გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2018
საქმის ნომერი
820210117002095283
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№820210117002095283 (2-504)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2018 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - შ-----------–--ე

წარმომადგენელი - თ---------ე

მოპასუხე - ი/მ თ--------–-----ე

წარმომადგენელი - მ--------------ე

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი/მ თ--------–-----ეს, მოსარჩელე შ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 137 000 ლარის გადახდა, საიდანაც 80 000 ლარი არის სახელფასო დავალიანება, 7 000 ლარი აღიარებული ვალდებულება, ხოლო 50 000 ლარი კი სახელფასო განაცდური.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 31 მაისს ი/მ მეწარმემ შრომითი კონტრაქტი დადო მასთან, როდესაც იწყებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. მანვე ვალდებულება აიღო აენაზღაურებინა მისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა 42“-ს სახელფასო დავალიანება 7 000 ლარის ოდენობით. მხარეები ამ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობებზე. აიღო ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა მისთვის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავისუფალი 1000 (ათასი) ლარი. ი/მეწარმეს დღემდე მშენებლობა მთლიანად დასრულებული არ აქვს და შესაბამისად მის მიერ აგებული შენობა არ არის მზად ექსპლუატაციაში გადასაცემად. მას მოსარჩელე მხარისათვის არ აუნაზღაურებია არც ერთი თვის ხელფასი და საერთოდ უარს აცხადებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. ბინები საცხოვრებელ სახლში გასხვისებული აქვს. ამ გზით მიღებული აქვს შემოსავალი, რომლებიც აჭარბებდა, როგორც მშენებლობის დასრულების, ისე წარმოშობილ საგადასახადო ხარჯებს, მაგრამ მან არც მშენებლობა დაასრულა და ასევე აქვს დავალიანება საგადასახადო კუთხით. მოსარჩელის მიერ მის სასარგებლოდ ბოლო იურიდიული მომსახურება მიმდინარე სამუშაოებთან ერთად გაწეული აქვს 2017 წლის იანვარში, როდესაც ინდ. მეწარმის ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლო ბრძანების გამოცემა მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. 2017 წლის 09 თებერვალს განცხადებით მიმართა ი/მეწარმე თ-------–-----ეს გაეთავისუფლებინა მოვალეობისაგან და აენაზღაურებინა ხელფასი.

 

მოწმეთა თანდასწრებით მან წაკითხვის შემდეგ მისი განცხადება დახია და განუცხადა, რომ თუ უნდოდა აუნაზღაურებდა მხოლოდ ნაწილობრივ დაგროვილ ხელფასს. ფაქტიურად თ--------–-----ემ უარი განაცხადა მის წინაშე დაგროვილი ფულადი ვალდებულების შესრულებაზე. 2010 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით ი/მეწარმე თ-------–-----ეს მასზე ასანაზღაურებელი აქვს 87.000 ლარი, რომელსაც დაემატება ყოველთვიური 0.07% ანაცდური სარგებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ი/მ თ-------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2010 წლის 31 მაისის ხელშეკრულებიდან, რომელსაც არ ცნობს. სავარაუდოდ მისი ხელმოწერა ფიქსირდება ხელშეკრულების მხოლოდ ბოლო გვერდზე, რომელსაც ეჭვის ქვეშ აყენებს, ხოლო დანარჩენ 4 გვერდზე არანაირი მინიშნება (ხელმოწერა ბეჭედი) არ არსებობს, რომ იგი შეადგენს აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილს. ყოველ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ამ პერიოდისათვის არ შემდგარა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2010 წლის 31 მაისს შ-----------–--ესა და ი/მ თ-------–-----ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე აყვანილი იქნა იურისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურებაზე - მოპასუხე აუნაზღაურებდა მოსარჩელეს ყოველთვიურად საგადასახადო ვალდებულებებისგან თავისუფალ 1000 ლარს, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ანაზღაურდეს როგორც ფულადი სახით, ასევე ნატურით, ბათუმში, რ---------------ში დასაქმებულის მიერ მშენებარე სახლში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი,- მხარეთა ახსნა განმარტება;

- შრომის ხელშეკრულება;

 

4.1.2. მხარეებს შორის 2010 წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება დადებულია 2010 წლის 01 იანვრიდან ქ. ბათუმში, რ---------------ში მშენებარე სახლის დასრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი,- მხარეთა ახსნა განმარტება;

- შრომის ხელშეკრულება;

 

4.1.3. 2010 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე მოსარჩელე ინდმეწარმე თ-------–-----ესთან ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ამ ხნის განმავლობაში თ-------–-----ეს დაპირების მიუხედავად არ აუნაზღაურებია არცერთი თვის ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

4.1.4. მოსარჩელე ითხოვს შრომის ანაზღაურებას მიუღებელი ხელფასის სახით 2010 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით – 137 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- სარჩელი;

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და მოსარჩელე შ-----------–--ის შორის შრომითი ხელშეკრულება არ შემდგარა, ვინაიდან მოპასუხე მხარე მიუთითებს შრომითი ხელშეკრულების არალეგიტიმურობაზე და ეჭვქვეშ აყენებს ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მის მიერ ხელმოწერას. მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, არსებობდა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდის ვალდებულება.

 

ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა როგორც საქმეში არსებული მასალები, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმის მანანა დოლიძის ჩვენება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 31 მაისს გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება. ამდენად, მხარეები, სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შეთანხმდნენ გარიგების წერილობით ფორმაზე, შესაბამისად, მათ შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის გარემოება უნდა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მტკიცება ხელშეკრულების არალეგიტიმურობის (ეჭვქვეშ აყენებს ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მის მიერ ხელმოწერას) შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, რომლის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს. მის მიერ შესრულებული იქნა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა ანაზღაურება არ მიუღია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება შეთანხმებული ანაზღაურების ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, საჭირო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მისი მოთხოვნები ეფუძნება. კანონის აღნიშნული დანაწესი უთითებს იმ მტკიცებულებების რიგზე, რომლებიც მხარემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად შეიძლება წარადგინოს, თუმცა გარკვეული ფაქტების დადასტურება შესაძლებელია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კონკრეტული, სათანადო მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადინა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება არალეგიტიმურია (ეჭვქვეშ აყენებს ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მის მიერ ხელმოწერას).

 

განსახილველ შემთხვევაში, შრომის ხელშეკრულების არალეგიტიმურობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ვინაიდან შესაგებელი ამ გარემოებას ეფუძნებოდა. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა ი/მ, რომელსაც გააჩნია ი/მ დოკუმენტაცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს ეკისრებოდა მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის და შრომითი მოვალეობის განუხორციელებლობის მტკიცებისა და, შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება, რაც დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო, მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის სიტყვიერი განმარტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, სიტყვიერი განმარტება კი, სადავო გარემოებაზე სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის პოზიცია შრომითი ხელშეკრულების არალეგიტიმურობის თაობაზე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ეკისრება 2010 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით არსებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, რაც ჯამში შეადგენს - 137 000 ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია შრომითი უფლება დარღვეულად, რის გამოც აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, შრომა თავისუფალია, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული დამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთრი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავიუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

შრომის კოდექსის პირველი მუხლით, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. მოყვანილი ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

შრომის კოდექსის 6.1. მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, იმისათვის, რომ დადებულად იქნეს მიჩნეული (ცნობილი) შრომითი ხელშეკრულება, საჭიროა არსებობდეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ. ამდენად, კანონი ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ დადგენილი ფორმით. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება. ხელშეკრულების არსებით პირობებს შეიძლება მიეკუთვნოს ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების მხარეები, მხარეთა მიერ მიერ განსახორციელებელი შესრულება და ა.შ. შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში შრომის ანაზღაურების ოდენობაზე და სისტემაზე შეთანხმება წარმოადგენს სწორედ ხელშეკრულების არსებით პირობას. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში. ამ მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების საზღვრებს დროში. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისაგან განასხვავებენ განსაზღვრულ (დადგენილ) და განუსაზღვრელ (დაუდგენელ) ვადებს. განსაზღვრულია ვადა, როდესაც ცნობილია მოვლენის დადგომის თარიღი. განუსაზღვრელია ვადა, როდესაც მოვლენის დადგომა სარწმუნოა, მაგრამ უცნობია მისი დადგომის ზუსტი თარიღი. როდესაც მხარეთა შეთანხმებით მოვლენის დადგომის კონკრეტული თარიღი მკაფიოდაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში, სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, ხოლო როდესაც ასეთი თარიღი არ არის განსაზღვრული და იგი არც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს – იგულისხმება განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

 

შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი განსაზღვრულია შრომის კოდექსით, რომლის 31-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, შრომის ანაზღაურება არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლი განსაზღვრავს საბოლოო ანგარიშსწორებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, 2010 წლის 31 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე აყვანილი იქნა იურისტის თანამდებობაზე. მხარეთა შორის, შეთანხმებული ანაზღაურება განისაზღვრა - 1000 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. წინამდებარე ხელშეკრულებით მოქმედების ვადა განსაზღვრა მშენებარე სახლის დასრულებამდე. შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 31 მაისიდან.

 

შრომითი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ დროებლივ სისტემაზე. კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიეცა ხელფასი ყოველთვიურად - 1000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მუშაობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მიღებული არ აქვს შრომის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, რომ 2010 წლის 31 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურების დროებლივ ფიქსირებულ სისტემაზე და მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წარმოეშვა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 31 მაისს გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება. ამდენად, მხარეები, სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შეთანხმდნენ გარიგების წერილობით ფორმაზე, შესაბამისად, მათ შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის გარემოება უნდა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ არალეგიტიმურია.

 

ამდენად, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ერიცხება მოსარჩელის მიმართ დავალიანება 137 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 80 000 ლარი არის სახელფასო დავალიანება, 7 000 ლარი აღიარებული ვალდებულება, ხოლო 50 000 ლარი კი სახელფასო განაცდური, რაც ამ დრომდე არ აქვს შესრულებული და მოსარჩელისათვის არ იქნა ანაზღაურებული სრულად 2010 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ი/მ თ--------–-----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა აშენებულ სახლში, ს/კ 0-------.0-- არარეგისტრირებული №------------------------------------------------------- ბინების რეგისტრაცია, გასხვისება და სამართლებრივი დატვირთვა, უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეს ი/მ თ--------–-----ეს, მოსარჩელე შ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 137 000 ლარის გადახდა, საიდანაც 80 000 ლარი არის სახელფასო დავალიანება, 7 000 ლარი აღიარებული ვალდებულება, ხოლო 50 000 ლარი კი სახელფასო განაცდური.

 

2.1. მოსარჩელე შ-----------–--ე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

2.2. მოპასუხე ი/მ თ--------–-----ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ი/მ თ--------–-----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა აშენებულ სახლში, ს/კ 0-------.0-- არარეგისტრირებული №------------------------------------------------------- ბინების რეგისტრაცია, გასხვისება და სამართლებრივი დატვირთვა, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით გელაშვილი