გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310018002329130
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1308-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ლ--–-----------

 

წარმომადგენელი - ლ--–----–--–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

წარმომადგენელი - თ----------------

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაბადების აქტის N--- ჩანაწერში დაბადების თარიღის - 1962 წლის 10 ივლისით შესწორების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 23.05.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი 10:30:49).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ--–-----------ს დაბადების აქტის N--- ჩანაწერი რეგისტრირებულია 1998 წლის 14 მაისს გ---–-----–ის მმაჩის განყოფილების მიერ. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი - ლ--–-, გვარი - თ-------, დაბადების თარიღი დაფიქსირებულია - 1----–-–---------–---, აქტის რეგისტრაციის საფუძველია - თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის N----- გადაწყვეტილება. აქტზე ხელს აწერს - ლ. თ-------. იდენტური მონაცემები ფიქსირდება აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში. აღნიშნული სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა აა N------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების აქტის ჩაწერა N---(ს.ფ. 154-157);

-დაბადების მოწმობა აა N------ (სფ. 98)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილია თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ--–-----------ს განცხადების საფუძველზე, დადგინდა 1965 წლის 10 ივლისს გ---–-----–ის რ-ნის სოფელ დ-------ში დაბადებული ლ--–-----------ს დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 თებერვლის N----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 110-111).

 

3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, ლ--–-----------ს სახელზე 1994 წლის 1 ივნისს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის N--- მეორე ჩანაწერი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ლ--–-, გვარი - თ-------, დაბადების თარიღი - 1----–-–---------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების აქტის ჩაწერა N--- (ს.ფ. 150-153).

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ინფორმაციით, ლ--–----------- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს დაბადების თარიღით - 1----–-–---------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათები (ს.ფ. 144 და 146-147);

-მოქალაქის პირადობის მოწმობა (ს.ფ. 97).

 

3.1.5. 2017 წლის 25 ოქტომბერს ლ--–-----------მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მის სახელზე 1998 წლის 14 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის N--- ჩანაწერის ბათილად ცნობა, ვინაიდან მის სახელზე ასევე რეგისტრირებული იყო დაბადების აქტი N---.

 

2017 წლის 6 ნოემბრის განცხადებით ლ--–-----------მ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 1994 წლის 1 ივნისს რეგისტრირებული N--- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ხოლო 1998 წლის 14 მაისს რეგისტრირებული N--- დაბადების აქტის ჩანაწერის ძალაში დატოვება.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილებით ლ--–-----------ს განცხადება დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ლ--–-----------ს მიმართ აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ 1994 წლის 1 ივნისს რეგისტრირებული N--- დაბადების აქტის ჩანაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 148-149).

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N------------ გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული საკუთარი ინიციატივით ლ--–-----------ს დაბადების სააქტო ჩანაწერში მონაცემების შესწორების საქმე, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ლ--–-----------მ N------ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, 1998 წლის 14 მაისს რეგისტრირებულ N--- დაბადების აქტში მისი დაბადების თარიღის - 1962 წლის 10 ივლისით შესწორებაზე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა N------------ გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით ლ--–-----------ს დაბადების სააქტო ჩანაწერში მონაცემების შესწორების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 109);

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 112-113).

 

3.1.7. 2017 წლის 27 დეკემბერს ლ--–-----------მ ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2017 წლის 28 დეკემბერს დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის N0----------- და 2017 წლის 14 დეკემბრის N0-------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და დაბადების N--- აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის - 1962 წლის 10 ივლისით შესწორება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლ. თ-------ს 2017 წლის 27 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი და 2017 წლის 28 დეკემბრის დაზუსტებული განცხადება (ს.ფ. 68-70).

 

3.1.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ლ--–-----------ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან; ,,ს------------–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან; შპს პ------–----–--------ი საავადმყოფოდან; საქართველოს ეროვნული არქივიდან.

 

,,ს------------–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ არქივიდან მოძიებული ინფორმაციით, კლინიკის არქივში ლ--–-----------ს შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

შპს „პ------–----–--------იდან“ მოძიებული ინფორმაციით, თბილისის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კლინიკა/ორგანიზაცია პრივატიზებული იყო და დოკუმენტაცია გადაცემული იყო საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოძიებული ინფორმაციით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, თბილისის პროფილაქტიკისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრის, N----–-------------------------ს (ე.წ. ა-------–ის) ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათ არქივში დაცული არ იყო.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოძიებული ინფორმაციით, ლ--–-----------ს შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროს არქივში დაცული არ იყო.

 

საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივიდან მოძიებული ინფორმაციით, ლ--–-----------ს შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია არქივში დაცული არ იყო.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დგინდებოდა ლ--–-----------ს დაბადების აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილებით ლ--–-----------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის N0----------- და 2017 წლის 14 დეკემბრის N0-------- გადაწყვეტილებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 165-168);

-,,ს------------–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორის წერილი (რეგისტრაციის N15354, თარიღი: 23.01.2018) (ს.ფ. 134);

-შპს „პ------–----–--------ის“ დირექტორის წერილი (რეგისტრაციის N17626; თარიღი: 25.01.2018) (ს.ფ. 125);

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 იანვრის N0------ წერილი (ს.ფ. 136);

-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 იანვრის M---------------- წერილი (ს.ფ. 132);

-სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 11.01.2018წ. და 12.01.2018წ. წერილები (ს.ფ. 116, 118, 120,122, 124,129, 133).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–-----------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე ლ--–-----------ს მოთხოვნა მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ,,ბ” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ,,გ” პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ,,ვ“ პუნქტის მიხედვით კი, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

 

მითითებული კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე“, რომლის მე-17 მუხლის თანახმად, პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე დაბადების რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემები მიეთითება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ლ--–-----------ს დაბადების N--- აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღის - 1962 წლის 10 ივლისით შესწორების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეზე დადგენილია, რომ ლ--–-----------ს დაბადების აქტის N--- ჩანაწერი რეგისტრირებულია 1998 წლის 14 მაისს გ---–-----–ის მმაჩის განყოფილების მიერ. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი - ლ--–-, გვარი - თ-------, დაბადების თარიღი დაფიქსირებულია - 1----–-–---------–---, აქტის რეგისტრაციის საფუძველია - თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის N----- გადაწყვეტილება. აქტზე ხელს აწერს - ლ. თ-------. იდენტური მონაცემები ფიქსირდება აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში. აღნიშნული სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა აა N------. საქმეში წარმოდგენილია ასევე თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ--–-----------ს განცხადების საფუძველზე, დადგინდა 1965 წლის 10 ივლისს გ---–-----–ის რ-ნის სოფელ დ-------ში დაბადებული ლ--–-----------ს დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. ამასთან, სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, ლ--–----------- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს დაბადების თარიღით - 1----–-–---------–---, მის მიმართ ან მისი მონაწილეობით რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ყველა ჩანაწერში წლების მანძილზე მის დაბადების თარიღად ასევე მიეთითებოდა - 1----–-–---------–---, რაც მის მიერ ამ დრომდე არ ყოფილა შედავებული.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 134-ე მუხლით, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღის უსწორობას. ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის შესახებ ეფუძნება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენას, ხოლო საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დგინდებოდა მოსარჩელის დაბადების სამოქალაქო რეგისტრაციის აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაბადების აქტის ჩაწერის საფუძვლად მითითებული თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 თებერვლის N----- გადაწყვეტილება მოსარჩელის დაბადების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ კანონიერ ძალაშია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც ლ--–-----------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–-----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე