გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
190210018002354420
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/889-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.05.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე დ---- კ----------ა

წარმომადგენელი ფრიდონ კენკებაშვილი

მოპასუხე ე-–--- ნ-------ი

წარმომადგენელი ზურაბ ქსოვრელი

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–--- ნ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ს----- ნ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, თუმცა მამობის ფაქტი დადგენილია მხოლოდ ს----- ნ-------ის მიმართ. მეუღლეების დაშორების შემდეგ მოპასუხე არ იჩენს ყურადღებას შვილების მიმართ, არ ეხმარება მათ რჩენაში. მოპასუხე არის ხელოსანი, ასრულებს სახლების სარემონტო სამუშაოებს, თითქმის სტაბილურად აქვს შემოსავალი.

(17.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი. თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 70 ლარი, ხოლო მთავარ სხდომაზე თანხმიბა განაცხადა 100 ლარის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით, მას არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად 200 ლარი გადაიხადოს ალიმენტის სახით, 100 ლარის გადახდა მისი შემოსავლის გათვალისწინებით რეალურია, რადგან იღებს საარსებო შემწეობას.

(17.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. დ---- კ----------ა და ე-–--- ნ-------ი რამდენიმე თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე დ---- კ----------ასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 22-25. ტომი 1)

 

3.1.2. დ---- კ----------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 22-25. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (17.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. ე-–--- ნ-------ს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. იგი დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე, ასრულებს კერძო შეკვეთებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 22-25. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (17.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. დ---- კ----------ასა და ე-–--- ნ-------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი.

 

დაბადების მოწმობების თანახმად, 2016 წლის 15 ივლისს დაბადებულია ს----- ნ-------ი. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა დ---- კ----------ა, მამა – ე-–--- ნ-------ი.

 

მხარეების განმარტებით დასტურდება, რომ დ---- კ----------ა და ე-–--- ნ-------ი არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნდ 2009 წლიდან. მოსარჩელის განმარტებით, მათ უფროსს შვილის ნურხან ნ-------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის ვინაობა მითითებული არ არის. ამდენად, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 14. ტომი 1).

 

3.2.2. დ---- კ----------ა და ე-–--- ნ-------ი სახელმწიფოსაგან იღებენ საარსებო შემწეობას.

 

2018 წლის 27 მარტს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ბაზაში რეგისტრირებულია ანზარ ნ-------ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 43470. ოჯახში არი 11 წევრი, მათ შორის ე-–--- ნ-------ი, ს----- ნურივი, დ---- კ----------ა. ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას ჯამურად 600 ლარს.

 

ამ ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მის არასრუწლოვანი შვილი ამ დრომდე სოციალური შემწეობას იღებენ როგორც მოპასუხის ოჯახის წევრები, ხოლო ოჯახის უფლებამოსილი პირია ანზარ ნ-------ი. ამდენად, მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სოციალურ შემოწოებას იღებს ანზარ ნ-------ი, რომელთანაც მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი აღარ ცხოვრობენ. შესაბამისად, ამ თანხას მოიხმარს ე-–--- ნ-------ის ოჯახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 31. ტომი 1).

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 120 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობაა 120 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, ბავშვებს ასაკის გამო აქვთს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები, სასწავლო ნივთები. შესაბამისად, ბავშვს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ ერთი მშობლის მიერ ვერ მოხდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის და ბავშთა უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის აღძრდაში მონაწილეობა ორივე მშობლის ვალდებულებაა და მათ თავიანთი უნარების მიხედვით ევალებათ უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისათვის შესაფერისი გარემო, დაეხმარონ მათ მატერიალურად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. მას სასკოლო განათლების გარდა სხვა განათლება მიღებული არა აქვს, იგი დამოუკიდებლად ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს. შესაბამისად, მოსარჩელეს დამოუკიდებლად შვილის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რომლის გამოც მას შეუძლია ყოველთვიურად შვილის რჩენისათვის გადაიხადოს 200 ლარი.

 

ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა და დროებით უმუშევრობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, მას არა აქვს პროფესიული და უმაღლესი განათლება, იგი ზრუნავს 2 არასრულწლოვან შვილზე, რის გამოც უწევს მათ სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მათზე ზრუნვა. ეს გარემოებები მისი დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა შვილების სარჩენად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარზე მეტი თანხა. მართალია იგი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე სტაბილურად დასაქმებული არ არის, მაგრამ იგი თითქმის სისტემატიურად დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე, აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

ამასთან, მოპასუხის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, რომელშიც გათვალისწინებულია ასევე მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილის სოციალური შემწეობის თანხაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 200 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, რადგან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მისი შეცვლა მხარეთა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი). კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, იგი იღებს სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას, რაც მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას ადასტურებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად სოციალური შემწეობის მიღების ფაქტისა, მოპასუხეს აქვს უნარი გასწიოს შვილის რჩენისათვის აუცილებელი ხარჯები. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია და აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს, არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები მცირეწლოვანი შვილი. მას სხვა არასრულწლოვანი შვილები არ ჰყავს, მის კმაყოფაზე არ არიან შრომისუუნარი პირები, რის გამოც მისთვის ყოველთვიურად 120 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალური მატერიალური მდგომარეობის და მის შრომისუნარიანობის ფაქტორის გათვალისწინებით გონივრული თანხა არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხე იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ---- კ----------ას სარჩელი;

1.1. ე-–--- ნ-------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ს----- ნ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 120 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 16 მარტიდან;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 8დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი