გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2018
საქმის ნომერი
190210017002093683
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2088-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.07.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს „რ------------------------ბა“

წარმომადგენელი გურამ კონტუაძე

მოპასუხე ა------------------------------–----–----------------------------------ნი

წარმომადგენელი გიორგი ჯოხარიძე

დავის საგანი ქირის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა------------------------------–----–----------------------------------ნისათვის” შპს „რ------------------------ბის“ სასარგებლოდ 580 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს რ------------------------ბასა და ა------------------------------–----–----------------------------------ნის შორის 2011 წლის 1 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია ავტობაზრის ტერიტორიაზე სარეკლამო ფართით სარგებლობა, სარეკლამო ბანერზე რეკლამის განთავსების მიზნით. მხარეებს შორის 2010 წლის ოქტომბერში დასრულდა. მოპასუხის მიერ გადასახდელია ქირის დავალიანებაა 580 ლარი, რაც არის 2011 წლის ოქტომბრის თვის დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: 2011 წლის 1 ოქტომბერს მან მოსარჩელეს გადაურიცხა 584 ლარი ქირის თანხა, რის გამოც დავალიანება არ გააჩნია. დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც, მხარეებს შორის ხელშეკრულება დასრულდა 2011 წლის დეკემბერში, რის შემდეგ სამი წლის განმავლობაში უნდა მოეთხოვა თანხის გადახდა, სარჩელი კი წარმოდგენილია 2017 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 1 მაისს შპს რ------------------------ბასა და ა------------------------------–----–----------------------------------ნის შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანია მოსარჩელის ტერიტორიაზე არსებული სარეკლამო ბანერის მოპასუხის სარგებლობაში გადაცემა სარეკლამო განცხადებების განთავსებისათვის. ხელშეკრულება დადებულია 6 თვის ვადით. მთლიანი ქირის თანხაა 2100 აშშ დოლარი, თვეში 350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და არც ვადამდე შეწყვეტილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 88-97. ტომი 1 )

- მხარეთა განმარტება (21.06.2018წ და 17.07.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. ა------------------------------–----–----------------------------------ნის მოსარჩელისათვის 2011 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი აქვს 584,71 ლარი, რაც გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის ასანაზღაურებლად. მოპასუხეს 2014 წლსი ქ დეკემბერს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

მოსარჩელე მოითხოვს ა------------------------------–----–----------------------------------ნისათვის 580 ლარის დაკისრება, რაც მოსარჩელის განმარტებით არის 2011 წლის ოქტომბრის თვის გადაუხდელი ქირის დავალიანება. ხელშეკრულების 4,2 პუნქტის მიხედვით, პირველი თვის გადახდა წარმოებს ავანსის სახით მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და გამქირავებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი შემდგომი თვის გადასახადი გადაიხდება ავანსის სახით მიმდინარე თვის 5 რიცხვამდე. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებს ყოველი თვის საიჯარო ქირის გადახდას წინასწარ თვის 5 რიცხვამდე.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საგადახდო ისტორიის მიხედვით, ა------------------------------–----–----------------------------------ნის შპს „რუსთავის ავტოზრობასთან“ ბოლო ფინანსური ტრანზაქცია განხორციელებული აქვს 2014 წლის 1 დეკემბერს, რომლის დანიშნულებაა 0,36 ლარის ჩამოწერა. მანამდე განხორციელებული ფინანსური ოპერაციაა 2011 წლის 1 ოქტომბერს 584,71 ლარის გადახდა შპს რ------------------------ბასათვის. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 1 დეკემბერს 0,36 ლარის მისთვის გადახდით ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, ხოლო 2011 წლის 1 ოქტომბერს მისთვის თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული 2011 წლის ნოემბრის თვის ქირის გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია კომპანიის ბუღალტრული ბარათი კრედიტორის ბარათი, სადაც ასახულია შპს რ------------------------ბასთან ფინანსური ურთიერთობის ისტორია, გადარიცხვები, თანხის ოდენობა და დანიშნულება. ამ დოკუმენტის თანახმად, 2011 წლის 1 ოქტომბერს შპს რ------------------------ბასათვის მოპასუხეს გადარიცხული აქვს 584,36 ლარი, რაც მისი განმარტებით არის 2011 წლის ნოემბრის თვის ქირა. მოპასუხე ამ თანხის მისთვის გადარიცხვის ფაქტს არ აღიარებს, თუმცა ამავე დოკუმენტში მომდევნო პერიოდში 2014 წლის 1 დეკემბერს მისთვის 0,36 ლარის გადახდის ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს და ამ გადახდას ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პოზიცია ამ გადახდებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა, ერთის მხრივ იგი გადახდილად მიიჩნევს 2014 წლის 1 დეკმებრს მისთვის 0,36 ლარის გადახდა, ხოლო მანამდე 2011 წლის 1 ოქტომბერს მისთვის 584,71 ლარის გადახდის ფაქტს უარყოფს, თუმცა არ მიუთითებს რატომ მიიჩნევს უფრო სარწმუნოდ მისთვის 2014 წელს თანხის გადახდას. მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რომ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას 2014 წლი 1 დეკემბერს მიღებული აქვს 0,36 ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ოქტომბეს მას არ მიუღი 584,71 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ქირავნობის ხელშეკრულებაში დამქირავებლის ვალდებულებაა ქირის გადახდა, შესაბამისად მას ევალება წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი მტკიცებულებები ან ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. ამ პრინციპის შესაბამისად, ა------------------------------–----–----------------------------------ნის ვლადებულებაა ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ეს ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიდან, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. „მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. (უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-570-541-2015).

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან 2011 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაუხადა 584,71 ლარი. თანხა გადახდილია ხელშეკრულებით დადგენილი წესით, შესაბამისი თვის დაწყებამდე წინასწარ. მხარეებს შორის ქირის თანხის გადახდის შესახებ სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე სწორედ ამ მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მას 2014 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ გადაუხადა 0,36 ლარი, ხოლო 2011 წლის 1 ოქტომბერს განხორციელებული თანხის გადახდის უარმყოფელი, საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- საკრედიტო ბარათი (ს.ფ. 96. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს ქირის თანხა გადახდილი აქვს, რის გამოც ვალდებულება შეწყვეტილია. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 531-ე, 553-ე, 427-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, 137-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა ქირის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

 

მხარეებს შორის ქირვანობის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 1 მაისს 6 თვის ვადით. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს იჯარის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, თითოეული თვის ქირა უნდა გადაეხადა წინასწარ თვის 5 რიცხვამდე. მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება დასრულდა 2011 წლის ოქტომბერში. სარჩელით სადაოა ამ თვის ქირა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კრედიტორის ბარათით დასტურდება, რომ 2017 წლსი 1 ოქტომბერს მოპასუხეს გადახდილი აქვს 584,71 ლარი. ამდენად, სადაო თვის ქირა გადახდილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ხანდაზმულობის შეწყვეტის ფაქტი არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია ქირის ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ქირის გადახდა პერიოდულად, ყოველთვიური გადახდით შესასრულებელი ვალდებულებაა, რის გამოც მასზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ნაწილ-ნაწილ, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იწყება თითოეულ პერიოდში შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. სარჩელით სადაო 2011 წლის ოქტომბრის თვის ქირის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო მხარეებს შორის ქირავნობის ურთიერთობა დასრულდა 2011 წლის ოქტომბერში, რის შემდეგ ხელშეკრულების საფუძველზე ქირის სრულად ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ქირის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2011 წლის ნოემბრიდან, რადგან მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება 2010 წლის ოქტომბერში დასრულდა, რომლის მომდევნო თვეში, სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულების შემდეგ მოპასუხეს უნდა გადაეხადა ქირა სრულად.

 

მოსარჩელეს იჯარის საფასურის დავალიანება უნდა მოეთხოვა 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, განსახილველი სარჩელი აღძრულია 2017 წლის 18 სექტემბერს, მოთხოვნის წარმოშობიდან მე-7 წელს.

 

მოსარჩელე ხანდაზმულობას შეწყვეტილად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს მოპასუხემ გადაუხადა 0,36 ლარი, რითიც აღიარა ვალდებულების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მოვალის ქმედებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, ხოლო მოვალის ასეთ ქმედებად შეიძლება შეფასდეს ავანსის, პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება.

 

ამ ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება ვალდებული პირის - მოვალის გაცნობიერებული ქმედებით ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებით, როგორიცაა მაგალითად, ავანსის,პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. ნორმა ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ ითვალისწინებს, რადგან დასაშვებია სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვა ქმედებამაც განაპირობოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის აუცილებელია, რომ მოვალის ქმედებიდან, ნათლად და არაორაზროვნად დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები მიმართულია მოვალის მხრიდან „მოთხოვნის არსებობის აღიარებისაკენ“, ხოლო ამ ნორმით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენის შედეგად, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს.

 

ამდენად, მოთხოვნის აღიარებად მიჩნეული უნდა იქნას მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას, ასრულებს ამ ვალდებულების ნაწილს ან/და ნათლად გამოთქვამს მისი შესრულების მზადყოფნას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს მოვალეს არ გამოუვლენია მოსარჩელისათვის ქირის გადახდის ნება. 2014 წლის 1 დეკემბრის ფინანსური ოპერაცია არ არის შპს რ------------------------ბისათვის თანხის გადახდა, რადგან ფინანსური ტრანზაქციის ასეთი დანიშნულება მითითებული არ არის. კრედიტორის ბარათის მიხედვით, ამ თანხის გასწვრივ მითითებული ოპერაციის დანიშნულებაა ჩამოწერა, ACT-ჩამოწერა-რ------------------------ბა. კრედიტორის ბარათში მითითებული მანამდე განხორციელებული ყველა სხვა ტრანზაქციის დანიშნულებაა გადახდა, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით მითითებული არ არის. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მას ანგარიშზე მიღებული აქვს ეს თანხა. ამდენად, არ დასტურდება, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს შპს რ------------------------ბას მოპასუხისაგან მიღებული აქვს ფულადი თანხა, რაც შეიძლება მიჩნეულიყო ქირის დავალიანების გადახდად.

 

ამდენად, 2014 წლის 1 დეკემბერს მოპასუხის მიერ დაფიქსირებული ბუღალტრული ოპერაცია არ არის მოსარჩელისათვის თანხის გადახდა, რის გამოც ეს ვერ ჩაითვლება მოვალის ისეთ ქმედებად, რაც მიუთითებს მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ეს ქმედება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ იწვევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით; 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, მოსარჩელეს სასამართლო ხარჯების აუნაზღაურდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ საქმეზე შპს რ------------------------ბას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს არ ეკისრება მისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

 

ამ ნორმის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე გაწეული აუცილებელი ხარჯის ანაზღაურების შესახებ. მოპასუხე მოითხოვს სასამართლო სხდომებზე გამოცხადებისათვის გაწეული სატრანსპორტო ხარჯის დაკისრებას, 115,14 ლარის დაკისრებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ქვითარი, რომლის თანახმად, 2018 წლის 21 ივნისს მოპასუხემ მისი წარმომადგენლის გიორგი ჯოხარიძის თბილისიდან რუსთავში მგზავრობისათვის კომპანია TAXI PRIUS-ისათვის გადახდილი 57,7 ლარი. ამ საქმეზე სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ორჯერ გაიმართა, მოპასუხის წარმომადგენელს ორჯერ მოუწია თბილისადან რუსთავში სხდომაზე გამოსაცხადებლად გამომგზავრება და ამისათვის სატრანსპორტო ხარჯის გაწევა, რაც სასამართლოსგარეშე აუცილებელ ხარჯს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ დავა დასრულდა მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხისათვის ამ ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „რ------------------------ბას“ სარჩელი ა------------------------------–----–----------------------------------ნისათვის ქირის დაკისრების შესახებ;

 

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;

 

3. შპს რ------------------------ბას დაეკისროს ა------------------------------–----–----------------------------------ნისათვის 115,4 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი