გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
190210018002319203
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/547-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ივნისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თ----- კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი ნინო ხელაია

მოპასუხე თ----- ზ--------ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ----- ზ--------ისათვის 2066.14 ლარის დაკისრება – 1114.57, 587.9 და 363.67;

1.2. 2018 წლის 31 იანვრიდან კრედიტის ძირითად თანხაზე 1114.57 ლარზე სარგებლის - წლიური 36%-ის გადახდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33.43 ლარს.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2013 წლის 30 ივლისს სს „თ----------სა“ და თ----- ზ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო საკრედიტო ბარათი 1300 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განავლობაში თანხის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული სარგებლის თანხა და არსებობის შემთxვევაში პირგასამტეხლო. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა თვის 26 რიცხვი.

 

2016 წლის სექტემბრის შემდეგ მსესხებელს კრედიტის თანხა აღარ გადაუხდია. 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დავალიანებაა 2066,14 ლარი, საიდანაც ძირითადი თანაა 1114,57 ლარი, პროცენტი 587,9 ლარი, ჯაირმა 363,67 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი განაწილვადების შემთხვევაში, რადგან არის მარტოხელა დედა. იხდის სხვა კრედიტის თანხასაც, სს საქართველოს ბანკში გადასახდელი აქვს 258 ,82 ლარი, ხოლო ვი თი ბი ბანკში ყოველთვიურად იხდის 147,50 ლარს. მუშაობს საწარმოო გაერთიანება აზოტში და ხელფასი აქვს 500 ლარი დანამატების ჩათვლით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 30 ივლისს სს „თ----------სა“ და თ----- ზ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო საკრედიტო ბარათი 1300 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში თანხის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული სარგებლის თანხა და არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლო. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა თვის 26 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-35)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 58-63)

 

3.1.2. 2016 წლის სექტემბრის შემდეგ მსესხებელს კრედიტის თანხა აღარ გადაუხდია. 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დავალიანებაა 2066,14 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1114,57 ლარი, პროცენტი 587,9 ლარი, ჯარიმა 363,67 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 36-46)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 58-63)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 30 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო საკრედიტო ბარათი, რომლის სარგებლობის შედეგად აითვისა 1300 ლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 36%-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა ამ ნორმით მინიჭებული უფლება და ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობა არის მოპასუხის თანხმობა, შეასრულოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულება, რის გამოც სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოპასუხის ამ თანხმობის (თუკი დავა მხოლოდ იმ მოპასუხის უფლებებს შეეხება, რომელიც ცნობს სარჩელს) საფუძველზე და საქმის გარემოებებს არ ადგენს მტკიცებულებების შინაარსის კვლევის შედეგად.

 

სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო თ----- ზ--------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო ჯამში 1702,47 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულება სამართლებრივი შინაარსის მიხედვით მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „თ----------სა“ და თ----- ზ--------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია 2024 წლის 17 ნოემბრამდე. ხელშეკრულება ხანგრძლივი ვადით დაიდო, რაც ითვალისწინებდა მოპასუხის უფლებამოსილებას საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა ამ დროის განმავლობაში დაეჯახრა მისი საჭიროებისათვის, ხოლო თანხის ათვისების - ბანკდან თანხის სესხად მიღების შემთხვევაში უნდა დაებრუნებინა თანხა ხელშეკრულების პირობების დაცვით.

მოპასუხემ 2013-2016 წლებში ბარათის საფუძველზე პერიოდულად ხარჯავდა თანხას და პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით და არასრულად იხდიდა თანხას კრედიტის დაბრუნების მიზნით.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე ბანკმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილზე. 316-ე მუხლის მიხედვთ, კი ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ვალდებულების შეუსრულებლობა კრეიდტორის ანჭევს უფლებას მოითხოვს ვალდებულების შესრულება, ასევე ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში მოთხოვნა შეეხება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას და არა ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით საკრედიტო ბარათზე ბრუნვამ შეადგინა 1761 ლარი, ხოლო ბანკისთვის დასაბრუნებლი თანხაა 1114,57 ლარი. სულ ჯამური ბრუნვაა 5310,12 ლარი. მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია 2016 წლის სექტემბრიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად კრედიტის სრულად დაბრუნებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოვალისათვის დაკისრებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბანკის უსაფუძვლო გამდიდრება. საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულება ხანგრძლივვადიანი საკრედიტო ურთიერთობაა, ამ ურთიერთობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, მსესხებელს თანხა ერთჯერადად არ ეძლევა და მას უფლება აქვს საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში და მხარეთა თანხმობით ლიმიტის გადაჭარბებით მიიღოს კრედიტის თანხა. ამ შემთხვევაში მოპასუხეს პერიოდულად გამოჰქონდა თანხა ბარათის საშუალებით, რომლის ნაწილი დაბრუნებული აქვს. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს თანხა არა გრაფიკით დადგენილი მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით, არამედ ფაქტიურად ათვისებული თანხის მიხედვით. შესაბამისად, ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს, რის გამოც ბანკს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხა ერთი წლის ფარგლებში.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანებაზე 1114,57 ლარზე სარგებლის პროცენტის წლიური 36%-ის დარიცხვა, რაც თვეში შეადგენს 33,43 ლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახდელია 401,04 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს. მოსარჩელე პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოითხოვს 363,67 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე არაგონივრულად მაღალ პირგასამტეხლოს მოითხოვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა კრედიტორისათვის ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ისეთი ფინანსური სანქციის დაკისრება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი დანაკარგის, მატერიალური ზიანის სწრაფად და ადვილად კომპენსირებას.

 

ამ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა 1 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 401,16 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილია 363,67 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, 2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

418-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების უფლებამოსილება, რაც პირგასამტეხლოს ბათილობას არ უთანაბრდება, მხარეთა შეთანხმების კანონიერებას და ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოიშობა, პირგასამტეხლოს თანხის გონივრულობის კვლევა გულისხმობს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასებას და არა მხარეთა ნამდვილი ნების დადგენას.

 

ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დრეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 5,57 ლარი, ხოლო სულ მოთხოვნილი 363,67 ლარი, რაც არის 65 დღის განმავლობაში გადასახდელი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 1000 ლარზე ცოტა მეტია, რის გამოც ყოველდღიურად 5,57 ლარის პირგასმატეხლოს დაკისრებაზე არაგონივრულია, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, ხოლო ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს უნდა აუანზრაურდეს მიუღებელი შემოსავალით, რის გამოც იმავე პერიოდში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება პირგასმატეხლსო თანხის არაგონვრულად მაღალ ოდენობას განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უნდა აუანაზღურდეს ასევე მიუღებელი შემოსავალი, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 120 ლარით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,17%-ის ფარგლებში).

 

ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხაა სესხის ძირიტადი თანხა 1114,57 ლარი, გადაუხდელი სარგებელი 587,9 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 401,16 ლარი და პირგასამტეხლო 120 ლარი. საერთო ჯამში გადასახდელი თანხაა 2223,63 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 3269,62 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 2223,63 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 68%. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ამ პროპორციით ანაზღაურება, რაც შეადგენს 68 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 1702,47 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 77% და ამ პროპორციულობით სახელწმიფო ბაჟის გადახდისგან მხარეები თავისუფლებიან. 68 ლარის 77% არის 52,36 ლარი, არც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად უნდა დაეკროს მოსარჩელისათვის 15,64 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ტრიბა, რომლისთვისაც 2018 წლის 19 თებერვალს გადახდილია 130,78 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის შინარსიდან გამომდინარე მოპასუხეს იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად და არა მთლიანად სადაო თანხიდან, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაკისრებული თანხაა 2223,63 ლარი, რომლის 4% არის 88,94 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განაწილვადდეს შემდეგი საფუძვლების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით თ----- ზ--------ი დაუდგინა მარტოხელ მშობლის სტატუსი შვილის 1998 წლის 20 დეკემბერს დაბადებული სალომე ზ--------ის მიმართ. ამდენად, მოპასუხის შვილი ამჟამად არის სრულწლოვანი, 20 წლის ასაკის, რის გამოც მოპასუხეს კანონის საფუძველზე მისი რჩენის ვალდებულება არ ეკისრება.

 

სს საქართველოს ბანკის მიერ 2018 წლის 29 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, თ----- ზ--------ის დავალიანება ბანკის წინაშე არის ხელშეკრულება N2830686-ის საფუძველზე 181,01 ლარი, ხოლო GE75BG0000000346989800 ხელშეკრულების საფუძველზე 258,82 ლარი.

 

სს ვითიბი ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თ----- ზ--------ს ბანკიდან მიღებული აქვს კრედიტი 2015 წლის 27 ივლისს, რომლის დაბრუნების გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გათვალისწინებული შენატანია 147,50 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 2223,63 ლარი. ამასთან, მოპასუხეს შესასრულებელი აქვს სხვა საკრედიტო ვალდებულებები, სს ვი თი ბი ბანკის მიმართ ყოველთვიური გადასახდელია 147,50 ლარი, რომლის გადახდის გრაფიკი სრულდება 2019 წლის 24 ივნისს. სს საქართველოს ბანკის მიმართ მოპასუხის დავალიანებაა 258,82 ლარი, ხოლო მოსარჩელის განმარტებით მისი ხელფასია 500 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების დროს დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ამის შესახებ უნდა მიუთითოს გადაწყვეტილებაში.

 

კანონის ეს დანაწესი არ ნიშნავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ეს საკითხი. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებით და გადაწყვეტილების აღსრულების წესი დაადგინოს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე, ამავე დროს განმარტა, რომ მას მატერიალური მდგომარეობის გამო ერთდროულად თანხის გადახდა არ შეუძლია და თანხმობა განაცხადა თანხა გადაიხადოს ყოველთვიურად მაქსიმურ 100 ლარის გადახდით.

 

შესაბამისად, მოპასუხის ამ პოზიციიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის საფუძვლები.

 

მოპასუხე თანხის გადახდის განწილვადებას მოითხოვს ფინანსური სიძნელეების, არასაკმარისი შემოსავლების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.

 

251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზაინი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის.

 

მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით (განაწილვადებით), ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინებაში საქმეზე №2ბ/938-14 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების განაწილვადებით დაუშვებლად არ უნდა ილახებოდეს კრედიტორის ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს გადავადებული დროისთვისაც უნდა ჰქონდეს გადავადებით „დაკარგული“ შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობა და კრედიტორს არ უნდა ჰქონდეს გადავადების (განაწილვადების) საწინააღმდეგო დაცვის ღირსი რაიმე სპეციალური ინტერესი.

 

ამ შემთხვევაში კრედიტორის სს თ----------ის სასარგებლოს მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა, საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილი იპოთეკით ან გირავნობით არ არის, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება არ მოუთხოვია. ამ გარემოებების გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დადგენილი პერიოდულობით თანხის გადახდა კრედიტორის ინტერესებს არ ხელყოფს და მნიშვნელოვნად ამცირებს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 251-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული თანხის 20 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 111,18 ლარის გადახდით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების წესი ან საშუალება გადაწყვეტილებითვე განისაზღვრება. გადაწყვეტილებით ასეთი წესის დადგენა ისეთ ვიათრებაშიც არის შესაძლებელი, როცა მოსარჩელს მატერიალური მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და ამის გამო, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებით დაინტერესებული მხარე იგი არ არის , თუმცა დასაშვებია აღსრულების წესის დადგენის საკითხზე მოსარჩელემ განაცახდოს პრეტენზია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის ნაწილში დასშვებია კერძო საჩივრის წარდგენა სსსკ-ის 263-ე მუხლით დაგდენილი წესის საპროცესო ანალოგიით, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

1.1. თ----- ზ--------ს დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ 1822,47 ლარის გადახდა;

1.2. თ----- ზ--------ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 33,43 ლარის გადახდა 2018 წლის 31 იანვრიდან არაუმეტეს ერთი წლისა - 401,16 ლარის ოდენობით;

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 243,67 ლარის ნაწილში და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2. თ----- ზ--------ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 15,64 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 88,94 ლარის გადახდა;

 

3. სს თ----------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 19 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 52,36 ლარი (საგადასახადო დავალება N37). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე : ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300063150;

 

4. დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და სს „თ----------ისათვის“ თანხის გადახდა თ----- ზ--------ს დაეკისროს 20 თვეზე განწილვადებით ყოველთვიურად 111,18 ლარის გადახდით;

 

5. აღსრულების განწილვადების საკითხზე გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი