გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
160210118002338267
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002338267

საქმე N 2/254-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.06.2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი - თეა ნადიბაიძე, ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - რა---–-----------ა

წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

მოპასუხე - ფა------------ი

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

თარჯიმნები - ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი, ევ------------------ი

დავის საგანი - უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ. მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 83.02.18.21--01.01.0--) ¾ ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელე რა---–-----------ას აღიარება.

 

მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით: მოსარჩელე 2011 წლის 7 ივნისიდან იმყოფება მოპასუხე ფა------------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ფ-----------------, დაბადებული 2----–-–----------------- და ფ----------------, დაბადებული 2----–-–-------------. მოსარჩელე და მოპასუხე შვილებთან ერთად, 2016 წლამდე ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში, დედის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რომლის გაყიდვის შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში, ქალაქ მარნეულში. დედის კუთვნილი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხით 2017 წლის 4 სექტემბერს, ქ.მ--------––-- 2----------------- შეიძინეს საცხოვრებელი ბინა (ს/კ 83.02.18.21--01.01.0--) 32000 ლარად. აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოპასუხე ფა------------ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სისტემატურად ძალადობდა მასზე. ქ.მარნეულში ცხოვრების პერიოდში მოპასუხე ისევ აგრძელებდა ძალადობას მოსარჩელეზე. მოსარჩელის მიერ პოლიციისათვის მიმართვის საფუძველზე მოპასუხე ფა------------ი იქნა დაკავებული 2018 წლის 4 თებერვალს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. იგი ამჟამად იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მომავალში მხარეების ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ამასთანავე მასთან ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებზეც ზრუნავს თავად, ასევე მისი ფულადი სახსრებით განხორციელდა სადავო საცხოვრებელი ბინის გარემონტება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ფა------------მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მართალია სადავო ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში, მაგრამ იგი არ არის შეძენილი მოსარჩელის დედის მიერ მოსარჩელისათვის ნაჩუქარი თანხით. მოპასუხის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც შეიძინა საცხოვრებელი სახლი ქ. მარნეულში. მოპასუხემ როგორც შესაგებელში, ასევე მოსამზადებელ ეტაპზე განმარტა, რომ იგი თანახმაა მოსარჩელე რა---–-----------ა ცნობილი იქნეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ - ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე რა---–-----------ა და მოპასუხე ფა------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 7 ივნისიდან. ქორწინების განმავლობაში მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მხარეებს ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: 2----–-–----------------- - ფ----------------- და 2----–-–------------- - ფ----------------. დღეისათვის მოპასუხე ფა------------ი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ 24-25);

-დაბადების მოწმობები (ს.ფ. 28-33);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეთა ქორწინების პერიოდში - 2017 წლის 4 სექტემბერს მოპასუხე ფა------------ს და ფ---------------–---- შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ფა------------მა 32 000 ლარად შეიძინა ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 83.02.18.21--01.01.0--). იმავე დღეს მოპასუხე ფა------------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ. მხარეები, მოპასუხის დაკავებამდე შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.34-35);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ. ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე (საკადასტრო კოდი N 83.02.18.21--01.01.0--) სადავო ქონება შეძენილია მეუღლეების - ფა------------ის და რა---–-----------ას ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მხარეების არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ ქ.მ--------––-- ზემოთაღნიშნულ სადავო საცხოვრებელ ბინაში დედასთან ერთად, სადაც დაკავებამდე ასევე ცხოვრობდა მოპასუხე ფა------------ი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა განხილვისა და მტკიცებულებათა შეფასების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ქორწინების ფაქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში იმ ქონების ჩართვას, რომელიც თითოეულ მათგანს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა, ან მიღებული აქვს ქორწინების პერიოდში, მაგრამ ჩუქებით ან მემკვიდრეობით. ასეთი ქონება წარმოადგენს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას და მისი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვაც თითოეული მეუღლის მხრიდან ხდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე რა---–-----------ა ითხოვს უძრავი ქონების ¾ წილზე მესაკუთრედ ცნობას და უთითებს, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, ამასთანავე სადავო ქონება, მისი ქორწინების პერიოდში შეძენის მიუხედავად, შეძენილია მისი დედის საკუთრებაში არსებული სახლის რეალიზაციით მიღებული თანხით, რომელიც დედამ მას გადასცა საჩუქრად.

 

სასამართლო, საქმის განხილვისას, ადგენს რა დავის არსებითად გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრეს, მიიჩნევს, რომ მოცემული დავის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1) სადავო უძრავი ქონება არის თუ არა შეძენილი მეუღლეთა ქორწინების პერიოდში.

2) სადავო უძრავი ქონება დაქორწინებამდე ხომ არ წარმოადგენდა ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებას.

3) სადავო უძრავი ქონება ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხომ არ არის მიღებული ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქ. ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 83.02.18.21--01.01.0--) შეძენილია მხარეთა ქორწინების პერიოდში.

 

მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ უძრავი ქონება შეძენილია მოსარჩელის დედის კუთვნილი სახლის რეალიზაციით მიღებული თანხით, რომელიც მოსარჩელეს აჩუქა დედამ.

 

უდავოა, რომ მოპასუხეს რაიმე პირდაპირი მტკიცებულება წერილობითი ფორმით, რაც დაადასტურებდა სადავო უძრავი ქონების შეძენის ფაქტს, იმ თანხით, რომელიც მოსარჩელემ ჩუქებით მიიღო დედისგან, არ გააჩნია. სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული იქნენ მოწმეები: ეთ-------–----, ელ-----------–---ი, შა--------------ი, ნა----------------ა. მოწმე ეთ-------–----მ განმარტა, რომ მან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა 2017 წლის მაისში, თანხის ნაწილი აჩუქა თავის შვილს და სიძეს, რომლითაც მათ მიერ შეძენილი იქნა სადავო საცხოვრებელი სახლი, ქ.მ--------––-- 2-----------------. მოწმე ელ-----------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შემდეგ კი საცხოვრებლად გადმოვიდნენ ქ.მ--------––-- სადაც ცხოვრობდნენ შვილებთან ერთად, ერთობლივად ზრუნავდნენ შვილებზე, ფა------------ს შვილები დაჰყავდა ბაღში; მოწმე შა--------------მა განმარტა, რომ ფა------------ი წლების განმავლობაში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მოწმე ნა----------------ამ განმარტა, რომ ფა------------ი მასთან მუშაობდა აზერბაჯანის რესპუბლიკაში 1999 წლიდან, იგი არ იყო ფულადი სახსრების მფლანგველი ადამიანი, ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. ამდენად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მხარეების ქორწინების განმავლობაში, სადავო ქონება ქორწინების განმავლობაში მოსარჩელის მიერ არ არის მიღებული მემკვიდრეობით ან ჩუქებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 83.02.18.21--01.01.0--) შეძენილი იქნა მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელე რა---–-----------ა ცნობილი უნდა იქნეს უძრავი ქონების თანამესაკუთრედ - ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი საკუთრების უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ფა------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარების ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ნორმის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა. პრეზუმირდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

სასამართლო მიუთითებს მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ საკითხზე, რომელიც განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია რა---–-----------ას და ფა------------ის ქორწინების განმავლობაში - 2017 წელს; ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა წრე, რომლის არსებობის შემთხვევაში მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება (ქორწინების პერიოდში შეძენის მიუხედავად) ქონების მიმართ არ წარმოიშობა და ის წარმოადგენს ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას, ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით, რომლის მიხედვით თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სასამართლომ ამ მხრივ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სკ-ის 1161-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო ქონების ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე სადავო უძრავი ქონება (ს/კ 83.02.18.21--01.01.0--) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა მიერ შეძენილი იქნა სწორედ ქორწინების განმავლობაში. სკ-ის 1161-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევები სახეზე არ არის, შესაბამისად სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრების ობიექტს, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხა იგი შეძენისას საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის საკითხზე მსჯელობისას განმარტა, რომ ,,სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის" (იხ., სუსგ Nას-894-1180-09, 22 იანვარი, 2010 წ.). ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან ქორწინებაში, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საცხოვრებელ ადგილს, სადაც ცხოვრობენ შვილებთან ერთად. მოპასუხის დაკავებამდე მხარეები ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთად ზრუნავდნენ შვილებზე. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება არასრულწლოვანი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა წილის თანაბრობა უარყოფითთ გავლენას არ მოახდენს არასრულწლოვანი შვილების ინტერესებზე ან მათ ნორმალურ პირობებში აღზრდაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე რა---–-----------ა მოპასუხე ფა------------თან ერთად ცნობილი უნდა იქნეს ქ.მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N 83.02.18.21--01.01.0--) თანამესაკუთრედ (1/2 ნაწილის მესაკუთრედ).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასია 27607.50 ლარი. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს - 828, 23 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 864.30 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ფა------------მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების ნაწილში. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობროვ. ამდენად მოპასუხე ფა------------ს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება. მოსარჩელე რა---–-----------ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახის გადახდილი თანხიდან 588.23 ლარი. სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე მოპასუხე ფა------------ს მოსარჩელე რა---–-----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. რა---–-----------ას სარჩელი ფა------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. რა---–-----------ა ცნობილი იქნეს ქ მ--------––-- 2----------------- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 83.02.18.21--01.01.0--) თანამესაკუთრედ (½ ნაწილის მესაკუთრედ).

 

3. რა---–-----------ას დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 588.23 ლარი. (გადახდის თარიღი, 20.02. 2018, საგადასახადო დავალება N0, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300--3150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22).

 

4. მოპასუხე ფა------------ს მოსარჩელე რა---–-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (ქ.ბოლნისი, სულხან საბა ობელიანის ქ. N113) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე