გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2728-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - შპს ,,ბ------- გ-------"
წარმომადგენელი - გ---–---- კ-–-–---–ი;
მოპასუხე - მ-----– ჭ--–--ე;
მოპასუხე -დ------–--- ლ-----ე;
წარმომადგენელი - მ---- დ----------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს მოსარჩელე შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13442,63 ლარის გადახდა, საიდანაც 10277,56 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 3165,07 ლარი პირგასამტეხლო. (მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში შეამცირა 200 ლარით).
1.2. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს მოსარჩელე შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ძირითადი თანხის - 10277,56 ლარის 0,01%, 2016 წლის 08 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6640.42 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 ივნისს მოსარჩელე შპს ,,ბ------- გ-------ს’’ და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული პროდუქცია, მისი ღირებულების შემდგომი გადახდის პირობით.
2014 წლის 17 ივნისს ერთის მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ მოპასუხე დ------–--- ლ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის მიერ დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22000 ლარით. ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს პერიოდულად აწვდიდა საქონელს ქ. ქუთაისში. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალე ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან 25 კალენდარულ დღეში, რაც არ განუხორციელებია.
2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ი/მ მ-----– ჭ--–--ეს 08.11.2016 წლის მდგომარეობით ერიცხება პირგასამტეხლო 3165.07 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების ნაწილობრივ ან სრულად დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი 2 მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭებოდა უფლება მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისთვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა, პროდუქციის თოთოეული პარტიის შეძენის დღესა და მისი ღირებულის გადახდის დღეს დაანგარიშებულმა საკურსო სხვაობით მიღებულმა თანხამ შეადგინა 6640,42 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა - მ-----– ჭ--–--ემ და დ------–--- ლ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა ხდებოდა სისტემატურად, 2014-2015 წლებში მოხდა 20937,86 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება, ხოლო 2014-2016 წლებში მოპასუხის მიერ გადახდილმა თანხებმა შეადგინა 31559,35 ლარი, რაც საგრძნობლად აღემატება 2014 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ფასს. შესაბამისად, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად დაფარულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 11 მაისს ერთის მხრივ შპს „ბ------- გ-------ს“ და მეორე მხრივ ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით ი/მ „მ-----– ჭ--–--ის“ დავალიანება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენდა 20914 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ს.ფ. 138).
3.1.2. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ------- გ-------''-ს და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს მიეცა უფლება შეეძინა გამყიდველის პროდუქცია 22000 ლარის ფარგლებში. მოპასუხეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17/06/2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 19-22).
3.1.3. 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა საურავი ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მოსარჩელის მხრიდან მისი დაანგარიშება მოხდა 0,01 % -ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს.ფ. 1-18)
- 17/06/2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 19-22).
3.1.4. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ------- გ-------ს' და დ------–--- ლ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება და აღნიშნულმა პირმა სოლიდარულად იკისრა ძირითადი მოვალის - ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ კრედიტორთან 2014 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 22000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17/06/2014 წლის თავდებობის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 23-24).
3.1.5. 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი 2 მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭა უფლება მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისთვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17/06/2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 19-22).
3.1.6. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 31759,35 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ. ს.ფ. 192).
- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 74-111).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ი/მ „მ-----– ჭ--–--ემ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. შპს ,,ბ------- გ-------ს“ მიმართ, 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ი/მ მ-----– ჭ--–--ეს ერიცხება დავალიანება - 13,442 63 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირია - 10 277,56 ლარი, პირგასამტეხლო - 3165,07 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ს.ფ. 138).
- 17/06/2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 19-22).
- 31/05/2018 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 192).
- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 317-344).
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 202-316).
3.2.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის გაფორმებიდან 2014 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების დადებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ემ მოახდინა 34135 ლარის გადახდა და ამავე პერიოდში გაიტანა 34322,29 ლარის ღირებულების პროდუქცია, აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენდა (34322,29 - 34135=187,29; 187,29 + 20914=21101,29) 21101,29 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ს.ფ. 138).
- 31.05.2018 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 192).
- სალარო შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 317-344).
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 253-316).
3.2.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 20935,46 ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მისი დავალიანება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ საბოლოო ჯამში შეადგენდა (21101,29+20935,46=42036,75) 42036,75 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.05.2018 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 192).
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 202-252).
3.2.4. დადგენილია, რომ ი/მ მ-----– ჭ--–--ემ 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მოახდინა 31759,35 ლარის გადახდა, რაც გამოაკლდა იმ დროისათვის შპს „ბ------- გ-------ში“ მის მიმართ არსებულ დავალიანებას - 42036,75 ლარს და საბოლოოდ ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენს 10277,40 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.05.2018 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 192).
- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ს.ფ. 138).
- სალარო შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 317-344).
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 253-316).
- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 74-111).
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 3165,07 ლარის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3165,07 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17/06/2014 წლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ. 19-22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების არსებობის გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 891-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 361-ე, 417-418-ე , 389-ე, 393-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს ქონება, მაგრამ მყიდველის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული პროდუქციის ღირებულება სრულად, რის გამოც ი/მ მ-----– ჭ--–--ის ძირითადი დავალიანება შპს ,,ბ------- გ-------ს’’ მიმართ შეადგენს 10277,40 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ი/მ მ-----– ჭ--–--ესთან ერთად დ------–--- ლ-----ის სოლიდარული ვალდებულება შპს ,,ბი-ემ-სი-გ-------ს’’ მიმართ წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 22000 ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნია სხვადასხვა საფუძვლიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მითითებული ნორმა შესრულების არჩევანის პრიორიტეტს ანიჭებს მოვალეს. ასეთი მიდგომა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება დაზღვეული დამატებითი ხარჯებისაგან. ამ პრიორიტეტის საიდუმლო იმ დებულებაშია, რომელიც იუწყება, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას. შეიძლება ეს არ შედიოდეს კრედიტორის ინტერესებში, მაგრამ მისი მოთხოვნის უფლება შეუძლებელია წინ დავაყენოთ მოვალის არჩევანის უფლებაზე სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გამო. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 11 მაისს ერთის მხრივ შპს „ბ------- გ-------ს“ და მეორე მხრივ ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით ი/მ მ-----– ჭ--–--ის დავალიანება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენდა 20 914 ლარს. 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის გაფორმებიდან 2014 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების დადებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ემ მოახდინა 34135 ლარის გადახდა და ამავე პერიოდში გაიტანა 34322,29 ლარის ღირებულების პროდუქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენდა 21 101,29 ლარს. 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 20935,46 ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მისი დავალიანება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ საბოლოო ჯანში შეადგენდა 42036,75 ლარს. ი/მ მ-----– ჭ--–--ემ 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მოახდინა 31759,35 ლარის გადახდა, რაც გამოაკლდა იმ დროისათვის შპს „ბ------- გ-------ში“ მის მიმართ არსებულ დავალიანებას - 42036,75 ლარს და საბოლოოდ ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ შეადგენს 10277,40 ლარს
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის, სასაქონლო ზედნადებებისა და სალაროს შემოსავლის ორდერებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შპს „ბ------- გ-------ს“ მიმართ უფიქსირდებოდა დავალიანება 21101,29 ლარის ოდენობით. მართალია ი/მ მ-----– ჭ--–--ე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ახორციელებდა გადახდებს და 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 31759,35 ლარი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე არ უთითებდა შპს „ბ------- გ-------ს“ წინაშე არსებული რომელი ვალდებულების დაფარვას ახდენდა გადახდილი თანხებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიფარა ვადამოსული დავალიანება.
6.3. მოსარჩელე ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ისაგან ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების გარდა ითხოვდა 6640,42 ლარის გადახდას. აღნიშნული თანხა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით წარმოადგენს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების შედეგად კურსთა შორის სხვაობის გაანგარიშებას.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელე მხარეს სამართლებრივი საფუძველი არ მიუთითებია. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულადი ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ამ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. ამავე კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. დენომინაცია განიცადა საბჭოთა მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთით; ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა, როცა, რუბლი შეიცვალა კუპონით, კუპონი-ლარით. ჰიპერინფლაცია კი ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომლიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.
ვინაიდან ქართულ ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება.
ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება.
კანონით აკრძალული არ არის, რომ მხარეებმა ფულადი ვალდებულება დაადგინონ აშშ დოლარით, მაგრამ ფულადი ვალდებულება აშშ დოლარით გადახდაში, რომ გამოიხატოს, აუცილებელია ამ ვალდებულების შესახებ მხარეებს თავისი ნება დაფიქსირებული ჰქონდეთ ხელშეკრულებაში, ანუ ფულადი ვალდებულება განსაზღვრული უნდა იყოს უცხოური ვალუტით. (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განჩინება 3კ-667-03)
სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება ლარის მიმართ დაუშვებელია, ხოლო 383-ე მუხლის შესაბამისად, გადახდა უნდა მოხდეს ნომინალური პრინციპით ეროვნული ვალუტით ან უცხოური ვალუტით, თუ კი ვალდებულება უცხოური ვალუტითაა განსაზღვრული ან ვალდებულება განსაზღვრული უცხოურ ვალუტასთან შესაბამისი ეროვნული ვალუტით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულება ეროვნული ვალუტითაა განსაზღვრული და მხარეც ეროვნულ ვალუტაში ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან თანხის ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ბ------- გ-------ს'' მოთხოვნა კურსის ცვლილების გაანგარიშების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული იყოს მისი რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს – ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ბ------- გ-------ს’’ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის სახით 636 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ბაჟი 150 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა 20 083,05 ლარი, რომლის 3% არის 602,50 ლარი, ანუ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 602,50 ლარი, რის გამოც მას უკან უნდა დაუბრუნდეს 33,50 ლარი. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოპასუხეებს - ი/მ მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის 317,33 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს ,,ბ------- გ-------“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 318,67 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ი/მ მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 400 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ------- გ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 10577,40 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 10277,40 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი).
3. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 08 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის - 10277,40 ლარის 0.01%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.02 ლარს.
4. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 317,33 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარის გადახდა.
5. მ-----– ჭ--–--ეს და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ------- გ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 400 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე შპს ,,ბ------- გ-------“-ს მოთხოვნა 6640,42 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. მოსარჩელე შპს ,,ბ------- გ-------“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 318,67 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,ბ------- გ-------“-ს მის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 636 ლარიდან ნაწილი 33,50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბანკის კოდი TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.
9. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა