გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2578-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "ს----------------ი"
წარმომადგენელი ნათია ბერიკიშვილი
მოპასუხე ა----- ჭ-----–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა----- ჭ-----–ისათვის 1997,42 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 25 აპრილს შპს „ს----------------სა“ და ა----- ჭ-----–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N27318, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 520 ლარი 30 კალენდარული დღის ვადით. სესხის სარგებელია 22% - 114,40 ლარი. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა სესხის მომსახურების საკომისიო 5 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,73%-ის სარგებლის სახით გადახდა. ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რაც შეადგენს გადასახდელი თანხის 0,4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ მსესხებელს უნდა დაებრუნებინა სულ 639,40 ლარი.
მოპასუხემ სესხი და დარიცხული სარგებელი არ დააბრუნა. დავალიანების გადახდევინების მიზნით შპს „ს----------------მა“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების მოთხოვნით, მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკების პროცესი, თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ შეძლო რესპონდენტის მოძიება, რის გამოც გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. სააპლიკაციო საფასური გადაიხადა 100 ლარის ოდენობთ, რაც არ დაუბრუნდა.
მოსარჩელე მოითხოვს ა----- ჭ-----–ისათვის ძირითადი თანხის 520 ლარის, სესხის სარგებლის და საკომისიოს 119,40 ლარის, ზიანის ასანაზღაურებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის 812,58 ლარის, პირგასამტეხლოს 445,44 ლარის დაკისრებას, ასევე სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა სასამართლოს მიერ განსაღვრული ვადის გადაცილებით (სარჩელი ჩაბარდა 2018 წლის 9იანვარს, ხოლო შესაგებელი სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 26 იანვარს, 10 დღაივი ვადის გასვლის შემდეგ). სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. ასევე განმარტა, რომ მოთხოვნილი ზიანის და პირგასამტეხლოს თანხა უნდა შემცირდეს, რადგან მეტისმეტად მაღალია. მოპასუხის განმარტებით, იგი მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, მისი ხელფასია 771 ლარი, იხდის სხვა სესხის თანხასაც, აღსრულებოს ეროვნული ბიურო ყოველთვიურად 334 ლარს აჭრის, რის გამოც ყოველთვიურად 50 ლარის გადახდით შეუძლია სესხის დაბრუნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 25 აპრილს შპს „ს----------------სა“ და ა----- ჭ-----–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N27318, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 520 ლარი 30 კალენდარული დღის ვადით. სესხის სარგებელია 22% - 114,40 ლარი. მსესხებელს ასევე უნდა დაებრუნებინა სესხის მომსახურების საკომისიო 5 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,73%-ის სარგებლის სახით გადახდას. ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რაც შეადგენს გადასახდელი თანხის 0,4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ მსესხებელს უნდა დაებრუნებინა სულ 639,40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის ხელშეკრულების ასლი და თანხის ჩარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 21-29. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-12. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.2. მსესხებელმა ა----- ჭ-----–მა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. დავალიანების გადახდევინების მიზნით შპს „ს----------------მა“ 2016 წლის 25 აგვისტოს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების მოთხოვნით, რის შემდეგ მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. თუმცა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ შეძლო რესპონდენტის მოძიება, რის გამოც გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. სააპლიკაციო საფასური გადახდილია 100 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს არ დაუბრუნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საგადასახდო დავალების ასლი (ს.ფ. 31)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 30. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-12. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი, რაც შეადგენს სესხის ვადის განმავლობაში 22%-ს -114,40 ლარს. ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებულია სესხის მომსახურების საკომისიო 5 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მას არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 520 ლარი და სარგებელი 119,40 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა 520 ლარი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 520 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას,ასევე სესხის სარგებელს, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს სესხის სარგებლის 119,40 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა, მან არ შეასრულა სახელშეკრულებო პირობა, რაც ითვალისწინებდა სესხის ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის ვადაში სესხის და სარგებლის დაბრუნებას. ვალდებულების შეუსრულებლობაში მოვალის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები საქმეში მითითებული და დადასტურებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამ ნორმების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სამართლებრივი ურთიერთობის მეორე მონაწილეს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ზიანი ზოგადი წესის მიხედვით არის დაზარალებულის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი - ზიანის გამოსასწორებლად დახარჯული თანხა. ფაქტობრივად განცდილ ზიანს წარმოადგენს ასევე ვალდებულების დარღვევის გამო მესამე პირის მიმართ კრედიტორის ვალდებულებების წარმოშობა ან გაზრდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 2. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმები ითვალისწინებს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურებას იმ პროცენტით, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, ეს ნორმა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ ზიანის ამგვარად ანაზღაურება, მოვალისათვის ზიანის ასანაზღაურებლად პროცენტის დაკისრება გათვალისწინებულია მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულების 3,10 მუხლის თანახმად, სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში დაუბრუნებელ თანხაზე დაირიცხება ვადაგადაცილებული სარგებელი. ვადაგადაცილებული სარგებლის ოდენობაა დაუბრუნებელი ძირითადი თანხის 0,73% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დარიცხვა გრძელდება ფინანსური ვალდებულების სრულად დაფარვამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ამ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება.
მოსარჩელე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა რეგულირებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მიკროკრედიტის გაცემა. ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
სარგებლიანი სესხის ფარგლებში კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული სესხის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, სარგებლის თანხასაც. ამ შემთხვევაში სასესხო ურთიერთობა წარმოშობილია მიკოსაფინანსო ორგანიზაციასთან, რომლის მიერ სესხის გაცემის მიზანია ეკონომიკური სარგებლის მიღება. კრედიტის დაუბრუნებლობის გამო კრედიტორი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა ამ თანხის კვლავ გასესხებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წესია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 25 აპრილს, სესხის დაბრუნების ვალდებულება დარღვეულია 2016 წლის 25 მაისიდან, ვადის გადაცილების პერიოდი სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 13 ნოემბრამდე) შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. ხოლო სარჩელით ზიანის თანხა 812,58 ლარი მოთხოვნილია 2016 წლის 26 მაისიდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდისათვის. ეს პერიოდი მოიცავს 142 დღეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტით ერთ დღეში ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხაა 3,79 ლარი, ხოლო 142 დღეში გადასახდელია 539,03 ლარი. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოთხოვნილი 812,58 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 539,03 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა პირგასმატეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმების საგანი, მათ მიერ შეთანხმებული ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ ამავდროულად 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლო შეფასების საგანი გახდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
დასახელებული ნორმის მიხედვით სადაო სამართალურთიერთობა მოწესრიგდება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
მიკროკრედიტის გაცემის სასესხო ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მსესხებლებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის პირობებს. ამგვარ ურთიერთობაში გამსესხებლის მიერ განისაზღვრება საკრედიტო ხელშეკრულებისათვის მნიშნელოვანი პირობები – სესხის სარგებლის პროცენტი, პირგასამტეხლოს ოდენობა, კონტრაჯენტს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების სახით წარედგინება და მათი შეცვლის შესაძლებლობა მსესხებელს თითქმის არა აქვს.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ხელშეკრულების პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 520 ლარი, სარგებელი 119,40 ლარი. მართალია მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, საერთოდ არ დააბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ იგი ასევე იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანი არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება. პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ დაამძიმოს და გაართულოს ვალდებულების შესრულება.
სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის მოვალისათვის პროცენტის დაკისრება ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 0,73%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,4%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურება ყოველდღიურად პროცენტის დარიცხვით, ასეთივე წესით, ესეიგი ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 0,4% (დღეში 2,08 ლარი) უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0,1%-ით, რაც არის დღეში 0,52 ლარი. სარჩელით პირგასამტეხლო მოთხოვნილია 2016 წლის 26 მაისიდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე, რაც არის 142 დღე. ამ ვადის პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 73,84 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ა----- ჭ-----–ს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 520 ლარის, სარგებლის 119,40 ლარის, ზიანის ასანაზღაურებლად 539,84 ლარის და პირგასამტეხლოს 73,84 ლარის, სულ 1252,27 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს განცხადებით შპს ს----------------მა მოითხოვა ა----- ჭ-----–ის მიმართ გამარტივებული წარმოების გზით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელეს ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მხარეთა შორის ვერ შედგა მორიგება.
შპს ს----------------მა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2016 წლის 26 აგვისტოს გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 63%, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 63% შეადგენს 31,5 ლარს. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო 520 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი ტახნის 41%. მოსარჩელისთავიუს ასანზღაურებლი სახელმწიფო ბჟის 31,5 ლარის 41% არის 12,01 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 19,49 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განაწილვადდეს შემდეგი საფუძვლების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, მოპასუხეს სს საქართველსო ბანკშ არსებულ სბანაკო ანგარშზე ეროცხება შრომის ანაზღაურეწბა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. თვეში მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შედაგენს 771,20 ლარს. მოსარჩელეს ასევე ეროცხება სახელფასო დანამატი 154,24 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჩაერიცხა პრემია 150 ლარის ოდენობით. ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად. ყოველთვიურად აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ამ ანგარიშიდან ირიცხება 334 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 1252,27 ლარი. ამასთან, მოპასუხეს შესასრულებელი აქვს სხვა ვალდებულებები, მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და ყოველთვიურად იძულებითი აღსრულების მიზნით მოსარჩელის ხელფასიდან ხდება 334 ლარის იძულებით გადახდევინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების დროს დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ამის შესახებ უნდა მიუთითოს გადაწყვეტილებაში.
კანონის ეს დანაწესი არ ნიშნავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ეს საკითხი. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებით და გადაწყვეტილების აღსრულების წესი დაადგინოს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე, ამავე დროს განმარტა, რომ მას მატერიალური მდგომარეობის გამო ერთდროულად თანხის გადახდა არ შეუძლია და თანხმობა განაცხადა თანხა გადაიხადოს ყოველთვიურად მაქსიმურ 50 ლარის გადახდით.
შესაბამისად, მოპასუხის ამ პოზიციიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის საფუძვლები.
მოპასუხე თანხის გადახდის განწილვადებას მოითხოვს ფინანსური სიძნელეების, არასაკმარისი შემოსავლების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.
251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზიანი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის.
მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინებაში საქმეზე №2ბ/938-14 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების განაწილვადებით დაუშვებლად არ უნდა ილახებოდეს კრედიტორის ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს გადავადებული დროისთვისაც უნდა ჰქონდეს გადავადებით „დაკარგული“ შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობა და კრედიტორს არ უნდა ჰქონდეს გადავადების (განაწილვადების) საწინააღმდეგო დაცვის ღირსი რაიმე სპეციალური ინტერესი.
ამ შემთხვევაში კრედიტორის სასარგებლოს მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა, სესხის ვალდებულება უზრუნველყოფილი იპოთეკით ან გირავნობით არ არის, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება არ მოუთხოვია. ამ გარემოებების გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დადგენილი პერიოდულობით თანხის გადახდა კრედიტორის ინტერესებს არ ხელყოფს და მნიშვნელოვნად ამცირებს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკს. მოვალეს აქვს ხელფასი, მისი ოდენობა სახელფასო დანამატთან ერთად არის არის 925,44 ლარი. იძულებით აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ირიცხება 334 ლარი, რის შემდეგ მოპასუხის განკარგვაში რჩება 591,44 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 251-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული თანხის 20 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 62,61 ლარის გადახდით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების წესი ან საშუალება გადაწყვეტილებითვე განისაზღვრება. გადაწყვეტილებით ასეთი წესის დადგენა ისეთ ვითარებაშიც არის შესაძლებელი, როცა მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და ამის გამო, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებით დაინტერესებული მხარე იგი არ არის, თუმცა დასაშვებია აღსრულების წესის დადგენის საკითხზე მოსარჩელემ განაცხადოს პრეტენზია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის ნაწილში დასაშვებია კერძო საჩივრის წარდგენა სსსკ-ის 263-ე მუხლით დადგენილი წესის საპროცესო ანალოგიით, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე,251-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს----------------ის“ სარჩელი;
1.1. ა----- ჭ-----–ს დაეკისროს შპს „ს----------------ისათვის“ 1252,27 ლარის გადახდა.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 371,6 ლარის და ზიანის ასანაზღაურებლად 273,55 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. ა----- ჭ-----–ს დაეკისროს „ს----------------ისათვის“ სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა;
3. ა----- ჭ-----–ს დაეკისროს შპს „ს----------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 19,49 ლარის გადახდა.
4. შპს „ს----------------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 12,01 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე : სახაზინო კოდის N30063150. ბანკის კოდი TRESGE22 .
5. დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ა----- ჭ-----–ს დაკისრებული თანხის გადახდა გაუნაწილვადდეს 20 თვით თვეში 62,61 ლარის გადახდით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი