გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1480-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს მისო,,რი---–---------ი“ (უფლებამონაცვლე) სს ,,ლ-------- ბანკი“
წარმომადგენელი - ლალი გ------ა
მოპასუხე - ა------- მ-------ე
წარმომადგენელი - ნანა ა------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,რი---–---------ს“ (შემდგომში სს ,,ლ-------- ბანკი’’) და მოპასუხე ა------- მ-------ეს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული №1---- ხელშეკრულების შეწყვეტა.
1.2.მოპასუხე ა------- მ-------ეზე სს ,,ლ-------- ბანკი’’-ს სასარგებლოდ 9287.96 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება. ძირი თანხა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი.
1.3.კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ-------------–------------- ს--------–-------------- ფართი - 63.82 კვ.მ. საკადასტრო კოდი № 0-------------------
1.4.მოპასუხეზე, ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,რი---–---------ს“ და მოპასუხე ა------- მ-------ეს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული იქნა №1---- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------- მ-------ემ შპს ,,რივალ კრედიტისგან“ ისესხა 5000 აშშ დოლარი წლიური 42%-ის დარიცხვით 36 თვის ვადით (უდავოა, რომ შპს რი---–---------ის სამართალმემკვიდრეა სს ,,ლ-------- ბანკი“).
სესხის უზრუნველსაყოფად კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ-------------–------------- ს--------–-------------- ფართი - 63.82 კვ.მ. საკადასტრო კოდი № 0------------------- მესაკუთრე ა------- მ-------ე.
სარჩელის აღძვრისას გასულია 165 დღე (ხუთ თვეზე მეტი), რაც მოპასუხეს სარგებელი არ გადაუხდია.
დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხები არის შეუსაბამოდ დიდი, რადგან სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გავიდა ხუთი თვე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს შემდგომი დროის სარგებელს და პირგასამტეხლოს, რაც წინააღმდეგობაშია კანონთან.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,რი---–---------ს“ და მოპასუხე ა------- მ-------ეს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული იქნა №1---- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------- მ-------ემ შპს ,,რივალ კრედიტისგან“ ისესხა 5000 აშშ დოლარი წლიური 42%-ის დარიცხვით 36 თვის ვადით.
მტკიცებულება:
-2014 წლის 19 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება № 1----. (ტ.1. ს.ფ. 14-32)
3.1.2. უდავოა, რომ შპს რი---–---------ის სამართალმემკვიდრეა სს ,,ლ-------- ბანკი“.
მტკიცებულება:
შემადგენელი ხელშეკრულება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის საოქმო განჩინება (ტ.1. ს.ფ.98-141).
3.1.3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
მტკიცებულება:
შესაგებელი. (ტ.1. ს.ფ.49-57).
მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრისას გასულია 165 დღე (ხუთ თვეზე მეტი), რაც მოპასუხეს სარგებელი არ გადაუხდია. დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი.
მტკიცებულება:
- სარჩელი (იხ.ს.ფ.1-13).
-სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ.20-21).
3.2.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხები არის შეუსაბამოდ დიდი, რადგან სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გავიდა ხუთი თვე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს შემდგომი დროის სარგებელს და პირგასამტეხლოს, რაც წინააღმდეგობაშია კანონთან.
მტკიცებულება:
მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 4926.13 აშშ დოლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ნაწილობრივ დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებლებს - ნარგიზი გიორგაძესა და ბექა სამხარაძეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან განვადების ბარათის ყველა არსებით პირობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------- ბანკის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული 2014 წლის 19 ნოემბრის №1---- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
6.10.განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებაზე, მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის დროის შესახებ და აღნიშნავს, რომ
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
6.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია სესხზე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
-წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი.
ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელია აღძვრამდე გასულია 165 დღე.
სასამართლო ძირი თანხის - 4926.13 აშშ დოლარის ნაწილში, იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებას და არ იზიარებს განმარტებას იმის შესახებ, რომ დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენს - სარგებელი 3627.29 აშშ დოლარს რადგან სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია, თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულების დარღვევა, სესხის სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, ჩათვალა არსებითი ხასიათის დარღვევად, მიიღო გადაწყვეტილება და სარჩელი აღძრა სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის N1---- ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის ჩანაწერი ვერ გახდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სესხზე სარგებელის მოთხოვნის საფუძველი, რადგან აღნიშნული ჩანაწერი აშკარად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ბათილია.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე, მხარეთა შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხის N1---- ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სარგებლის, პროცენტის, გამოთვლა უნდა მოხდეს ხელშეკრულების მოქმედების დროის განმავლობაში 165 დღეზე და იგი შეადგენს - 949.32 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.12. განსახილველ შემთხვევაში ასევე სადავოა მხარეთა შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხის N1---- ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა-მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოთხოვილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და განისაზღვროს - 412.5 აშშ დოლარით.
6.13.სარჩელი საფუძვლიანია სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
-ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 1.1 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
-2014 წლის 19 ნოემბერს ა------- მ-------ესთან გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია - ქ. ქუთაისი, გ-------------–------------- ს--------–-------------- ფართი - 63.82 კვ.მ. საკადასტრო კოდი № 0------------------- მესაკუთრე ა------- მ-------ე.
-ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალე არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სასამრთლო სხდომაზე სარჩელი სცნო 4926.13 აშშ დოლარის (11.064.58 ლარი) ნაწილში. შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 331.93 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო 1361.83 აშშ დოლარის (სარგებელი და პირგასამტეხლო) დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 91.75 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხეს.
სარჩელზე უარის ნაწილში (შემცირდა სარგებელი და პირგასამტეხლო) გადახდილი სახ. ბაჟი 224.30 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,ლ-------- ბანკი”-ს სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხე ა------- მ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6287.95 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, პროცენტი (სარგებელი) 949.32 აშშ დოლარი და ჯარიმა - 412.5 აშშ დოლარი.
3. ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მისამართი: ქ. ქუთაისი, გამზირი სულხან საბა №83; ს--------–-------------- ფართი - 63.82 კვ.მ. საკადასტრო კოდი № 0------------------- მესაკუთრე ა------- მ-------ე.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი - 331.95 ლარი. საგადასახადო დავალება №1. 11.07.2015 წელი. გადამხდელი შპს მისო ,,რი---–---------ი“-412677429. ანგარიში-300183150.
6. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი - 91.75 ლარი.
7. მოსარჩელის მის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი - 224.30 ლარი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე