გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/164-2017წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ზ-------- კ---------ა
წარმომადგენელი მაგული კორძაია
მოპასუხე ს----- ო---------ი
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი – ლაშა პარასტაშვილი
დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ბავშვის გვარის შეცვლა
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2005 წლის 10 ივლისს დაბადებული ა--- ო---------ისათვის გვარის შეცვლა და გვარის „კ---------ის“ მიკუთვნება.
1.2. ს----- ო---------ისათვის შვილის 2005 წლის 10 ივლისს დაბადებული ა--- ო---------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასორტის აღებასა და ბავშვის საზღვარგარეთ წასვლაზე თანხმობის განცხადების უფლებაში.
მოსარჩელის განმარტებით, მას და ს----- ო---------ს ჰყავთ ორი საერთო შვილი, 2007 წლის იანვარს დაბადებული ზა--- კ---------ი და 2010 წლის 10 ივლისს დაბადებული ა--- ო---------ი. ზა--- კ---------ზე ორსულობის დროს მოპასუხემ მიატოვა ოჯახი და არ დაინტერესებულა ბავშვის დაბადებითაც, რის გამოც დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა და სხვა მონაცემები მითითებულია დედის მითითებით. მოპასუხე არ ინტერესდება შვილების აღზრდის საკითხებით, არასოდეს განუხორციელებია მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოსარჩელის განმარტებით, ასევე შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილოს და დაასვენოს ბავშვი, ჰყავს ნათესავები აზერბაიჯანში, რუსეთის ფედერაციაში. ნათესავების მონახულებას და ბავშვების წაყვანას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ საჭიროა მშობლის თანხმობა. მოპასუხე საქართველოში არ ცხოვრობს, ბავშვებზე არ ზრუნავს და მისი თანხმობის განცხადება შეუძლებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----- ო---------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი სასამართლომ ვერ დაადგინა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით იგი 2006 წელს გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. მოპასუხეს სარჩელის შინაარსი და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას და ბავშვისათვის გვარის შეცვლას დაეთანხმა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან. შეფასების პროცესში ბავშვმა განაცხადა, რომ მამის სახე არასდროს უნახავს, მის მიმართ ვერაფერს გრძნობს, არ სურს ჰქონდეს მისთვის უცნობი ადამიანის გვარი. სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ინტერესში შედის ძმებს ჰქონდეთ საერთო გვარი. სააგენტო ასევე დაეთანხმა მშობლის უფლების შეზღუდვას, რადგან მოპასუხეს ბავშვებთან საერთოდ არა აქვს კავშირი, რის გამოც ბავშვის უფლებების განხორციელება ფერხდება.
(15.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი.)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ზ-------- კ---------ას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. ა--- ო---------ის მამად დაბადების მოწმობაში მითითებულია მოპასუხე ს----- ო---------ი.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, ა--- ო---------ი დაბადებულია 2005 წლის 10 ივლისს. მშობლებად რეგისტრირებულია დედა ზ-------- კ---------ა, მამა ს----- ო---------ი.
ზა--- კ---------ი დაბადებულია 2007 წლის 22 იანვარს. მათი მშობლები არიან - დედა ზ-------- კ---------ა, მამად მითითებულია ს----- კ---------ი.
ამდენად, დაბადების მოწმობების თანახმად, მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილებიდან ს----- ო---------ი რეგისტრირებულია ა--- ორჯოვის მამად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 16.35. ტომი 1)
3.2.2. არასრულწლოვნები ზა--- კ---------ი და ა--- ო---------ი მუდმივად ცხოვრობენ მოსარჩელე ზ-------- კ---------ას ოჯახში, სადაც მათზე მოსარჩელე და ნათესავები სათანადოდ ზრუნავენ. მოპასუხე ს----- ო---------ი 10 წელზე მეტია საქართველოში არასრულწლოვან შვილებთან ერთად არ ცხოვრობს და მათ აღზრდაში არ მონაწილეობს.
მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილები ზა--- კ---------ი და ა--- ო---------ი ცხოვრობენ და იზრდებიან მის ოჯახში, ბავშვების მამა ათ წელზე მეტია მათ აღზრდაში არ მონაწილეობს, წასულია საზღვარგარეთ და შვილებთან ურთიერთობა არა აქვს.
მოსარჩელის აღნიშნული განმარტება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის ვიოლა ფალიანის 2018 წლის 31 მაისის დასკვნით, სადაც მითითებულია შემდეგი გარემოებები:
ა--- ო---------ი არის ზ-------- კ---------ას და ს----- ო---------ის შვილი. მათ ჰყავთ კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი 11 წლის ზა--- ო---------ი, რომლის მიმართ მამობა დადგენილი არ არის. ბავშვების ინფორმაციით ისინი არ იცნობენ მამას, მისი ხმა არ გაუგონიათ, მათთან ასევე არ ურთიერთობენ მამის მხრიდან ნათესავები, პაპა და ბებია, არასდროს მოუკითხავთ შვილიშვილები.
ზ-------- კ---------ას ინფორმაციით, ა---ი ერთი წლის ჩვილი იყო, როცა ს----- ო---------ი გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ არასდროს მოუკითხავს შვილები. მისი ინფორმაციით საქართველოში არ დაბრუნებულა, მათი შვილები არ მიიღეს ასევე ს----- ო---------ის მშობლებმა და არ ურთიერთობენ ბავშვებთან.
არასრულწლოვანმა ა--- ო---------მა მამის მიმართ დამოკიდებულება ასე გამოხატა: მამის სახე არასდროს უნახავს, და არც მსურს ვნახო. მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ ხელს მიშლის ნორმალურ ცხოვრებაში. ყოფილა შემთხვევა, როცა უკითხავთ ვისი შვილია, მას კი შერცხვა, მისთვის უცნობი ადამიანის სახელი და გვარი რომ დაასახელა მამად. ამიტომ გაუჩნდა სურვილი რომ არ ჰქონდეს მამის გვარი და ატაროს დედის გვარი. ასევე განიცდის, რომ მამის მშობლებს არ უნდათ მასთან ურთიერთობა. ბავშვი ასევე განიცდის იმ ფაქტს, რომ დედის სურვილის მიუხედავად არ შეუძლია წაიყვანოს საზღვარგარეთ ნათესავებთან. ასევე არდადეგების პერიოდში ვერ მიდის უცხოეთში დასასვენებლად. ა--- ო---------ი თვლის, რომ იგი ზარალდება მამის გამო, იზღუდება მისი გადაადგილების უფლება ნათესავებთან ურთიერთობის თუ დასვენების მიზნით, რაც მას აღიზიანებს. დედის გადმოცემით, ამით ა---ი უფრო ჭირვეული და პრეტენზიულია. იგი იმაზე ედავება უმცროს ძმას, რომ იგი დედის გვარს ატარებს, ხოლო თვითონ იძულებულია ჰქონდეს იმ ადამიანის გვარი, რომელსაც არ იცნობს. ა---ი თვლის, რომ მამა მასზე ისევე უნდა ზრუნავდეს, როგორ დედა ზრუნავს.
შვილების მოვლაში ზ-------- კ---------ას ეხმარება დედა ნურია კ---------ა. ისინი ერთად ცხოვრობენ. ზ-------- პერიოდულად მიემგზავრება თურქეთში სამუშაოდ და ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფს. ა---ის ინფორმაციით დედა ყოველთვის მათზე ზრუნავს, ხელს უწყოს განათლების მიღებაში, აძლევს საშუალებას ისარგებლოს ინდივიდუალური გაკვეთილებით საგნებში და მონაწილეობა მიიღოს კლასის ექსკურსიებში.
სასამართლომ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ს----- ო---------ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ. 2018 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ს----- ო---------მა 2006 წლის 1 სექტემბერს გადაკვეთა საქართველოს საზღვარი რუსეთში მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის მიმართულებით. მას შემდეგ საქართველოს საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სოციალური მუშაკის დასკვნით და სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ მოპასუხე შვილების აღზრდაში უშუალოდ არ მონაწილეობს, მე-12 წელია იგი საქართველოდან წასულია, ა--- ო---------თან რაიმე ურთიერთობა არა აქვს.
საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბავშვები ზა--- კ---------ი და ა--- ო---------ი ცხოვრობენ და მათ აღზრდაზე ზრუნავს დედა ზ-------- კ---------ა და მისი ნათესავები, დედა ნურაია კ---------ა. მოსარჩელის ოჯახში ბავშვების აღზრდისათვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი, მათ ჯანმრთელობას, ფსიქოემოციურ განვითარებას საფრთხე არ ექმნება, მათზე სათანადოდ ზრუნავენ. ბავშვებს დედის ოჯახში არ ემუქრებათ რაიმე საფრთხე, დაცულია მათი უფლებები. აქვთ თბილი და მზრუნველი გარემო. სასამართლო სოციალური მუშაკის დასკვნიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახში არის მშვიდი გარემო, ბავშვების მიმართ მოსარჩელე გამოირჩევა მზრუნველი, ყურადღებიანი დამოკიდებულებით, ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლების უფლების რეალიზაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 52. ტომი 1).
- მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 71-72. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ბავშვს შეეცვალოს გვარი.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. 2. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებამოსილება, სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოითხოვოს მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის გვარის შეცვლა და ბავშვისათვის მისი გვარის მიკუთვნება. კანონი ითვალისწინებს 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის აუცილებელ თანხმობას, სხვა საფუძვლებს კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა რადგან დავა შეეხება ბავშვის უფლებებს, საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო პრინციპის საფუძველზე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის გათვალისწინებული პრინციპებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, 1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. 3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ამ კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, 1. ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება. 2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებების განხორციელებას თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი ვალდებულებების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად ბავშვს არ ექნებოდა მოქალაქეობა.
ამდენად, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება დაბადებისთანავე დარეგისტრირდეს მის ვინაობა, დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება. ბავშვის უფლებაა იცნობდეს თავის მშობლებს, ჰქონდეს მშობლებთან ურთიერთობა. უფლება აქვს მშობლებისგან იყოს ზრუნვის და ყურადღების ობიექტი, უფლება აქვს მშობლები აქტიურად იყოს ჩართული მის აღზრდაში.
ამ შემთხვევაში ა--- ო---------ის დაბადება რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, მისი მამის ვინაობა დადგენილია და ბავშვს მინიჭებული აქვს მამის გვარი. მოსარჩელის მოთხოვნაა ბავშვისათვის გვარის შეცვლა და მისთვის დედის გვარის მიკუთვნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, ბავშვისათვის გვარის შეცვლა დასაშვებია მისი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის გვარის შეცვლისათვის საჭიროა ბავშვის თანხმობაც.
ამ შემთხვევაში ა--- ო---------ის მშობლები დაშორებულები არიან, ბავშვი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ხოლო ბავშვის მამა 2006 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. მამას ბავშვთან რაიმე ურთიერთობა არა აქვს, ბავშვის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებს არ ასრულებს. ბავშვი აცხადებს სურვილს, რომ ჰქონდეს დედის გვარი იმ მიზეზით, რომ არ სურს ჰქონდეს მისთვის უცნობი ადამიანის გვარი.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. 2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ. 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. ბავშვთა უფლებების კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ოჯახური გარემო მიჩნეულია ბავშვის აღზრდის საუკეთესო პირობად. ბავშვის აღზრდისათვის ასეთი გარემოს შექმნაზე მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვის მშობლებს ეკისრებათ. ამ შემთხვევაში მოპასუხე ს----- ო---------ი მშობლის ვალდებულებას არ ასრულებს, მას შვილთან ურთიერთობა არა აქვს, შვილს არ იცნობს.
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N.TS. AND OTHERS v. GEORGIA ), რომელიც შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დავას, სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო, ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლი 12–ის გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტი 40-42 ზემოთ, და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი შენიშვნების No.12 პუნქტი 32), ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები (იხილეთ ასევე მ. დამ., ციტირებულია ზემოთ, § 181). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას“.
ამ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის შინაარსი და ბავშვის უფლება, მოუსმინონ, რაში მდგომარეობს.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას.
ბავშვის უფლებების კომიტეტის 2009 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში (CRC/C/GC/12) მითითებულია, რომ ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...
კონვენციის დებულება “საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ განმარტებულია შემდეგნაირად: „კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება“.
დებულება “შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“ განმარტებულია, რომ ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მუხლი 12 აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადასაწყვეტი საკვანძო საკითხები. კერძოდ, “სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:
a. განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირებისაგან;
b. იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა:
– უზრუნველყოს ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
– შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოს ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან სხვებისგან განცალკევებით უნდა განხორცილედეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის გაგების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
– უზრუნველყოფილი უნდა იქნას ბავშვისთვის მისი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;
c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”
განსახილველ შემთხვევაში ბავშვი ა--- ო---------ი ცხოვრობს საქართველოში დედასთან, ერთად, მამას მოპასუხე ს----- ო---------ს ბავშვთან კავშირი და ურთიერთობა არა აქვს, ბავშვი მამას არ იცნობს, მათ შორის ოჯახური პირადი და უშუალო ურთიერთობა არ არის, მოპასუხე მშობლის მოვალეობას არ ასრულებს. ბავშვის სურვილია შეიცვალოს გვარი და მიიღოს დედის გვარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის სურვილი და მოსაზრება საფუძვლიანია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და ბავშვის მოსაზრების გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ა--- ო---------ი ამჟამად ატარებს მამის გვარს, ხოლო მისი ძმა ზა--- კ---------ი ატარებს დედის გვარს. შესაბამისად, ძმებს დოკუმენტების მიხედვით სხვადასხვა გვარი აქვთ, რაც ა--- ო---------ში იწვევს პროტესტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესს წარმოდგენს მჭიდრო ოჯახური კავშირების საფუძველზე აღზრდა, რაც დაბადების მოწმობაში მამად მითითებულ პიროვნებასთან არა აქვს. ბავშვის პროტესტის გრძნობას იწვევს ის გარემოება, მისთვის უცნობი პიროვნების გვარს ატარებს ისეთ პირობებში, როცა ამ პიროვნებისგან მამობრივ მზრუნველობას ვერ გრძნობს. აღსანიშნავია ბავშვის ასაკი, იგი ამჟამად არის 13 წლის ასაკის, სწავლობს სკოლაში, რის გამოც ასაკიდან გამომდინარე შეუძლია დამოუკიდებლად განსაჯოს მის ირგვლივ მომხდარი მოვლენები და დამოუკიდებელი განსჯის საფუძველზე ჩამოაყალიბოს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.
აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესს წარმოადგენს ა--- ო---------ისათვის გვარის შეცვლა და მისთვის დედის ზ-------- კ---------ას გვარის მიკუთვნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამ ნორმის მიხედვით, 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც: „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ამის მიუხედავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება. მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას უნდა დადგინდეს, მშობელი ჯეროვნად ასრულებს თუ არა მისი, როგორც მშობლის არა მარტო წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებას.
"ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის აღნიშნული ნორმის მიხედვით, მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში არ მონაწილეობს, მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, მას ხანგრძლივი დროის მანძილზე შვილთან პირადი უშუალო ურთიერთობა არ ჰქონია. მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ მშობლის ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით.
არასრულწლოვანს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.
ამ შემთხვევაში მოპასუხე ნებაყოფლობით შვილის მიმართ მშობლის უფლებებს არ ახორციელებს. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავენ დედა და მისი ნათესავები, მამის თანხმობის გარეშე ვერ წყება ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილი ისეთი საკითხები, როგორიცაა საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანა, რადგან მოპასუხეს შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა არა აქვს. ამდენად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წამომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა ბავშვმა შეძლოს უცხოეთში გამგზავრება.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით ბანკში გადახდილი მომსახურების საკომისიოს ჯამურად 101 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს ზ-------- კ---------ას სარჩელი;
1.1. ა--- ო---------ს (დაბადებული 2005 წლის 10 ივლისს. დაბადების სააქტო ჩანაწერის N 0162285) შეეცვალოს გვარი და მიენიჭოს მოსარჩელის გვარი „კ---------ი“;
1.2. ს----- ო---------ს (პირადი N1----------) შეეზღუდოს შვილის 2005 წლის 10 ივლისს დაბადებული ა--- ო---------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და საზღვარგარეთ წასვლაზე თანხმობის განცხადების უფლებაში;
2. ს----- ო---------ს დაეკისროს ზ-------- კ---------ასათვის 101 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი