გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/250-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ნანა კი-–------ა
წარმომადგენელი - მზია ად--–---–ი
მოპასუხე - კო----------ე გუ-------ე
წარმომადგენელი - ინგა გა---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე კო----------ე გუ-------ეზე, მოსარჩელის სასარგებლოდ 17.636 ევროს გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე კო----------ე გუ-------ეზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლოს ხარჯების გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 3 ოქტომბერს საბერძნეთში ჯვარი დაიწერა კო----------ე გუ-------ეზე და შეეძინათ ერთი შვილი ლუკა გუ-------ე, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ნანა კი-–------ასთან.
მოსარჩელემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესათან ერთად გადაწყვიტა შეეძინა ბინა ქალაქ ქუთაისში. ჰქონდა რა ნდობა კო----------ე გუ-------ის მიმართ, ათენიდან თანხებს უგზავნიდა უკვე ქუთაისში მყოფ კო----------ეს, რომელმაც ქ. ქუთაისში რუსთაველისგამზ. N97/4-ში შეიძინა საცხოვრებელი ბინა და დაირეგისტრირა საკუთრებაში. შეთანხმებისამებრ, ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ბინა უნდა გადაეფორმებინა მოსარჩელის სახელზე, თუმცა აღნიშნული არ მოხდა და მოპასუხე უარს უცხადებს ბინის გადაფორმებაზე.
ვინაიდან მოსარჩელე თვითონ, ბავშთან ერთად ცხოვრობს მითითებულ ბინაში და მოპასუხე ითხოვს ბინიდან მის გამოსახლებას, მიაჩნია, რომ მოპასუხემ უნდა გადაუხადოს ბინის ღირებულების ნახევარი 17.636 ევრო, რადგან აღნიშნული თანხა საბერძნეთიდან მის მიერ იქნა გადმოგზავნილი კო----------ე გუ-------ის სახელზე და მიიღო მან. ნანა კი-–------ას განმარტებით, თანხის დაბრუნების შემდეგ ის შეიძენს ახალ საცხოვრებელ ბინას და პრეტენზია არ ექნება კო----------ე გუ-------ესთან.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ შესაგებელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ მოსარჩელესთან არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინა ერთი შვილი ლუკა გუ-------ე. საბერძნეთიდან საქრთველოში დაბრუნდა ოთხი თვის ბავშვთან ერთად.
2011 წელს ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97/4-ში 40.000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა და დაირეგისტრირა საკუთრებაში, რადგან ბინა შეიძინა საკუთარი დანაზოგით, რომელიც მიბარებული ჰქონდა ნანა კი-–------აზე და ის უგზავნიდა საბერძნეთიდან. გარდა ამისა, 5000 ევრო ასესხა ია გუ-------ემ და 4000 აშშ დოლარი - ქეთინო გუ-------ემ.
მოპასუხის განმარტებით, ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და მოაწყო მისი გემოვნებით. მოსარჩელესათან ბინის გადაცემის თაობაზე შეთანხმება არ ჰქონია და ბინა მისი საკუთრებაა.
ნანა კი-–------ს მიერ გადმოგზავნილი თანხებით, 7000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქ.N24. ბ 29. ფართი 53.10 კვ.მ. რომელიც ნანა კი-–------ას მითითებით გადაუფორმა მის მამიდაშვილს მერაბ მამუჭაძეს.
2.2. მოპასუხის მითითებით, დავა ხანდაზმულია, რადგან ნანა კი-–------ა საქართველოში ჩამოვიდა 2013 წლის 1 იანვარს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2016 წლის თებერვალში, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.2.დადგენილია, რომ ნანა კი-–------ამ და კო----------ე გუ-------ემ, 2010 წლის 3 ოქტომბერს ჯვარი დაიწერეს საბერძნეთში და შეეძინათ ერთი შვილი ლუკა გუ-------ე, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ნანა კი-–------ასთან.
მტკიცებულება: სარჩელი. (ტ.1.იხ. ს.ფ.2-15).
მხართა ახსნა განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. ნანა კი-–------ა არასრულწლოვან ლუკა გუ-------ესთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97/4-ში, კო----------ე გუ-------ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში.
მტკიცებულება:
სარჩელი. (ტ.1.იხ. ს.ფ. 2-15).
მხარეთა ახსნა-განმარტება.
საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განჩინება. (ტ.1.იხ. ს.ფ. 134-139);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ქ.ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97/4-ში, მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია კო----------ე გუ-------ის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 20-21).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 22-23).
- საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განჩინება. (იხ.ს.ფ. 134-139).
3.2.2. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შესახებ ამონაწერით დადგენილია, რომ ნანა კი-–------ამ კო----------ე გუ-------ეს გადმოურიცხა 28.353.2 ევრო, ხოლო ნანა კი-–------ას დედამ, ნადია კი-–------ამ - 3061,64 ევრო.
მტკიცებულება:
- ფულადი გზავნილების შესახებ ამონაწერი (იხ. ს.ფ.24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3.მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებით, დადგენილია, რომ კო----------ე გუ-------ე იღებს ვალდებულებას აჩუქოს ნანა კი-–------ას მის საკუთრებაში რიცხული ქონების მდებარე ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ½ ნაწილი. ს/კ. 03.04.02.026.01/004.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე მხარე დაქორწინდა ან/და გაუჩნდათ შვილი, მაშინვე ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ნაწილი ს/კ. 03.04.02.026.01/004. მდებარე ქონების თავიანთ წილს აჩუქებენ შვილს ლუკა გუ-------ეს დაბადებულს 2010 წლის 25 ოქტომბერს.
ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის არასოდეს არ იქნება ქონებრივი და სხვა სამართლებრივი დავა, გარდა ამ შეთანხმების დარღვევით გამოწვეული დავისა. მხარეები ყველა პირობაზე არან შეთანხმებული, რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას. ამდენად მხარეები თანხმდებიან, რომ მათ არასოდეს ექნებათ დავა ქონებრივი და სამართლებრივი.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება ცალმხრივად გაუქმდა მის მიერ 2016 წლის 23 მარტს.
მტკიცებულება:
- შეთანხმება (იხ. ს.ფ. 30);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.4. მოწმედ დაკითხულმა გურამი ბახტაძემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის და მოპასუხის მეჯვარე. მისივე განმარტებით, საბერძნეთში ყოფნისას მუშაობდა როგორც ნანა კი-–------ა ასევე კო----------ე გუ-------ე. მოწმემ აჩვენა, რომ არ იცის კ. გუ-------ის მიერ 30.000 ევროს ნანა კი-–------სადმი მიბარების ფაქტი, რადგან აღნიშნული ოჯახის პირადი საქმეა.
მტკიცებულება:
მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოწმედ დაკითხულმა ია გუ-------ემ განმარტა, რომ არის კო----------ე გუ-------ის და. მოწმის განმარტებით, კო----------ეს ფული გასესხებული ჰქონდა მის სიდედრს, ნანა კი-–------ას დედას -ნადიას. მოწმის განმარტებით, კო----------ეს კუთვნილი ფული საბერძნეთიდან გადმოაგზავნა ნანა კი-–------ამ.
მტკიცებულება:
მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. ფაქტობრივად, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გადმოგზავნილი თანხის ოდენობის დადგენა. შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კო----------ე გუ-------ემ ნანა კი-–------ასგან მიიღო სარჩელით მოთხოვნილი 17.636.00 ევრო და გარიგების ბათილობის გამო, ის ვალდებულია მიღებული თანხა დაუბრუნოს მოსარჩელეს.
-აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 976-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით - ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
-განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს მხარეთა 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმება, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნანა კი-–------ა აღიარებული იქნა ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004 მართლზომიერ მფლობელად. იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კო----------ე გუ-------ის მიერ 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმების ცალმხრივად გაუქმებას ნამდვილად მივიჩნევთ, ნანა კი-–------ას 2016 წლის 23 მარტამდე, სადავო ქონების ფლობის უფლება მაინც ექნებოდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ უსაფუძვლოა.
6.2. დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას მოთხოვნის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლების მითითების შესახებ. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის არასწორად მითითება არ ზღუდავს სასამართლოს თვითონ მოიძიოს დავის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, იმავე მხარეებს შორის დავაზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ წინამდებარე საქმეზე სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე აფასებს, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებს. კერძოდ - მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე წესებით უნდა დარეგულირდეს. კერძოდ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
6.4. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების მოშლა ნამდვილი არ არის და შესაბამისად, ნანა კი-–------ა სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად იქნა მიჩნეული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ ნანა კი-–------ა და კ.გუ-------ე საბერძნეთში არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ნანა კი-–------ას ჰქონდა ნდობა კ. გუ-------ისადმი და მას საცხოვრებელი ბინის შესაძენად უცხოეთიდან უგზავნიდა თანხებს. ბუნებრივია მას ასევე სურდა ეცხოვრა მისივე თანხებით შეძენილ ბინაში და 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებაც ამ მოტივითაა დადებული.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, უდავოდ (პრეიუდიციული ფაქტი) დადგენილია, რომ ნანა კი-–------ა ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004 კ. გუ-------ის სახელზე რეგისტრირებული ბინის მართლზომიერი მფლობელია, რომელიც მფლობელობის მიმართ კეთილსინდისიერია.
-მფლობელობის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს: სსკ-ის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი.
6.5.განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კო----------ე გუ-------ის მიერ დაირღვა შეთანხმება ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004 მდებარე ბინის ½ ნანა კი-–------ას საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მართლზომიერ მფლობელს, ნანა კი-–------ას უფლება აქვს სს კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით კ. გუ-------ეს მოთხოვოს მის მიერ გადმოგზავნილი თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6…სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.
მსგავსი კატეგორიის სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება.
6.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ ჯვარი დაიწერეს საბერძნეთში და არარეგისტრირებული ფაქტობრივი ქორწინებიდან შეეძინათ ერთი შვილი. მხარეები არ უარყოფენ, რომ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისას შემოსავალი ჰქონდა, როგორც მოსარჩელეს ასევე მოპასუხეს.
-სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინების კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია წარმოშობს მხოლოდ იურიდიულ შედეგებს მეუღლეთა შორის და იგი დამოკიდებულია მეუღლეების სურვილზე. ამდენად, რეგისტრაცია არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას და შეიძლება მეუღლეებმა არც მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია და იცხოვრონ ურთიერთპატივისცემით.
წინამდებარე შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება ჯვრისწერის შესახებ, საერთო მეურნეობის წარმოება, შვილის დაბადება მიანიშნებს, რომ მხარეებს სურდათ ეცხოვრათ ერთ ოჯახად, ნანა კი-–------ას ჰქონდა ნდობა კ.გუ-------ისადმი და თანხებს უგზავნიდა საზღვარგარეთიდან, რომლითაც კ. გუ-------ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004.
6.8. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ (ოჯახში საცხოვრებლად გადავიდა ნანა კი-–------ას დედა ნადია კი-–------ა, დისშვილი-ნიკა გვამბერიძე და ბიძაშვილი -გიორგი კი-–------ა), კო----------ე გუ-------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004 მის საკუთრებაში მდებარე ბინიდან, სიდედრის, ნადია კი-–------ას და მეუღლის - ნანა კი-–------ას გამოსახლება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004 - კო----------ე გუ-------ის საკუთრებაში მდებარე ბინიდან, გამოსახლებული იქნა სიდედრი - ნადია კი-–------ა, ხოლო ნანა კი-–------ას გამოსახლების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.9. მიმდინარე დავის გადაწყვეტისას, სასამართლო სახდომაზე კო----------ე გუ-------ემ განმარტა, რომ არ სურს ნანა კი-–------ასთან ცხოვრება, ბინა მისი საკუთრებაა და სურს დაიბრუნოს, ხოლო ნანა კი-–------ამ განმარტა, რომ მითითებული უძრავი ნივთი შეძენილია მის მიერ გამოგზავნილი თანხით, რაც შეადგენს 17.636 ევროს და ვინაიდან კო----------ე გუ-------ე სადავო ბინაში მისი ცხოვრების წინაღმდეგია, მას უნდა დაუბრუნოს კო----------ე გუ-------ემ უსაფუძვლოდ მიღებული 17.636 ევრო და გაათავისუფლებს ბინას.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავოა თანხების წარმომავლობა (კუთვნილება) და ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთმანეთის ოჯახის წევრები იყვნენ, მოსარჩელეს ევალება, დაამტკიცოს ფაქტი, რომ თანხა, რომლის ანაზღაურებასაც ის ითხოვს, მისი კუთვნილება იყო. მოსარჩელემ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ფულადი ტარნზაქციების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებას აღნიშნული ტრანზაქციების დამადასტურებელი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, მათ მიიჩნევს სრულფასოვან მტკიცებულებად (სსკ 134.11მუხლი) და აღნიშნავს, რომ ფულადი ტრანზაქციების დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადახდილი თანხის მესაკუთრე არის გადამხდელი. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე ნანა კი-–------ა.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნანა კი-–------ას ჰქონდა სურვილი შეეძინა საცხოვრებელი ბინა ქ. ქუთაისში და ამ მიზნით საბერძნეთიდან თანხას უგზავნიდა კო----------ე გუ-------ეს, რომელმაც მიიღო აღნიშნული თანხა და შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზ. N97-44/4 ს/კ. 03.04.02.026.01/004, რომელიც დაირეგისტრირა საკუთრებაში. ანუ, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეეებს შორის დაიდო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. კერძოდ-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.10. მოპასუხე კო----------ე გუ-------ის მოთხოვნა, იმავე ბინიდან მართლზომიერი მფლობელის ნანა კი-–------ას გამოსახლების შესახებ, უნდა ჩაითვალოს გარიგების ბათილობად და ნანა კი-–------ას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია კო----------ე გუ-------ეს მოთხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 17.636 ევროს დაბრუნება, რადგან ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო აღარ არსებობს.
-სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე კ. გუ-------ის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნანა კი-–------ას მიერ მისდამი გადმოგზავნილი თანხების მისივე საკუთრება იყო, რადგან მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოწმედ დაკითხულმა გურამი ბახტაძემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის და მოპასუხის მეჯვარე. მისივე განმარტებით, საბერძნეთში ყოფნისას მუშაობდა როგორც ნანა კი-–------ა ასევე კ. გუ-------ე. მოწმემ აჩვენა, რომ არ იცის კ. გუ-------ის მიერ 30.000 ევროს ნანა კი-–------ასადმი მიბარების ფაქტი, რადგან აღნიშნული ოჯახის პირადი საქმეა.
სარჩელზე უარის საფუძვლად და მოპასუხის პოზიციის გასამყარებლად ასევე ვერ გამოდგება მოწმედ დაკითხული ია გუ-------ის ახსნა-განმარტება, რადგან ის მოპასუხის ოჯახის წევრია და ვერ იქნება ობიექტური.
6.11.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებზე საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა ვრცელდება, ამდენად, რადგანაც დადგენილია, რომ ძირითადმა მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელით სასამართლოს 2016 წელს მიმართა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული ვერ იქნება.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1500.00 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი, 1500 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნანა კი-–------ას სარჩელი.
2.დაეკისროს კო----------ე გუ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17.636.00 ევროს გადახდა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1500 ლარი, იურიდიული მომსახურების 500 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი მოპასუხე კო----------ე გუ-------ეს გადახდეს ნანა კი-–------ას სასარგებლოდ.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე