გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
080310017002126197
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002126197

საქმე№ 3/1191-17წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

მოსარჩელე - ნ---- ს---–-------ე

მოპასუხე - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ა----------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N67285 გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის - (3000 ლარის) უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლის ვ------- მ--------–--ის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რისთვისაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ვ------- მ--------–--ის გირაოსათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, 2017 წლის 4 აპრილს, მოსარჩელის მიერ შეტანილი იქნა თანხა 3000 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ვ------- მ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 2 წელი და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, განაჩენით დადგინდა, რომ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს. მიუხედავად ამისა, მოპასუხე აღსრულების ბიურომ მოსარჩელეს არ დაუბრუნა გირაოს სახით შეტანილი თანხა და 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა გირაოს თანხის დაბრუნებაზე, იმ მოტივით, რომ გირაოს თანხა უნდა გადაირიცხოს ვ------- მ--------–--ისათვის დაკისრებული ჯარიმის 4000 ლარის დასაფარად. აღნიშნულს მოსარჩელე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ შელახა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენს, მოპასუხემ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაუბრუნა თანხა.

 

მხარე აღნიშნავს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არის მძიმე, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილს, ნ---- ს---–-------ის მიერ ვ-–- ვ------- მ--------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე სს ,,საქართველოს ბანკის’’ მეშვეობით გადახდილი იქნა გირაოს თანხა 3000 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გირაოს გადახდის დასტური (ს.ფ. 16)

 

3.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N1/64-2017 განაჩენით ვ------- მ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (საიდანაც 2 წელი განესაზღვრა რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით), შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N1/220 განაჩენით (სსკ-ის 273-ე მუხლით) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2050 ლარის ოდენობით და ვ------- მ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (საიდანაც 2 (ორი) წელი განსაზღვრა რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N1/220-16 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოხუდელი ნაწილი, ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ვ------- მ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

ამავე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა: ვ------- მ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით 2017 წლის 31 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განაჩენი (ს.ფ. 18-27).

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 17);

 

3.3. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია Nა17077020 სააღსრულებო საქმე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 1/64-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვ------- მ--------–--ეს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარი.

 

2017 წლის 7 ივლისს ვ------- მ--------–--ეს გაეგზავნა შეტყობინება წინადადების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, რომელიც ჩაბარდა ვ------- მ--------–--ის დედას ციალა მ--------–--ეს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეტყობინება წინადადების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე (ს.ფ. 30-34).

- უკუგზავნილი.

 

3.4. 2017 წლის 3 აგვისტოს, ნ---- ს---–-------ემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გირაოს სახით გადახდილი - 3000 ლარის უკან დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს N67285 წერილით ნ---- ს---–-------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ნ---- ს---–-------ის მიერ ვ------- მ--------–--ის სახელით შეტანილი გირას თანხა 3000 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება.

- N67285 წერილი (ს.ფ. 29-30).

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება...

მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ინსტრუქციის მე-152 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიუროს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით რიცხული (შეტანილი) თანხის მისი შემტანისათვის დაბრუნება ხორციელდება აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარმოდგენის საფუძველზე.

 

საქმის მასალების შესაბამისად დასტურდება, რომ 2017 წლის 31 მაისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს №1/64-2017 განაჩენით მსჯავრდებულ ვ------- მ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს.

 

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს აღკვეთი ღონისძიების მიზანს და საფუძველს, კერძოდ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

 

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლი მიუთითებს ძირითად და დამატებით სასჯელებზე. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.

 

6.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

 

ამავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.

 

აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „??????????? ?????????? ???????“ ??????????? ??????? ????????? ????? .

 

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილი ადგენს, რომ გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

ამრიგად, საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულის სახელით გირაოს შემტან პირს აძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ მის მიერ შეტანილი თანხა მიზნობრივია და მას დაუცველად არ ტოვებს. თუკი გირაოს შემტან პირს ეჭვი შეეპარა, რომ ბრალდებულმა შესაძლებელია არ შეასრულოს სასამართლოსათვის მიცემული ვალდებულება, მას უფლება აქვს, წინასწარ და სასამართლო გამოძიების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს წერილობით საქმის მწარმოებელ ორგანოს და მოითხოვოს, რომ ის გირაოთი ვეღარ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, მას ერთი თვის ვადაში სრულად უბრუნდება მის მიერ გირაოში ჩადებული თანხა ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება.

 

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას პირის სათანადო ქცევისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების - გირაოს თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობაა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადის გასვლა.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით (საქმე №1/64-2017) ვ------- მ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით ვ------- მ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს.

 

6.6. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 281-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 281-ე მუხლის საფუძველზე, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხის ჯარიმის სახით გადარიცხვასთან დაკავშირებით, აღსრულების განხორციელების სავალდებულოობის შესახებ. აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანაწესებთან, ისე სასამართლო აქტის აღსრულების სავალდებულოობის კონსტიტუციურ პრინციპთან (საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. კოდექსის ნორმებით გამიჯნულია სისხლის სამართლის პროცესის სტადიებს, თუმცა თითოეული სტადია მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და განაჩენის აღსრულება.

 

სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს აღკვეთის ღონისძიების ისეთ სახეზე როგორიცაა - გირაო, რომლის გამოყენების მიზანი, სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეებთან ერთად, ასევე რეგულირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

 

გირაო, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, მიეკუთვნება მკაცრ აღკვეთის ღონისძიებებს, ვინაიდან ზღუდავს ბრალდებულის (ან სხვის) ქონებრივ უფლებებს. გირაოს მიზანია ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, როგორც წესი, მისი ან გირაოს შემტანის საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით. გირაოს გამოყენებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაში სისხლის სამართლის მოსამართლე ყურადღებას მიაქცევს ჩადენილი ქმედების ხასიათს, დანაშაულის სიმძიმეს, ასევე საქმეში არსებულ სხვა არსებით გარემოებებს, როგორც მნიშვნელოვან რისკფაქტორებს. ამასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პირად ქონებრივი შესაძლებლობებს და იმ პირების ქონებრივი მდგომარეობა, რომლებიც უზრუნველყოფენ გირაოს გადახდას, ბრალდებულის ურთიერთობას იმ პირებთან, რომლებიც გირაოს იხდიან ბრალდებულის სასარგებლოდ - რამდენად წარმოადგენს გირაოს თანხის დაკარგვა ან თავდები პირის მიმართ „საქმის აღძვრა“ ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიმალვის სურვილის საკმარის შემაკავებელ ფაქტორს. გირაოს ოდენობას უნდა ჰქონდეს რეალური შემაკავებელი ეფექტი - ბრალდებულს ან იმ პირს, რომელმაც უზრუნველყო გირაოს თანხის გადახდა, აღნიშნული ქონების დაკარგვა უნდა უქმნიდეს მნიშვნელოვან/ხელშესახებ ქონებრივ დანაკლისს, რის გამოც ბრალდებული შეეცდება შეასრულოს გირაოს პირობები, ხოლო გირაოს გადამხდელი შეეცდება უზრუნველყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა.

 

სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

 

მოცემული მუხლის დანაწესი ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს, რომელიც პირადი მატერიალური ქონებით და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას (გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადება, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა) აძლევს გარანტიებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ბრალდებულის ქცევა გირაოს შემტანი პირის ობიექტურ კონტროლს აღარ ექვემდებარება, დაიბრუნოს თავისი ქონება (ფულადი თანხა). აღნიშნული გარანტიებით კანონმდებელმა უფრო დიდი სიკეთის - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და განაჩენის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებად მიიჩნია სხვა პირს მისცეს შესაძლებლობა აიღოს პასუხისმგებლობა (გარკვეული გარანტიების არსებობით) ბრალდებული მოაქციოს ,,სათანადო ქცევის“ ფარგლებში და ამით დაეხმაროს საბოლოო მიზნის მიღწევას - განაჩენის აღსრულებას. შესაბამისად, იმ საპროცესო ეტაპზე, როდესაც ბრალდებულის ქცევის უზრუნველსაყოფად გირაოს შემტანის ინტერსები დაცულია და მას გარკვეული პირობების არსებობისას უფლება აქვს დაიბრუნოს ფულადი თანხა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის თანხმობის გარეშე გირაოს თანხა ჯარიმის სახით უპირობოდ დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. ამ შემთხვევაში ვღებულობთ მოცემულობას, როდესაც გირაო წარმოადგენს არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს და საფუძვლებს, არამედ შემდგომში გამოსატანი განაჩენით დადგენილი ჯარიმის წინასწარ შენატანს.

 

ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს თანხის შემტანისათვის გირაოს თანხის შეტანის დროს ცნობილია, რომ იგი მხოლოდ კონკრეტული მიზნებისათვის გამოიყენება, ხოლო თუ იგი ამ მიზნების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს, მას აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს თანხა. გირაოს შემტანს გირაოს თანხა არ შეაქვს განაჩენით დადგენილი ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, მითვის გირაოს თანხის შეტანის დროისათვის, საერთოდ უცნობია დადგება თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი და თუ დადგება, იქნება თუ არა განაჩენით სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა. მისთვის პასუხისმგებლობის აღების დროისათვის არ ხდება განმარტება იმის თაობაზე, რომ გირაოს თანხა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი თანხმობას არ გამოხატავს წერილობითი ფორმით, ,,ტრანსფორმირდება“ ჯარიმის თანხაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის სასარგებლოდ სხვა პირისათვის გირაოს შეტანისათვის იმგვარი პირობების დაწესებით, რაც სცილდება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და საფუძვლებს და ავალდებულებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ვიდრე ეს გათვალისწინებული კონკრეტული განჭვრეტადი, ლეგიტიმური სამართლის ნორმებით, არ არის სისხლის სამართლის საპროცესო თუ სხვა საკანონმდებლო აქტების განმარტების შესაბამისი. ვინაიდან, ბრალდებულის სასარგებლოდ სხვა პირისათვის თავიდანვე ცნობილია, რომ გირაოს თანხით გათვალისწინებული გარანტია მიზნად ისახავს არა განაჩენით დადგენილი ჯარიმის გადახდის, არამედ ბრალდებულის საქმის მოსმენაზე გამოცხადების უზრუნველყოფას და, რომ გირაოს თანხა არის ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის ან/და მიმალვის სურვილის შემთხვევაში მისთვის რეალურად შემაკავებელი ხასიათის ღონისძიება.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გირაოს მიზანია ბრალდებულის სასამართლოში გამოცხადების და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენცია და არა სასამართლოს მიერ განაჩენით დადგენილი ჯარიმის თანხის გადახდის უზრუნველყოფა, ხოლო გირაოს თანხის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან მიმართებაში კანონი ითხოვს ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის წერილობით თანხმობას, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხოლოდ ამ პირის წერილობითი თანხმობის შემდეგ აქვს უფლება მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე, სხვა შემთხვეაში, როდესაც ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირი ითხოვს გირაოს თანხის მისთვის დაბრუნებას, ეს თანხა მას უნდა დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმის გამო რომ მოსარჩელემ არ წარადგინა წერილობითი თანხმობა, მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპოზიტზე, რაც ნიშნავს, რომ მიზნები, რომელზედაც მოპასუხე მიუთითებს განუხორციელებელი რჩება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გირაოს თანხა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება და არ არსებობს შემტანი პირისათვის - მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოება. იმ პირობებში როდესაც არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელის მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ქმედება არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

 

6.7. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები, უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სახეზეა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N67285 წერილის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- ს---–-------ის სარჩელი დაკამყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N67285 გადაწყვეტილება.

3. დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ნ---- ს---–-------ის მიერ ვ------- მ--------–--ის სასარგებლოდ 2017 წლის 4 აპრილს გირაოს სახით გადახდილი 3000 (სამი ათასი) ლარის დაბრუნება.

4. მოპასუხე - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი