გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017001759108
# 2-149/2017
გადაწყვეტილება
30 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: თა---------------ო
წარმომადგენელი: ნა--------------ე
მოპასუხე: და------------–---–ი
წარმომადგენელი: ლე-–---–--–--ა, კო---------ა
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
თა---------------ო სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- და------------–---–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყდეს განქორწინებით;
- და------------–---–ს, შვილების - მა-----–-----------–---–ისა და თე------------–---–ის რჩენისათვის, მათ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითეულ ბავშვზე 100-100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და ასევე თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - 100 ლარის ყოველთვიურად გადახდა.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
- თა---- კ----------მ და და------------–---–მა იქორწინეს 2011 წლის 04 მარტიდან, მათ ჰყავთ ორი შვილი - მა-----–-----------–---–ი, დაბადებული 2011 წლის 09 ოქტომბერს და თე------------–---–ი, დაბადებული 2014 წლის 06 ოქტომბერს. მეუღლეები ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რის გამოც აქვთ კონფლიქტური სიტუაციები. 2016 წლის აგვისტოს თვეში მათ შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც გამოძახებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური. და------------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ისინი დაძაბული ურთიერთობის გამო ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინებას.
- მოსარჩელე განმარტავს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მასთან, ნაქირავებ ბინაში. და------------–---–ი დასაქმებულია, დღეის მდგომარეობით მასთან გაფორმებულია 3 (სამ) წლიანი ხელშეკრულება, ის როგორც მშობელი ვალდებულია მონაწილეობას ღებულობდეს შვილების რჩენაში. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს შვილების რჩენას. მოპასუხე შეძლებს შვილებს მა-----–--ა და თე------------–---–ებს - ალიმენტის სახით გადაუხადოს თითეულს თვეში 100-100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და ასევე თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარი - 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს სცნობს ნაწილობრივ, კერძოდ:
- განქორწინების ნაწილში ის ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ალიმენტის ნაწილში სარჩელს არ ცნობს, ამჟამად უმუშევარია. მოპასუხე წინააღმდეგია თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - 100 ლარის გადახდაზე, მიუთითებს, რომ უფასო ბაღშიც შეიძლება მისი შეყვანა, თავად მას კი შემოსავალი არ გააჩნია.
- მოპასუხე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ცნობილი იქნება, შესაძლებელია თუ არა ბავშვების მოსარჩელესთან დატოვება და შეძლებს თუ არა ის ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღზრდას.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თა---- კ----------მ და დავთ მეგენეიშვილმა იქორწინეს 2011 წლის 04 მარტს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. თა---- კ----------სა და და------------–---–ს ჰყავთ ორი შვილი - მა-----–------------–---–ი, დაბადებული 2011 წლის 09 ოქტომბერს და თე------------–--–ი, დაბადებული 2014 წლის 06 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბავშვების დაბადების მოწმობები.
3.1.3. თა---- კ---------- და და------------–---–ი ერთმანეთს ფაქტიურად დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. მხარეთა შვილები: მა-----–-----------–---–ი და თე------------–---–ი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან - თა---- კ----------სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი მოძალადე და------------–---–ის მიმართ, მსხვერპლის - თა---------------ოსთან მიმართებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა:
- დასაქმებულია თუ არა და------------–---–ი და აქვს თუ არა სტაბილური შემოსავალი;
- დაეკისროს უნდა თუ არა მოპასუხეს ალიმენტის გადახდა და რა ოდენობით;
- დაეკისროს უნდა თუ არა მოპასუხეს, როგორც აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობის სახით, თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - 100 ლარის გადახდა;
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დაეკისროს უნდა თუ არა მოპასუხეს ალიმენტის გადახდა და რა ოდენობით, ასევე დაეკისროს უნდა თუ არა მოპასუხეს, როგორც აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობის სახით, თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - 100 ლარის გადახდა, - აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ და------------–---–ი ამჟამად დასაქმებული არ არის და მის მიერ რაიმე სახის შემოსავალის მიღება არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება;
- შემოსავლების სამსახურის (2017 წლის 12 ივნისი) მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
- შპს ,,EPTISA Servicios de Ingenieria, S.L.-ს საქართველოს ფილიალის წერილი;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო სარჩელი ალიმენტისა თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობის სახით, თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - 100 ლარის ყოველთვიურად გადახდის შესახებ
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა იქორწინეს 2011 წლის 04 მარტს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.
სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება ─ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - მა-----–------------–---–ი, დაბადებული 2011 წლის 09 ოქტომბერს და თე------------–--–ი, დაბადებული 2014 წლის 06 ოქტომბერს, რომლებიც ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ ცხოვრობს მოსარჩელესთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას - მოსარჩელეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვების აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ─ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვები. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. განსახილველ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი, კერძოდ, ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, აუცილებელი სასიცოცხლო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 150 ლარი.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის გადახდაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 100 აშშ დოლარით თითოეულ ბავშვზე. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 100 აშშ დოლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება არ განისაზღვროს, რადგანაც არ მუშაობს და შემოსავალი არ აქვს. შესაბამისად, ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. ამჟამად მოპასუხე არ მუშაობს, შესაბამისად მისთვის ალიმენტის გადახდა დაწესების მომენტიდანვე რთულია, მაგრამ ეს სირთულე მას არ ათავისუფლებს საალიმენტო ვალდებულებისაგან.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 100 აშშ დოლარი არაა საკმარისი შვილების რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილების შესაბამის წრეებში შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100 აშშ დოლარი დიდი ალბათობით არ ეყოფა), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში, თითოეული შვილის რჩენისათვის 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა, თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის 18 იანვარს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 18 იანვრიდან.
6.12. აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობის სახით, თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლი ითვალისწინებს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობას, კერძოდ: მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, მძიმე დასახიჩრებით და სხვა). კანონის ეს ნორმა გულისხმობს განსაკუთრებული გარემოებების არსებობას, მართალია, არ არის სრულად ჩამონათვალი, რომ ეს გარემოებები რომელი შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია ,,განსაკუთრებული“ გარემოების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს თე------------–---–ის ბაღის სწავლის საფასურის ნახევარის - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის დაკისრებას. რათქმაუნდა, ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, რადგან განსაკუთრებული გარემოების არსებობიდან უნდა გამომდინარეობდეს დამატებითი ხარჯების გაღების აუცილებლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ მისასალმებელია, თუ მოსარჩელე გადაწყვეტს, რომ შვილებს ასწავლოს ცურვა, ცეკვა, უცხო ენა და ა.შ., შეიყვანოს ბავშვი ძვირადღირებულ საბავშვო ბაღში, მაგრამ თითოეული პირი უნდა გამოვიდეს რეალური მდგომარეობიდან. სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ბავშვებისათვის სავალდებულო სწავლებას უფასოდ, ხოლო მის ზევით თითოეულმა პირმა უნდა განსაზღვროს მისი რეალური საშუალება და სურვილი. ამდენად, ამ ხარჯებში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა და------------–---–ისათვის ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. და------------–---–ს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, ჯამში 300 ლარი. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 108 ლარს. განქორწინების ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თა---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე თა---------------ოსა და მოპასუხე და------------–---–ს შორის 2011 წლის 04 მარტს (აქტის ჩანაწერი #7----------) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს, განქორწინებით.
3. მოპასუხე და------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის თა---------------ოს სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების: 2014 წლის 06 ოქტომბერს დაბადებული თე------------–---–ისა და 2011 წლის 09 ოქტომბერს დაბადებული მა-----–-----------–---–ის რჩენისათვის, ალიმენტის გადახდა თითოეული შვილისათვის 150 ლარის ოდენობით, მათი სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე. დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 18 იანვრიდან.
4. მოსარჩელე თა---------------ოს ალიმენტის დანარჩენ ნაწილში მოთხოვნაზე, ასევე, უმცროსი შვილის საბავშვო ბაღში - სკოლაში ყოველთვიური გადასახდელი საფასურის ნახევრის - 100 ლარის დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
5. საქართველოს სსკ-ის 53-ე, 55-ე მუხლების შესაბამისად, განაწილდეს მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება შემდეგნაირად:
5.1. მოპასუხე და------------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.2. მოპასუხე და------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის თა---------------ოს სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე