გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002357693
#2/933-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.05.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს „მ----------------ი„წარმომადგენელი - გ---–---------ე;
მოპასუხე - ა--------ე, ხ-------------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა--------ეს და ხ-------------–--ეს შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირი თანხის 450 ლარის გადახდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის სარგებლის 26.46 ლარის და პირგასამტეხლოს 199 ლარის გადახდა.
1.2. ა--------ეს და ხ-------------–--ეს შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოების ეტაპზე კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯის აპლიკაციის საფასურის 100 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 30 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 13 მარტს შპს „მ----------------ს„ და ნ-----–--------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით, სესხის ოდენობა შეადგენდა 450 ლარს, ხოლო სარგებელი 26.46 ლარს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა, მსესხებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით სასეხო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იტვირთეს თავდებმა ა--------ემ და ხ-------------–--ემ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა და საერთოდ არ შესრულებულა. კრედიტორის მიმართვის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული იქნა გადახდის ბრძანება მოვალე ნ-----–--------–--ეზე, თუმცა ვერ მოხდა კრედიტორის დაკმაყოფილება დაყენებული მოთხოვნის ფარგლებში. სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.13%, რაც შეადგენს 199 ლარს. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა--------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო შპს „მ----------------ი„-ს სარჩელი, კერძოდ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. არ დაეთანხმა მოთხოვნილ პროცენტს და პირგასამტეხლოს;
2.2. მოპასუხე ხ-------------–--ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 მარტს შპს „მ----------------ს„ და ნ-----–--------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #66, აღნიშნული ხელშეკრულებით ნ-----–--------–--ეზე გაიცა სესხი 450 ლარის ოდენობით, 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით. სესხის დაბრუნება და სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო სესხის ვადის დასრულების ბოლო დღეს ერთდროულად სარგებელთან და ძირ თანხასთან ერთად 476.46 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.13% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
13/03/2017 წლის #66 ხელშეკრულება.
3.1.2. 2017 წლის 13 მარტის სესხის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით ა--------ემ და ხ-------------–--ემ აიღეს პასუხისმგებლობა გაცემული სესხის გადახდაზე, შპს „მ----------------ს„ გადაუხადონ სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, თუკი მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო ან თავს აარიდებს სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
13/03/2017 წლის #66 ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. ა--------ის და ხ-------------–--ის დავალიანება შეადგენს 675,46 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 450 ლარს, პროცენტი - 26,46 ლარს, პირგასამტეხლო 199 ლარს. 2017 წლის 16 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სტაჟიორ ქეის-მენეჯერის მიერ გაცემული იქნა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად #66 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–--------–--ეს შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისრა 604,46 ლარის გადახდა, თუმცა მოსარჩელის მტკიცებით, კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხდა. მოპასუხე სადავოდ ხდის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მ----------------ი„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს შპს „მ----------------ს„ და ნ-----–--------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #66, აღნიშნული ხელშეკრულებით ნ-----–--------–--ეზე გაიცა სესხი 450 ლარის ოდენობით, 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით. სესხის დაბრუნება და სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო სესხის ვადის დასრულების ბოლო დღეს ერთდროულად სარგებელთან და ძირ თანხასთან ერთად 476.46 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.13% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე;
ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით ა--------ემ და ხ-------------–--ემ აიღეს პასუხისმგებლობა გაცემული სესხის გადახდაზე;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ნ-----–--------–--ესთან ერთად ა--------ის და ხ-------------–--ის ვალდებულება შპს „მ----------------ი„-ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 1 თის ვადაში 2017 წლის 13 აპრილს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0.13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0,07%-მდე და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 91,80 ლარის გადახდა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ა--------ეს და ხ-------------–--ეს შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 568,26 გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 450 ლარს, პროცენტი 26,46 ლარს და პირგასამტეხლო 91,80 ლარს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობისათვის ხარჯი 30 ლარის ოდენობით და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 450 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 33,31 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 8,75 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 107,2 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 7,94 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მიკროკრედიტი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ა--------ეს და ხ-------------–--ეს- შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 568,26 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 450 ლარი და პროცენტი - 26.46 ლარი, პირგასამტეხლო - 91,80 ლარი.
3. ა--------ეს და ხ-------------–--ეს- შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8,75 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. ა--------ეს და ხ-------------–--ეს- შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი აპლიკაციის საფასურის სანაცვლოდ.
5. ა--------ეს და ხ-------------–--ეს- შპს „მ----------------ი„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 30 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
6. შპს „მ----------------ს„ (ს/კ 412710525) დაუბრუნდეს 2018 წლის 16 მარტს სს 'თ----------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 33,31 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე დარინა აბულაძე