გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/412-17
N200210117001973139
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ივლისი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,G------S“
წარმომადგენელი - ზ------------–-ა
მოპასუხე - ლ----- წ---–-----ე
წარმომადგენელი - ჯ------------–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ----- წ---–-----ეს მოსარჩელე შპს ,,G------S-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობისას ნივთის დაფარული უფლებრივი ნაკლით მიყენებული ზიანის 90000 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე ლ----- წ---–-----ეს მოსარჩელე შპს ,,G------S-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2800 ლარის გადახდა, ადვოკატის ხარჯის 3600 ლარის გადახდა, აღებული ცნობების ღირებულება 40 ლარის და გასაწევი საფოსტო ხარჯების 40 ლარის ოდენობით გადახდა.
სარჩელის თანახმად, 16.03.2016წელს ლ----- წ---–-----ისაგან მოსარჩელემ შეიძინა ავტომანქანა T------------------------, ავტომანქანაში გადაიხადა 120000 ლარი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა იყო დაფარული ნაკლის მქონე, კერძოდ უფლებრივი ნაკლის. ავტომანქანა აღმოჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული და იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. ავტომანქანა ამოღებულ იქნა ნივთმტკიცების სახით და გადაყვანილ იქნა შსს სპეციალურ ავტოსადგომზე.დაფარული ნაკლის გამოსწორება ვეღარ მოხერხდება და მყიდველმა მიიღო მატერიალური ზარალი, ვინაიდან მოსარჩელის მირ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ავტომაქანის ექსლუატაცია, მოსარჩელე ამცირებს მოთხოვნას 30000 ლარით და ითხოვს მიყენებული ზიანის 90000 ლარის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ----- წ---–-----ე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას, განმარტეს, რომ ავტომანქანა T------------------------ მან შეიძინა 2016 წლის 14 თებერვალს ქ. თბილსში, ნავთლუღის დასახლება 5, ქუჩა N29-ში მცხოვრებ გივი ლეჟავასგან. მის მიერ ავტომანქანის შეძენის დროს ავტომანქანას არ ჰქონია სამართლებრივი შეზღუდვა და არც შიდა და არც საერთაშორისო ძებნა არ ყოფილა გამოცხადებული მასზე, რის გამოც მან როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა შეიძინა უფლებრივად უნაკლო ნივთი, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა გაეყიდა აღნიშნული ავტომანქანა. გასხვისებისას მან მოსარჩელეს გადასცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, რა დროსაც სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მხრიდან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ ყოფილა პრეტენზია გამოთქმული ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ. მისი განმარტებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და ითხოვეს მას დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 16.03.2016წელს ლ----- წ---–-----ისაგან მოსარჩელემ შეიძინა ავტომანქანა T------------------------, ავტომანქანაში გადაიხადა 120000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სალაროს გასავლის ორდერები, შსს 06.06.2017 წლის 49/7/1/3-01374695 ცნობა(იხ.ს.ფ.22-27)
3.1.2. 2017 წლის 30 მაისს ავტომანქანა ამოღებულ იქნა ნივთმტკიცების სახით და გადაყვანილი შსს სპეციალურ ავტოსადგომზე ვინაიდან ავტომანქანა იყო დაფარული ნაკლის მქონე, კერძოდ ავტომანქანა აღმოჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული და იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 06.06.2017 წლის N0009701375 წერილი(ს.ფ.28);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 06 ივლისის გაცემული ცნობის თანახმად სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ,,T------------------------“, (VIN: J----------------,) ლ----- წ---–-----ის სახელზე რეგისტრაცია განხორცილედა 2016 წლის 14 თებერვალს, ხოლო მისი გადაფორმება შპს ,,G------S-ის“სახელზე კი-2016 წლის 16 მარტს. ამავე ცნობის თანახმად სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებისას შსს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებაზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა (ს.ფ.87)
3.2.1. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 01 მაისს გაცემული ცნობის თანახმად საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის და საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სატრანსპორტო საშუალება ,,T------------------------“, საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, გამოშვების წელი 2014, ფერი-შავი, 2016 წლის 9 სექტემბრიდან ირიცხება ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულ მონაცემთან ბაზაში (გატაცების თარიღი - 2014-10-02, ძებნის ინიციატორი - რუსეთის ფედერაცია)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 01 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 103)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,G-------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 992-ე, 408-ე, 477-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.
საქართველოს კანონი ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “.
საქართველოს შინაგანსაქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის ბრძანება N 146.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს შინაგანსაქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის ბრძანება N 146-ის 1.4. პუნქტის თანახმად ,,სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები, მათი შეძენის გაფორმების...და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისრტირებული მონაცემების შეცვლასთან ვალდებულნი არიან სატრანსპრტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ 10 დღე-ღამის განმავლობაში“.
მოპასუხე ლ----- წ---–-----ემ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ავტომანქანა შეძენისთანავე დაირეგისტრირა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში თავის სახელზე, ხოლო შემდეგ ავტომანქანა ლ----- წ---–-----ისაგან შეძენისთანავე ასევე დაირეგისტრირა მოსარჩელე მხარემაც სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში თავის სახელზე.
საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად დადგენილია, რომ შეუძლებელია მოპასუხე მხარეს სცოდნოდა 2016 წლის 14 თებერვალს, როდესაც შეიძინა და დაირეგისტრირა თავის თავზე, ანდა 2016 წლის 16 მარტს, როდესაც მოსარჩელე მხარეს მიჰყიდა და ასევე დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე, გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ, რომელიც გამოვლინდა 2017 წლის 30 მაისს და ძებნაში იმყოფებოდა 2016 წლის 09 სექტემბრიდან, ხოლო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 06 ივლისის გაცემული ცნობით კი დადასტურებულია რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ,,T------------------------“, (VIN: J----------------,) ლ----- წ---–-----ის სახელზე რეგისტრაცია განხორცილედა 2016 წლის 14 თებერვალს, ხოლო მისი გადაფორმება შპს ,,G------S-ის“სახელზე კი-2016 წლის 16 მარტს. ამავე ცნობის თანახმად სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებისას შსს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებაზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე შპს ,,G------S-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, შესაბამისად მოპასუხეს არ ეკისრება ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელე უნდა ჩაეთავლოს მის მიერ წინასწარ შეტანილი ბაჟის თანხა გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს ,,G------S-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე