გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
190210017001999451
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1422-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5.06.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე მ------ ზ-----ე

წარმომადგენელი მადონა მილდიანი

მოპასუხე მ---–---- ე-–--------–---–ი

წარმომადგენელი თენგიზ ომანაძე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ---–---- ე-–--------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 9 აპრილს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მეუღლეების დაშორების მიზეზი იყო მოპასუხის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება. მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე, არ ეხმარება მის აღზრდაში, არა აქვს ბავშვთან პირადი ურთიერთობა. თავად არსად მუშაობს, მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. მოპასუხე მუშაობს, აქვს ყოველთვიური ხელფასი 500 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებით ვალდებულების დაკისრების წინაპირობაა ის, რომ ვალდებული პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას. მოპასუხის ოჯახი აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, მოსარჩელეს ეხმარებიან მატერიალურად, ბავშვი პერიოდულად მათ ოჯახში არის, რის გამოც ნებაყოფლობით ზრუნავს შვილზე. მოპასუხე მუშაობს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში, მისი ყოველთვიური ხელფასია 335 ლარი, რის გამოც ყოველთვიურად 200 ლარის ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

 

(05.06.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. მ------ ზ-----ე და მ---–---- ე-–--------–---–ი რამდენიმე თვეა ცხოვრობენ ცალცალკე. მათი შვილი ლ---- ე-–--------–---–ი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე მ------ ზ-----ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 33-37. ტომი 1)

 

3.1.2. მ------ ზ-----ე ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-3. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 33-37. ტომი 1)

 

3.1.3. მ---–---- ე-–--------–---–ი დასაქმებულია სს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის საოპერაციო დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურში დაცვის ადმინისტრატორის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება არის თვეში 31.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა განმარტებები(05.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- ხელფასის ცნობა (ს.ფ. 68. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. მ------ ზ-----ესა და მ---–---- ე-–--------–---–ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი – ლ---- ე-–--------–---–ი.

 

დაბადების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს დაბადებულია ლ---- ე-–--------–---–ი. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა მ------ ზ-----ე, მამა – მ---–---- ე-–--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 17-18. ტომი 1).

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 150 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

- გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვით.

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ლ---- ე-–--------–---–ი არის მცირეწლოვანი, 1 წლის 1 თვის ასაკის ჩვილი. ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი, ჰიგიენური საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.

 

ბავშვი ცხოვრობს და იზრდება მოსარჩელესთან, ჩვილი ასაკის გამო ბავშვს მუდმივი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება, რაც არის ობიექტური გარემოება, რაც მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს. ამდენად, მოსარჩელეს ობიექტიური მიზეზის გამო სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დედას დამოუკიდებლად შვილის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია, ხოლო მოპასუხეს აქვს მატერიალური შესაძლებლობა ყოველთვიურად გადაიხადოს შვილის რჩენისათვის აუცილებელი თანხა.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, რომ ნებაყოფლობით ასრულებს შვილის რჩენის ვალდებულებას და იძულებით ამ ვალდებულების დაკისრების საფუძველი ამის გამო არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის თანახმად, 1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით. 2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანემდე.

 

ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ასევე ბავშთან უფლებეის შესახებ კონვენციით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.

 

ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აძღვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება. სწორედ აქედან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის გადახდის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, როცა პირი მატერიალურად ეხმარება შვილს და იხდის თანხას მისი რჩენისათვის.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოპასუხე და მისი ნათესავები ბავშვის მიმართ ყურადღებიან და მზრუნველ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, პერიოდულად ბავშვი მიჰყავთ მოპასუხის მშობლებს, ბავშვი მათ ოჯახში რჩება, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელია მშობლების უნარები და ქონებრივი მდგომარეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა არის ამ საკითხის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოება და მხოლოდ ამის გამო შეიძლება შემცირდეს ალიმენტის ოდენობა.

 

ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, იგი ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე დამოუკიდებლად, მეუღლის დაუხმარებლად, რის გამოც უწევს ბავშვის სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მასზე ზრუნვა. ეს გარემოებები მისი დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით არ შეუძლია შვილის სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 200 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, რადგან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მისი შეცვლა მხარეთა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი). კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას.

 

მოპასუხის ყოველთვიური ხელფასია 312,50 ლარი, რის გამოც მისთვის ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან აშკარად შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.

 

ამავდროულად სასამართლო აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ბავშვი არის ჩვილი ასაკის, მას განსაკუთრებული ზრუნვა და მეთვალყურეობა სჭირდება, რის გამოც ალიმენტის გონივრული ოდენობას წარმოადგენს მოპასუხისათვის ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება, რადგან მოპასუხე დასაქმებულია, მას აქვს სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი, კმაყოფაზე სხვა არასრულწლოვანი შვილი ან შრომისუუნარო ოჯახის წევრი არ ჰყავს, არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც აქვს მცირეწლოვანი შვილის საჭიროებებისათვის 150 ლარის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 1800 ლარს. ამდენად, განსახილველი დავა არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა. სსსკ 39-ე მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რის გამოც ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ------ ზ-----ის სარჩელი;

1.1. მ---–---- ე-–--------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 9 აპრილს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 6 ივლისიდან;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის 50 ლარის დაკისრების შესახებ.

 

2. მ---–---- ე-–--------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი