გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002305154
N 2/143-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.05.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე, თამარ აბულაძე
მოსარჩელე სს "ლ-------- ბ----",წარმომადგენელი ნ---- ქ-----–---–ი,მოპასუხე გ------- ს---–--ე,ვ------- ლ----ე,დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე გ------- ს---–--ის და ვ------- ლ----ისათვის სოლიდარულად 4355.36 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2 მოპასუხე გ------- ს---–--ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ინდივიდუალურად 1875.55 ლარის გადახდის დაკისრება;
1.3 მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე გ------- ს---–--ის და ვ------- ლ----ისათვის სოლიდარულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 131 ლარის გადახდის დაკისრება.
1.4 მოპასუხე გ------- ს---–--ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დაკისრება;
1.5 მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ-----“ და მოპასუხე გ------- ს---–--ეს შორის 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/06653 შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 10000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა 2017 წლის 25 სექტემბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 30 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ-----“ და მოპასუხე ვ------- ლ----ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N0002/2013/06653-1, რის საფუძველზეც ვ------- ლ----ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 13 564.95 ლარს.
მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა სესხზე განხორციელდა 2016 წლის 17 ოქტომბერს. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მათმა დავალიანებამ შეადგინა 4355.36 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2872.48 ლარი, პროცენტი 582.88 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 900 ლარი. მოპასუხეებმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულეს ვალდებულება.
გ------- ს---–--ის მოთხოვნით მის ანგარიშზე სს ,,ლ-------- ბ-----“ გააქტიურა ოვერდრაფტი N711149228562000, რომლის დაფარვის გრაფიკი მოპასუხის მიერ დარღვეულია 2015 წლის 08 მარტიდან და 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 1875.55 ლარს. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეებს გ------- ს---–--ეს და ვ------- ლ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ 3655.36 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2872.48 ლარი, პროცენტი 582.88 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 200 ლარი. ხოლო გ------- ს---–--ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 1875.55 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------- ს---–--ე სარჩელს ცნობს. აღიარებს ბ----ს წინაშე სასესხო ვალდებულების არსებობას, მაგრამ განმარტავს, რომ მას ამ ეტაპზე არა აქვს მატერიალური საშუალება გადაიხადოს ბ----ს წინაშე სესხი. რამდენიმე თვეში შეეძლება, რომ ეტაპობრივად გადაიხადოს სესხის თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 30 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ-----“ და მოპასუხე გ------- ს---–--ეს შორის დადებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 სექტემბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%-ით; პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% ვადაგადაცილებული თანხის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საბანკო კრედიტის 2013 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება N0002/2013/06653;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. გ------- ს---–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 30 სექტემბერს სს ,,ლ-------- ბ-----“ და მოპასუხე ვ------- ლ----ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ვ------- ლ----ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე გ------- ს---–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
ვ------- ლ----ის თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 13 564.95 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სოლიდარული თავდებობის 2013 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება N0002/2013/06653-1,- მხარეთა განმარტება.
3.1.3. გ------- ს---–--ის ანგარიშზე მისივე თხოვნით მოსარჩელე მხარემ გააქტიურა ოვერდრაფტი, რომლის დაფარვის გრაფიკი მოპასუხის მიერ დარღვეულია 2015 წლის 08 მარტიდან და 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 1875.55 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 711149228562000;
- მხარეთა განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გ------- ს---–--ემ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ შეწყვიტა სესხის გრაფიკის შესაბამისად გადახდა. მოპასუხეებს მიეცათ გაფრთხილება, მაგრამ მათ მიერ ვალდებულების შესრულება არ მოხდა არც დამატებით დროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
- საბანკო ამონაწერი ანგარიშიდან.
3.2.2. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხე გ------- ს---–--ის და ვ------- ლ----ის დავალიანებამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 4355.36 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2872.48 ლარი, პროცენტი 582.88 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 900 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა განმარტება;
- საბანკო ამონაწერი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------- ბ----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, მე-400, 403-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე , 623-ე , 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 53-ე 230-ე, 2321-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სოლიდარული თავდები პირი ვ------- ლ----ე არ გამოცხადდა, მას სასამართლო სხდომის დრო ადგილი ეცნობა სასამართლო უწყებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მოპასუხე ვ------- ლ----ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ვ------- ლ----ე არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობა და სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მის მიმართ დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 2321-ე მუხლის თანახმად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ლ----ის მიმართ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია, სასამართლოს მიაჩნია ვ------- ლ----ის მიმართ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სს ,,ლ-------- ბ-----“ და მოპასუხეებს გ------- ს---–--ეს და ვ------- ლ----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულებები), რომელთაც მოპასუხე მხარე აღიარებს.
სასამართლოს როგორც მოსამზადებელ ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე გ------- ს---–--ემ, რომელიც წარმოადგენს ძირითად მოვალეს, სარჩელი ცნო, კერძოდ თანახმაა გადაიხადოს და შეასრულოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება მაგრამ ამ ეტაპზე მას არა აქვს სესხის გადახდის მატერიალური საშუალება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების თანახმად დადგენილია, რომ სესხი უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს სარგებელთან ერთად. ასევე ვადაგადაცილების შემთხვევაში დაერიცხებოდა ჯარიმები. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეთანხმა მოპასუხე და სესხი მიიღო. რაიმე პრეტენზია და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარესა და მოპასუხე გ------- ს---–--ეს და ვ------- ლ----ეს შორის დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულება, ასევე გ------- ს---–--ესთან დადებული ოვერდრაფტის ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის ოქტომბრიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე გ------- ს---–--ემ დაარღვია 2013 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად სოლიდარული თავდები ვ------- ლ----ე პასუხისმგებელია გ------- ს---–--ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------- ბ----'' უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან გ------- ს---–--ისა და ვ------- ლ----ისაგან სოლიდალურად მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ასევე გ------- ს---–--ისაგან ინდივიდუალურად მოითხოვოს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
6.6. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 200 ლარამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 200 ლარი გონივრულია და ვერ ჩაითვლება კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყაროდ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჟებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე არსებობდა შეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 250-251-ე, 256- 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს ,, ლ-------- ბ----ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე გ------- ს---–--ეს (პ/ნ 1----------) და ვ------- ლ----ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" (ს/კ2--------) სასარგებლოდ 3655.36 (სამი ათას ექვსას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 2872.48 ლარი არის ძირი თანხა, 582.88 ლარი არის პროცენტი, ხოლო 200 ლარი არის ჯარიმა.
1.2. მოპასუხე გ------- ს---–--ეს (პ/ნ 1----------) ინდივიდუალურად დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" (ს/კ2--------) სასარგებლოდ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1875.55 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე გ------- ს---–--ეს (პ/ნ 1----------) და ვ------- ლ----ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" (ს/კ2--------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 131( ას ოცდათერთმეტი ლარი) ლარის ანაზღაურება;
2.1. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკს" (ს/კ2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
4. მოპასუხე ვ------- ლ----ეს გაეგზავნოს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ მას გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე