თელავის მუნიციპალიტეტის მერს სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერიიდან და საკრებულოდან, ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოდან ეცნობა ვაკანტური ადგილების არარსებობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერის წერილი დანართით (ს.ფ. 165- 196).
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 04 იანვრის წერილი დანართით (ს.ფ. 156 -164).
- თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 იანვრის მომართვები და პასუხები (ს.ფ. 197-204).
3.7. თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვფანელი ზა-----–---------–---–ი ჩიარიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება (ს.ფ.27).
3.8. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 იანვრის Nს.ი.07 წერილით და სხვა დოკუმენტებით დადგენილია, რომ მითითებული პერიოდისათვის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობაზე და ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების და აუდიტის განყოფილების პოზიციებზე გამოცხადებულია ღია კონკურსი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 თებერვლის Nს.ი.29 წერილით და თანდართული დანართით დადგენილია, რომ ვაკანტურია მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის თანამდებობა.
თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 21 მარტის N377 ბრძანებით დადგენილია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის - პირველადი სტრუქტურურლი ერთეულის ხელმძღვანელის და ამავე სამსახურის აუდიტის განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობებზე გამმოცხადებული იქნა ღია კონკურსი.
ასევე დადგენილია, რომ სამსაუხრში დანიშვნის დღიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ მუშაობის პერიოდში წახალისების ზომა იქნა გამოყენებული
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 იანვრის Nს.ი.07 წერილი (ს.ფ.87-88).
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 თებერვლის Nს.ი.29 წერილი და თანდართული დანართი (ს.ფ. 210-212)
-თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 27 სექტემბრის N1298 ბრძანება (ს.ფ.287-288).
- თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 21 მარტის N377 ბრძანება (ს.ფ.253-254).
3.9. მხარეთა ახსნა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საშტატო ნუსხებით დადგენილია, რომ აღნიშნული შტატი არ გაუქმებულა და შტატის ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - პირველადი სტრუქტურული ერთეული- ტოლფასი. ასევე, ახსნა- განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მობილობაზე, და არც შეთავაზება არ ყოფილა მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ასევე, არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის მიღებაზე.მოსარჩელის განმარტებით, მისთვის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა მან მიიღო, როგორც სამი თვის ხელფასი, რომელიც მოპასუხეს არ ჰქონდა მისთვის ანაზღაურებული 2017 წლის ნოემბრის თვიდან. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, მოხდა რეორგანიზაცია, თუმცა , მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაუქმების შესახებ წერილობით გამოცემულ ბრძანებას, ასევე, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შტატის ფუნქციური დანიშნულების შეცვლას, საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმების შემოღებას, მოსარჩელის მიერ გამოთქმულ თანხმობას მობილობაზე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის აღებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ზა-----–---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზა-----–---------–---–ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან და განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების თანადმა, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები (რომელთა შორისაც არის საქართველო) აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად.
აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.
6.3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წლის 29 ივნისის N641 ბრძანებით 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სამსახურის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს მითითებული კანონმდებლობა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
ამავე კანონის მესამე მუხლის თანახმად,. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში.
2. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
3. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია:
ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად;
ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი.
ამავე მუხლის მე-12 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.
ამავე კანონის 48-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე.
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; აღნიშნულის შესაბამისად, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი.
სასამართლო აქვე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416-ე დადგენილების პირველ მუხლზე, რომლითაც განიმარტა:
ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი;
ბ) ახალი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი;
ამავე დადგენილებით განმარტებულია, რომ, ახალი მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე გაერთიანებული გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და განმარტავს: 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად, მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს წერილობით შესაგებელში .
შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე, რომელიც მუშაობდა გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წლის 29 ივნისის N641 ბრძანებით 2016 წლის 15 აგვისტოს N1081 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სამსახურის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
-თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქნა ჩარიცხული მოხელეთა რეზერვში. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის, ლიკიდაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ არ მიღებულა და გამოცემულა წერილობითი სახის გადაწყვეტილება.
6.5 სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.
საქართველოს მთვარობის 2017 წლის 01 სექტემბრის #417 დადგენილების 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად შეფასების კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას ;ა; პუნქტი საუკეთესო შეფასება - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/ საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ზა-----–---------–---–ს მიეცა შეფასება - საუკეთესო.
6.6 ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
ამავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
2. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
3. დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.
4. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
5. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამავე კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.
ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება.
3. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
ამავე კანონის 104-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ამავე კანონის 105-ე მუხლის თანახმად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან.
3. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
5. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება.
6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.
ამავე კანონის 108-ე მუხლის ა და ბ პუნქტების თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ გასაზღვრულია შემდეგი; მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. 2. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. მობილობის მიზანი მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე; ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება; გ) რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა; დ) მოხელეთა რეზერვი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით; ე) შტატების შემცირება – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მუხლი 4. მობილობის საფუძველი და მობილობას დაქვემდებარებული პირები 1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. 2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად,. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).
5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება და მასზე არ გავრცელდება ამ წესით დადგენილი რეგულაციები.
ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას.
2. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიციირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.
5. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
.ამავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას.
ამავე წესის მე-12 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-13 მუხლის თანახმად,. მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებული ზა-----–---------–---–ის მონაცემი, რომლის მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული.
6.7. 6.1.-6.6. პუნქტებში მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს:
მოცემულ შემთხვევაში ზა-----–---------–---–ი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.
განსახილველ შემთხვევაში კი ცალსახად დადგენილია, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს. არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება, და არ არსებობს მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება აქვს შეცვლილი, არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე Nბს-449-442 (კ-15) განმარტავს: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული N/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სახვ უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაშ და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციულ ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ)ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის, გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორეგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. დ) ზოგიერთ შემთხვევაში, შრომის ანაზღაურება. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nბს-683-675(2კ-15), საკასაციო სასამართლო განმარტავს: „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.“
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში, თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი იქნა გამოცხადებული დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს აქტს, რომლის თანახმად, შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონის გამო და აღნიშნავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).
სასამართლო აღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არსებობს, არ შეცვლილა არც კრიტერიუმი დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმადაც ზა-----–---------–---–ის მიმართ დადგენილი იქნა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონა დაკავებულ თანამდებობაზე.
6.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ასევე სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმითითებული მსჯელობის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზა-----–---------–---–იდ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, არ შეეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
6.9.„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118 მუხლის შესაბამისად, 1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ჩარიცხვა მოხელეთა რეზერვში ფაქტობრივად უტოლდება მის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ახორციელებდა მისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების ფაქტობრივ რეალიზებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზა-----–---------–---–ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულს შეეცვალა სახელწოდება - განსაზღვრულია როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი რანგი -და დღეის მდგომარეობით იგი არ არის ვაკანტური, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზა-----–---------–---–ი აღდგენილ იქნას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსხურის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ტოლფას თანამდებობაზე.
ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ზა-----–---------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ზა-----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ;
ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N6- ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზა-----–---------–---–ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზა-----–---------–---–ი აღდგენილ იქნას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის (ამჟამად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) ტოლფას თანამდებობაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ზა-----–---------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე:თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თა------------ე