გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
210210117001929326
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N210210117001929326

საქმე №2/448-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.06.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

მოსარჩელე: სს „ თ----- ბანკი “

წარმომადგენელი: ნ--------–--- ; ნ--------------;

მოპასუხე: ი-------------–---–ი; შ--–-------–---–ი; ვ----–---------–--–---–ი; ნ-----–-------–---–ი;

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება; ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს ი-------------–---–ს, შ--–-------–---–ს და ვ----–---------–--–---–ს მოსარჩელე სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2012 წლის 12 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12 033.66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 6 000 დოლარი, პროცენტი - 1 833.66 დოლარი, ჯარიმა - 4 200 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხეებს ი-------------–---–ს, შ--–-------–---–ს და ვ----–---------–--–---–ს 2016 წლის 16 სექტემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ძირ თანხაზე - 6 000 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე 30%- სარგებელის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 150 აშშ დოლარს.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შ--–-------–---–ის და ნ-----–-------–---–ის შორის 2016 წლის 2 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ნივთის, მდებარე: რაიონი სიღნაღი, საკრებულო ა----, საკადასტრო კოდი: 56.01.53.0-- და აღდგეს შ--–-------–---–ის საკუთრების უფლება ამ ნივთზე.

 

1.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე ითხოვა ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის დაკისრება, სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 276.92 ლარის დაკისრება მოპასუხეებზე სოლიდარულად.

 

სარჩელის დასაბუთება

 

2012 წლის 12 ნოემბერს სს ,, თ----- ბანკსა” და ი-------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით, კრედიტის ვადა 12 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 10 დღეზე მეტი ვადა გადაცილებისათვის 1% ოდენობით. აღნიშული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 12 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა “ და შ--–-------–---–ს და ვ----–--------–--–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 7 800 (შვიდი ათას რვაასი) აშშ დოლარით. მოპასუხეებმა ი-------------–---–მა, შ--–-------–---–მა და ვ----–---------–--–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს და 2014 წლის ივლისის შემდგომ არ ასრულებნენ გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც ბანკის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 27 ივლისს სოლიდარულ მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები თანხის გადახდის მოთხოვნით და ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულება ბანკის მიერ შეწყვეტილი იქნა.

 

2016 წლის 02 სექტემბერს, საჯარო რეესტრში მოპასუხე ნ-----–-------–---–მა განცხადება შეიტანა და დაარეგისტრირა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (საკადასტრო კოდი: 56.01.53.0--), რომელიც დადებული იყო შ--–-------–---–სა და ნ-----–-------–---–ს შორის. აღსანიშნავია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო შ--–-------–---–ს და ნ-----–-------–---–ს შორის მას შემდეგ, რაც მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბანკმა მათ გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ნ-----–-------–---–ი წარმოადგენს შ--–-------–---–ის ახლო ნათესავს (დედას) და მისთვის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო მოპასუხეების დავალიანების შესახებ სს ,, თ----- ბანკის “ მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შ--–-------–---–მა ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება დადო მოჩვენებით, რათა თავი აერიდებინა თავდებობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისთვის. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ ქონებიდან შესაძლებელია განხორციელდეს გადაწყვეტილების აღსრულება.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ცნო ძირი თანხის გადახდის ვალდებულება 6 000 აშშ დოლარის ოდენობით და არ ცნო მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში დადგენილი საპროცენტო განაკვეთები, ჯარიმები, პირგასამტეხლო, სარგებელის გადახდის ვალდებულება და ასევე არ ცნო მეორე მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2012 წლის 12 ნოემბერს სს ,, თ----- ბანკსა ” და ი-------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით, კრედიტის ვადა 12 თვე, კრედიტის თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილებისათვის 1% ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

ხელშეკრულების პირობები სოლიდარული მოპასუხეების მიერ პირველად დარღვეული იქნა 2014 წლის 30 ივლისს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც მოპასუხეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. 2012 წლის 12 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 12 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკს “, შ--–-------–---–ს და ვ----–--------–--–---–ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულებების ხელშეკრულებები, რომლითაც თავდები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 7 800 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები;

 

3.3. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს და 2014 წლის ივლისის შემდგომ არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას. დღეის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული №06-10905 -000352 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 12 033.66 აშშ დოლარს, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 6 000 დოლარი, პროცენტი - 1 833.66 დოლარი, ჯარიმა - 4 200 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ისტორია;

 

3.4. 2016 წლის 02 სექტემბრამდე შ--–-------–---–ის და ნ-----–-------–---–ის თანა საკუთრებაში საჯარო რეესტრში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, სოფელი ა---- (საკადასტრო კოდი: 56.01.53.0--). აღნიშნული უძრავი ქონებს წილი შ--–-------–---–ის მიერ გაჩუქებული იქნა ნ-----–-------–---–ზე 2016 წლის 02 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი:02/09/2016, განცხადების რეგისტრაცია №8-----------– 02/09/2016) და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ამჟამად აღრიცხულია მხოლოდ ნ-----–-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

- ჩუქების ხელშეკრულება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.5. ნ-----–-------–---–ი და შ--–-------–---–ი არიან დედა-შვილი და აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ნ-----–-------–---–მა სასამართლო სხდომებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება არ წარმოადგენდა ნათელა ნამდვილი ნებას. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ დედა-შვილს და მოპასუხეებს შორის სადაო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იქნა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ბანკმა მოითხოვა თანხის გადახდა სოლიდარული მევალეებისაგან, მათ შორის შ--–-------–---–ისგანაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს შინაგან რწმენას აყალიბებს სწორედ იმ მიმართებით, რომ მხარეებს შორის ადგილი ქონდა მოჩვენებითი გარიგების დადებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგების დადების მიზანი იყო შ--–-------–---–ს აერიდებინა პასუხისმგებლობა, რაც მას ეკისრებოდა დაკისრებოდა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს წარმოადგენს საკუთრებაში უძრავი ქონების ან მისი წილის დაბრუნება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 56–ე, 976-ე, 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან. ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. მოცემულ შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულება მოპასუხეებს წარმოეშვად საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან და თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7 800 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის (6 000 აშშ დოლარის) ნაწილში სრულად და შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა სარჩელის ცნობის საფუძვლით და მასზე დარიცხული პროცენტი, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს სარგებლის დარიცხვის გარეშე.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

სარგებლის (პროცენტის) დაკისრებას მოსარჩელე ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლო უთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პროცენტის დარიცხვის პირობა, თუ მსესხებელი ვალის დაფარვას ვერ შეძლებს, იწვევს ვალის მუდმივი ზრდის პროცეს, რაც ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში. ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლების ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებაში ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა სარგებელის დაკისრება, რადგან ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. სასამართლო გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება სარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების ნაწილში შემცირდეს ათჯერ, კერძოდ 420 აშშ დოლარამდე.

 

6.4. გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს წარმოადგენს თუ არა დასახელებული გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს მოსარჩელე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ შ--–-------–---–ის ცნობას და მოსარჩელის (ფულადი ვალდებულების) მოთხოვნის უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, აღნიშნულს შედეგად მისი ბათილად ცნობა მოჰყვება. ამრიგად სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადაო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ ურთიერთშეთანხმებაზე ”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არა ნამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არა ნამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან - წარმოადგენენ დედა-შვილს. როდესაც ასეთი გარიგება იდება ოჯახის წევრების შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო არსებული საბანკო ვალდებულებების თაობაზე. ეს ხელშეკრულება დადებული იყო უშუალოდ მას შემდეგ, რაც ბანკის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 27 ივლისს სოლიდარულ მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები თანხის გადახდის მოთხოვნით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ ნამდვილი გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ გარიგების დადებით შ--–-------–---–ი შეეცადა თავიდან აერიდებინა შესაძლო პასუხისმგებლობა, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო მასსა და სს ,,თ----- ბანკს “ შორის გაფორმებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაუბრუნებლობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი

ქონების ჩუქების ხელშეკრულების დადება გამოწვეული იყო მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით, წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ (მისი განმარტებით) სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1276.92 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟი 150 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 20 ლარი. ასევე მის მიერ გაღებული იქნა საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 500 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. ამრიგად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ქვითარი, რის გამოც ეს თანხა უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,, თ----- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 1.1.მოპასუხეებს ი-------------–---–ს, შ--–-------–---–ს და ვ----–---------–--–---–ს მოსარჩელე სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 12 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8 253.56 (რვა ათას ორას ორმოცდაცამეტი ლარი და 56 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 6 000 დოლარი, პროცენტი - 1 833.66 დოლარი, ჯარიმა - 420 აშშ დოლარი. აქედან, სოლიდარული მოვალეების შ--–-------–---–ის და ვ----–---------–--–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროთ თითოეულზე 7 800 (შვიდი ათას რვაასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

 

1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებს ი-------------–---–ს, შ--–-------–---–ს და ვ----–---------–--–---–ს გადასახდელად დაეკისროს ვალდებულების სრულად შესრულებამდე 30.5%- სარგებელის გადახდა, არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შ--–-------–---–ს და ნ-----–-------–---–ს შორის 2016 წლის 02 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ (დამოწმების თარიღი:02/09/2016, განცხადების რეგისტრაცია №8-----------– 02/09/2016) უძრავი ნივთი მდებარე რაიონი სიღნაღი, საკრებულო ა----, საკადასტრო კოდი: 56.01.53.0-- და აღდგეს შ--–-------–---–ის საკუთრების უფლება ამ ნივთზე.

 

2. მოპასუხეებს ი-------------–---–ს, შ--–-------–---–ს და ვ----–---------–--–---–ს სს ,, თ----- ბანკის “ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 165.64 ( ას სამოც და ხუთი ლარი და 64 თეთრი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი -150 (ას ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -20 (ოცი) ლარისა და იურიდიული მომსახურების 500 ლარისა (ხუთასი) გადახდა.

 

3. სს ,, თ----- ბანკის “ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 441 (ოთხას ორმოც და ერთი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე